(ახალი თაობა) რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს ოფშორებიდან

“ქართული ოცნების” შემცვლელებს არასამთავრობო ორგანიზაციებში ეძებენ

777-150x150პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს,რ ომ საქართველოში ეკონომიკა და ბიზნესი პოლიტიზირებულია. ვინ არიან ნაციონალების ემისრები, როგორ მოხდება უგულავას კეზერაშვილის ჩანაცვლება, ვინ და რატომ მფარველობს ოფშორებს, ამ თემაზე „თეთრების“ ლიდერი „ახალ თაობას“ ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი:

– ხმაური, რომელიც დროდადრო „ნაციონალების“ ცნობილი ხაეების ირგვლივ მიმდინარეობს რეალურად არ გახლავთ დაკავშირებული ერთ ან რამდენიმე სუბიექტთან. ყოველგვარი მცდელობა საკითხი განხილულ იქნას პერსონალურ ჭრილში, ჩვენის აზრით იქნება ამ საკითხის გადაწყვეტის სურვილის არქონის კიდევ ერთი გამოვლინება.პრობლემა არის არა უგულავა, კეზერაშვილი. ჯაფარიძე, ნადირაშვილი,თარგამაძე… არ იქნებოდნენ ისინი, იქნებოდნენ სხვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დააპატიმრებენ მათ და ყველა მათ თანამონაწილეს – გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც წარმატებით გააგრძელებენ იგივე საქმიანობას. პრობლემა თავად მეწარმეობის სისტემაში არსებულ გლობალურ სიმახინჯეშია,  პრობლემა ეკონომიკის პოლიტიზირებაშია, პრობლემა პოლიტიკაში დიდი და ბინძური ფულის შემოტანაშია.

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პოლიტიკოსებისა  და მათთან დაკავშირებული ჯგუფების ე.წ. სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის წარმართვისა, გახლავთ ამ მიზნით ოფშორული ტერიტორიების გამოყენება.  როგორც წესი, ოფშორები გახლავთ მზიანი კუნძულები- ბნელი ადამიანებისათვის დღეს ისინი ნამდვილად წარმოადგენენ  უძლიერეს პოლიტიკურ იარაღს ტრანსნაციონალური და ზესახელმწიფოებრივი პოლიტიკური დაჯგუფებების ხელში, რომელთა საშუალებებით დაუნდობლად იძარცვება ის სახელმწიფოები, სადაც პოლიტიკური მეთოდებით გავლენა ვერ მოიპოვეს, ან სურვილი აქვთ – გააძლიერონ.

 – რანაირად შეიძლება ოფშორები8 პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ?

– რაც გნებავთ უწოდეთ: საერთაშორისო მაფია, ბილდერბერგის კლუბი, მასონური ლოჟა… მაგრამ სწორედ მათი ფულით ამა თუ იმ სახელმწიფოში პირველ ეტაპზე ხდება უმაღლეს პოლიტიკურ პოსტებზე მათივე ერთგული ადგილობრივი ლაქიების გამწესება, ხოლო შემდეგ იწყება ათმაგი და ასმაგი თანხების გადაქაჩვა ყველა სხვათაგან  უკონტროლებელ ოფშორულ ზონებში.

ამ თითქოს ორსვლიანი სქემით მიმდინარეობს ათობით სახელმწიფოს პოლიტიკური დაკაბალება; ამ სქემით ათობით მილიონი ადამიანის მიერ შექმნილი ეკონომიკური დოვლათი გარდაისახება ბინძურ პოლიტიკურ ფულად; ამ სქემით დიდი დოზით დამახინჯებული პოლიტიკა საყოველთაო  კეთილდღეობის საზოგადოების ნაცვლად ქმნის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით მოცულ საზოგადოებას; ამ სქემით იქმნება სამართლებრივი გარემო, რომელშიც შეუძლებელი ხდება იმ პიროვნებების დასჯა, რომელნიც ერთგულად ემსახურნენ ოფშორული ზონების რეალურ მეპატრონეებს საკუთარი ხალხისა და სახელწმიფოს წინაშე უმძიმეს დანაშაულებათა ფასად.

ვიცით, ბევრი და ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება ჩვენს ამ დებულებას, ამიტომ რამდენიმე ფაქტი და ციფრი ოფშორების შესახებ: სახელმწიფოსათვის სასარგებლო ინვესტიციების მოზიდვის და რეალური ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების, საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკის ნორმალურად ფუნქციონირების ერთ-ერთ უპირველეს მტრად თანამედროვე მსოფლიოში ასახელებენ ოფშორული ზონების არსებობას. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირზე ამოტივტივებული თემაა. ღრმად და რეალურად, საქმე გვაქვს ოფშორების სრულ პოლიტიზაციასთან, ამ, თითქოს ეკონომიკის აყვავებისათვის შექმნილ სისტემას აქვს გაცილებით საშიში და რეალური შინაარსი: პოლიტიკური ფარული წრეების დაკვეთების შესრულება მესამე სამყაროს ქვეყნების პოლიტიკური დაკაბალების მიზნით… და ეს კეთდება ყველაზე ბარბაროსული მეთოდებით, რომელშიც ჩართულია ადგილობრივ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსთა  ფართო წრეები.

ეს თემა მთლიანად ბნელით არის მოცული და უცხოურ მოწყალებას შეჩვეული პოლიტიკოსები, არასამთავრობოთა ხელმძღვანელები, არაკეთილსინდისიერი ფინანსისტები, საეჭვო საქმიანობის მეწარმეები,  როგორც წესი, თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ირიბად თუ პირდაპირ, თავად არიან ამ პროცესის მონაწილენი.

თავს არიდებენ ისინიც, რომელთაც, უბრალოდ არ სურთ სერიოზული პრობლემები შეიქმნან. ასეთები კი აუცილებლად ექმნებოდათ და შეექმნებათ , ვინც გაბედავს  და შეეხება ამ მეტად  ჩაკეტილ თემას.

 – რა საფრთხეებს უქმნიან ოფშორები საქართველოს?

მათ უამრავი უბედურების მოტანა შეუძლიათ. გამოვყოფ ექვს მათგანს

პირველი დიდი უბედურება  – რეალური ეკონომიკის ერთი სექტორი იმყოფება პრივილეგირებულ პირობებში, რითაც ირღვევა დავოსის 2010 წლის შეხვედრის ორი მთავარი გადაწყვეტილებიდან  ერთ – ერთი: კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა სახელწმიფოს მიერ ;

მეორე დიდი უბედურება – იგივე სექტორი გადასახადებს იხდის არა საქართველოს, არამედ ოფშორის მოცემული სახელმწიფოს კანონით, რაც წარმოადგენს საქართველოში გადასახადების გადახდაზე თავის არიდებას, ხოლო ირიბად,  საერთოდ არასათანადო ოდენობით გადასახადების გადახდას ;

მესამე დიდი უბედურება  – ოფშორები თავისი არსით, ეს არის გაქცევა ქვეყნის იურისდიქციისგან. ეს არის მსოფლიო ეკონომიკის „შავი ხვრელები“ , გნებავთ, უწოდეთ „თეთრი ლაქები“ ;

მეოთხე დიდი უბედურება – რეალური ეკონომიკის პროდუქტი, რომელიც იქმნება ქართული ნედლეულით, ქართული ენერგორესურსებით, ქართული ინტელექტით და ქართული შრომითი ძალით, ხდება გაურკვეველი წრეების, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, გამდიდრების წყარო.;

მეხუთე დიდი უბედურება – ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ოფშორებთან ურთიერთობების განვითარებას ოფშორების რეალური მეპატრონეებისაგან იღებს გრძელვადიან ხელშეუხებლობის გარანტიას იმ პერიოდისათვის, როდესაც ის აღარ იქნება ხელისუფლებაში;

მეექვსე დიდი უბედურება – ეროვნული ნედლეულით, ენერგორესურსებით, ინტელექტითა  და მუშა ძალით შექმნილი  მატერიალური დოვლათით ოფშორის გავლით უკონტროლოდ მდიდრდება ადგილობრივი ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი ოლიგარქია, რომელიც აღნიშნულ ზემოგებას აბანდებს არა კვლავწარმოებაში, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის,  არამედ თავისი პოლიტიკური ზეგავლენისა და არასამართლებრივი მეთოდებით  მართვის გახანგრძლივების მიზნით ამ თანხებით აძლიერებს რეპრესიულ აპარატს, მის სადამსჯელო მატერიალურ ბაზას(!).

ახლა კი იმის შესახებ,  თუ რას წარმოადგენენ  პოლიტიზირებული ეკონომიკის ეს ფანტომები, რომლებიც ერთის მხრივ, რეალურ მომაკვდინებელ საშიშროებას უქმნიან საქართველოზე ათასჯერ ძლიერ ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ხოლო მეორეს მხრივ,საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღესაც კი თავს უფლებას აძლევს,  მათ ბიზნესის ჩვეულებრივი მოვლენა უწოდოს.

დღეისათვის გამოყოფენ ოფშორების სამ ჯგუფს: ანგლო-საქსურ ბირთვს, ბენილუქსის ქვეყნებს და ყველა დანარჩენს. მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ თორმეტი ოფშორული ზონა მოქმედებს, აღარაფერს ვამბობთ პერიფერიული ზონის ათობით კუნძულზე, რომელთა დასახელებები გაგონილიც არ ექნება ბევრს. რად ღირს: არუბა, კიურასაო, სენტ-მარტენი და ა.შ (!)სულ რაღაც 1500 – 1900 დოლარად შეიძლება ფირმის დარეგისტრირება ბელიზში, დომინიკას თანამეგობრებაში, სენტ-ვისტი და ნევისში…

აქ ერთი არათემატური პარალელის გავლებაც შეიძლება. მაშინ, როდესაც ევრო-ატლანტელი მეგობრები საქართველოს წლების მანძილზე აბარებინებენ ათასგვარ გამოცდებს , ათასობით საგზაო რუკით, ყველაზე აქტიური და თბილი ურთიერთობებით  არიან დაკავშირებულნი ზემოთ დასახელებული ნაკლებად ცნობილი კუნძულების , აგრეთვე ტრინიდადი და ტობაკოს , კაემანის კუნძულების და სხვა მრავალთა ხელისუფლებებთან, სადაც დაკანონებულია სკვდილით დასჯა, ფიზიკური სასჯელის არაერთი სახე,  ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია. ბრიტანეთს  დიდად არც ჰოლანდია ჩამორჩება. ნიდერლანდებში მოქმედებს 20 ათასი ე.წ. „საფოსტო კომპანია“ , რომელსაც არავითრი საერთო არ აქვს ფოსტასთან და თავის მხრივ დაკავშირებულია  12 500 სპეციალურ საფინანსო კომპანიასთან. მათი გავლით წლის მანძილზე სამი-ოთხი ტრილიონი დოლარი მოძრაობს ოფშორულ ზონებში.  ნიდერლანდების განს აკუთრებული აქტივობა საქართველოში კი სულ სხვა თემაა და მასზე ცალკე ვისაუბრებთ უახლეს მომავალში. ვფიქრობთ, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს,რატომ გააქტიურდა ეს პატარა ევროპული სახელმწიფო მისტვის აქამდე უცნობ საქართველოში.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან დ ა ირლანდიიდან  კაპიტალის ყოველწლიური ექსპორტი აღემატება კაპიტალის ექსპორტს აშშ-დან.

ანალოგიური მონაცემი კარიბის ზღვის კუნძულებისა, შეადგენს აშშ-ის კაპიტალის ექსპორტის მეხუთედ ნაწილს. საერთაშორისო ორგანიზაციების დაანგარიშებით, ოფშორებში განთავსებულია 21-31 ტრილიონამდე დოლარი. და ეს ისეთი ფინანსური აქტივების გარეშე, როგორიცაა იახტები, ციხე-დარბაზები, ფუფუნების საგნები, ხელოვნების შედევრები… რაც შვეიცარული „კრედიტციუსი“ -ს ბანკის შეფასებით 2011 წელს 231 ტრილიონ დოლარს  შეადგენდა.

ეს ციფრები მოვიყვანეთ, რათა ყველაზე ზედაპირული წარმოდგენა შეგვექმნა ოფშორების სიძლიერეზე.შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფედერალური კანონმდებლობით სახელმწიფოში არ არსებობს ოფშორები და ოფშორული ზონები, ქალაქ დელავერის ერთ პატარა, ერთსართულიან შენობაში კანონით რეგისტრირებულია 6500 კორპორაცია და 217 ათასი შვილობილი კომპანია. აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად ამორალური სახე მიიღო. რომ რომის პაპმა ბენედიქტ XXVI-მ კურთხევა მოუხსნა ოფშორებში ეკონომიკურ საქმიანობას.  სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ რა მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო;  რეალური ეკონომიკის რა წილი ( პროცენტი) არის დაფიქრსირებული ოფშორებში; ოფშორებში დაფუძნებული ფირმები ღებულობენ თუ არა სამთავრობო დაკვეთებს, გრანტებს, გარანტიებს, სხვადასხვა სახის დაფინანსებას; სახელწმიფო სტრუქტურები უშუალოდ არიან თუ არა დაკავშირებული ოფშორებში განთავსებულ ფირმებთან.

– არის ასეთი კავშირები?

აღნიშნულ და სხვა მრავალ მიზეზთა გამო, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ერთეულ პოლიტიკოსთა  და მათ თანამოსაქმეთა დასჯით მდგომარეობა არ შეიცვლება , თუ არ აღმოიფხვრა საქართველოს რეალური ეკონომიკის ურთიერთობები ოფშორულ ზონებთან, ხოლო ჩვენი მოკლე ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართულნი  ისინი, მათთან დაკავშირებული გუნდები და რას უჭერს მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ .

გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ძმანი მისნი, გახლავთ ერთ პიროვნებაში კონცენტრირებული „ნაციონალური მოძრაობის“ პორტრეტი, ისევე, როგორს არაერთი ცნობილი სახე, დასავლეთს შეფარებული, თუ  კვლავაც საქართველოში უტიფრად მობობოქრე.

ქართული მეცნიერების, კულტურის, ცნობიერების არაერთი ჯალათის დღევანდელი მდგომარეობა, მათზე მამობრივი მზრუნველობა დასავლეთის გარკვეული წრეებიდან, მათი დასაქმება უმაღლეს  სასწავლებლებში, თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში,მათ იურიდიული დამცველების მხრივ, საქართველოს დღევანდელი მთავრობის შეურაცხმყოფელი  განცხადებების გაკეთება ნათელი მაგალითია, თუ როგორ ზრუნავენ ისინი ქართული სახელმწიფოს  დაკაბალებაში, ქართული ცნობიერების დანგრევაში, ქართული საზოგადოების ფიზიკურ განადგურებაში, ქართველი ერის გენოციდში მხილებულ, მაგრამ მათ ერთგულ ხელისბიჭებზე.

რაოდენ სამწუხაროა, რომ ქვეყნის არც სამთავრობო, არც არასამთავრობო სექტორში არ მოიძებნა სპეციალისტები, რომ არგუმენტირებული პასუხი გაეცათ გაურკვეველი ტომისა და ზნეობის ადვოკატების ოსელიენ ჰამელისა და ანტონ ლევის პასკვილზე, რომელიც თავის შინაარსით უხეში ჩარევაა საქართველოს ახალი  მთავრობის პოლიტიკური ნების განხორციელებაში.

მაგრამ, უცხოელთაგან რა უნდა გვეწყინოს, როცა ქართველი ხალხის სისხლით შეღებილ სააკაშვილის მაქებართა მისი მმართველობის წლების დიდებულ ეპოქად მომხსენიებელ უცხოელ პატრონებს დიდი ზარზეიმით ხვდებიან დღევანდელი ხელისუფალნი და მათ ქართველი ხალხის ძველ და ერთგულ მეგობრებად წარმოგვიდგენენ (?!) ვიცი, ამ მოსაზრებისათვის ბევრ რამეს დამაბრალებენ, მაგრამ, ხომ უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში: მასონიზმი არ ცნობს ეროვნული ცნობიერების არც მეწარმეს, არც პოლიტიკოსს, არც რიგით მოქალაქეს. ის ყოველთვის ეყრდნობა გვარშეცვლილ, ეროვნება შეცვლილ, ზნეობაშეცვლილ, გაურკვეველი ფესვების მქონე, კოსმოპოლიტიური აზროვნების ადგილობრივ ნაძირლებს. ვიტყვი გარკვევით, ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა, არამედ იმ ადამიანთა სრული მხარდაჭერა, რომლებიც სწორედ უცხოეთის გარკვეული წრეების  მხარდაჭერით ჯერ კიდევ 1996-1997 წლებიდან  ქართველი ხალხის ბარბაროსული ძარცვით საარაკოდ გამდიდრდნენ. მაგრამ ეს სულაც არ გახლავთ ცალმხრივი თანადგომა. „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სწორედ ოფშორების წყალობით გამდიდრებულნი, დღესაც არიან უცხოელ პატრონთა ლაქიები და ხელისბიჭები. ქვეყნის უბედურებაა, რომ საერთაშორისო მასონურმა წრეებმა შეძლეს საქართველოში შეექმნათ მათგან მართული ფინანსური ოლიგარქიის, ანუ მართული მდიდრების საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ბირთვი. და თუ ვინმე  ამბობს, რომ ეს ბირთვი დღეს  ჩამოცილებულია სახელწმიფოს მართვა-გამგეობას, ან მწარედ ცდება. ან, უბრალოდ – ტყუის.

ქვეყნის უბედურებაა, რომ საერთაშორისო მასონურმა ძალებმა შეძლეს ფულად-სასაქონლო ურთიერთობების ისეთი მექანიზმის შექმნა, როდესაც ქვეყნიდამ გაედინება იაფი მუშახელითა და ენერგორესურსებით მოპოვებული ნედლეული, შექმნილი ნახევარფაბრიკატი, რითაც იღებენ ფინანსურ ზემოგებებს, ხოლო სანაცვლოდ შემოედინება დაბალი ხარისხის მზა საქონელი. ამას თუ დავუმატებთ ქართველი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უკონტროლო გადინებას, რომელმაც ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი  შეადგინა, მივიღებთ ტიპიურ  ნეოკოლონიურ სახელმწიფოს.

მაშ ასე: ქვეყნიდან გადის ნედლეული – შემოდის მზა ნაწარმი; ქვეყნიდან გასულია მოსახლეობის მეხუთედი; ქვეყნის მართვა-გამგეობა ბოლო 15-17 წლის მანძილზე ხორციელდება გარედან თავმოსხვეული მართვადი პოლიტიკური ოლიგარქიის მეშვეობით.

თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ვცდები, ან ვტყუი, ბედნიერი ვიქნები. ხოლო თუ მართალს ვამბობ – რაღა დარჩა კოლონიის კლასიკურ გაგებამდე? რით არ არის ეს ნეოკოლონიალიზმი?

და ეს პროცესი გრძელდება… ისევე, როგორც თავის დროზე გარე ძალების პოლიტიკური ერთგულებით დაიმკვიდრა კეზერაშვილმა ადგილი ქართულ პოლიტიკაში და „ბიზნესში“, დღეს ეს ადგილი უკავია პარტიას, რომელიც არასდროს ყოფილა ქართული ცნობიერების, დამოუკიდებლად არასდროს გადაულახავს საარჩევნო ბარიერი, ბოლომდე არასდროს უერთგულია პარტნიორისათვის. გასაგებია, რომ მათ შეასრულეს ერთგვარი მეხამრიდის როლი მასონების თავდასხმებისაგან მაშინდელი პრემიერის დასაცავად. მაგრამ ძალიან ძვირი ხომ არ დაჯდა?

„ნაციონალების” დროებითი დასუსტებისა და მოჩვენებითი ჩამოშორების ნაცვლად აზროვნებით არაქართველთა, მეტიც, ქართველთმოძულეთა აღზევება, არა მგონია სწორი ნაბიჯი იყოს. და საერთოდ, თუ ადამიანი მზად არ არის თავგანწირვისათვის – დიდ პოლიტიკაში მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფის იმედით  არ უნდა წავიდეს. მითუმეტეს, თუ ამისათვის მას არც ინტელექტუალური, არც სახელმწიფო მშენებლობის, არც სხვაგვარი მზაობა არ გააჩნია. სამწუხაროდ, ჩვენში დაივიწყეს, რომ წლების მანძილზე რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, თავად გახლავთ  „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამფუძნებელი.

 – მხედველობაში ვინ გყავთ?

რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, თავად გახლავთ  „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამფუძნებელი. ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს  მათი მუდმივი სოლიდარობა, სრული ურთიერთმახრაჭერა და სამომავლო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა, არ უნდაგაგვიკვირდეს ბატონ ბერძენიშვილის განცხადება რომ სააკაშვილს მეტი ავტორიტეტი გააჩნია, ვიდრე მთელს დანარჩენ საქართველოს.

უკვე ამ პარტიის შემცვლელებიც მზადდებიან ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახე  და გვევლინებიან უცხოეთიდან ღიად დაფინანსებულ პოლიტიკურ სუბიექტებად, რომელთაც ყოველთვის ყველა საკითხზე გააჩნიათ პასუხი, ოღონდ ისევ უცხოეთიდან ნაკარნახევი. .. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს  საზიანოდ.

ზოგადად, ეს წრეები: პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური – მზად არიან გაწირონ არა მხოლოდ ეროვნული, არა მხოლოდ საერთო-საკაცობრიო, არამედ, ის დასავლური იდეალებიც კი, რომელთაც თითქოს ემსახურებიან. ისინი მზად არიან საქართველოს მოსახლეობას შეაძულონ დასავლეთის ცივილიზაციის ჭეშმარიტი ფასეულობანი, თუ ამ გზით განახორციელებენ მასონების უმაღლესი ეშელონების დაკვეთებს; თუ ამ გზით დაიკმაყოფილებენ განუზომელ მოთხოვნილებებსა და ამბიციებს; თუ ამ გზით მიაღწევენ პოლიტიკური და ფინანსური პირამიდის მათთვის მიუღწეველ სიმაღლეებს.

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *