სიკორსკი – სააკაშვილმა საკუთარ თავს პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლი

სიკორსკი - სააკაშვილმა საკუთარ თავს პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლიპრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლი, – ამის შესახებ პოლონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სეიმის მარშალმა , რადოსლავ სიკორსკიმ პოლონურ გამოცემა Gazeta Wyborcza-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს თარგმანს inosmi.ru ავრცელებს.
გამოცემასთან ინტერვიუში პოლონეთის რადოსლავ სიკორსკიმ ცოტა ხნის წინ ამერიკულ გამოცემა Politico-სთან გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, რომ 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს უკრაინის გაყოფა შესთავაზა, რაზეც ტუსკმა რეაგირება არ მოახდინა, რადგან მათი საუბარი იწერებოდა.
“პირადად მე ამ საუბარს არ ვესწრებოდი, თუმცა ეს ამბავი ჩემამდე მოვიდა. სიტყვა “შეთავაზება” არასწორი ფორმულირებაა. ისეთი სიტყვები ისმოდა, ისტორიული ალუზია ან ბოროტი ხუმრობა გეგონებოდა. თუმცა, პრეზიდენტი პუტინი მსგავსი ტერმინებით მსოფლიოსა და ევროპის ბევრ ლიდერს ელაპარაკება. ამას წინათ, მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტს უთხრა, რომ კიევის აღება ორ კვირაში შეუძლია”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე საჯაროდ რამდენიმე თვის წინაც საუბრობდნენ, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პოლონეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას ოფიციალური წერილი გაუგზავნა უკრაინის რამდენიმე ოლქის დაყოფაზე.
როგორც პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში რადოსლავ სიკორსკი აღნიშნავს, 2008 წელს პუტინის ეს სიტყვები სიურეალისტურად ჟღერდა. მისივე განცხადებით, დავიწყებას არ უნდა მიეცეს ისტორიული კონტექსტი.
რადოსლავ სიკორსკის თქმით, ეს ჯერ კიდევ ნატო-ს ბუქარესტის სამიტამდე იყო, პუტინი უკრაინას ღია ტექსტით ემუქრებოდა, სხვათა შორის ლეხ კაჩინსკის თანდასწრებით და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომამდე. ბუქარესტში კი ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა ხელოვნური სახელმწიფოა, რუსეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მიწების კონგლომერატი.
“პუტინის გამოსვლის ტექსტი რუსულმა მხარემ ჩვენი თხოვნით გადმოგვცა, ჩვენ კი მეგობრული ჟესტის ნიშნად, ეს ტექსტი უკრაინას გადავეცით. ჩვენ ბევრ დასავლელ ლიდერს ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს. მაგრამ ყირიმის ანექსიამდე ცოტა ვინმე თუ იჯერებდა ამას. შეგახსენებთ, რომ საქართველო არ იყო რუსეთის განზრახვების დამაჯერებელი მტკიცებულება, რადგან იქ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი თავის პროვოცირების უფლება მისცა და პირველმა გახსნა ცეცხლი”, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პუტინის ალუზიებს მხოლოდ მოგვიანებით, ნატო-ს სამიტის, საქართველოსთან ომის და ყირიმის ანექსიის შემდეგ მიეცა აზრი.
ინტერპრესნიუსი
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *