თეთრების პროგრამული განაცხადი

 

gerbi1თქვენთან
gerbi1ერთად
gerbi1თავისუფლების
gerbi1რეალური
gerbi1იდეით

თ ე თ რ ე ბ ი

2009 წლის 7 აპრილი (ხარება)

საინიციატივო ჯგუფის განცხადება

განსხვავებული პრინციპებით ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის დაწყების თაობაზე

დუმილი დღეს – ღირსებაზე უარის თქმის ტოლფასია!

ვინც კარგ დროს ელოდება – ცუდს ახანგრძლივებს!

გადავარჩინოთ საქართევლოს მომავალი!

დღეს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია ხალხია,ის ხალხი, ვისაც აღარ უნდა ასე ცხოვრება

ჩვენ, სხვადასხვა თაობის, საქართველოს ყველა მხარის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, მსოფლიოს 30 ქვეყანაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, 20-ზე მეტი პროფესიისა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა – ხანგრძლივი თანამშრომლობის, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის, პროგრამული დოკუმენტების შედგენის, კავკასიის ქვეყნების, ევროპის, ამერიკის, რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, რიგი სხვა ქვეყნების პოლიტიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და შემოქმედებით წრეებთან საქმიანი კონტაქტების დამყარების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება განსხვავებული პრინციპებით ახალი ტიპის პოლიტიკური ძალის შექმნის თაობაზე.

ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც მისაღები იქნება მხოლოდ ნიჭის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, კანონის უზენაესობის ძალაუფლება.

ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც უცხო ქვეყნებთან ნებისმიერი მოლაპარაკებისა და ქვეყნის შიგნით მოქმედების დროს ხელშეუხებელი პრიორიტეტები იქნება:

  • საქართველოს დამოუკიდებლობა;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა;
  • ქართული ეროვნული ცნობიერება;

სხვა ყველაფერი კი – მოლაპარაკების და შეთანხმების საგანი.

ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლის მოღვაწეობის მთავარი პრიორიტეტები იქნება:

  • ოჯახი, ბავშვი, მოსწავლე, სტუდენტი, განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, ჯანდაცვა, სპორტი;
  • უფროსი თაობა _ მადლიერების განწყობის შექმნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც უმძიმეს პირობებში შეძლეს შეენარჩუნებინათ ”ენა, მამული, სარწმუნოება”;
  • ინვალიდისა და შრომისუუნაროსადმი ღირსეული პირობების შექმნა;
  • ქვეყანაში ნიჭისა და უნარის რეალიზაციის პირობების შექმნა;

ჩვენ ვქმნით პარტიას, რომლისთვისაც ბრძოლა საქართველოსათვის ნიშნავს:

  • ერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
  • ქართული ცნობიერების გამთლიანებას;
  • რეალურ დემოკრატიას;
  • თავისუფალ ადამიანს;
  • ძლიერ ეკონომიკას;
  • ქვეყანას, გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე;
  • რეალურ რეფორმებს;
  • ნიჭის ძალაუფლებას, როცა ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობლები საკუთარი თავის რეალიზაციისათვის, როცა განათლება სახელმწიფოსაგან ფინანსდება და კონსტიტუციურად არის პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სისტემურად ვითარდბა მეცნიერულ აზრზე დაყრდნობით და როცა ქვეყანას მართავენ მოაზროვნე და მართალი ადამიანები.

დრო გადის და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არათუ იცვლება, კიდევ უფრო მწვავდება და ზოგიერთი მათგანი შეუქცევად ხასიათს იძენს: ეკონომიკის სტრუქტურა არაეფექტურია, ინფლაციის დონე ორნიშნა, კორუფციულია პრივატიზაციის მთელი პროცესი, დაუცველია მესაკუთრეების უფლებები, დეფიციტია საგადასახადო ბალანსში, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსი მკვეთრად უარყოფითია, დიდია საგარეო ვალი და სახეზეა მისი შემდეგი ზრდის ტენდენცია, გაუმართლებლად დაბალია მოსახლეობის დასაქმება.

ჩვენ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ, როცა დეტალურად გავიაზრეთ ეს პრობლემები, ჩამოვაყალიბეთ მათი გადაჭრის გზები და გვაქვს ერთიანი პროგრამა. ჩვენ ვიცით, როგორ:

  • დავძლიოთ სისტემური კრიზისი;
  • აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა;
  • გავამთლიანოთ ქართული ცნობიერება;
  • დავძლიოთ ამ ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული დაპირისპირება თაობათა შორის;
  • შევქმნათ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალური გარემო, როცა ადამიანს არ ექნება დასაქმების, საარსებო მინიმუმის, საცხოვრებლისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა (სამ წელიწადში მოვხსნით დასაქმების, ერთ წელიწადში – გარანტირებული სამედიცინო მამსახურების, წელიწადნახევარში – საარსებო მინიმუმის, მაქსიმუმ ორწელიწადნახევარში – საცხოვრებლის პრობლემებს);
  • არსებითად შევცვალოთ ბიზნესგარემო, მოსახლეობა გავხადოთ გადამხდელუნარიანი, შესაძლებლად ვაქციოთ ყველა მსურველის ბიზნესში ჩართვა თანაბარი შესაძლებლობების საფუძველზე;
  • მოვხსნათ მოსახლეობასა და ბანკებს შორის დღეს არსებული დაძაბულობა. ხუთ წელიწადში სხვადასხვა ფორმით დავძლიოთ ე.წ ”ანაბრების პრობლემა” სრულიად განსხვავებულ პრინციპზე დაყრდნობით, ვიდრე ეს ”მოქკავშირისა” და ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” მთავრობებმა შემოგვთავაზეს. (თითოეული მეანაბრე მიიღებს იმ თანხას (ლარებში) მიღების დღის სავალუტო კურსით, რომელიც ტოლი იქნება მანეთებსა თუ კუპონებში შეტანილი თანხისა იმდროინდელი სავალუტო კურსით).
  • შევქმნათ დღევანდლისაგან სრულიად განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემა. დღეს იგი პოლიტიკური კორუფციის შემადგენელ ნაწილად იქცა და ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების კურსი _ ეს არის გზა ტოტალიტარული სახელმწიფოს შექმნისაკენ, რომელსაც მართავს არა არჩეული ხელისუფლება, არამედ დანიშნული ბიუროკრატია, რომლის ხელფასი ზოგჯერ 300-500-ჯერ აჭარბებს პედაგოგის, ექიმის, მეცნიერის, ხელოვანის ხელფასს, პენსიონერის პენსიას, სტუდენტის სტიპენდიას, ლტოლვილისა და შრომისუუნაროს შემწეობას. ჩვენ ამ ვექტორს ვცვლით (სხვაობა მინიმალურ და მაქსიმალურ ანაზღაურებებს შორის იქნება მაქსიმუმ 20 ჯერზე მეტი… მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხელფასი სიმბოლურად 1 ლარით მეტი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასზე, ხელოვანის – პარლამენტის თავმჯდომარისაზე, ჯარისკაცის კონტრაქტით განსაზღვრული თანხა – მთავრობის თავმჯდომარისაზე, პედაგოგის – მინისტრისაზე).

ჩვენი პროგრამა _ ეს არის პროგრამა ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმალურ ზღვარზე მუშაობისა და მისი შესრულება მხოლოდ იმ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რომელთაც აერთიანებთ ქვეყნისა და ხალხის სიყვარული, მისთვის თავდადების კეთილი ნება, არიან თავისუფალი ადამიანები, რეფორმატორები და დემოკრატიული ბუნებისანი.

ვინ ვართ ჩვენ, ვინც ვდგავართ ამ ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დასაწყისთან?

  • არც ერთი ჩვენგანი არც ”მოქკავშირის”, არც ”აღორძინების”, არც ”ნაცმოძრაობა-დემოკრატების” ხელმძღვანელობაში და არც მათ მიერ შექმნილ მთავრობებში არ ვყოფილვართ;
  • ჩვენ თავიდანვე მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გვქონდა ”მხედრიონის”, ქურდების (განსაკუთრებულად, პოლიტიკურის), ხელისუფლებისაგან კონტროლირებადი ბიზნესის მიმართ;
  • არც ერთს პოლიტიკური მიზნით არც გვარი, არც ეროვნება და არც სარწმუნოება არ შეგვიცვლია;
  • თითოეულ ჩვენგანს მიგვაჩნია, რომ შეურაცხმყოფელია როგორც პროამერიკულობა, როგორც პრორუსულობა, ისევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურება, რომ მთავარია ქართული ღირსებით და საქართველოს ინტერესებით ცხოვრება, რადგან ასეთი პოლიტიკოსი არც ერთ ქვეყანას არ ებრძვის;
  • ჩვენ ვაფიქსირებდით მძიმე განწყობას პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიმართ, მაგრამ, ამავე დროს, არც ე.წ. ”ვარდების რევოლუციას” ვუჭერდით მხარს, არც ახალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 1 წლით ადრე მოქმედი პრეზიდენტის ასეთი ფორმით ცვლა მიგვაჩნდა მართებულად;
  • ჩვენ ვაღიარებთ, რომ ე.წ. ”ვარდების რევოლუცია” იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, რომ ”მოქალაქეთა კავშირს” ერთადერთი გზა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობაში დარჩენისათვის – სახელისუფლებო გადატრიალების მოხდენა და რომ არა ეს უკანასკნელი, ”მოქალაქეთა კავშირი” წასული იყო პოლიტიკური არენიდან ბუნებრივი გზით – არჩევნებით.
  • ჩვენ ვაღიარებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება მის პოლიტიკურ გუნდთან და რეჟიმთან ერთად, რაც დრომაც დაადასტურა;
  • ჩვენ ვიცავდით უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის ღირსებას, განათლების სისტემას ვიცავდით დამანგრეველი რეფორმებისაგან, მეცნიერებასა და ხელოვნებას _ ხელისუფლების უღირსი შეტევებისაგან, ვიდექით დავით აღმაშენებლის ძეგლთან და გამოვდიოდით ძეგლის გადატანის წინააღმდეგ, რადგან მიგვაჩნდა რომ ხელისუფლების მხრიდან ეს იყო ქართული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა (მართლმადიდებელი ეკლესია, მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტი, შემოქმედებითი კავშირები) და ქართული ყოფისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლის მეორე გადამწყვეტი ეტაპი. დიდმა ქართულმა ერთობამ შესაძლებელი გახადა ქართული იდეის გადარჩენა და ამის კარგი მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ”წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის” გახსნა;

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენის ადამიანები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობა ანუ ის, რისკენაც მოგვიწოდებდა დიდი ილია: ”აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”.

ჩვენ გვინდა პარტიაში მოვიდნენ ის ადამიანები, რომელთაც ერთობის საფუძვლად პრობლემები არ მიაჩნიათ სიძულვილი, ქვეყნის მართვისათვის – არ ეძებენ გარე ძალას, პოლიტიკურ საქმიანობაში – არ იყენებენ შავ ფულს, გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობისათვის – აუცილებელ პირობად არ მიაჩნიათ უთვისტომობა, პოლიტიკაში არსებობისა და პოლიტიკოსობისათვის – ღალატი, რომელთაც უგულვებელყოფა არ გაუკეთეს ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, აზებაიჯანელებს, სომხებს, რუსებს, ებრაელებს, ბერძნებს…, რომლებიც მხარს უჭერენ ბიზნესს და რომელთაც ბიზნესად არ აქციეს პოლიტიკა და ხელისუფლება.

დრო ადასტურებს: განაწყენებულთა, დაპირისპირებულთა, გაბოროტებულთა, რევანშისტთა, სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობას არასდროს არ მოაქვს სიკეთე. ჩვენთვის კარგია ის, რაც კარგია საქართველოსათვის და არასოდეს იმას არ შევთავაზებთ ხალხსა და ქვეყანას, რაც კარგი იქნება მხოლოდ ჩვენთვის – პარტიისათვის, მაგრამ ქვეყნისათვის იქნება ცუდი. ეს მწარე გამოცდილება ჩვენს ქვეყანას წინ უდევს, ამით აცხოვრებენ პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები საქართველოს თითქმის ორი ათეული წელია _ და შედეგიც უმძიმესი გვაქვს.

დრო ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის თანაბრად დამანგრეველია კოსმოპოლიტიზმიც, სეპარატიზმიც და ურა-პატრიოტიზმიც, სარწმუნოების უგულებელყოფაც, რელიგიური ფანატიზმიცა და ეკლესიის პოლიტიზებაც, სხვა ქვეყნის (როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს) იდეოლოგიის, ცხოვრების წესის გაფეტიშებაც და ეროვნული ჩაკეტილობაც.

დრო ადასტურებს, რომ, როცა ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ გარე ძალებს რომელიმე ქვეყნის დამონება და მისი ეროვნული ცნობიერების მოსპობა უნდათ, ამ ქვეყნის სათავეში მოჰყავთ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება (ასეთივე ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მორჩილი ელექტრონული მედია), რომლის საშუალებითაც ამშევენ და აუძლურებენ ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ ადვილად მართონ, ადვილად მოისყიდონ, _ გონებით კი არა, კუჭით აცხოვრონ. სამწუხაროდ, ზუსტად ამას უკეთებენ საქართველოს _ უძველესი კულტურის ქვეყანას.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი იმ ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, გაწონასწორებულ და სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც:

  • ხელისუფლების მთავარ ფუნქციად მიაჩნიათ ისეთი კონკურენტული გარემოს შექმნა და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, სადაც ყველას ექნება საკუთარი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი პირობები;
  • უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ეკონომიკა მიაჩნიათ (არც ერთს და არც მეორეს არა აქვს არც ეროვნება და არც საზღვრები);
  • ქვეყნის აღმშენებლობის მთავარ საყრდენად კი – ღირსება, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თაობათა ერთიანობა მიაჩნიათ;

პარტიის შექმნის პროცესი იქნება საქართველოს მოსახლეობასთან მოთათბირების, დიალოგის, ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებთან და არასამთავრობო სექტორთან თანმშრომლობის პროცესი, რომელიც დაგეგმილია (და სასურველიცაა), გაცხადებიდან რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კვალობაზე, სულ რამდენიმე დღეში დასრულდეს (ჩვენს მიერ აქამდე გაწეული მუშაობა ყველა პირობას ქმნის საამისოდ). ჩვენ არც მთლიანად პარტიაში, არც რომელიმე მხარეში, ქალაქში, რაიონში თუ სოფელში არ გვეყოლება დანიშნული ლიდერი. პარტიის მთავარი შიდაპარტიული ორგანიზაციული პრინციპი იქნება: ”თავისუფალი ადამიანების კონკურენცია – ერთიანობისათვის”.

პარტიის ლიდერად აღიარებული იქნება ის, ვინც რეგიონალურ არჩევნებზე მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა 30 პროცენტზე მეტ ხმას, პარტიის ყრილობაზე ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნება პარტიის თავმჯდომარედ და რომელსაც ლიდერად აღიარებს ყველა რეგიონი, უცხოეთში შექმნილი ყველა პოლიტიკური სტრუქტურა და ყრილობის დელეგატთა 90 პროცენტზე მეტი. ამრიგად, პარტიის ლიდერი ამავე დროს აუცილებლად უნდა იყოს მისი თავმჯდომარე, მაგრამ არა პირიქით. ანუ, პარტიას აუცილებლად ეყოლება თავმჯდომარე, მაგრამ შეიძლება არ ყავდეს აღიარებული ლიდერი. სამომავლოდ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პარტიის ლიდერი არ იყოს მისი თავმჯდომარე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტიის ლიდერის უმთავრესი მოვალეობაა პარტიის მომზადება არჩევნებისათვის და გამარჯვება არჩევნებში, სხვა შემთხვევაში იგი უნდა გადადგეს და პარტიაში დაიწყება ახალი ლიდერის შერჩევის პროცესი. პარტიის ლიდერი ავტომატურად ითვლება მის ერთადერთ კანდიდატად ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე.

ჩვენ დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ პარტიის შექმნის მთელი პროცესი – ეს იქნება ხალხთან ერთად, პროფესიონალებთან ერთად მუშაობა პარტიის საარჩევნო პროგრამაზე… პროგრამაში არ იქნება არც ერთი ზოგადი პუნქტი და ყველა პუნქტის გასწვრივ იქნება მითითებული მისი შესრულების ვადა… ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, საარჩევნო ვადის ნახევრის გასვლის შემდეგ, გამოვაქვეყნებთ ჩვენი დანაპირების შესრულების ანგარიშს და მოსახლეობის მიერ არჩეული “ნდობის ჯგუფებით” (და არა საარჩევნო კომისიებით) ჩავატარებთ “ნდობის რეფერენდუმს”. თუ ხალხი რეფერენდუმზე დაგვიდასტურებს ნდობას, ჩვენ გავაგრძელებთ მოღვაწეობას ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი მიტინგების, ქუჩის აქციების, რევოლუცია-გადატრიალებების გარეშე, დავნიშნავთ ახალ არჩევნებს და დავტოვებთ ხელისუფლებას.

ჩვენ დღესვე – პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ვერთვებით პოლიტიკურ პროცესში, როგორც პოლიტიკური ძალა, ვუერთდებით პოლიტიკურ პარტიათა დეკლარაციას მოქმედების კოორდინაციის თაობაზე, გადაწყვეტილებას 9 აპრილიდან ფართომასშტაბიანი პოლიტიკური აქციების ჩატარების შესახებ, გადაწყვეტილებას, რომლის უპირველესი მიზანია საქართველოს პრეზიდენტის უპირობო გადადგომა.

ჩვენ დღესვე – პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ვერთვებით რა პოლიტიკურ პროცესში, ვადასტურებთ ჩვენს კეთილგანწყობას, პატივისცემასა და თანამშრომლობის დიდ სურვილს საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსისადმი (გარდა იმათი, ვინც მონაწილეობდა ან მხარს უჭერდა ხელისუფლებას მოსახლეობის დარბევასა და ქვეყანაში საომარი მოქმედებების გაჩაღებაში, ვინც არ გააპროტესტა სახელისუფლებო მკვლელობები, ვინც შემჩნეულია ხელისუფლებასთან უზნეო გარიგებებში). მიტევებას ვთხოვთ ყველას, პარტიასა თუ პოლიტიკოსს, თუ რომელიმე ჩვენგანის აქამდე გაცხადებული პოზიცია საწყენად მიიღეს. ჩვენი მხრივ, ვივიწყებთ ყველა წყენას, რომელიც მოგვაყენეს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკოსს მივმართავთ საჯაროდ: ჩვენ კარგად გვესმის, რომ ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანება ყოველთვის უტოპიური ამოცანა იყო ისევე, როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”შეხმატკბილება”, რომ ეს ყოველთვის იყო ”დემოკრატობანას” თამაში, ყალბი ერთობა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით. ასეთი ოპოზიციური ერთობის არც საფუძველი არსებობს, რადგან ყოველი პარტია იქმნება კონკრეტულ პრინციპებზე (მათ შორის, იდეოლოგიურზე) დაყრდნობით და განსხვავებული პრინციპების პარტიების ქუჩაში, ვინმეს ან რამის სიძულვილით გაერთიანებას ახალ დაპირისპირებასთან, გადატრიალება-რევოლუციებთან მივყავართ.ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში 1992 წლის შემდგომ ყველა გამარჯვებული პარტია დამარცხდა გამარჯვებისთანავე და ხელისუფლების სათავეში მისი შემდგომი ყოფნა ეს იყო ბრძოლა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალები ერთიანდებოდნენ არა საქართველოსათვის, არამედ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ.ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში არის უმძიმესი სისტემური კრიზისი, რომელიც ”მოქკავშირის”, ”აღორძინების”, ”ნაცმოძრაობის” და მათი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებათა შედეგია. ამავე დროს, პასუხისმგებლობის თავისი წილი ეკუთვნის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსს. ეს უნდა ვაღიაროთ, თუ გვინდა დავძლიოთ ეს უმძიმესი სისტემური კრიზისი. ყველა ცდილობს, სხვას აჯობოს, მაგრამ საქვეყნო საქმეს აკეთებს მხოლოდ ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს. უნდა ვაღიაროთ, რომ საკუთარ თავზე გამარჯვებული არც პოლიტიკური პარტიები და არც პოლიტიკოსები არ ჩანან საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ საქართველოში მართვის სისტემაა ავადმყოფი და ასეთი სისტემა იზიდავს მხოლოდ პოლიტიკურ ავანტიურისტებს.

ასეთია ქართული რეალობა! დემოკრატიული ქვეყნები ძლიერნი არიან არა პრეზიდენტებით, არამედ კონსტიტუციებით. ასეთ ქვეყნებში კონსტიტუცია იცავს ხალხს და სახელმწიფოს ქვეყნის სათავეში ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლების მოსვლისგან. სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ამას ვერ აკეთებს. მეტიც, მნიშვნელოვანწილად, ხელს უწყობს ასეთი ხელისუფლების სათავეში მოსვლასა და შემდგომ პარპაშს (რასაც მკაფიოდ ადასტურებს ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები). ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რაციონალური მართვის სისტემის შექმნა. ეს იქნება პოლიტიკაში პოლიტიკურად და ზნეობრივად ჯანსაღი ადამიანების მოსვლისა და ქვეყნის უმძიმესი სისტემური კრიზისიდან გამოყვანის, ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის მყარი საფუძველი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველივე ამის გასაღები არის:

  • იმ კონსტიტუციაში, რომელიც იქნება არა პოლიტიკური უმრავლესობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის ერთიანობისა და თანხმობის აქტი;
  • დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაში და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში, გაუყალბებელი არჩევნების სისტემის შექმნაში;
  • ძალაუფლების რეალურ გადანაწილებაში ხელისუფლების შტოებს შორის, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ძალთა წონასწორობაში.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ – დავიწყოთ შეთანხმების პროცესი:

  • საკონსტიტუციო ცვლილებებზე;
  • დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე;
  • კანონპროექტზე “ოპოზიციის შესახებ”.

ჩვენ დღესვე – პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების გაცხადებისთანავე, ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობთ კიდევ ორ, ჩვენი აზრით, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინიციატივას:

პირველი ეხება პარტიების საერთო შეთანხმებით სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისაგან “ნდობის საბჭოს”;

მეორე კი _ “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების“ შექმნას _ და ვაკეთებთ ზოგად განმარტებებს მათი შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით;

დღეს, უმძიმესი სისტემური კრიზისის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის მონაწილე თითოეული პარტიის პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს ასეთი პასუხისმგებლობა, არ ჩაერთვება არჩევნებში, თუ არა აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროგრამა. მართალია, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ აქვთ ასეთი პროგრამები, მაგრამ მათ რატომღაც ”ასაიდუმლოებენ” და მათ გამოქვეყნებას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირდებიან საზოგადოებას. უეჭველია, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და არა პოლიტიკური, მით უფრო, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის გამოვლენა.

ჩვენ გთავაზობთ, პოლიტიკურ პროცესში ჩართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა სრული კონსენსუსით საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანებისაგან, გამოჩენილი მოღვაწეებისაგან შევქმნათ “ნდობის საბჭო” და სწორედ მათ სამსჯავროზე გამოვიტანოთ ჩვენი პროგრამები ამ ორ უმნიშვნელოვანეს საკითხთან – კრიზისის დაძლევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ”ნდობის საბჭო” კი ჩვენთან შეხვედრების ანალიზზე დაყრდნობით საზოგადოებას გააცნობს მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ ვის აქვს ასეთი პროგრამები და რომელი პარტიების პროგრამებმა მიიქციეს მათი ყურადღება.

რაც შეეხება “ეროვნული თანხმობის ხელისუფლების” შექმნას. ჩვენი აზრით, პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს ქვეყნის მართვის არც თეორიული ცოდნა და არც პრაქტიკული გამოცდილება. მიგვაჩნია, რომ დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს ის შესაძლებლობა, რომ ასეთ დაძაბულ მომენტში დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა, გამოიყვანოს იგი კრიზისიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ნდობის საბჭო”, მეცნიერთა მონაწილეობით, შეიმუშავებს მოთხოვნებს, რომელთაც სასურველია აკმაყოფილებდეს პრეზიდენტი, მთავრობა, მინისტრები, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. და მხოლოდ ამის შემდგომ იგივე “ნდობის საბჭომ” და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობამ (ასამბლეამ) შევქმნათ “ეროვნული თანხმობის ხელისუფლება” ჩვენს გარეთ, ანუ პოლიტიკური პარტიების გარეთ. საქართველოს ბედნიერება პოლიტიკურ ქიშპობაში და მხოლოდ ”მეს” ძახებაში კი არ უნდა იყოს (როგორც ამას ადგილი აქვს დღეს), არამედ პოლიტიკოსთა მზადყოფნაში _ შეიქმნას პროფესიონალთა ხელისუფლება, _ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება (თავისი მონაწილეობის გარეშე).

ეს იქნება ქვეყნის სასიკეთოდ შემობრუნების ისტორიული მომენტი… ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს არა თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე (როგორც დღევანდელ ხელისუფლებას აფასებს დღევანდელი პრეზიდენტი), არამედ ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმზე გაანგარიშებით.

ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს – მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, გამოვაქვეყნოთ ჩვენი შეთანხმება და ეს იქნება, ერთი მხვრივ, ხალხის თვალში პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების (როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურის) მიერ კატასტროფულად დაკარგული ავტორიტეტისა და ნდობის აღდგენის პროცესის დაწყება, მეორე მხვრივ, ჩვენი თანხმობაც იმაზე, რომ, ვინც არ უნდა გავიმარჯვოთ, ვეღარ გავყოყოჩდებით, მთელ ძალაუფლებას ხელში ვერ ჩავიგდებთ, როგორც, სამწუხაროდ, ეს დღეს არის. და ამის გარანტი იქნება ჩვენი შეთანხმება როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებსა და არჩევნების პრინციპებზე, ასევე, განსაკუთრებულად, კანონპროექტზე ”ოპოზიციის შესახებ”. რაც მთავარია, ეს იქნება ქვეყნისათვის უბედურების მომტანი ამ ხელისუფლებისა და რეჟიმის, ასევე მისი შემქმნელების (და არა მარტო ერთი კაცის) პოლიტიკური დასასრული.

კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი: პოლიტიკოსები ერთმანეთს ვესაუბრებით მხოლოდ პრესითა და ტელევიზიით. არაერთი პოლიტიკოსი დაზარალდა მათი ტენდენციურობისა ან, უბრალოდ, არასაკმარისი კომპეტენტურობის გამო. იგივე მიზეზით ხშირად ზარალდება მოსახლეობა, რომელიც იღებს ტენდენციურ ინფორმაციას, მით უფრო მაშინ, როდესაც ცალკულ სატელევიზიო არხებსა და ზოგიერთ გაზეთს საკუთარი კანდიდატები ჰყავთ. დიდი ხანია საზოგადოებას არ უნახავს მათ წინაშე ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბევრი გაურბის ამას. როგორც ჩანს, ეშინია ხალხის წინაშე ოპონენტებთან შეხვედრისა და დისკუსიისა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობას პრაქტიკული გამოცდილების მდიდარი გამოცდილება გვაქვს, 5 წელია არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციური პარტიებისათვის ხელი არ შეგვიშლია მათ საქმიანობაში. ქვეყანა რა დღეშიცაა, ყველანი კარგად ვხედავთ. პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ პოლიტიკოსთა ეპოქაში, როცა ყველა მათგანი სწორს ამბობს, ყველა მათგანი სწორად მოქმედებს, ყველა პოლიტიკოსი ირწმუნება, რომ წინასწარ ჭვრეტდა მოვლენათა ასეთ განვითარებას, ანუ ყველა კარგები არიან, მაგრამ საქმე ცუდად არის. ამიტომ მოდით, ბატონო პოლიტიკოსებო, გავიდეთ ხალხში და ვუპასუხოთ უბრალო ადამიანების (და არა წინასწარ დარიგებული ჟურნალისტების) კითხვებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულს ვაცხადებთ ის ასთერთმეტი ადამიანი, რომლებიც ვდგავართ ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დასაწყისთან. დღეს თქვენ ხედავთ მხოლოდ შვიდს.პოლიტიკური განაცხადის შემდგომ, ყოველ კვირაში, საზოგადოების წინაშე წარსდგება ახალი შვიდეული. დარწმუნებით ვამბობთ, რომ თქვენ ნახავთ ნამდვილ პროფესიონალებს, მაღალი ზნეობის, გამოცდილებისა და უმაღლესი პასუხისგებლობის მქონე ადამიანებს…… ორ თვეში შევქმნით საინიციატივო ჯგუფებს ყველა მხარეში, ქალაქსა და რაიონში; ორ თვეში გამოვაქვეყნებთ ჩვენი პროგრამული დოკუმენტების პროექტებს, გამოვაცხადებთ ოპონენტთა საბჭოს შექმნას;სამ თვეში დავიწყებთ როგორც რეგიონული სტრუქტურების არჩევნებს, ასევე რეგიონალურ არჩევნებს პარტიის ლიდერის შერჩევისათვის; 5 თვეში ჩავატარებთ პარტიის ყრილობას:

  • ყრილობაზე მოხდება ლიდერის აღიარებაც და საარჩევნო პროგრამის მიღებაც;
  • ყრილობისათვის გამოვცემთ გაზეთს, სადაც პარტიის თითოეულ დამფუძნებელს დაეთმობა ერთი გვერდი და მასში მოცემული იქნება როგორც მისი პოლიტიკური ხედვა, ისე მისი პოზიცია საქართველოს ბოლო 17 წლის გამოწვევებთან დაკავშირებით (სამოქალაქო ომით დაწყებული, ამერიკის, ევროპის და რუსეთისადმი დამოკიდებულებით დამთავრებული);
  • გაზეთში გამოქვეყნდება კონკრეტული პიროვნების სრული ბიოგრაფია, ქონებრივი დეკლარაცია (ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ რით და როგორ იწყებს პოლიტიკურ საქმიანობას), გამოქვეყნებული იქნება ცნობა თითოეულის ფსიქიკური გსაქართველოს გამოკვლევის შედეგებზე (დღევანდელობა ადასტურებს ამის აუცილობლობას).

ჩვენ დღეს ვაკეთებთ განაცხადს ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყების თაობაზე და ამ პროცესს შეიძლება შემოუერთდეს ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მიერ აქ ჩამოყალიბებულ პრინციპებს და ხელს აწერს პოლიტიკურ დეკლარაციაზე, რომელიც შემდგომ კვირაში წარედგინება საზოგადოებას.

ჩვენ ვაღიარებთ და ვადასტურებთ, რომ ქვეყანა უმძიმეს სისტემურ კრიზისშია, რომ საქართველოში 1992 წლიდან არ შეცვლილა პოლიტიკური ხელისუფლება (არც სახელისუფლებო, და არც ოპოზიციური) და ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ძალას, რომელიც იბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის (ჩვენ ის დავკარგეთ), ქვეყნის თავისუფლებისათვის (ჩანასახშივე მოვსპეთ), ქვეყანაში რეალური დემოკრატიისათვის (დღეს იგი ყალბია და მოჩვენებითი), პოლიტიკის გაადამიანურებისათვის (დღეს იგი არაადამიანურია), რეალური სოციალური პოლიტიკისათვის (დღეს იგი მოჩვენებითი და დემაგოგიურია), მოქმედებებს იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ახლობლები – აფხაზები და ოსები.. …ბრძოლას იმისათვის, რომ ყოველ სოფელს, ქალაქს, რაიონს, მხარეს, დავუბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მითვისებული უფლებები, რომ ყველგან იყოს მთელი მოსახლეობის მიერ არჩეული მერი და გამგებელი, რომ მხარის გუბერნატორს ნიშნავდეს არა პრეზიდენტი, არამედ ირჩევდეს მხარის ქალაქებისა და რაიონების საკრებულოების გაერთიანებული შეკრება და ეს უკანასკნელი, გარკვეულად, მხარის პარლამენტის ფუნქციასაც ასრულებდეს..

ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას რეალური რეფორმებისათვის განათლებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სასამართლო სისტემაში, თავდაცვის სისტემაში, ძალოვან სტრუქტურებში, სოციალურ სფეროსა და საზოგადოებრივ ყოფაში., ბრძოლას ხელისუფლებისაგან, პოლიტიკოსებისაგან, ქურდებისაგან და საერთოდ პოლიტიკისაგან თავისუფალი ბიზნესისათვის.

ჩვენ, უკვე როგორც პოლიტიკური ძალა, ვიწყებთ ბრძოლას ადამიანის ბუნებრივი უფლებებისათვის (სიცოცხლე, სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა), ბრძოლას ტოტალური სახელისუფლებო კორუფციის წინააღმდეგ (ასეთი მდიდარი ხელისუფალნი და ასეთი ზეცენტრალიზებული კორუფცია არ იცის საქართველოს ისტორიამ).

ჩვენ, ვაცხადებთ რა ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის პროცესის დაწყებას, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც დრო და ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია გვაკისრებს. დრო, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოსთვის დგას ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მომენტი მთელი მისი ისტორიის მანძილზე.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს ხელისუფლებაც და მისი პოლიტიკური ოპოზიციის დიდი ნაწილიც გარე ძალების ტყვეობაშია, _ ორივე საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ხელისუფლება – საკუთარი ტყუილების, ოპოზიცია კი – საკუთარი ილუზიების ტყვეობაშია. ხელისუფლება თანმიმდევრულად ამკვიდრებს შიშს, ოპოზიციის გაუთვლელი და გაუცნობიერებელი მოქმედება კი ხალხში ამკვიდრებს გულგატეხილობას. დღეს საქართველოს ეროვნულ სხეულს დამოკლეს მახვილივით ადგას ორი მძიმე სნეულება – შიში და გულგატეხილობა, რომელთა ერთობლიობამ ხალხში უიმედობის განწყობა შექმნა.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკურ განაცხადს ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე ისეთ მძიმე პერიოდში ვაკეთებთ, როცა ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანების დრო გაჩერებულია, სიკეთე გათითოკაცებულია, და მთავარ პოლიტიკურ ფიგურებად იქცნენ მონური ფსიქოლოგიის მედროვენი, როცა ხელისუფლების მთელი ვერტიკალი აგებულია კერპთაყვანისმცებლობაზე, რომელიც ერთ დიდ პოლიტიკურ ბოროტებად არის შეკრული. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ, როგორც პოლიტიკური ძალა, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვდივართ მაშინ:

  • როცა ხელისუფლებაც და მისი პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ძირითადად ერთი ზნეობისა და მორალის ადამიანები არიან. ხელისუფლება მზად არის, ლამის მთელი საქართველო დათმოს, ოღონდ თვითონ დარჩეს, პრეზიდენტს სკამი შეუნარჩუნოს. ოპოზიციის ხსენებული ნაწილი წინასწარ უთანხმდება მის უცხოელ მეპატრონეებს იმავეს გასაკეთებლად – სკამის, ხელისუფლების, ძალაუფლების მოსაპოვებლად;
  • როცა საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკა გადაგვარჩენს, მეორე (მართალია, მცირეს, მაგრამ საკმაოდ გავლენიან) ნაწილს – რომ ხსნა რუსეთშია;
  • როცა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფალთ დიდი ვაჭრობა აქვთ ერთმანეთში კავკასიის, საქართველოს გამო,როცა აშშ მის მიერ მოყვანილი ხელისუფლების შენარჩუნებით, რუსეთი კი თავისი მარიონეტების მოყვანით ცდილობენ საქართველოსა და კავკასიაზე გავლენის გაძლიერებას;
  • როცა კატასტროფულად მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა (ჩვენც მათ რიგებს ვეკუთვნით), რომლებიც ფიქრობენ, რომ გადარჩენა არც ამერიკაშია და არც რუსეთში, არც ნატოში და არც ნეიტრალიტეტში(ერთსაც ხომ გარედან გვკარნახობენ და მეორესაც), რომ ”თურაშაულის პატრონი ტყეში არ უნდა ეძებდეს პანტას”, რომ გადარჩენა მხოლოდ საქართველოშია, მხოლოდ იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება, და ემსახურება არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, არამედ საკუთარ ხალხსა და ქვეყანას… რომ გადარჩენა იმ ხელისუფლებაში კი არ არის, რომელმაც საქართველო აქცია აშშ და რუსეთის ინტერესთა დაჯახების ასპარეზად, არამედ იმ ხელისუფლებასა და იმ პოლიტიკაშია, რომელიც დაპირისპირებას თანამშრომლობით შეცვლის, რომელიც ქართული სახელმწიფოს ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების ხელოვნებით წაიყვანს ქართულ პოლიტიკას… იმ ხელისუფლებაშია, რომელიც ერთი სახელწიფოს ლანძღვით არ აწონებს თავს მეორეს და გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს მომავალი უპირველესად ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის, თავისთავადობის შენარჩუნება. ამასთანავე, ეს არის ევროპა, ეს არის მეგობრობა ამერიკასთან, რუსეთთან, ყველა მეზობელთან, ეს არის მშვიდობიანი და ძლიერი კავკასია… იმ ხელისუფლებაშია, რომელმაც იცის, რომ საქართველო უნდა იყოს მრავალვექტორული ქვეყანა, ბალანსის პოლიტიკის ქვეყანა, ქვეყანა, რომლის მთავარი საგარეო პრინციპი იქნება: თანამშრომლობა – ყველასთან, მეგობრობა – მეგობართან, უფროსობა – არავისაგან, მსახურება -საქართველოს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც პოლიტიკური ძალა, გამოვდივართ მაშინ, როცა ხელისუფლებამ პოლიტიკას გამოაცალა მისი წარმატების ისტორიული საყრდენი – სიბრძნე, და დააკავშირა ასაკთან, უმეცრებასთან, უტიფრობასთნ, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ”ისტორიული მტრის” _ თაობათა დაპირისპირების და გათიშულობის გაძლიერება, სულიერი ღირებულებების გაუგებარი რევიზია მისი დამანგრეველი შედეგებით… მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი, კომპეტენტურობაა და არა პარტიული დამსახურება, მოქნილი დიპლომატიაა და არა ხისტი პოლიტიკა, კორექტულობაა და არა უზრდელობა, სიბრძნე და სიდინჯეა და არა ბაქიაობა და ცანცარი. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც პოლიტიკური ძალა, გამოვდივართ მაშინ, როცა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მისი ოპოზიცია არის კონკრეტული პოლიტიკოსი, მისი გუნდი, მისი პოლიტიკური პარტია, ან რომელიმე პოლიტიკური ალიანსი. სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც არა ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიის ლიდერი ფიქრობს ასე. ჩვენ სრულიად განსხვავებული პოზიცია გვაქვს და მიგვაჩნია, რომ დღეს ხელისუფლების ოპოზიცია:

  • უმუშევრობა, შიმშილი და თავისივე კორუფციაა;
  • ჯართად ქცეული საწარმოები და ”საკონცენტრაციო ბანაკებად” ქცეული სოფელია;
  • საკუთრებისადმი ხელისუფლების აღვირახსნილი დამოკიდებულება, ის პრივატიზაციაა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ლამის მონებად და სხვათა მსახურად აქცია საკუთარ ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც;
  • მის მიერვე აბუჩად აგდებული განათლება, მეცნიერება, ხელოვნება, მედიცინა, სპორტია;
  • უმოწყალოდ დახოცილი ბიჭებია – სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გაურკვეველ და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ვერაგულად მოკლული პროფესორი გურამ შარაძე, ხელისუფლების მიერ მტრად შერაცხული და სასიკვდილოდ განწირული, ქვეყნისათვის სასიკეთოდ მომართული ბიზნესმენი და მეცენატი ბადრი პატარკაციშვილი, უაზრო და ვერაგ ომში ჩაცხრილური დღემდე დაუდგენელი რაოდენობის მეომრები, ხელისუფლების უსულგულობით გამწარებული და გარდაცვლილი დედები არიან;
  • მისივე ცხოვრების წესია, ხელისუფალთა ზღვარგადასული ფუფუნებრივი ცხოვრებაა, საკუთარი თავისათვის დანიშნული ამერიკული ხელფასი, პენსიონერებისათვისა და პედეგოგებისათვის კი მსოფლიოში ყველაზე დაბალი, (ნიგერიულზე დაბალი) პენსია და ხელფასია;
  • მის მიმართ მონურად განწყობილი ხალხის, კერპთაყვანისმცემლების, ხელისუფლების მსახური და მის ფეხქვეშ გართხმული ბიზნესმენებისაგან შეწუხებული და შეურაცხყოფილი მოაზროვნე ადამიანებია;
  • დაკარგული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებიდან შეურაცხყოფილად აყრილი ადამიანებია;
  • დღეს ხელისუფლების ოპოზიცია – ხელისუფლებისვე ტყუილებია! დღეს საქართველოს მთავარი მტერი არა რომელიმე სხვა სახელმწიფო, არამედ თავისი ქვეყნის ინტერესების უგულებელმყოფელი და სხვის დაკრულზე მობუქნავე, ქვეყნის გარედან მართვადი პრეზიდენტი, ხელისუფლება და პოლიტიკური ძალაა – მნიშვნელობა არა აქვს ასეთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაშია თუ მის გარეთ…

დღეს საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია – ხალხია, ის ხალხი, ვისაც აღარ უნდა ასე ცხოვრება.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც პოლიტიკური ძალა, გამოვდივართ მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სივრცე უჭირავს არა საქვეყნო იდეებსა და პროგრამებს, არამედ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, როცა ელექტრონული მედია, პრაქტიკულად, პრივატიზებულია ხელისუფლების მიერ, ან მონოპოლიზებულია ფულიანი ოპოზიციის მიერ. სამწუხაროა, რომ ექსპერტთა დიდი ნაწილი კარგავს თავისუფლებას, შეგნებულად ხდება ტენდენციური გარკვეული პოლიტიკოსთა და პოლიტიკურ ძალთა მიმართ. ყოველივე ეს არც ამ პოლიტიკოსებს, არც მათზე მიბმულ ექსპერტებს, არც იმ ბიზნესმენებს, რომლებიც აფინანსებენ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას და არა დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არც ჟურნალისტებს, რომლებიც ამაში მონაწილეობენ – არ მატებს ღირსებას, პირიქით, ეს მათთვის ღირსების დაკარგვის ტოლფასია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ყოველივე ეს ანგრევს დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ და უამრავ სხვა საფრთხეს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა შლეგი ხელისუფლების გამო, და კარგად გვაქვს გააზრებული მათი დაძლევის გზები. ჩვენ ამ საკითხებზე მრავალი ექსპერტის, მოაზროვნე ადამიანის, საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველის, ჩვენი უცხოელი მეგობრების მონაწილეობით, დიდი ხანია, ღრმად და საფუძვლიანად ვმსჯელობთ და ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარსულში, რამეთუ, ჩვენი ქვეყანა თავის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის გზაზე არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს პრობლემათა წინაშე და ჩვენს წინაპრებს ღირსეული გამოსავალი უპოვნიათ. უფრო მეტიც, კაცობრიობის ისტორია ადასტურებს, რომ ვინც წარსულს აანალიზებს – მომავალში ცხოვრობს და ის, ვინც წარსულს უარყოფს – წარსულში. დავაკვირდეთ იმ პოლიტიკოსებს (განსაკუთრებით ხელისუფლებიდან), რომლებიც თავგამოდებით ცდილობენ წარსულის უარყოფას, როგორ ემსგავსებიან მეოცე საუკუნის ოციანი წლების ბოლშევიკებს, თუნდაც იმით, რომ უარყოფენ და ებრძვიან თავიანთ წინაპრებს, მამებსა და პაპებს.

ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ დღეს გადარჩენა არა არჩევნებშია, არამედ არჩევანის თავისუფლებაშია, იმაშია, რომ ხალხმა გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში ქუჩის პოლიტიკოსების დრო უნდა დამთავრდეს და პროფესიონალების დრო უნდა დადგეს, რომ ხალხი ემოციით კი არა, გონებით და სხვა ქვეყნის ჩარევისა და კარნახის გარეშე ირჩევდეს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, ქვეყნის მტერია ის, ვინც ამომრჩევლის ხმას ყიდულობს და ისიც, ვინც ხმას ყიდის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც ხმას ყიდულობს – ქვეყანას ყიდის და ამომრჩეველი, ვინც თავის ხმას ყიდის (არჩევნებზე არმისვლაც ხმის გაყიდვაა!) _ ყიდის თავისი შვილების მომავალს და ყიდულობს სიღარიბეს, მონობას, გაუსაძლის ცხოვრებას და ამდიდრებს და საკუთარ თავზე აბატონებს და ათარეშებს ხმის მყიდველს.

ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ დღეს, ყველაფერთან ერთად, ქვეყანა არის ერთი უმძიმესი საშიშროების წინაშე: მეტისმეტად ბევრი ქვეყნის გარეთ და არანაკლები _ ქვეყნის შიგნითაც დაინტერესებულია, რომ თუ, მოხდება ხელისუფლების ცვლა, იგი მოხდეს ჩანაცვლებით, ანუ შეიცვალოს კონკრეტული პიროვნება, მაგრამ სისტემა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ქართული ეროვნული ცნობიერების, ეროვნული მეობის, – ე.ი. საქართველოს დასასრული!

ასეთი სახელისუფლებო ცვლილების შედეგები საქართველომ უკვე არაერთხელ განიცადა: ზვიად გამსახურდიას გაუყვეს ხელისუფლება, იგი მოიცილეს მისივე პოლიტიკური მეგობრების ხელით და ხელისუფლება ჩააბარეს სწორედ მისსავე მეგობრებს. იგივე მოხდა შევარდნაძესთანაც – “მოქკავშირი” გაუყვეს, შევარდნაძე მოიცილეს მისივე აღზრდილი პოლიტიკური თანაგუნდელების ხელით და ხელისუფლება ჩააბარეს მისსავე თანაგუნდელებს. იგივე პროცესი მიმდინარეობს დღესაც. სააკაშვილს ხელისუფლება უკვე გაუყვეს და მისივე პოლიტიკური თანაგუნდელები (”ვარდოსნები”) დაუპირისპირეს. ჩამოთვლილთაგან პირველი (გამსახურდია) ამ პროცესის მსხვერპლია, ხოლო დანარჩენი ორი კი (შევარდნაძე, სააკაშვილი) მონაწილეც და შედეგით კმაყოფილიც. მსხვერპლი სრულიად საქართველოა. იქმნება ხელისუფლებათა ცვლის ილუზია, სინამდვილეში კი არც ქვეყნის პოლიტიკური იდეოლოგია და არც პოლიტიკური მოთამაშეები არ იცვლებიან, ქვეყანაში კი კრიზისი ღრმავდება და სულ უფრო კატასტროფულ მასშტაბებს იღებს.

საქართველოს დამანგრეველი ამ ვერაგული სცენარის ავტორთა მიზანი ნათელია: ამით საქართველოს მტრული იდეოლოგია ნარჩუნდება, ქართული ფასეულობები ნადგურდება, ქართული ცნობიერება იშლება, ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი ხდება… და იმის გამო, რომ 1992 წლიდან მოსული ყველა ხელისუფლება ერთმანეთის გაგრძელებაა, საქართველოს მოსახლეობისათვის უცნობი ხდება ის ფინანსური მაქინაციები, რასაც ჯერ ”მოქკავშირის”, შემდგომ კი მისი პოლიტიკური მემკვიდრე ”ნაცმოძრაობის” ლიდერები მიმართავდნენ არცთუ უცხოელთა მხარდაჭერისა და მონაწილეობის გარეშე.

საქართველოში უნდა დამთავრდეს მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა: ბევრი, ვინც გამსახურდიას შემოჰყვა პოლიტიკაში, გამსახურდიას ღალატით დარჩა შევარდნაძესთან, შევარდნაძით დამკვიდრდა, იგივე ადამიანები შევარდნაძის ღალატით დარჩნენ სააკაშვილთან, სააკაშვილით მოსულებმა და დამკვიდრებულებმა სააკაშვილით და მისივე ღალატით მოიპოვეს სამი რამ: პოლიტიკური დივიდენდები, გავლენა და ფული. და სწორედ მათზე დაყრდნობით აპირებენ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დარჩენას. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ეს მოღალატეები კარგად ცხოვრობენ, ხალხსაც კარგად ეფარისევლებიან, ხალხის გაღარიბებით კი სულ უფრო მდიდრდებიან. ამას ჰქვია ”პოლიტიკური პროსტიტუცია”. დღეს სწორედ ასეთი ეპოქა დგას, დროა, იგი დამთავრდეს, ამ უმსგავსოებას წერტილი უნდა დაესვას და იგი ხალხმა უნდა დასვას ქართული ცნობიერების, მაღალი ზნეობისა და მორალის მქონე პოლიტიკოსების სასარგებლოდ. ჩვენ დასაწყისშივე ვემიჯნებით მოღალატეთა პოლიტიკას და იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც შეუძლიათ, როგორც თვითონვე ამბობენ, ”ეშმაკს შეეკრან სააკაშვილის წინააღმდეგ”. ჩვენ ვებრძვით არა პიროვნებას, არა სააკაშვილს (ეს მისთვის მეტისმეტად დიდი პატივი იქნებოდა), არამედ დამანგრეველ იდეოლოგიასა და სისტემას, რომელიც ხელს უწყობს ასეთი ხალხის გამოჩენას, ამოტივტივებას და გაბატონებას.

ჩვენ, უკვე როგორც პოლიტიკური ძალა, ვიწყებთ ბრძოლას პოლიტიკაში და პოლიტიკით გამდიდრებულთა წინააღმდეგ, ბრძოლას 1992 წლიდან მოსულ, 1995 წელს ”მოქალაქეთა კავშირად”, 2003 წელს ”ნაციონალურ მოძრაობად” და ე.წ. დემოკრატებად გადაკეთებულ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისა და მათი უცხოელი მეგობრების მიერ შექმნილ რეჟიმთან, ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელშიც მთავარ პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებს არა პარლამენტი, არამედ ქვეყნის გარედან მართვადი ფარული პოლიტიკური კომიტეტი, პოლიტიკური ფუნქციის მატარებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა (დღეს იუსტიციის სამინისტროდ წოდებული), სასამართლო, საგადასახადო, საბაჟო და ჯარის სარდლობა…დიდი ანალიზი არაა საჭირო, დაინახო, რომ ფარულ პოლიტიკურ კომიტეტში და ყველა ზემოთ ხსენებულ სამინისტროსა და უწყებაში ხელმძღვანელებად გვევლინებიან არაქართული ცნობიერების, ქართველი კაცისათვის მიუღებელი ღირებულებების, პირდაპირ ვთქვათ, არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები: სოროსელები, რაიკომის პირველი მდივნების გასოროსებული შვილები, ყველაზე ბინძური და დაუნდობელი ”მხედრიონელები”. მათი ერთობა ქმნის ამ მარიონეტულ რეჟიმს.ჩვენ ვდგავართ ხალხთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებიც იბრძვიან საქართველოს განთავისუფლებისათვის მარიონეტი ხელისუფლების, მარიონეტი პრეზიდენტის, მარიონეტი პოლიტიკოსებისა და მართლმადიდებელი ქვეყნისათვის გარედან თავსმოხვეული დამანგრეველი, ურწმუნო იდეოლოგიისა და რეჟიმისაგან.

და კიდევ ერთი:

ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკურ არენაზე ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალად გამოჩენისთანავე უცხო სხეულივით აღმოვჩნდებით. ჩვენი პრინციპების გამო მიუღებელი ვიქნებით მთელი ხელისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი ნაწილისათვის. ჩვენს წინააღმდეგ დაიწყება ბრძოლა დასაშვები და დაუშვებელი ყველა ფორმით – იგნორირებით დაწყებული და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით დამთავრებული. ჩვენ მათ ვერ დავემსგავსებით, _ სიძულვილს სიძულვილით არ ვუპასუხებთ. ჩვენს პაექრობაში კი ხალხი ყველაფერს დაინახავს და სათანადოდ შეაფასებს.

ბევრმა, ვინც ჩვენი პროგრამული დოკუმენტები და პრინციპები მოისმინა, პირველი, რაც გვითხრა, იყო ის, რომ ”ჩვენ გაცილებით მაღალი წარმოდგენის ვართ ხალხზე, ვიდრე იგი ამას იმსახურებს”, რომ ხალხი ”ბრბოდ იქცა”, რომ ”ხალხი უმოწყალოდ ჰყიდის თავის ხმას და ქვეყანას და როგორ შეიძლება, ამ ხალხის იმედი გვქონდეს”, რომ ”ხალხი უკვე მოსყიდვით გადანაწილებულია პარტიებში, ქალაქებსა და რაიონებში შექმნილ პოლიტიკურ ქარხნებსა და პოლიტიკურ სინდიკატებს ხალხი უკვე დაჩმორებული ჰყავს”…

ჩვენ არც ერთ ამ მოსაზრებას არ ვიზიარებთ. ჩვენ გულწრფელად გვაქვს მაღალი წარმოდგენა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე და ბოლომდე ამ წარმოდგენით დავრჩებით, როგორი შედეგებითაც არ უნდა დამთავრდეს ჩვენთვის არჩევნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ პოლიტიკოსებმა მივიყვანეთ ხალხი და ქვეყანა დღევანდელ უმძიმეს მდგომარეობამდე, დავღალეთ ჩვენი რიტორიკითა და დაპირებებით. პოლიტიკოსებს აქვთ მოსახდელი ბოდიში ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობისათვის და ეს სწორედ დიდი ბრძოლის წინ უნდა გაკეთდეს.

ჩვენ ვიცით ერთი, – რომ ქვეყანას დიდი ”პოლიტიკური დიდგორი” აქვს მოსაგები და მას მოიგებს მხოლოდ ის, ვინც ღირსებით იბრძოლებს, ვინც ხმას მისცემს არა მოსყიდვით, არამედ ისე, რომ მართალი იყოს თავისი ქვეყნის მომავალთან, შვილებისა და შვილიშვილების მომავალთან, საკუთარ სინდისთან, რწმენასთან. ჩვენ ასეთი ადამიანების იმედი გვაქვს და ვიცით, რომ, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ასეთი განწყობა, სიამაყე, მოვალეობა და პასუხისმგებლობა ყოველ ქართველში, საქართველოს ყველა მოქალაქეშია.

სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, არავის ღირსებას არ მატებს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს კი ღირსებას ართმევს, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს ანადგურებს და საქართველოს, როგორც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ქვეყანას, ჩრდილს აყენებს:

  • დუმილი მაშინ, როცა ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცდა, ბოროტება კი ერთ სახელისუფლებო პოლიტიკურ მუშტად შეიკრა;
  • დუმილი მაშინ, როცა, მოქკავშირ-ნაცმოძრაობა-დემოკრატების წყალობით, ქვეყანაში ღარიბი სულ გაღატაკდა, მდიდარი კი კიდევ უფრო მდიდარი გახდა, როცა სიმდიდრე პირდაპირ დაკავშირდა ხელისუფლებასთან;
  • დუმილი მაშინ, როცა იყიდება ყველაფერი – მიწაც, მიწაში და მიწის ზემოთ არსებულიც გაიყიდა ხელისუფალთა უსინდისობით და მთელი სიმდიდრე არადემოკრატიული ქვეყნების ბიზნესმენთა ხელში აღმოჩნდა;
  • დუმილი მაშინ, როცა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახუროს, ხალხი აქცია თავის მსახურად და ამკვიდრებს მონურ ფსიქოლოგიას;
  • დუმილი მაშინ, როცა ებრძვიან ნიჭს, გონიერებას, კრიტიკულ აზროვნებას, ებრძვიან ქართულ ეროვნულ ცნობიერებას, მართლმადიდებელ ეკლესიას, მეცნიერებას, კულტურას, განათლებას, სპორტს, ჯანმრთელობას, ებრძვიან მოაზროვნე ადამიანებს და ფულით ყიდულობენ გაჭირვებულებს, როცა დეკლარირებული თავისუფლების ნაცვლად მივიღეთ ”ფულისუფლების” ქვეყანა, სადაც სისტემაა კორუმპირებული და სადაც თავად კორუფციული სისტემის შემქმნელები იჭერენ კორუფციის მსხვერპლით;

დუმილი დღეს, მართლაც პიროვნული და ეროვნული ღირსებისა და საქართველოს დაკარგვის ტოლფასია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ვინც კარგ დროს ელოდება, აშკარად ცუდს ახანგრძლივებს.

უკვე როგორც პარტია, ამ განწყობითა და სულისკვეთებით ვიწყებთ ბრძოლას საქართველოსათვის!

დავუდგეთ საქართველოს და გადავარჩინოთ მისი მომავალი!

 

7 აპრილი, 2009 წელი

თბილისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *