თემურ შაშიაშვილი : წესრიგის დამყარება პოლიციის თავნებობას არ უნდა ნიშნავდეს
ქუთაისში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა – პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა.
ბოლო პერიოდში პოლიციის არასწორი მიმართულებით გააქტიურების გამო, ბევრი გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. მოხდა კიდეც. წესრიგის დამყარება პოლიციის თავნებობას არ უნდა ნიშნავდეს…
მომხდარი ქვეყნისთვისაა ცუდი. სიმძაფრეს აძლიერებს ძველი და ახალი ხელისუფლებების იდეოლოგიური ერთობა და პერსონალური დაპირისპირება ხელისუფლებისათვის და იმავდროულად ორთავეს მიერ სხვა რეალური პოლიტიკური ძალების უგულებელყოფა.
ამაზრზენია, როგორც იქცევა „ნაციონალური“ ხელისუფლება, რომლის გაბოროტება ხელისუფლებაში დაიწყო და განუსაზღვრელ მასშტაბებს მიაღწია ხელისუფლებიდან ფორმალური წასვლის შემდგომ.
ასეთ სიტუაციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედება მისივე გამოცდაც იქნება… თუ ძველის გზა აირჩია ეს მისივე დასასრულის დასაწყისი იქნება… ეს არავის უნდა გვინდოდეს, ვინც ვფიქრობთ ქვეყანაზე.
დღეს მთავარია, ქართული წესით, ღირსეულად დაიკრძალოს გარდაცვლილი, ვიყოთ თანაგრძნობით მისი ოჯახისა და ახლობელთა მიმართ. რაც უმნიშვნელოვანესია, სამართლიანი და მხოლოდ სამართლიანი მოქმედება ხელისუფლებისა, თუნდაც მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება გარკვეული წრისათვის მიუღებელი და ხელისუფლებისათვის ერთი შეხედვით წამგებიანი იყოს.



