(ასავალ დასავალი) თემურ შაშიაშვილი: ” ვაცხადებ ხმამაღლა: ქართველი პოლიტიკოსების 90% ქურდებთან იყვნენ და არიან შეკრული!”

 

Shashiashvili +  Badri 1ბატონო თემურ, რატომ ტრიალებს გამუდმებით ბადრი პატარკაციშვილის თემა ასეთი რა გახდა მილიარდერის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა და ამ საქმის გახსნა?

– საქმის გახსნა ვერ ხერხდება იმიტომ, რომ აშკარაა, ბადრი პატარკაციშვილი ყველამ გაწირა. ყველამ მოიშორა და აღარავის სჭირდებოდა. ამ საქმეში როგორც ჩანს, ჩართულნი იყვნენ რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურები.

ამ დღეებში ვკითხულობ ბადრის შესახებ ინტერვიუებს, ვისმენ ათასგვარ სისულელეს და ვერსად ვნახულობ იმაზე მეტს, რაც ჩვენ პრესის საშუალებით არ გვითქვამს. ჩემი გუბერნატორობის დროს მე და ბადრის მართლაც გვქონდა მეგობრული , კარგი ურთიერთობები. ბადრი იდეებით სავსე კაცი იყო, მაგრამ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, წლები ისე გავიდა, ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი აღარ გვქონია, მე მას არ ვაწუხებდი.მაგრამ ვხედავდი, რომ ბადრი პატარკაციშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს აშკარად არასწორი გზით მიჰყავდა.

 – დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

– ერთ მაგალითს მოგიყვანთ – 2007 წლის 2 ნოემბერს, როცა ბადრი პატარკაციშვილი რუსთაველზე მიტინგის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, 10-15 წუთით ადრე ილიასა და აკაკის ძეგლის წინ მაჩერებს „რუსთავი -2 „ -ს კორეპოდენტი და მეკითხება – „ბადრი პატარკაციშვილი უნდა გამოვიდეს მიტინგზე და თქვენ რას იტყვით?“  მე ვუპასუხე, – „ეს იქნება ძალიან დიდი სისულელე, ბადრის დასასრულის დასაწყისი, როგორც ჩანს,  გარკვეულ ძალებს სურთ ბადრის ჩათრევა სახიფათო თამაშებში- მეთქი“. აბსროლუტურად ყველას ინტერვიუ გადასცეს იმ დღეს, მაგრამ არამც და არამც ჩემი.  მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი! მე შევარდნაძის დროსაც ვაფრთხილებდი პატარკაციშვილს – პოლიტიკაში არ შეხვიდე მეთქი. მაგრამ ბადრი ერთ რამეში მართალი იყო, როცა მეუბნებოდა – ბიზნესს უყვარს სიმშვიდე, სიწყნარე და ბიზნესმენი ან დაწყნარებულ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს, ან ქვეყანას აწყნარებდეს! ბოლო პერიოდამდე, ვიდრე სიტუაცია გართულდებოდა, შევარდნაძემ ბადრის არაერთი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. ყველაფერზე უარი თქვა და თავად დაიწყო პოლიტიკური გუნდის შექმნა.

 – შევარდნაძე პატარკაციშვილს რა თანამდებობას  სთავაზობდა?

– როგორც ვიცი, თბილისის მერობაზე, პრემიერ-მინისტრობაზე იყო საუბარი. შევარდნაძემ მითხრა კიდეც ერთ-ერთ თათბირზე, ბადრის თანამდებობა შევთავაზე, მაგრამ უარს მეუბნებაო. ბადრის სწორი ხედვა ჰქონდა, ის გრძნობდა, რომ ქვეყანაში ვითარება იძაბებოდა, შევარდნაძეს უტევდნენ, ქვეყნის გადარჩენა შეიძლებოდა მხოლოდ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნით. რომელიც საქართველოს მომავალზე იქნებოდა ორიენტირებული.

-ბადრი იყო გონიერი და ძალიან განათლებული ადამიანი, როგორ მოხდა, რომ ასეთი ჭკვიანი თბილისელი კაცი, 2003 წელს სულელი სააკაშვილის მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა?

– ბადრი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ სააკაშვილი, ბოკერიები და კოდუები მასთან შედარებით სულელებად ჩანან. ის იმდენად იყო დარწმუნებული თავის სიძლიერეში, რომ საჭიროდ არ მიაჩნდა გარე ძალებთან კონტაქტი, რომელთა მხარადჭერითაც სააკაშვილი მოქმედებდა. ბადრიმ კი არ წააგო, ჩვენ, შიდა ძალებმა წავაგეთ.

ბოლოს, როცა ყველაფერი დამთვრდა, ბადრიმ სატელეფონო საუბარში აღიარა შეცდომა და მითხრა, – ჩემი შეცდომა ის იყო, რის გამოც მე და შენ სულ გვქონდა უკმაყოფილებაო! კანონიერ ქურდებს გულისხმობდა. მოგეხსენებათ მე ტარიელ ონიანს ქუთაისში არ ვუშვებდი. სააკაშვილი ამის გამო ქვეყანას მიმხედრებდა, – თემურ შაშიაშვილი ადამიანის უფლებებს არღვევსო!

როცა ჟვანია გადადგა და პარლამენტის თავმჯდომარედ ან ნინო ბურჯანაძე, არ ვაჟა ლორთქიფანიძე, ან ჯემალ გოგიტიძე უნდა აერჩიათ, მაშინ ჩამოვიდა საქართველოში ტარიელ ონიანი, რომელიც  პარლამენტის დეპუტატებთან ერთად გამოემართა იმერეთისაკენ. სააკაშვილმა წინასწარ ატეხა ერთი ამბავი – შაშიაშვილი ცუდად იქცევა ხალხს დევნის, პარალმენტის წევრებს ქუთაისში არ უშვებსო! იძულებული გამხადეს, ონიანი გამეტარებინა, რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან შესახვედრად ურეკში მიდიოდა, ბადრიმ მიიღო ონიანი… როცა პატარკაციშვილს შევხვდი, ამის გამო ვუსაყვედურე, მაგას როგორ შეხვდი მეთქი. მიპასუხა, მე არ ვიცოდი, შემახვედრესო! ამის შემდეგ ონიანი ბათუმში ასლან აბაშიძესთან ჩავიდა და მასაც შეხვდა. ონიანი სააკაშვილსაც შეხვდა. ბარსელონაში, პარიზში ისინი ერთმანეთს ბევრჯერ შეხვედრიან.

ერთ-ერთ პიროვნებას დაბადების დღე ჰქონდა, სადაც მეც უნდა ვყოფილიყავი, მასპინძელს დაპატიჟებული ჰყოლია ონიანი, რომლელიც ჩემს გამო წვეყლებაზე არ მოვიდა. სამაგიეროდ, ონიანს თავისთან დაუპატიებია იმ იუბილარის სტუმრები ერთ საათში მთელი ეს დეპუტატები სათითაოდ გაიკრიფნენ  სუფრიდან და გაიქცნენ ონიანთან . ონიანს მიწვეული ჰყოლია სააკაშვილიც, რომელიც იმ დღეს დეპუტატების  დასანახად არა, მაგრამ გვიან ღამით მივიდა და მასთან გაატარა ღამე. ეს სააკაშვილის მეთოდია  – დღისით არ გამოჩნდება და გვიან ღამით დაძვრება ხოლმე შეხვედრებზე. ასე იყო 2003 წელს აგვისტოშიც, როცა  ურეკში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად მთელი  სამი საათი იყო შეკეტილი. როცა  სახლიდან გამოვიდა და 10-15კაცთან ერთად დამინახა, სამარცხვინოდ, კურდღელივით გაიქცა და ჩახტა მანქანაში! სიცილით დავიხოცეთ ყველანი, ვკითხე ბადრის – რას შვრები, ამას როგორ ხვდები მეთქი? ბადრიმ ხელები ასწია და აღიარა,  – რა ვქნა, თემურ, ვაფინანსებო! დიდი მადლობა ბადრის იმ გულწრფელობისთვის. სააკაშვილი ვითომ ხომ რუსებს და რუს ოლიგარქებს ებრძვის, ამავე დრის ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ორივე აფინანსებდა „ვარდების რევოლუციას“ .

– ჰოდა სწორედ ის ვერ გავიგე, ეს ჭკვიანი კაცი ამ გიჟს რატომ აფინანსებდა?

– ეს იყო დიდი თამაში, რომელშიც ჩაითრიეს ბადრი, თორემ პატარკაციშვილმა ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო სააკაშვილი და ვინ იდგა მის უკან. ონიანი სწორედ სააკაშვილისა და მისი მფარველი ძალების ინსტრუქტაჟით მოქმედებდა, რათა სააკაშვილს, პატარკაციშვილსა და აბაშიძეს შორის რაღაცნაირად მომხდარიყო  შეთანხმება.

– რაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ?

– ბადრი პატარკაციშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მხარს უჭერდა ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურას. აქეთ იყო ასლან აბაშიძე და ასევე ნინო ბურჯანაძე. სააკაშვილი რა თქმა უნდა ნინო ბურჯანაძეს უჭერდა მხარს. მაგრამ ცდილობდა პატარკაციშვილის დაყოლიებას.  რათა არჩევნებში დანიშნულიყო მეორე ტური, სადაც მცირე უპირატესობით გაიმარჯვებდა ბურჯანაძე. ანუ სააკაშვილს ბურჯანაძის ტრიუმფით გამარჯვება სააკაშვილს ხელს არანაირად არ აძლევდა. სწორედ იმ არჩევნების პერიოდში ერთ-ერთ კაფეში  გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ბონდო შალიკიანი, ტარიელ ონიანი და ერთ-ერთი ჩემი თანაშემწე, რომელმაც გამსახურდიას დროიდან მოყოლებული უკლებლივ ყველა ხელისუფლების პარტია მოიარა და დღეს გახლავთ ქართული ოცნების მარალჩინოსანი, სწორედ მისგან ვიცი, რომ ამ შეკრებაზე ბონდო შალიკიანს უთქვამს, ხომ გავანადგურეთ თემურ შაშიაშვილიო! ვაცხადებ ხმამაღლა, ქართველი პოლიტიკოსების 90% შეკრული იყო და არის ქურდებთან.  რას არ მთავაზობდა ტარიელ ონიანი, მაგრამ მე მას და მისინაირებს ყოველთვის ვებრძოდი და როცა ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა,  შევარდნაძეს მთავრობის სხდომებზე მოსვენებას არ ვაძლევდი – რა გახდა ამ ბანდიტის დაჭერა მეთქი!

მაინც იმ თემას მინდა მივუბრუნდე, როცა ბადრიმ გითრათ – რისთვისაც ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით, შენ ამ ამბავში მართალი აღმოჩნდი და მე შევცდიო?

– სააკაშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალურად გააყალბა. აქ გარკვეული იყო უკვე ყველაფერი და ბადრი ყველამ გაწირა. მან მითხრა – ტარიელ ონიანმა გააკეთა ეს ყველაფერიო! ვკითხე, ონიანმა ეს შეგნებულად გააკეთა თუ შეცდა მეთქი? ბადრიმ მიპასუხა, ეჭვი მეპარება, რომ შეცდა, უბრალოდ, ონიანმა სააკაშვილს დაუჭირა მხარი და მე გამწირაო. ორი კაცი ესწრებოდა ამ სატელეფონო საუბარს და საჭიროების შემთხვევაში ამას დაადასტურებენ. მე მგონი,ბადრი პატარკაციშვილის  სიკვდილი ძალიან ბევრს აწყობდა,  – სააკაშვილსაც, ტარიელ ონიანსაც, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებსაც და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ყელყელაობენ.  ბადრი ისეთი რამეები აქვს მათ შესახებ ჩენთვის ნათქვამი, რომ გაოცდებით. პირდაპირ აქვს ჩემთან ნათქვამი, ესენი და ესენი ვიყიდე, ფულიგადავუხადეო.

ბოლოს ჩვენ ერთმანეთს ისრაელში შევხვდით ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. გოგა ჟვანია და გოგა ხაინდარვა შემხვდნენ აეროპორტში, რომლებიც ბადრისთან მიდიოდნენ ისრაელში. მეც ისრაელში მივდიოდი, ერთ-ერთი ქართველ ებრაელს წიგნი უნდა გამოეცა და ამ საქმეში ვიყავი ჩართული. ჩავფრინდით ისრაელში და ჟვანიამ და ხაინდრავამ შემომთავაზეს ბადრისთან წავსულიყავი. რაზეც უარი ვთქვი, თუმცა ჩემი ტელეფონის ნომერი გადავეცი, ბადრი მოიქცა ღირსეულად, ცოტა ხანში დამირეკა და ჩვენ აეროპორტის კაფეში დაახლოებიღ სამი ოთხი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ,. ძალიან მწვავე საუბარი გვქონდა. პირდაპირ ვუთხარი – იცოდე, შენ ფული რომ არ გქონდეს, ეს ე.წ. პოლიტიკოსები არ მოგესალმებიან – მეთქი, ბადრიმ გაიხსენა ჩემი ავტოავარია, როცა სასწაულებრივად გადავრჩი. მაშინ თავის ღირსეულ და უღალატო მეგობარს, გოგი ჯაოშვილს ბადრიმ ჩემთან დაარეკინა და შემომითვალა, შენთვის ორი მანქანა გამზადებული მაქვს, ერთი პირადი, მეორე – სამსახურებრივი და მოიხმარეთო! ცივი უარით გავისტუმრე – რად მინდა თქვენი მანქანა მეთქი! ეს გაიხსენა და ჩემი მისამართით თქვა ის თბილი სიტყვები, რისი მოტანაც აქ უადგილოა. მაგრამ არც იმის თქმა დავიწყებია – ასეთი მოღალატე ფულზე დახამებული პოლიტიკოსების ხელში საქართველოს დიდი დღე არ უწერიაო! რასაც ბადრი ამ საბჭოზე ლაპარაკობდა, მე არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა ყველას შეუნდო!

კოდუას ბადრისთან მისვლა რა მიზანს ემსახურებოდა? თითქოს , კოდუას ბადრი არც ჩაუწერია, პირიქით მოხდა ყველაფერიო…

– არა, კოდუამაც ჩაწერა საუბარი და ბადრიმაც!

 – როგორ, კოდუა ლამის გააშიშვლეს და შეამოწმეს, ვიდრე ბადრისთან შევიდოდა.

– ხომ იცით დღევანდელი ტექნოლოგიების ამბავი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათი საუბარი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს და მერე გადასცეს კოდუას მასალა. სააკაშვილმა კარგად იცოდა – სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პიროვნებას ბადრი რომ ჩაეწერა და ეს გამღავნებულიყო, სააკაშვილი იმ დღესვე დასრულდებოდა. ამდენად, ბადრის ჩაწერა შეთანხმებული იყო ყველა წრესთან და პატარკაციშვილის სიცოცხლე არავის აწყობდა. ბრიტანეთის დაზვერვაზეა საუბარი და როგორ ფიქრობთ, ბადრის ჩაწერას ვერ შეძლებდნენ? კოდუას ბრალდება, თორემ, შესაძლოა, სულაც არ ჩაუწერია და ჩაწერა რომელიმე სპეცრაზმელებმა, კერძო დეტექტივიმა , რომლებიც უცხოეთში მრავლად არიან.

ტარიელ ონიანი ახლა ქურდია?

–  ტარიელ ონიანს როცა ერთხელ პრობლემები შეექმნა და ქურდები აუმხედრდნენ, ვანო მერაბიშვილი პირადად მონაწილეობდა მისი სტატუსის შენარჩუნების საქმეში. ხან ჩიქოვანებს და ხან ვის არ აგზავნიდნენ გაურკვეველი მიმართულებით, რათა ონიანი გადაერჩინათ. მიხეილ სააკაშვილს არა მარტო ონიანთან, არამედ დედ ხასანთან და შაქრო კალაშოვთანაც ძალიან სერიოზული ურთიერთობები ჰქონდა.  მაჩვენოს ერთი ფაქტი ვინმემ, ვიდრე ონიანს ესპანეთში პრობლემები არ შეექმნა ერთხელ მაინც თუ ახსენა სააკაშვილმა მისი სახელი. მეტსაც გეტყვით – გაეროს დამკვირვებლები რომ გაიტაცეს, ჩამოვიდა ონიანი ქუთაისში, გაათავისუფლა ეს ხალხი, რომლებიც სწორედ მისი გატაცებული იყო. შევიდა პოლიციის შენობაში და შევარდნაძეს უპატაკა „ვეჩეთი“ – გაეროს დამკვირვებლები გათავისუფლებულები არიანო! ამის შემდეგ იმავე „ვეჩეთი“ ელაპარაკა სააკაშვილს.  როგორც კი შალინიანი და ონიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სააკაშვილმა და მისმა ბანდამ მაშინვე შალიკიანი გაწირეს. ბონდო შალიკიანს ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ  ონიანისა და სააკაშვილის ურთიერთობის ამსახველი ბევრი ფირი და ვიდეომასალა ჰქონდა. როგორც კი ეს გამომჟღავნდა, მაშინვე შვილი დაუჭირეს, და გააფრთხილეს, – თუ სადმე რამე გამოჩნდება, არ გაცოცხლებთო! ბონდო შალინიანის ხელით ტარიელ ონიანმა სააკაშბილს 500 მლნ დოლარი გამოუგზავნა, ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში

 – ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობებზე რას იტყვით?

– შევარდნაძეს ვუთხარი, ზესტაფონის ფერო და ჭიათურმაგანმუმი და ტყიბულის ქვანახშირი გადაეცი ბიძინა ივანიშვილს და ეს კაცი ამ საქმეს ააყვავებს მეთქი! გოგი თოფაძე ესწრებოდა ამ საუბარს. და ის დაადასტურებს. ბადრი პატარკაციშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მითხრა, კარგი იქნება, მხოლოდ ბიძინას შეუძლია ამის გაკეთებაო! 1997, ან 1998 წელი იქნებოდა, ერთხელ გოგი ჯაოშვილისაგან ერთად ვბრუნდებოდით ზესტაფონიდან და ბადრის ტელეფონზე დაურეკეს. ბადრი ხან ფრანგულად, ხან რუსულად და ხან ქართულად ელაპარაკა. საუბარს რომ მორჩა, მითხრა – ბიძინა ივანიშვილმა დამირეკა… დადგება დრო და ბიძინა საქართველოში პირველკაცობისთვის იბრძოლებსო! მე არ დავეთანხმე, – წარმოუდგენელია – მეთქი! დრომ დაადასტურა, რომ ბადრი მართალი აღმოჩნდა და ის ძალიან შორს ხედავდა. სხვათაშორის, გოგი ჯაოშვილმა, რომელსაც ბადრი უახლოეს ადამიანად მიიჩნევდა, ყველაფერი იცის ბადრის შესახებ და ბარაქალა ამ ჟურნალისტს, ვინც გოგი ჯაოშვილს აალაპარაკებს! მე ვიცი, რომ გოგი დაპირისპირებულია ბადრის მეუღლესთან. ამ ქალბატონმა ბადრის ყველა მეგობარი მოიძულა და იმ ხალხს შეეკრა, ვინც ბადრის იყენებდნენ.

 – ისევ ტარიელ ონიანზე მინდა გკითხოთ! ის ნახევარი მილიარდი დოლარი ონიანმა „ვარდების რევოლუციის“ დასაფინანსებლად გადასცა  სააკაშვილს ბონდო  შალიკიანის ხელით?

„ვარდების რევოლუცია“ – საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი მოვლენა – დააფინანსეს ბადრი პატარკაციშილმა , ბიძინა ივანიშვილმა და ტარიელ ონიანმა! „ვარდების რევოლუციის“ მეორე დღეს ტარიელ ონიანი ჩამოვიდა საქართველოში და კანონიერი ქურდის – ხაჩიძის აგარეკზე მოხდა ოთეულის შეხვედრა – სააკაშვილი, ტარიელ ონიანი, თემურ ალასანია და ემზარ კვიციანი! ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ნინო ბურჯანაძემაც დამიდასტურა.

 – რა მიზანს ისახავდა ეს შეხვედრა?

– მოხდა გარიგება – ემზარ კვიციანს სააკაშბილი არ უნდა შეხებოდა! ვიდრე ევროპაში ონიანის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყეს, კვიციანს ვინმე შეეხო? მაგრამ სააკაშვილი არის კურდღელი და როგორც კი ესპანეთში ონიანი შერისხეს, იმანაც გაიბრძოლა ონიანის წინააღმდეგ.  აქაოდა  ვინმემ მასთან კავშირში არ დამდოს ბრალიო. 2002 წელის ბოლოს საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განცვიფრებულმა მითხრა – ქართველი პოლიტიკოსები, „მოქალაქეთა კავშირის’ ლიდერები პარიზში ქართველ კრიმინალებს აკითხავენ და ხვდებიანო! ერთი სიტყვით, იმდენად ბინძურ პოლიტიკას ქმნიდა სააკაშვილი,  რომ დიდი ფულის გარეშე ვერაფერს გახდებოდა და მას მართლაც დიდი ფული აქვს გადახდილი საქართველოს დაქცევაში.

დღეს სიტუაცია ასეთია – ამ ხელისუფლებას სააკაშვილის ლობისტები და მხარდამჭერები უტევენ და აკრიტიკებენ. ცხადია, მათ თავის დროზე ფული აქვთ აღებული, მოსყიდულები და გაყიდულები არიან, მაგრამ მათთან დაპირისპირება არასწორია. არ ენდობა მაკეინი გამოძიებას? შესთავაზოს ხელისუფლებამ, რომ მაკეინმა თავისი წარმომადგენელი დასვას პროკურატურაში. იგივე შევთავაზოთ კარლ ბილდტს და სააკაშვილის სხვა დამცველებს. ამით ჩვენ მივაღწევთ სააკაშვილის პროცესის საერთაშორისო ასპარეზზე განხილვას, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილის დამცველები არ გაჩერდებიან, რადგან დიდი ფული აქვთ აღებული და შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება აიძულონ, მიიღოს ქართველი ხალხისათვის დამანგრეველი გადაწყვეტილება! აი, ამას უნდა მივხედოღ სასწრაფოდ!

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *