(ახალი თაობა) რეზო ჩხეიძე: “საქართველო დაჭრილი მზეა!”

news_37113მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, კინორეჟისორმა რეზო ჩხეიძემ საქართველოს პატრიარქს და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს გადასცა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია:

„მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა,  მოგილოცოთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული  და სწორედ ასეთ საკრალურ დღეს  შემოგთავაზოთ წინადადება პროექტის „საქართველო დაჭრილი მზეა“ განხილვის თაობაზე.

პროექტის სახელწოდება გრიგოლ რობაქიძისაგან ავიღეთ. იგი ზუსტად შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. სამწუხაროდ, საქართველოში ძლიერდებიან ძალები, რომლებიც არცთუ გარე მხარდაჭერის გარეშე, ცდილობენ ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი დიდების უარყოფას, ქვეყნის გარეთ კვლავ და კვლავ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ საქართველო დიდი წარსულის ქვეყანაა – იდგა ცივილიზაციის სათავეებთან.

ჩვენი ღირსების საქმეა, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ და საქართველოს მომავალ თაობებს დავუტოვოთ ისეთი საქართველო, როგორიც ის სინამდვილეში იყო. ეს რთული მისიაა, რომლის განხორციელება დიდად საშურია. ამაზე  ოცნებობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები. მასზე ფიქრი, ოცნება არასდროს განელებულა ჩვენში და განსაკუთრებულ სიმძაფრეს სწორედ გაჭირვებისას იღებდა.

როგორც ჩანს, ყველაფერს თავისი დრო აქვს: მასშტაბურ ეროვნულ პროექტს  ასეთივე განწყობის ხელისუფლება სჭირდება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს დრო დგას დღეს საქართველოში – გვიჭირს, მაგრამ მაინც მძლავრობს ეროვნული იდეა, რწმენაში ვძლიერდებით და გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ამ გაჭირვების ჟამს ძალუძს ეროვნული იდეით საქართველოს გაერთიანება“

პროექტის ავტორებმა რომელთა შორისაა საზოგადოებისათვის ცნობილი და წარმოჩინებული  პიროვნებები: მერაბ ბერძენიშვილი,  ანზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი ხელოვნების მოღვაწეთა და მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით გამოთქვეს სურვილი, რათა პროექტის „საქართველო დაჭრილი მზეა“ წარდგენა მოხდეს 21 სექტემბრამდე იმ ვარაუდით, რომ  მოწონების შემთხვევაში მისი საქვეყნოდ გაცხადება სწორედ ღვთისმშობლობა დღეს, 21 სექტემბერს გაიმართოს საპატრიარქოში საქართველოში მოქმედი კონფესიების მონაწილეობით.

ბატონი რეზო ჩხეიძე თვლის, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს წერილის ადრესატთათვის  მისაღებ ნებისმიერ დროს. თუმცა თავად, განსაკუთრებულ ადგილად მიიჩნევს ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედებით სახელოსნოს. მისი აზრით, ამ განსაკუთრებულ ქართულ გარემოში შეხვედრა საუბარსაც განსაკუთრებულ ხასიათს მისცემს და შემოქმედებითი ადამიანებისადმი დიდი პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაც იქნება.

ბატონი რეზო ჩხეიძე იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრაც შედგება, თანამშრომლობაც და ინტელიგენციისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ეკლესიისა და ხალხის მხარდაჭერით, ახალგაზრდული გამორჩეული აქტივობით, დაიწყება ეროვნული იდეით საქართველოს გაერთიანების ახალი მძლავრი პროცესი.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *