თემურ შაშიაშვილი: ჩემში, ჩემს შვილში, ყოველ ქართველში 301-ე არაგველი მინდა დავინახო.

დღეს, 300 არაგველის დღეა. ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი კრწანისში. ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭულის გმირთა სისხლია დაღვრილი. თბილისის დასაცავად მთელი ერი დადგა. როგორც მეისტორიე ამბობს, იმერეთიდანაც კი 2 000 მეომარი გამოგზავნა სოლომონ მეორემ.
მწამს და მჯერა, ამ დღეს სხვა მასშტაბი სჭირდება. ვფიქრობ, ერთი წლის შემდგომ, კრწანისის ბრძოლის 220 წლისთავი – დიდი ქართული დღე იქნება.
მადლობა უფალს, რომ შეგვაძლებინა ამ ადგილის გადარჩენა სასტუმროების მშენებლობისაგან. დღეს კრწანისში თუ მხოლოდ ის არის, რაც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში გაკეთდა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო ერთი და შემდგომი წლები ამ ადგილს მთელი მსოფლიოსათვის ქართველთა უდიდესი გმირობის (რომლის მსგავსი მსოფლიომ დღემდე არ იცის) ადგილად წარმოაჩენს.
ვიდექი დღეს ამ წმინდა მიწაზე და ჩემთვის ვფიქრობდი: კაცად მართლაც მაშინ ხარ საქები, თუ შენში 301-ე არაგველს ხედავ. ეს ჩემი ნაფიქრალი ხმამაღლა გავუმხილე დიდ მოღვაწეებს: ომარ მხეიძეს, გურამ საღარაძეს, მანუჩარ მაჩაიძეს, გიგა ბურდულს.
მართლაც სხვა – გაბრწყინებული საქართველო იქნება, როცა ყოველი ქართველი საკუთარ თავს 301-ე არაგველად ჩათვლის.
ჩემში, ჩემს შვილში, ყოველ ქართველში 301 არაგველი მინდა დავინახო.
დღეს კრწანისში 300 არაგველის ხატი გადმოგვცეს, რომელსაც ქალბატონ ლელა ჩხარტიშვილის ტექსტი ახლავს. მართლაც, ამაღელვებელი და გულშიჩამწვდომი.
“ ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ ან დავიხოცოთ!”
1795 წლის 11 სექტემბერი. ღრუბლიან ჯანღიანი დღე საქართველოს ისტორიაში. ერეკლეს მცირერიცხოვან ლაშქარში იდგა სამასი მთიელი, სამასი არაგველი გლეხი, ესენი იყვნენ სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი უმამაცეს მთიელ ქართველთა, რომელთა შემწეობითაც ამდენი ბრძოლა მოეგო პატარა კახს. სამასი წყვილი, გაუტეხელი არწივული მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს. სამასი ვაჟკაცური მკერდი და მხარ-მკლავი ერთ ურყევ-უბზარავ კედლად შეკრულიყო და სწორედ მაშინ სამასმა ბაგემ ერთად იქუხა და სამას მკერდიდან აღმოხდენილი ფიცი, ვაჟკაცური და ლოცვის მაგვარი: “ ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ ან დავიხოცოთ!” ანდა იქნებ სწორედ ასე თქვეს არაგველებმა ეს წმინდა ფიცი. როგორც იგი წარმოიდგინა გრიგოლ ორბელიანმა
“ თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვსდევნე მტრის ძალი,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!”
მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა ქართველები დამარცხდნენ. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი. მათ “კვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი”. ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს , სამუდამოდ აღესრულა დილითდიდებული უწმინდესი ფიცი უკანასკნელნი არაგველნი მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გმურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირნი ჩამოსულიყვნენ- საარაგვოსაკენ.
დავით ბატონიშვილმა ზარბაზნების საკეტები ახსნა და ხელიერთპირად ხევში გადაჩეხა, მერე სასწრაფოდ ქალაქს სამხრეთიდან შემოუარა და დამარცხებული პაპის გზას გაჰყვა ანანურისკენ
კრწანისის ბრძოლა დამთავრდა
ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი მტერ-მოყვარის გვამთა გროვებით დახერგილი და დამძიმებული.
მათ შორის-სამასი არაგველი, სამასი წმიდა, ღვთაებრივი გმირი. ასე პატიოსნად წრფელად მოკვდნენ ისინი. ასე მოკვდნენ, რამეთუ სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ.



