(საქართველო და მსოფლიო) რამდენი მილიონი მიიღო კარლ ბილდტის ფირმამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან

რამდენი მილიონი მიიღო კარლ ბილდტის ფირმამ სააკაშვილის ხელისუფლებისგან
დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, არც თუ იშვიათად, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მაშინაც კი იცავდნენ, როცა ყველამ ვიცოდით, რომ არასწორად იქცეოდნენ. სწორედ ევროპელებმა და ამერიკელებმა «გაუპრავეს» მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ბევრი სხვა რამ. ისიც გვახსოვს, მთელი საქართველო რომ გაიძახოდა, ციხეებში პატიმრები შავ დღეში არიანო, უცხოელები კი ამაზე თვალს ხუჭავდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი გამოირჩეოდა.

ბილდტი ევროპაში ნამდვილად არ არის ვიღაც, მის სიტყვას წონა და გავლენა აქვს და სწორედ ეს კაცი საქართველოში ყველა ევროპელ ლიდერზე მეტჯერ, 11-ჯერ, ჩამოვიდა. ყოველი სტუმრობა «ნაციონალების» რეცხვითა და სააკაშვილთან ხვევნა-კოცნით მთავრდებოდა. ისიც გვახსოვს, ბილდტმა მიშას ყურძენი რომ დააკრეფინა და მერე რადოსლავ შიკორსკისთან ერთად დაწურა. ვიღაც იტყვის, ადამიანები მეგობრობენ და ამაში გასაკვირი რა არისო, მაგრამ პოლიტიკაში სიტყვა მეგობრობა ცოტა «უმადურად» ჟღერს.

სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი თავის პიარში დიდძალ ფულს რომ ხარჯავდა, ცნობილი ამბავია. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც წინა ხელისუფლებამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 40 მილიონი დაახარჯა, საკმაოდ ცნობილი შვედური ფირმა რეაბ-ი იყო. ჰოდა, 2006 წელს ამ ფირმის შეფი სწორედ კარლ ბილდტი გახლდათ.

«ჩვენი კომპანია იყო საქართველოს «დამატებითი ხელი ბრიუსელში». ჩვენ ვეხმარებოდით მმართველ პარტიას ევროპელ პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციებთან ახლო კავშირების დამყარებაში. ჩვენ, აგრეთვე, ვეხმარებოდით მათ მედიასთან თანამშრომლობაში, რათა მომხდარიყო საქართველოს შესახებ ინფორმაციის დადებითად გაშუქება მედიაში», _ ეს განცხადება კომპანიის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელ კარლ ისაკსონს ეკუთვნის.

აქვე მისტერ ისაკსონი ადასტურებს, რომ ბილდტი პოლიტიკაში წასვლამდე კომპანიის დირექტორი იყო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, უშუალოდ კი, მიხეილ სააკაშვილთან და ეს ურთიერთობა სწორედ «საკმაოდ საინტერესო» კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბილდტისთვის სულერთი ნამდვილად არ იყო, ვინ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებაში და საკუთარი პოზიცია ღიად უკვე 2008 წელს დაადასტურა.

2008 წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში შვედეთის იმდროინდელმა ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა არ მოიწონა. მის მიერ შვედეთში გაგზავნილ წერილში პირდაპირ ეწერა: «მე ეჭვქვეშ ვაყენებ ამ არჩევნების გამჭვირვალობასა და ლეგიტიმურობას». და რა მოხდა ამის შემდეგ? საქართველოში სასწრაფოდ ჩამოვიდა ბილდტი, სიტუაციას გაეცნო და არ დამალა ის, რასაც ფიქრობდა.

«არჩევნების შედეგები არანირ ეჭვს არ ბადებს და ყველას გვაქვს მიზეზი, მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც მოახდინა დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის დემონსტრირება, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა», _ ეს წერილი შვედეთში თბილისიდან უკვე ბილდტმა აფრინა.

ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა _ ადანი საქართველოდან სასწრაფოდ გაიწვიეს, ელჩად კი ბილდტის ყოფილი თანაშემწე დაინიშნა.

აღნიშნული თავად შვედებსაც იმდენად საეჭვოდ ეჩვენათ, რომ იქაურმა მედიამ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს ვერაფერი დაუმტკიცა, საინტერესო კომენტარი დასტყუა.

«მე არასდროს მქონია ბიზნესკავშირები საქართველოში. ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც აქტიურად ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს»,_ აი, ბილდტის პასუხი, რომელიც შვედურ მედიაში დაიბეჭდა.

აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რაც მიმდინარე წლის 22 მარტს მოხდა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე ოფიციალურად დაიბარა, ტელეკომპანია «რუსთავი 2»-მა ბილდტის კომენტარი გაავრცელა, აქაოდა, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამას პოლიტიკურ დევნად აფასებსო. ის კომენტარი გასული წლის ნოემბერში იყო ჩაწერილი და, რაღა თქმა უნდა, ეს ტყუილი მალე გამჟღავნდა, მაგრამ ამის გამო პროტესტი არც თავად შვედ პოლიტიკოსს გამოუთქვამს, რაც მთავარია, დაწყებული ტყუილი ტელეკომპანიამ ბოლომდე მიიყვანა და ბილდტს ჰააგაში მიაგნო. ჟურნალისტმა ისე განაცხადა, სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე ბატონი კარლი კიდევ ერთ კომენტარს აკეთებსო, თითქოს პირველი კომენტარი შარშან არ ყოფილიყო თქმული. კიდევ ვიტყვით, რომ ბილდტს არ გაუპროტესტებია ის, რომ მის მიერ ნოემბერში ნათქვამი საქართველოს მოსახლეობას მარტის კომენტარად შეასაღეს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ბატონი კარლი ჩვენს სამშობლოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ეწვია და მაშინ დაუფარავად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მიეჩვია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მომავალი არჩევნების შედეგის ქუჩაში გაპროტესტებას საფუძველი არ ექნებოდა, ანუ ბილდტი დარწმუნებული იყო, რომ არჩევნებში «ნაციონალური მოძრაობა» გაიმარჯვებდა და ქუჩის აქციების აღკვეთის პრევენცია მანამდე გააკეთა. ბილდტს ანალოგიური რამ პირად საუბარში ბიძინა ივანიშვილისთვისაც უთქვამს.

სულ ეს იყო, რაც ბილდტზე გვინდოდა გვეთქვა. თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იტყვიან, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მხოლოდ მეგობრობის გამო დარბოდა და «ნაციონალებს» კბილებით მხოლოდ ამის გამო იცავდა, ვერ დავიჯერებ, იმიტომ, რომ პოლიტიკაში «მეგობრობა» უმადური სიტყვაა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *