ანგარიშგება – ილუზორულის ნაცვლად, რეალური!

ქვეყანაში ან სახელისუფლებო ბანდიტიზმია, ან ფულმა დაკარგა ძალა, … მგონი – ორთავე ერთად!
დახარჯულია არა ერთი, ათი, ან ასი მილიონი, არამედ, 2 მილიარდამდე ლარი, თითქმის იმდენი, რამდენიც მთელი საქართველოს წლის ბიუჯეტი იყო 2001, 2002 და 2003 წლებში. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რეგიონში და მხოლოდ კომუნალური და კეთილმოწყობის ხაზით.
აშკარად სჩანს, რომ 100 ლარით კეთდება ერთი ლარის საქმე. ეს ქართული ფულის გაუფასურების გზაა.
ის ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებისაგან მოითხოვდა ორი წლის თავზე ხალხისთვის საჯაროდ ჩაებარებინა ანგარიში, აყალიბებს კონკრეტულ პოზიციას: ისეთი ფორმით, როგორითაც „ჩააბარა ანგარიში“ – არა უბრალოდ ხალხის მოტყუებაა, არამედ, ქვეყანაში სახელისუფლებო ბანდიტიზმის, ელიტური კორუფციის დამკვიდრების „ნაცების“ გზის გაგრძელება. ანგარიშს აბარებენ არა ხალხს, არამედ, ამ ბინძური პროცესის მონაწილე სახელისუფლებო ვერტიკალის წარმომადგენლებს და მათ ახლობლებს. იმ ხალხისაგან კი, რომელთა სახელითაც უნდა სამართლდებოდნენ, ტაშს ითხოვენ.
„ჩააბარეთ ანგარიში ხალხს“ ჯგუფის წევრები მოვითხოვთ, ეს ანგარიშები შედგეს არა დახურულ სახელისუფლებო სივრცეში, არამედ მთელი საქართველოსათვის წინასწარ ცნობილი განრიგით და მოსახლეობის თავისუფალი დასწრებით. ჩვენც დავესწრებით ამ შეხვედრებს, უფრო მეტიც, ყოველ რეგიონში წარმოვადგენთ თანამოხსენებას, და ხალხიც დაინახავს, მართლაც საქმე კეთდება, თუ საქმე გვაქვს სახელისუფლებო ბანდიტიზმთან.
რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ მცირდება მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი… რამდენჯერაც იზრდება ბიუჯეტი, იმდენჯერ უარესდება მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ყოფა…
ჩვენ ვთვლით, თუ პრემიერ-მინისტრი რეალურად ებრძვის კორუფციას, თუ მიიღებს ამ წინადადებას, დარწმუნდება, თუ რა კორუფციაა სახელისუფლებო ვერტიკალში და რა სერიოზული რეზერვები გააჩნია ქვეყანას მდგომარეობის სწრაფი და რადიკალური შეცვლისათვის.
ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მომდევნო კვირაში სპეციალურ შეხვედრას გავმართავთ ჟურნალისტებთან, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი მოქმედების პროგრამასაც.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი



