„თეთრების“ მიმართვა საქართველოს მოსახლეობას

 

საჭიროდ ჩავთვალეთ, მოგაწოდოთ იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთა ჩამონათვალი, რომელთაც ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან  ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებებს, მაგრამ უშედეგოდ: ყრუ კედელს წავაწყდით. ჩვენ ამ საკითხების მოგვარების გარეშე ვერ ვხედავთ საქართველოს მომავალს. თქვენს მხარდაჭერასა და მანდატს ვითხოვთ სწორედ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში , ხალხშიც, პოლიტიკურ პარტიებშიც გაცნობიერდეს, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, როგორც ეს დღემდეა, რომ ხელისუფლება მსახურია და არა უფროსი. ამ მიზნით ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის,  რომ ყველამ დავადასტუროთ:

პირველი – საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი;

მეორე –  ორი წლის შემდგომ ვატარებთ „ნდობის რეფერენდუმს“ ანუ  არჩევნების წინ ხალხისთვის მიცემული დაპირებების  შესრულება წარედგინება ხალხს და თუ ხალხი დაგვიდასტურებს , რომ საარჩევნო პროგრამა წარმატებულად სრულდება, გაგვიგრძელებს ვადას მომდევნო არჩევნებამდე, თუ არა და ინიშნება ვადამდელი არჩევნები;

მესამე – უარს ვამბობთ  დეპუტატის იმუნიტეტზე და ყოველგვარ პრივილეგიაზე.  ანუ პარლამენტარები ვიქნებით საზოგადოების ისეთივე წევრები, როგორც თქვენ – ხალხი და ჩვენი ამომრჩევლები. დეპუტატის ხელფასი უნდა განისაზღვროს საარსებო კალათის ღირებულების ორმაგი ოდენობით და საარსებო კალათის ღირებულება უნდა განისაზღვროს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული წესებისა და ნორმატივების მიხედვით.

მეოთხე – ვიზიარებთ მეცნიერთა წინადადებას , რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მიღებული კონსტიტუციები გამოხატავენ არა ხალხის, არამედ პარტიების ინტერესებს და ვიწყებთ მუშაობას კონსტიტუციის ახალ პროექტზე, რომელიც უნდა მიიღოს საერთო-სახალხო რეფერენდუმმა. ჩვენ გვჭირდება კონსტიტუცია, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას, ისე როგორც ეს არის გარანტირებული აშშ -ის კონსტიტუციით.

მეხუთე – პარლამენტში შესვლისთანავე, ვიღებთ რეფერენდუმის ჩატარებისა და იმპიჩმენტის მოწყობის გამარტივებულ სისტემას, რომ ხალხს, ამომრჩეველს ჰქონდეს უფლება, ყოველგვარი მძიმე ბარიერების გარეშე, განახორციელოს მისი, როგორც სუვერენის უფლებები,   იმპიჩმენტი მოუწყოს პრეზიდენტს და ყველა იმ ხელისუფალს, რომლის მიმართაც უკმაყოფილება ძლიერდება ქვეყანაში.

მეექვსე – ვიზიარებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის წინადადებას, როემლიც მან ჩამოაყალიბა მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების მაგალითზე: უფროსი თაობის იმ წარმომადგენელთაგან, რომელთაც დაუგროვდათ დიდი გამოცდილება, აქვთ როგორც საქვეყნო, ასევე საერთაშორისო აღიარება, ცხოვრობდნენ ხალხის ცხოვრებითა და განწყობით, შეიქმნას  „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ (სახელწოდება პირობითია. ეს გამოთქმა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის) და მისი არსებობა კანონმდებლობით იყოს განმტკიცებული.

მეშვიდე – იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთაა გასული, რომ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 87 – ზე მეტ ქალაქში , თითოეულში 1 000 – ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მივიღებთ გადაწყვეტილებას „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის მოწვევის თაობაზე იმ პრინციპით, რომ მსოფლიოს 87-ვე ქალაქში და საქართველოს ყველა რეგიონში  ტარდება კონგრესის სესიები და ყველაფერი ეს მთავრდება მსოფლიო კონგრესით თბილისში (ჩვენ მიერ შემუშავებულია სისტემა, რომელიც გამორიცხავს ამ საქმეში სახელმწიფო ფულის ხარჯვას).

მერვე – პარლამენტში შესვლისთანავე, მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, შევისწავლით ქვეყნის პოტენციალს, გავაკეთებთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუკერძოებელ, ზეპარტიულ ანალიზს და ვადგენთ პროგრამას, რომელიც ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეტაპობრივად შეძლებს ქვეყნის სრული პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას;

მეცხრე –  სახელისუფლებო ვერტიკალში მუშაობს 10- ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე   სოციალისტური სახელმწიფოს პირობებში, როცა ყველაფერი სახელმწიფო საკუთრება იყო და ყველაფრის მართვა ხელისუფლების მიერ ხდებოდა. უხეში გათვლითაც კი 100 ათასამდე ადამიანი ზედმეტ ტვირთად აწევს სახელმწიფო ბიუჯეტს და ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მაღალკვალიფიციურია და ამ სისტემით სრულ დეკვალიფიკაციას ღებულობს. ჩვენ გვჭირდება სპეციალური კანონი ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის ამ სიმძიმისაგან განთავისუფლების და, მეორე მხრივ, ამ ადამიანებისადმი პატივისცემითი დამოკიდებულების.  (ინფორმაციისთვის: ზედაპირული გათვლითაც კი, სახელმწიფო ბიუჯეტი 700 -900 მლნ. ლარის ეკონომიას მიიღებს.

მეათე – საინფორმაციო და სატელევიზიო სივრცე პოლიტიზებულია, აბსოლუტურად დაცილებულია დემოკრატიის საერთაშორისო სტანდარტებს: მესაკუთრეს შეუძლია მხოლოდ მისი ფავორიტები ასაუბროს, მოწინააღმდეგეები ლანძღოს და  მათ ელემენტარული პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მისცეს. ქვეყნის მომავალს სჭირდება დემოკრატიის მაღალი ხარისხის საინფორმაციო სივრცე და ეს საერთაშორისო გამოცდილებით უნდა დაკანონდეს;

მეთერთმეტე –  სახელისუფლებო მარწუხებიდან უნდა განთავისუფლდეს განათლება, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სასამართლო, ხალხის ფულის – ბიუჯეტის ხარჯვის მაკონტროლებელი (აუდიტის სამსახური). პირველ ეტაპზე, ვიდრე ფულის განმკარგავს ნიშნავს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, მის კონტროლს უნდა ახორციელებდნენ ოპოზიციის მიერ დანიშნული კადრები. ყოველ ქალაქსა და რაიონში, პოლიციის უფროსს, მოსამართლეს,  განათლების საბჭოს უნდა ირჩევდეს ხალხი, რომ ამ რგოლებზე ხელისუფლების გავლენა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი,

მეთორმეტე – პარლამენტში მისვლისთანავე, სპეციალისტებთან დათათბირებით, ვადგენთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტების სიას, ისე როგორც ეს არის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში და ვიღებთ კანონს, რომ ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეები ეკუთვნის ხალხს, რომ გამორიცხულია მათი გაყიდვა – გასხვისება და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე მფლობელობაში გადაცემა, თუნდაც გარკვეული პერიოდით და რაც მთავარია, ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეებიდან, სტრატეგიული ობიექტებიდან შემოსული მოგების უდიდესი ნაწილი (მინიმუმ 80 %) ნაწილდება ხალხზე ისევე, როგორც ეს არის მიღებული მსოფლიოს  ბევრ ქვეყანაში (სკანდინავიის ქვეყნები)

მეცამეტე – ვაზუსტებთ შიდა ვალის იმ ნაწილს,  რომელიც მოსახლეობიდან არის წამოღებული უსამართლოდ, ან მოსახლეობამ მიიღო ბანკების უნიათო საქმიანობის, თუ გაკოტრების გამო. ამას  უნდა დაემატოს ის ვალი, რომელიც სახელმწიფოს უკვე აღიარებული აქვს.მხედველობაში გვაქვს თანხები, რომელიც საბჭოთა ბანკებში ჰქონდათ შეტანილი და დაკარგეს საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ მოსახლეობას დაუბრუნდეს  ეს თანხები. პირველ ეტაპზე მათ, ვისაც ექნება პროგრამა ქვეყანაში მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების. ასეთ პიროვნებებს ფული უნდა ჩაერიცხოთ სამეწარმეო საქმიანობისთვის ბანკში შეტანილი ფულის იმდროინდელი დოლარის ექვივალენტი ლარებში.

მეთოთხმეტე –  პარლამენტში შესვლისთანავე, ვადასტურებთ, რომ კონსტიტუციის თანახმად, განათლება არის ქვეყნის N1 პრიორიტეტი და ვიწყებთ მუშაობას განათლების ახალ კანონზე, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას;

მეთხუთმეტე -ვადასტურებთ, რომ  სამარცხვინო მდგომარეობაშია ამომრჩეველთა სიები. პარადოქსია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ლამის მოსახლეობის  რაოდენობას აჭარბებს. შეზღუდულია ქვეყნის გარეთ გასულთა პოლიტიკური უფლებები, უპირევლესად ის, რომ იყოს არჩეული და აირჩიოს.  ყველაფერი ეს ადგილობრივ არჩევნებამდეა მოსაწესრიგებელი და ასევე სერიოზული ცვლილებებია საჭირო საარჩევნო სისტემაში გაყალბების გამორიცხვის, საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი  შესაძლებლობების შექმნის (უნდა გაუქმდეს პარტიების დაყოფა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურად) და საერთოდ, საარჩევნო სისტემის საერთაშორისო დემოკრატიულ პრინციპებთან მიახოების თვალსაზრისით;

მეთექვსმეტე – სახელისუფლებო სისტემაში, როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ დონეზე, არ არის გამიჯნული ფუნქციები. ქვეყანა იმართება არა სისტემურად, არამედ იმპულსურად და ერთპიროვნულად, ადგილობრივ არჩევნებამდე ეს უმძიმესი ხარვეზი გასასწორებელია. უნდა მოხდეს სახელმწიფო აპარატების დეპოლიტიზაცია, ისე როგორც ეს არის დემოკრატიის ქვეყნებში. საჭიროა სისტემა, რომ მაღალი თანამდებობის პირები როგორც ვერტიკალში, ასევე ჰორიზონტალურ დონეზე უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას არა მისი უფროსის, არამედ ხალხის წინაშე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია,რ ომ რაც შეიძლება ნაკლები პირები უნდა ინიშნებოდნენ ცენტრიდან და გაცილებით მეტს უნდა ირჩევდეს ხალხი დახალხის მიერ ქალაქებსა და რაიონებში არჩეული  არჩევითი ორგანოები (საკრებულოები, გამგეობები). გუბერნატორიც კი, ან უნდა ირჩეოდეს საერთო სახალხო წესით, ან მხარის ყველა ქალაქის და რაიონის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით.

საერთოდ, ვთვლით, რომ უნდა გაფართოვდეს ადგილობრივი არჩევითი ორგანოების ფუნქციები. უპირველესად, უნდა მოხდეს მართვის, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია;

მეჩვიდმეტე – მართვის დღევანდელი  სისტემა ეწევა ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების მოღვაწეთა, საერთოდ შემოქმედებითი სფეროს ადამიანთა პოლიტიზებას, ეს უნდა დასრულდეს და ამის გარანტი უნდაგახდეს კანონი მეცენატობის შესახებ.

მეთვრამეტე –  ბოლო სამათეულ  წელიწადში  მომრავლდა ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებენ ქვეყნის უშიშროებას, ძლიერებას, ერთიანობას. ამიტომ,მ საჭიროდ მიგვაჩნია ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდეს 2007 წელს გაუქმებული ცნება სახელმწიფო ღალატის შესახებ. ხოლო კორუფცია და ნეპოტიზმი გაუტოლდეს სახელმწიფო ღალატს.

ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე აუცილებლად მიგვაჩნია კანონის მიღება ლუსტრაციის შესახებ თუნდაც იმ პიროვნებათა მიმართ, ვინც სახელმწიფო სამსახურშია ან მომავალში  აპირებს  სახელმწიფო  სამსახურში მისვლას.

სახელმწიფოს უშიშროების და ძლიერების აუცილებლოვიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, ქვეყანაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პატივდებული  უნდა გახდეს სამხედრომოსამსახურე, პედაგოგი და ექიმი და არა სახელმწიფო ჩინოვნიკი და პარლამენტარი, როგორც დღესაა.

ხალხმა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ პატივისცემით ვუგზავნით ამ წინადადებებს პოლიტიკურ პარტიებს. დიდი სურვილი გვაქვს , რომ არჩევნებამდე მათ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

პირდაპირ ვამბობთ: ბრძოლა ამ საკითხებისათვის იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენგან უკომპრომისო. „თეთრები“ ხალხის ინტერესების პარტია ვართ და თუ თქვენი მანდატი გვექნება, ჩვენ  თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ მომავლის საქართველოსთვის!

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *