ტაშს ითხოვენ ხალხისაგან, იმ ხალხისაგან, რომელთა სახელითაც უნდა სამართლდებოდნენ!

პოზიცია რეგიონებში მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით
ყოველი მოაზროვნე ადამიანი რომელიც ამ მასალას გაეცნობა, ნახავს რა ფული დაიხარჯა- გააკეთებს მხოლოდ ერთ დასკვნას: ქვეყანაში ან სახელისუფლებო ბანდიტიზმია, ან ფულმა დაკარგა ძალა.
დახარჯულია არა ერთი, ათი, ან ასი მილიონი, არამედ, 2 მილიარდამდე ლარი, თითქმის იმდენი, რამდენიც მთელი საქართველოს წლის ბიუჯეტი იყო 2001, 2002 და 2003 წლებში. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რეგიონში და მხოლოდ კომუნალური და კეთილმოწყობის ხაზით.
როგორც ჩანს, არაფერი იცვლება. განსაკუთრებით „ნაცების“ მიერ დამკვიდრებული ფულის კეთების სისტემა. ერთი ლარი არათუ აკეთებს ერთი ლარის საქმეს, არამედ, აშკარად სჩანს, რომ 100 ლარით კეთდება ერთი ლარის საქმე. ეს ქართული ფულის გაუფასურების გზაა, რომლის შედეგსაც დღეს უკვე რეალურად ვხედავთ საქართველოში.
სწორედ ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებისაგან მოითხოვდა ორი წლის თავზე ხალხისთვის საჯაროდ ჩაებარებინა ანგარიში, აყალიბებს კონკრეტულ პოზიციას: ასეთი ფორმით ანგარიშის ჩაბარება არა უბრალოდ ხალხის მოტყუებაა, არამედ, ქვეყანაში სახელისუფლებო ბანდიტიზმის, ელიტური კორუფციის დამკვიდრების „ნაცების“ გზის გაგრძელება. ანგარიშს აბარებენ არა ხალხს, არამედ ძირითადში, ამ ბინძური პროცესის მონაწილე სახელისუფლებო ვერტიკალის წარმომადგენლებს და მათ ახლობლებს. ანგარიშს აბარებენ და ტაშს ითხოვენ ხალხისაგან, იმ ხალხისაგან, რომელთა სახელითაც უნდა სამართლდებოდნენ.
სწორედ ეს ჯგუფი მოითხოვს, რომ ეს ანგარიშები შედგეს არა დახურულ სახელისუფლებო სივრცეში, არამედ მთელი საქართველოსათვის წინასწარ ცნობილი განრიგით და მოსახლეობის თავისუფალი დასწრებით.
ასეთ შემთხვევაში, „ჩააბარეთ ანგარიში ხალხს“ ჯგუფის წევრებიც დავესწრებით ამ შეხვედრებს, უფრო მეტიც, ყოველ რეგიონში წარმოვადგენთ თანამოხსენებას, და ხალხიც დაინახავს, მართლაც საქმე კეთდება, თუ საქმე გვაქვს სახელისუფლებო ბანდიტიზმთან. .
ჩვენ ვთვლით, თუ პრემიერ-მინისტრი რეალურად ებრძვის კორუფციას, ეს ბრძოლა არ ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორების ხასიათს, თუ მას მართლაც აქვს სურვილი, რომ ყოველი საბიუჯეტო ლარი აკეთებდეს ერთი ლარის საქმეს, მიიღებს ამ წინადადებას და დარწმუნდება იმაშიც, თუ რა კორუფციაა სახელისუფლებო ვერტიკალში და რა სერიოზული რეზერვები გააჩნია ქვეყანას მდგომარეობის სწრაფი და რადიკალური შეცვლისათვის.
ხალხი გაჭირვებისაგან სულს ღაფავს, ერთი წლის მერე ათი ლარით პენსიების გაზრდით ვკვებავთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პენსიონერებს, მასწავლებელთა ხელფასი ქვეყნის ეკონომიკურ სფეროში დასაქმებულთა სამარცხვინო, ხაზს ვუსვამ, სამარცხვინო საშუალო ხელფასის მხოლოდ 48%-ია (რუსეთშიც კი საშუალოს აჭარბებს). წიგნთან, გონებრივ შრომასთან დაკავშირებულ ადამიანებს საარსებო მინიმუმიც კი არ ქვთ – ასეულობით მილიონი იხარჯება უაზროდ. ასეულობით მილიონი კორუფციულია – აძლიერებს სახელისუფლებო ელიტას.
ჩვენ მივმართავთ ეკონომისტებსა და ფინანსისტებს, სამეცნიერო ინტელიგენციას, საქართველოზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს: ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი დუმილით, თუ უყურადღებობით ნუ ვაძლიერებთ სახელისუფლებო დიქტატურას, რომელმაც უკვე მიგვიყვანა „ნაცების“ წარმოუდგენელ აღვირახსნილობამდე და იგივე გზით მოძრაობს „ქართული ოცნებაც“.
დავფიქრდეთ, რატომ ხდება, რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ მცირდება მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი… რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ უარესდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ყოფა.
ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირაში სპეციალურ შეხვედრას გავმართავთ ჟურნალისტებთან, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი მოქმედების პროგრამასაც.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
3.12.2014წ



