(ალია) რისთვის ჩაატარა თემურ შაშიაშვილმა გამოკითხვა

brifinთემურ შაშიაშვილი:
“თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის  განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რაიონში,საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა რომლებიც ათი ათასამდე ადამიანს შეხვდნენ. გამოკითხვა ჩაატარეს და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.

რისთვის ჩატარდა გამ ოკითხვა , რა შედეგები მიიღეს და რას უპირებენ ამ შედეგებს?

“ალიას” თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო თემურ, რა გამოკითხვა ჩაატარეთ და მათი შედეგები რისთვის გჭირდებათ?

_ეს შეხვედრები იყო ხალხისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი, ამოცანად ისახავდა ერთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობა მიეჩვიოს იმას, ვისაც აირჩევს, უფროსი კი არა, მისი მსახურია. მოსახლეობის 99%–ს ჰგონია, რომ ვისაც ირჩევს, მისი უფროსი უნდა იყოს და ამაში უხადოს ხელფასი. ამ შეკრებებისას ჩვენ გვინდოდა ხალხისთვის გვეთქვა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ცხოვრობს მხოლოდ ერთი კანონით–ხალხს აქვს კონტროლის ბერკეტი იმ დაპირებების შესრულებაზე, რითაც ხელისუფლება მოდის. ჩვენთან მონოპოლიზება ხდება ყველაფრის და უნდათ, რომელიმე პარტიამ მოახდინოს მონოპოლიზება ყველა რესურსის. ეს კიდევ ერთი შეურაცხყოფის მიყენებაა ხალხისთვის. კი თქვა ივანიშვილმა, ,,მოქალაქეს“ ვქმნი და ვაჩვენებ ხელისუფლებას, როგორ უნდა კონტროლიო, მაგრამ თქვა და დამთავრდა. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით მეტად საშიშ მომენტში, როცა ნაციონალური მოძრაობა, ანუ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც არცერთი მისი პროგრამული დაპირება არ შეასრულა, რომელმაც გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს, პრაქტიკულად ხელში იგდებდა სახელისუფლო კონტროლს. ეს აწყობდა ქართულ ოცნებასაც, რადგან ადვილია, ნაციონალურ მოძრაობას უპასუხო, რა უფლება გაქვთ, აკონტროლოთ ჩემი პროგრამა, როცა თავად არაფერი შეგისრულებიათო. საქართველო წაართვეს ქართველ ხალხს და ახლა ართმევენ ამ კონტროლის უფლებასაც. ჩემი პოზიცია ასეთია–პატიოსანი ხელისუფლება მოვა არა 4 წლის ვადით, არამედ შუა გზაზე ჩაატარებს ნდობის რეფერენდუმს. მან უნდა უთხრას ხალხს, რასაც დაგპირდით, თუ შეგისრულეთ, გამიგრძელეთ ვადაო. ასეთი ხელისუფლება არ აღმოჩნდა საქართველოში, ქართული ოცნება მიდის უტეხი გზით. უტეხად იმეორებს, რომ გაანახევრა სიღარიბე, მივდივართ წინ, ვართ ძლიერად. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ან არ იციან, რა განწყობაა ხალხში, ან იციან და უტეხად იქცევიან, როგორც მიღებულია დასავლურ პიარ ჯგუფებში, რომ რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, უნდა ილაპარაკო, რომ არის კარგად. ასე იქცეოდა ზუსტად ნაციონალური მოძრაობაც, გვექცეოდა თავზე ქვეყანა და ის კიდე ამბობდა, ავშენდითო.

– რას ამბობდა, მოსახლეობა, რას აღიქვამენ ყველაზე მტკივნეულად?

 – ხალხმა თქვა, დაგვპირდნენ საარსებო მინიმუმს და შიმშილით ვკვდებითო. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. დღეს ადამიანს რომ ჰქონდეს აუცილებელი კვების რაციონი, აჭარბებს 450 ლარს, ამ დროს, რა არის რეალური საარსებო მინიმუმი, კაცმა არ იცის, მიზერულ თანხებს ასახელებენ. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ განსაზღვრავს ხელისუფლება საარსებო მინიმუმს, ამას განსაზღვრავენ დამოუკიდებელი სააგენტოები. წინა ხელისუფლებას რომ არ აეშენებინა რომელიმე შენობა, მაგალითად, საპრეზიდენტო სასახლე ან პარლამენტი ქუთაისში და გაეკეთებინა ისე, როგორც ევროპულმა ქვეყნებმა და ამათაც ხალხის ბანკებიდან გატანილი ფულის საპროცენტო განაკვეთი გადაეხადათ და მერე მოსახლეობას ნელ-ნელა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის, ახლა ასეთი მძიმე სოციალური ფონი არ იქნებოდა.

ვხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც ტიროდნენ და გარწმუნებთ, გული გაგიჩერდებათ, რაზე საუბრობენ იმერეთში, აჭარაში… მე დალხინებული არავინ მინახავს. დაჰპირდათ ცხოვრების გამოსწორებას ეს ადამიანი და ამიტომაც აირჩიეს, თორემ ივანიშვილს რომ ფული არ ჰქონდეს, ვინ აირჩევდა? ხალხის შეცდომა იმაში იყო, რომ დაუჯერეს. არ მომხდარა ჯერ მსოფლიოში, მილიარდერს გადაერჩინოს ხალხი და ქვეყანა, არ მომხდარა არც ის, რომ ბელადს მოეტანოს რამე კარგი ქვეყნისთვის.

ხალხს მოუსმინეთ, მათი პოზიცია იცით, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება?

_ ამ საინიციატივო ჯგუფებში პოლიტიკოსი არავინ არის ჩემს გარდა, უამრავი ღირსეული პიროვნებაა, მაგალითად ,,რუსთავის“ წამყვანი სოლისტი დავით გველესიანი, თეოლოგი ლეონ ფირცხალავა, პროფესორი კობა კობალაძე და სხვები. ეს ის ხალხია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უკან დაჰყვებოდა არჩევნების დროს. როცა ხალხს ეხვეწებოდნენ იმას, აირჩიეთ ბიძინა ივანიშვილიო.ეს ხალხი ბიძინას მტრები კი არ არიან, მეგობრები არიან. გუშინ გამოდიოდა გველესიანი და ამბობდა, ყველა შეკრებაზე დელეგატი ვიყავი და მიმაჩნდა, რომ სწორად ვიქცეოდი, როცა ბიძინა ივანიშვილს მხარს ვუჭერდიო, მაგრამ შინაგანი სინდისის ქენჯნა მაქვს, როცა ხალხში გავდივარ და ვხვდები მათ, რამდენიმე რეგიონში ვიყავი და ხალხს მოვუწოდებდი, გამოდით, ნახეთ, რა მდგომარეობააო. ამ ინტელიგენტი ხალხის თხოვნა იყო,მძაფრი არ ვყოფილიყავით. მათ თქვეს, მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, ჩააბაროს ანგარიში ხალხსო, იქნებ ხალხი გვატყუებს და ხელისუფლებაა მართალიო. ასეთ დროდ შეარჩიეს ოქტომბერი. პრემიერმა უნდა მოუწოდოს ყველა გამგებელს და დეპუტატს, გამოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ საჯაროდ, მერე თავად გამოვიდეს და ჩააბაროს ხალხს ანგარიში. ბატონმა ლეონმა თქვა, თუ ასე მოიქცევა ხელისუფლება, მე მას ფეხქვეშ გავეგები და თუ რამე ვერ გააკეთა, ვეტყვი, გპატიობთ ამას და ახლა დავდგეთ საქმის გასაკეთებლადო. ამაზე მეტი რა ქნას ინტელიგენციამ, ჯიბრით კი არ იქცევიან, კიდევ აძლევენ შანსს მათ. ჯიბრში არავინ ვუდგებით, მაგრამ ყველა შეწუხდა, როცა პრემიერმა თქვა, სიღარიბე განახევრდაო. როგორ შეიძლებოდა ამ 9 წლიანი რეჟიმის მერე სიღარიბის განახევრება, როგორც არ უნდა მოენდომებინა ახლანდელ ხელისუფლებას? ხელისუფლებას ეს ტრაბახი არ სჭირდება, პირიქით, ხალხს უნდა უთხრას, ძალიან ვცდილობ, რაც შემიძლია, ვაკეთებო. კი, ბატონო, გაეროს ტრიბუნაზე კარგად გამოვიდა ღარიბაშვილი, მაგრამ გული დამწყდა, რომ წყლის ორი წვეთივით გავდა წინა წლებში წინა ხელისუფლების გამოსვლებს, რომ მივდივართ წინ, ვართ კარგად, დემოკრატიულია ქვეყანა, სიღარიბე მცირდება, კორუფციას ვამარცხებთ. 22 წელია, მივდივართ წინ და ამას ვეუბნებით უცხოეთს, აბა, ხალხს ვკითხულოთ, თუ მივდივართ წინ!

 ბატონო თემურ, რეგიონებში სიარულს ფული სჭირდება, მანქანის, საწვავის… რომ ამბობთ, არავინ გვაფინანსებსო, ამას რა ხარჯებით აკეთებთ? 

– საინიციატივო ჯგუფები შექმნილია ადგილებზე. თბილისიდან არავინ მოძრაობს, ზოგ ჩვენგანს თავისი საქმეების გამოც უწევს ჩასვლა რეგიონებში, მაგალითად, ბატონი დავით გველესიანი ლექციებს კითხულობს, კონცერტებს ატარებს. შესაბამისად, ხალხსაც ხვდება. ქუთაისში გოგიტა გეგელაშვილმა გააკეთა სერიოზული გუნდი,  ისევე როგორც ზუგდიდში კახა მიქაიამ, რომელთანაც ძალიან ინტენსიურად ვურთიერთობთ. ფული მართლაც სჭირდება ამ საქმეს, მაგრამ ნოემბრიდან დასჭირდება. მონდომება და განწყობაა მთავარი.

– ნოემბერში ფული დაგვჭირდებაო. რისთვის გჭირდებათ და რამდენი? 

– საჭირო იქნება, მაგალითად, 1500-2000, რომ მასალა დაიბეჭდოს, როგორია მთლიანი საქართველოს მოსახლეობის განწყობა, რათა რაიონებში გაიგზავნოს და ხალხმა ნახოს, სხვა რაიონებში ხალხი რას ფიქრობს.

– არ გამოვიდა ხელისუფლება, არ ჩააბარა ხალხს ანგარიში. ამის მერე რას აპირებთ?

– ნოემბრის დასაწყისში იკრიბება ეს საინიციატივო ჯგუფი და იმის მიხედვით, როგორი იქნება ხელისუფლების განწყობა, როგორ მოიქცევა, ჩვენც მოვიფიქრებთ სამოქმედო გეგმას.

_ ბატონო თემურ,თქვენ იყავით ერთ–ერთი იმათგანი, ვინც აქტიურად საუბრობდა ოპოზიციის გაერთიანებაზე. ახლა როცა არასაპარლამენტოები ასე ჩუმად არიან, რატომ ვერ ხერხდება ეს? ერთობა უფრო წინ არ წაწევდა საქმეს?

_ ეს დრო დიდი ხანია, დგას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყველა პოლიტიკოსი იმაზე მეტად ამბიციურია, ვიდრე შინაგანი ძალა აქვს ამის. მე არ ვიცი მსოფლიოში რომელი ქვეყანა გაუძლებდა ამდენ ამბიციურ პოლიტიკოსს. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე საკითხია. შეიძლება პარტია არსებობდეს და არ იცოდეს, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას, ან არ ჰქონდეს პროგრამა? მე ისეთი პარტიების ერთობას ვეძახი ქართულ საქმეს, როცა ამ პარტიებს ამბიციებზე მეტად საქმის კეთება შეუძლიათ. დიდი ხანია, პოლიტიკამ დაკარგა გონება და ემოციით იმართება. ვინც მაჩვენებს, რომ აქვს ის, რაც საჭიროა გაერთიანებისთვის, სიამოვნებით დაველაპარაკები მათ. დავიღალე ყელს იქით მოლაპარაკე პოლიტიკოსებით. ხალხია მთავარი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში და ტყუილად ჰგონიათ პოლიტიკოსებს, რომ თავად არიან. პოლიტიკური პარტიები ხალხით არ ცხოვრობენ და რომელი ერთობა არის შესაძლებელი? ბატონმა ბიძინამ არ იცის, რა ხალხი წამოწია რაიონებში და რამდენს გაუჩინა ამბიცია. ამ მომენტებმა გაამხეცა ველური “ნაციონალური მოძრაობა” და კაცმა არ იცის, როგორ ისარგებლებენ ისინი, ამიტომ ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს ხალხს, თუ გვინდა, რომ ეს მხეცი დასავლური სექტები დასრულდეს საქართველოში.

ესაუბრა ჟანა ასანიძე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *