გამოგონილი ბელადებისა და მათი გემოვნებით შექმნილი პარლამენტებისა და მთავრობების ეპოქაში ვიცხოვრეთ…

ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი სატელევიზიო გამოსვლის კომენტარს გავაკეთებდე, უამრავი მასალა გადავათვალიერე- მისთვის გაგზავნილი ორი წერილით და დიდი ანალიტიკური მასალით დაწყებული, დამთავრებული იმ შეფასებებით, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გავაკეთე.
მართლაც მწარე და მძიმე იყო ჩემთვის ასეთი დასკვნის გაკეთება:. „საპრეზიდენტო არჩევნები – საქართველოში ქართული განწყობა დამარცხდა” .
ამ პერიოდამდე ვთვლიდი , რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის გამორჩეულად საჭირო კაცი იყო;, რომ პროგრამა, რომლითაც ის შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, უნიკალური იყო. მერე რა, რომ ჩვენ რამდენიმე პრინციპულ საკითხში გვქონდა რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, ამას ღიად ვამბობდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ… ვისაც ექნება საშუალება, შეუძლია აქვე ნახოს ჩემი მოსაზრებები, რათა, თვითონვე გააკეთოს შეფასებები, სწორი ვიყავი თუ არა.
ვწუხვარ, მაგრამ ბატონი ივანიშვილის ბოლო გამოსვლამ ზომაზე მეტად დამარწმუნა, რომ ჩვენ მაშინ გულწრფელად ვუთხარით სათქმელი, პრინციპით: „მოყვარეს პირში უძახე“. ბატონი ბიძინასაგან მტრობის მეტი არაფერი მიგვიღია. ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მაგრამ დღეს უფრო მეტად ის მაწუხებს, რომ მან თავისი გამოსვლით საკუთარი თავი დაასამარა. არავის ეპატიება თვითდაჯერებულობა, მით უფრო ხელისუფალს, მით უფრო იმ კაცს, რომელიც, თავად თვლის, რომ საზოგადოების ზომაზე მეტი ნდობა დაიმსახურა.
მეტიც, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თვითონვე დაასამარა ის პროგრამა, რომელიც საიმედო განწყობას ქმნიდა ხალხში. სამწუხაროა ძალიან!
არ ვიცი, ვინ გაიზიარებს და ვინ არა, მაგრამ მე კი მიღრმავდება აზრი, რომ სამი ბელადის, თუ გამოგონილი ბელადებისა და მათი გემოვნებით შექმნილი პარლამენტებისა და მთავრობების ეპოქაში ვიცხოვრეთ ბოლო ათწლეულებში.
შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ ეპოქა – განუკითხაობის; სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის – შლეგების; ივანიშვილის პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა;.
სამთავეს აერთიანებს ის, რომ პოლიტიკას დაკარგული ჰქონდა გონება. სამთავეს აერთიანებს ის, რომ პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობდა კარგად და ხალხი მუდმივად დამარცხებული იყო…
და კიდევ ერთი, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ეროვნულმა იდეამ შეკრა მთელი საქართველო, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ ერთ სულად აქცია სრულიად საქართველო. ამ პროცესს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩვენ ამ უკანასკნელმა შეცდომაში შეგვიყვანა. როგორც ჩანს, უცხოეთი მხარს უჭერდა არა ჩვენს ეროვნულ განწყობას, არამედ მას იყენებდა მექანიზმად საბჭოთა კავშირის დაშლისათვის. და როგორც კი ეს ამოცანა შეასრულეს , მეორე დღიდანვე დაიწყო დიდი ბრძოლა სწორედ ეროვნული ცნობიერების, ეროვნული განწყობის წინააღმდეგ. შედეგსაც მიაღწიეს: დღეს ქვეყნის, როგორც ეროვნული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა.
შემაშინებლად მეჩვენა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეაქცია ბიძინა ივანიშვილის მიერ კრიტიკულ ჭრილში წარმოდგენილი სამი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებისადმი. უფრო მეტად იმან შემაშინა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა: თურმე რომ ცდებოდნენ კიდევაც არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ მოქმედების სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთდა ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ.
აშშ ელჩმა თქვა – ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიანო … პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა – თავისუფლება უნდა ჰქონდეთო… და ეს ეხება სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ყოველგვარ ქართულს ებრძვიან, ებრძვიან გამალებით.
მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მე იმედს მით უფრო, ემოციით სავსე ქუჩაში ვერ ვხედავ. იმედი ქართული ცნობიერების მქონე მოაზროვნე ადამიანებშია.
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ არ არსებობს ბელადებისა და გაუნათლებელი მილიარდერების მიერ გადარჩენილი სახელმწიფო. რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ განათლებულ და პატიოსან ადამიანთა ხელისუფლებას შეუძლია. ღვთის წყალობით, ქვეყანა სავსეა განათლებული ადამიანებით, მათ ვერ ხედავენ, ჯიუტად არ ხედავენ ხელისუფლებაში მოკალათებული გაუნათლებელნი.
მოქმედების დროა!
ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს!



