(reportiori.ge)„მოსკოვსკიი კომსომოლეცი“: როგორ გადაარჩინა ვოვანმა მიხეილ სააკაშვილის ძმა დეპორტაციას

4„რეპორტიორმა” გუშინ უკვე გამოქვეყნა მოკლე მასალა იმის თაობაზე, თუ როგორ გაათამაშა მიხეილ სააკაშვილი რუსმა სატელეფონო ხულიგანმა (ანუ პრანკერმა) ვლადიმირ კრასნოვმა, იმავე ვოვანმა. ახლა გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ვოვანი ვრცლად ჰყვება სატელეფონო გათამაშების დეტალებს (ესაუბრება ჟურნალისტი ირინა ბობროვა):

– ვლადიმირ, როგორ მოახერხეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირება?

– ჯერ მისი პირდაპირი ამერიკული სატელეფონო ნომერი ვიპოვე და დავრეკე. არ მპასუხობდა. მერე „ეს-ემ-ესი” გავუგზავნე უკრაინული ნომრიდან და მივწერე, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი ვარ-მეთქი. ვუთხარი, რომ მასთან საუბარი მსურდა. ოცი წუთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ დამირეკა.

– გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ შეუტანია და დარწმუნებული იყო, რომ მას მართლაც არსენ ავაქოვი ურეკავდა?

– დიახ, მას არავითარი ეჭვები არ ჰქონდა. მე საუბარი ასე დავიწყე: „იცი, მიშა, შენ მანდ ვაშინგტონში ზიხარ და ვიცი, რომ ძალიან ფართო კავშირები გაქვს. კარგი იქნებოდა, რომ უკრაინის მიმართებით დაგვხმარებოდი, რაღაც ორგანიზება გაგეკეთებინა – ან ფინანსების, ან იარაღის სფეროში…”. ამაზე მან ასე მიპასუხა: „ოკ, რაზეა ლაპარაკი… მე მართლაც მშვენიერი კავშირები მაქვს სახელმწიფო დეპარტამენტთან. შემიძლია დაგალაპარაკო სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რამდენიმე გავლენიან პიროვნებასაც გაგაცნობ… ვინც გინდა რა, მოკლედ… ყველაფერში დაგეხმარები, ნუ ინერვიულებ. ყველაფერი კარგად იქნება”.

– და გავლენიან ხალხზე გაგიყვანა?

– ორი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პანიკაში ჩავარდნილი მირეკავს: „გთხოვ, ჩემს ძმას სასწრაფოდ დაეხმარო, კიევის აეროპორტში დაუკავებიათ, უკრაინაში ყოფნის 90-დღიანი ვადა დაუმთავრდა, შესაძლოა, საქართველოში დეპორტი მოახდინონო”. გეტყვით გულახდილად: ამ საკითხში მართლაც დავეხმარე. მე და ჩემმა მეგობარმა ალექსეიმ რეალური კავშირების წყალობით მიხეილ საკაშვილის ძმა გავათავისუფლებინეთ.

– სერიოზულად დაეხმარე თუ მეც მათამაშებ?

– კი, სერიოზულად გეუბნები. აბა, სხვაგვარად როგორი არსენ ავაქოვი ვიქნებოდი. მე აუცილებლად მჭირდებოდა ჩემი სტატუსის დადასტურება ამგვარი მოქმედებით. ამის შემდეგ მიშამ ასეთი „ეს-ემ-ესი” მომწერა: „დიდი მადლობა. ვიწყებ მუშაობას თქვენი საკითხის მოსაგვარებლად”.

– მაინც ვისთან დაგაკავშირათ?

– მიშამ დაგვაკავშირა ბარაკ ობამას თანაშემწესთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ევროპული ურთიერთობების დირექტორთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი გვარია კუპჩინი. აი, სწორედ მასთან ვისაუბრეთ. ჩვენს თხოვნაზე კუპჩინმა თქვა: „კარგით, ჩვენ დაგეხმარებით – ან ფინასურად, ან იარაღით. ჩვენს ელჩს კიევში გადაეცით სია, რაც თქვენ გჭირდებათ, მერე დავსხდებით და განვიხილავთ”.

– ჯონ კერის თუ ესაუბრეთ?

– მიშასთან კიდევ რამდენჯერმე ვისაუბრეთ. თავდაპირველად მან სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან საუბარი აღგვითქვა, მაგრამ როგორც მე მივხვდი, მისი შესაძლებლობები არცთუ ისე ფართო ყოფილა. ვფიქრობ, ვაშინგტონისათვის მაინც „შესტიორკას” როლს ასრულებს.

– მაგრამ როგორც ვიცი, სენატორ ჯონ მაკ-კეინს ხომ ესაუბრე?

– მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრესკონფერენციაზე მივიდა, სადაც მაკ-კეინიც ესწრებოდა. როგორც ჩანს, მიშამ მიირბინა ჯონთან და ის ტელეფონის ნომერი მისცა, რომელსაც ჩემი მეწყვილე ალექსეი აკონტროლებს, სხვათაშორის, მან ამასწინათ კოლომოისკი გაათამაშა. ალექსეი კარგად ფლობს ინგლისურ ენას და მაკ-კეინთან რამდენიმე წუთი ისაუბრა არსენ ავაქოვის სახელით.

– და რა გითხრათ ჯონ მაკ-კეინმა?

– მაკ-კეინმა ასე გვითხრა: „მოხარული ვარ, რომ დაგვირეკეთ, შევეცდებით, დაგეხმაროთ. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ობამა თქვენთვის ძალიან ცოტას აკეთებს, მაგრამ რას იზამ, იგი ასეთი კაცია, ობამა ობამაა. ჩვენ იძულებულნი ვართ, მისი პრეზიდენტობა რამდენიმე წელი ვითმინოთ, უკვე ყელში ამოგვივიდა… მაგრამ თქვენ ნუ ღელავთ, მის გარეშეც ყველაფერს გავაკეთებთ”. აი, სულ ეს იყო.

– ამასწინათ თქვენ სოციალურ ქსელში ამერიკელ გენერალ კევინ მაკნილთან საუბრის ტექსტი გამოაქვეყნეთ…

– დიახ, გენერალთანაც… მიშამ კუპჩინთან დაგვაკავშირა, კუპჩინმა კი კიევში არსებული აშშ-ის საელჩოს საშუალებით – მაკნილთან, რომელიც თითქოსდა უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხებს კურირებდა. ასე რომ, საუბრების ჯაჭვს ხელი მიშამ შეუწყო, თანაც ისე, რომ თვითონაც არ იცოდა ამის შესახებ.

– მიხეილ სააკაშვილს კიდევ ესაუბრეთ რომელიმე საკითხზე?

– ცხადია, ჩვენ მიშასთან კიდევ ვისაუბრეთ. ისე, ძალიან ბევრ სისულელეს ლაპარაკობს. ერთხელ დამირეკა, არც აცია, არც აცხელა და მეუბნება: „იცი, მოლაშქრეები ახლა მარიუპოლს აიღებენ”. მე ვეუბნები: „მიშა, კაი რა… რას ჰქვია „აიღებენ”? რას ლაპარაკობ? ცეცხლის შეწყვეტაზე ზავი ხომ უკვე დადებულია…”. ის: „მართლა? მაშინ ჰო, ვერ აიღებენ”. ანალიზი აქვს საბავშვო ბაღის დონეზე.. ბოლო საუბრის დროს მთხოვა ხელი მომეწერა მის მიერ ინტერპოლის სახელზე დაწერილი თხოვნისათვის, რომ იგი საერთაშორისო ძებნაში არ გამოეცხადებინათ. გამომიგზავნა წერილის ტექსტი რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე. რუსულად ძალიან ცუდად იყო თარგმნილი. მე, აბა, სხვას რას ვეტყოდი: „კი, მიშა, ყველაფერს გავაკეთებ”. სააკაშვილს ძალიან ეშინოდა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ, ყველა გზას ეძებდა, რომ ეს არასასიამოვნო მომენტი თავიდან აეცილებინა.

– როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ სააკაშვილზე?

– მე დავრწმუნდი, რომ იგი საერთაშორისო აფერისტია. მისთვის მთავარია, რუსეთს ცუდი გაუკეთოს..

– როცა ცნობილი გახდა, რომ ეს ყველაფერი გათამაშებაა, ვინმე თუ დაგემუქრათ?

– სააკაშვილის თანაშემწე ქალმა დამირეკა, მითხრა, რომ არსენ ავაქოვი საქმის კურსშია და მან იცის, რომ ეს გათამაშებაა. დამემუქრა, რომ ყველა ამ საუბარს „FBR”-ში გაგზავნიან. „თუ კიდევ ერთხელ დარეკავთ, საქმე ჩვენს [ამერიკულ] სპეცსამსახურებთან გექნებათო”. აბა, რა უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს…

 

http://www.mk.ru/politics/2014/10/24/persona-vysokogo-pranka-vovan-pomog-saakashvili-izbavit-brata-ot-deportacii.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *