საქართველოში და მსოფლიოში მხოლოდ ერთი კრიზისია  

 

(ორიოდ სიტყვა ვაშინგტონელი ელჩის განცხადების თაობაზე)

 

11879განცხადება, რომლის შესახებ გვსურს ჩვენი აზრი გამოვთქვათ, რამდენიმე დღის წინ გაკეთდა ზესახელმწიფოს ელჩის მიერ. ჩვენი აზრის გამოსათქმელად  მაშინვე მზად გახლდით, მაგრამ დაველოდეთ – იქნებ ჩვენზე კომპეტენტური , მწყობრი და ღრმა ნააზრევი გამოეთქვა ვინმეს, მხარი დაგვეჭირა და გვერდით დავდგომოდით, ვინც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ეს პრობლემა ცდება ვიწრო პარტიულ თუ იდეოლოგიურ ჩარჩოებს და საერთო სახელწმიფოებრივი უშიშროების ინტერესთა სიმაღლეზე ადის. მაგრამ არსით ხმა, არსით ძახილი…

განცხადების ლაიტმოტივი კი გახლდათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს კრიზისული მოვლენები და ჩამოყალიბდეს კრიზისული სიტუაცია, რისთვისაც ქვეყანა მზად უნდა იყოს.

კეთილი და პატიოსანი. სახელმწიფო რომ ყველაფრისათვის მზად უნდა იყოს, მაგას რა ზარების რეკვა სჭირდება. გმადლობთ, რომ მეგობრები თუ ვითომ მეგობრები საქართველოზე ზრუნავენ. მაგრამ, ნუთუ ელჩს არ ჰქონდა სხვა მექანიზმი საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის ამის შეტყობინებისა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მიღებულიყო ყველა საჭირო ზომა, შესაძლებლობის ფარგლებში – რა თქმა უნდა.

მაგრამ, არა!

საჯარო განცხადება უპირველესი სახელმწიფოს ელჩისა, ანუ იმ ქვეყნის ოფიციალური პოზიცია, რომ საქართველოში ყოველწამს შეიძლება შეიქმნას კრიზისული სიტუაცია,

– საფრთხობელაა საქართველოში დღეს მომუშავე, ან სამომავლოდ ბიზნესის მოსურნე ყველა უცხოელი ინვესტორისათვის, თავად ქართველი ბიზნესმენებისათვის, უცხოელი ტურისტებისათვის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის…

– ეს წითელი  შუქნიშნის ანთებაა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც რაიმეს გაკეთება შეუძლია საქართველოში ან საქართველოს სასარგებლოდ…

–  ეს არის შუქნიშნის მწვანე სხივი „ნაციონალებისათვის“, რომლებიც არ მალავენ დასავლეთის გარკვეული წრეების მხარდაჭერით ხელისუფლებაში მობრუნების როგორც სურვილს, ისე რეალურ  შესაძლებლობას. სწორედ მათთვის არის განკუთვნილი მინიშნება, რომ უცხოეთში დასაშვებად მიიჩნევენ საქართველოში არა სიმშვიდეს, განვითარებას, პროგრესს, არამედ უწესრიგობებს, არეულ-დარეულობას, კრიზისს…

– ეს გარკვეულწილად გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო 26 მაისის ველურობას, რომელმაც ქუჩაში ახალგაზრდების სერიულად მკვლელობების უპირველესი დამნაშავე დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა, რომელიც დღესაც მხარდაჭერას არ აკლებს ქართველი ხალხის ჯალათ ნეონაცისტურ პარტიას და კიდევ ორიოდ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც საქართველოში უაღრესად ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ, მაგრამ უცხოელ მეგობართა დახმარებით რამდენიმე უმაღლესი სახელმწიფოებრივი სავარძელი უჭირავთ.

სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან განცხადებას ხელისუფლებისაგან არ მოჰყვა საქართველოსათვის სასარგებლო, ღირსეული, ადეკვატური პასუხი. ეჭვი გვეპარება. რომ ვერ მიხვდნენ, განცხადების რეალურ არსს და მიზნებს. მიგვაჩნია, ეს კიდევ ერთი ნიშანია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პანიკური შიშისა – არაფერი აწყენინონ დასავლეთს!

შთაბეჭდილება გვრჩება, რომ თუ ვინმე ვერ ან არ ხვდება, საით მიჰყავს პროცესები – თავად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაა. საქართველოში არავინ  ისე გაშმაგებით არ ებრძვის ჭეშმარიტად ამერიკულ განწყობას, ორიენტაციას, სულს, როგორც თავად  ამერიკის ხელისუფლება. მათ ოციოდ წელიწადში შეძლეს უფრო მეტად დაენგრიათ ქართველ კაცში ამერიკისადმი რწმენა, ვიდრე რუსეთმა 70 წლის მანძილზე ეს შეძლო – თავად რუსეთის მიმართ.

გაჟეჟილს გახეთქილი სჯობიაო, ნათქვამია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, სახეზეა საქართველოს გაყოფა ორ ზესახელმწიფოს შორის. დღეს საქართველო ისევე გახლეჩილია ორი ზესახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, როგორც დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი.

საქართველოში მხოლოდ ერთი კრიზისია…

მსოფლიოში მხოლოდ ერთი კრიზისია…

… ორი ზესახელმწიფოს ინტერესების დაჯახებისა და დამთხვევის კრიზისი!

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

22.08.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *