მეტის მოთმენა აღარ შეიძლება – ყოველგვარი ზღვარი დარღვეულია

მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო საქართველოს მოსახლეობის აღწერის შედეგებთან და პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით.
ორ ათეულზე მეტი წელია უმაღლეს ხელისუფალთა მიერ კაპიტულანტური პოლიტიკა ტარდება. დარღვეულია სიკეთის, დემოკრატიის, ქართული ცნობიერების, სახელწმიფოებრივი აზროვნების, ხალხზე ზრუნვის და მომავალზე ფიქრის ყოველგვარი ზღვარი. პრაქტიკულად ქვეყანა ამერიკის ელჩების მიერ იმართება. ეს კეთდება იმდენად გონივრულად, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვის საფუძველს არ უტოვებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაც ამერიკელებისაა და პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებაც, ამერიკელებისგან მოდის. მაინც ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ღარიბაშვილმა წარადგინა, მაგრამ მარგველაშვილის ფიგურას (ამერიკელთა მთავარ კადრს) ხალხის თვალში მეტი ავტორიტეტი შეექმნება. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის მათი მთავარი ამოცანა და თავდაცვის სამინისტროსაც სათავეში მათი ერთგული კადრი ჩაუდგება. ამას ქვია ქვეყნის გარე ძალთა წაუგებელი თამაში და ჩვენი კაპიტულანტური პოლიტიკა, რომლის შედეგია ის, რომ ქართული პოლიტიკა იმართება ამერიკისგან, ქართული ეკონომიკა პრაქტიკულად რუსეთის ხელშია. ეს ორი ქვეყანა კარგად ვაჭრობს პოლიტიკურად ერთმანეთში საქართველოთი, ჩვენი საქმე კი უკან და უკან მიდის. დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელი, რომ როგორც ამერიკის ასევე რუსეთის სახელიწუფლებო წრეებში იციან, რომ მათ მოქმედებათა გამო, ზიანდება ამ ქვეყნების ავტორიტეტი, რომ ქვეყანაში ძლიერდება როგორც ანტირუსული, განსაკუთრებით კი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ისინი მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე. ეს ნიშნავს რომ მათთვის მთავარია არა ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის განწყობა, არამედ ის, რომ ჰყავდეთ მათი ინტერესების გამომხატველი მარიონეტი ხელისუფლება.
თუ ქვეყანას ჰყავს სახელმწიფო კაცები, ჰყავს ინტელიგენცია, თუ კიდევ შემოგვრჩა ქართული აზროვნება, თუ საბოლოოდ არ მოწამლეს ანტიქართული ვირუსით ახალგაზრდობა – მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მაგრამ, პირდაპირ და ღიად ვამბობ, ეს არ უნდა მოხდეს ქუჩით. რადგან, ქუჩით ისევ რადიკალები მოვლენ და ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი გახდება.
გამოსავალი არც ვადამდელ არჩევნებშია. კატასტროფაა, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 3.7 მილიონს და საარჩევნო კომისიაში არსებულ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობაც თითქმის იგივეა. ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება უაზრობაა, მხოლოდ სკამზე ფიქრს ნიშნავს და არა ქვეყანაზე. აქვე მინდა ვთქვა, მოსახლეობის აღწერამ დაადასტურა რომ დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სიყალბესა და თვალთმაქცობაზეა აგებული. კიდევ უფრო ტრაგიკული ის არის, როგორც ხელისუფლებაში, ისე ხელისუფლების გარეთ ძირითადად ის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები აქტიურობენ, რომლებიც არჩევნებს ან აყალბებდნენ, ან გარიგებაში იყვნენ გამყალბებლებთან.
უპირველესია ქვეყანაში სისტემური ცვლილებების გაბედული და ზუსტი პროგრამა. კარგია რომ ამ მიმართებით სერიოზული მუშაობა მიდის სამეცნიერო წრეებში. პარალელურ რეჟიმში უნდა წარიმართოს მუშაობა ცივილურ საარჩევნო სისტემაზე, რომელმაც პრაქტიკულად უნდა გამორიცხოს არჩევნების გაყალბება. ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საარჩევნო კოდექსი პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმეა. საარჩევნო კოდექსი უპირველესად ხალხს სჭირდება და იგი ხალხის ნების გამომხატველი უნდა იყოს.
ჩვენ გვჭირდება დიდი ერთობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს მეგობრებთან. კარგია რომ იგეგმება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი. ქვეყანას სჭირდება როგორც ქვეყნის პოტენციალის, ასევე ქვეყანაში რეალური მდგომარეობის მეცნიერული ანალიზი და, რაც მთავარია, პროგრამა ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში როგორ შევძლოთ ამ პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა. კარგია რომ ამ მიმართულებითაც არის აქტივობა ქვეყანაში გარკვეული ჯგუფების მიერ. მთავარია ამ პოზიტიურ პროცესს ხელისუფლება თუ არ დაეხმარება, ხელი მაინც არ შეუძალოს.
პარტია „თეთრები“ ვადასტურებთ ჩვენს მიერ გუშინ გამოხატულ პოზიციას, რომ ქვეყანა ხელისუფლების ზედა ეშელონებში შემუშავებული თამაშის წესებით კი არა კანონებით უნდა იმართებოდეს. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქუჩის პოლიტიკის და რადიკალურ პოლიტიკურ ძალთა მოქმედების გაგრძელება. ამავე დროს, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ დღეს არც პოლიტიკოსების და არც პოლიტიკური პარტიების ყოყლოჩინობის და მით უფრო, არც მათი გაფეტიშების დროა. სწორედ მათი დამანგრეველი მოღვაწეობის შედეგია, რომ ქვეყანა ხალხისგან იცლება და ქვეყანაში დარჩენილთა უმრავლესობა გენოციდის პირობებში ცხოვრობს.
დღეს ხალხის, ზნეობრივი ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების დიდი ერთობაა საჭირო, თუ რეალურად გვინდა მდგომარეობიდან გამოსვლა. აქ ინიციატივა სწორედ სახელმწიფო კაცებს, ზნეობრივ ავტორიტეტებს ეკუთვნით და არა პოლიტიკოსებს.ხელისუფლება, თუ მას რეალურად სურს გამოვიდეს კაპიტულანტური მდგომარეობიდან, სწორედ სახელმწიფო კაცებს, ზნეობრვ ავტორიტეტებს და ხალხს უნდა ეთათბიროს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს.
ვიცით, რომ ამ პოზიციას ბევრი იზიარებს, როგორც ხალხში, ასევე სამეცნიერო წრეებში, ინტელიგენციაში, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებში ჩვენ სწორედ მათთან ერთად ვართ.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
1.05.2015წ
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
1.05.2015წ




