10 ლარით გაზრდილი პენსია და 300 ათასი ლარი მაღალჩინოსნების პრემიებისთვის

2015 წლის პირველი სექტემბრიდან პენსია 10 ლარით მოიმატებს და მისი ოდენობა 160 ლარი გახდება. საარსებო მინიმუმი 160 ლარი და 60 თეთრი გახლავთ. პენსიონერთან შედარებით კი მინისტრს 33-ჯერ, პარლამენტარს 25-ჯერ, პრეზიდენტს კი 44-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში მთავრობის წევრების პრემიების და სახელფასო დანამატების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ყველაზე მაღალი პრემია ალექსანდრე მარგიშვილმა მიიღო და ის 26 816 ლარს შეადგენს, მეორე და მესამე ადგილს მანანა ბერიკაშვილი და ბადრი ბაგრატიონი იკავებენ.მთავრობის წევრებს შორის, ასევე იანვარ-აგვისტოში ყველაზე მაღალი სახელფასო დანამატები აიღეს ირაკლი ალასანიამ, თეა წულუკიანმა, მაია ფანჯიკიძემ, ნოდარ ხადურმა, თამარ ბერუჩაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის 350 მილიონია გამოყოფილი. 2014 წლის 8 თვის განმავლობაში კი მთავრობის წევრებმა სამ მილიონზე მეტი ლარი აიღეს და აქედან ნახევარზე მეტი პრემიისა და სახელფასო დანამატების სახით.

„მინისტრები და მათი მოადგილეები, ჩვეულებრივად იღებენ მათთვის განკუთვნილ ხელფასს, შემდეგ იღებენ დანამატს ამ ხელფასზე და იღებენ პრემიას, ასეთი სქემით ხდება დღეს სახელფასო პოლიტიკის განხორციელება. ამ საკითხში ჩემპიონები არიან, კულტურის მინისტრის მოადგილეები. ყველა იცნობს ალექსანდრე მარგიშვილს, რომელიც დღეს მშოაბს ნარმანიას „ოდეერად“ და რომელიც არის დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში, იკავებდა კულტურის მინისტრის მოადგილის ტანამდებოაბს და რვა თვის განმავლობაში, მხოლოდ პრემიის სახით, მას აღებული აქვს 26 816 ლარი, კიდევ ერთი მოადგილე გახლავთ ბადრი ბაგრატიონი, მისი საპრემიო ანაზღაურება იყო 22 ათას 740 ლარი და მანანა ბერიკაშვილი 23 040 ლარი.

რაც შეეხება მინისტრებს, თეა წულუკიანმა რვა თვის განმავლობაში პრემიის და დანამატის სახით ხელფასის გარდა აიღო 34 180 ლარი, მაია ფანჯიკიძემ 31 680, ხადურმა 21 680, ზაქარეიშვილმა 21 680, სანიკიძემ 27 830, ალასანიამ 43 982, და ყველაზე პრინციპულმა ჩინოვნიკმა საქართველოში, როდესაც ის იყო ფანჯიკიძის მოადგილე, აიღი 21 700 ლარი.

რომ არა ასეთი აღვირახსნილი მადა ჩვენი ჩინოვნიკების, ჩვენი გათვლებით, რომელიც სპეციალურად გავაკეთეთ, შესაძლებელი იქნებოდა, რომ დღეს პენსია ყოფილიყო 200 ლარი“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *