დამოუკიდებელი საქართველო ამდენ უარესის უარესს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს

 

რომ არა ეს და უამრავი მაგალითი, თავს არ მივცემდი უფლებას, ასეთი მძიმე სტატია შემეთავაზებინა ჩემი ფეისბუქის მეგობრებისთვის

1445 მომხდარით დამძიმებულ ქვეყანაში  ემოციური ფონია…

შინ თუ გარეთ,ხალხთან შეხვედრების დროს თუ საინფორმაციო საშუალებებში, ერთი კითხვა ტრიალებს: ვინ არის დამნაშავე მომხდარში? ვეძებთ კონკრეტულ პიროვნებებს. მგონია, რომ ვცდებით…  სისტემაა დამნაშავე, რომელიც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, დამოუკიდებელ საქართველოში ვერავინ შეცვალა. სისტემა ახდენს დამნაშავეთა ტირაჟირებას და ჩვენ სისტემის დანაშაული ვინმე ერთს გვინდა ჩამოვკიდოთ.

დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები წინა ხელისუფალთ ადანაშაულებენ. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები  მათ წინას და დღევანდელს. ყველა ხელისუფლება პოულობს  გამართლებას, მომხდარი კი უმძიმესია, დაიღუპა ხალხი, უამრავს ნერვები დააწყდა, მოკლედ, ყველა , წინა ხელისუფლებაც, დღევანდელიც, მართალია, ხალხის ყოფა და ცხოვრება უარესდება.

კიდევ უარესი, თუმცა, თავის მართლებაზე უარესი რა უნდა იყოს. მაგრამ არის და არის ის, რომ არც ერთ ხელისუფალში სინანული არ ჩანს. წინას შეცდომები, გასაგებია, მაგრამ გულდასაწყვეტია, ის რომ დღევანდელი ხელისუფლება არ, თუ ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ სამი-ოთხი საათი წყალი გროვდებოდა, სტიქია მზადდებოდა და სტიქიის აბობოქრებამდე და ხალხის დაღუპვამდე ნაბიჯიც კი არ გადადგმულა.

დრო  მეტ კონკტერულ ფაქტებს გამოავლენს. დღეს უკვე ხალხში არის ეს საუბარი, იგი გაძლიერდება და არავისთვის კარგის მომტანი არ იქნება, არც წინა, არც დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მაგრამ მე ვიყავი და ვარ იმ აზრზე, რომ ვიდრე მართვის სისტემა არ შეიცვლება, ვიდრე რადიკალების პარპაში არ დამთავრდება ქვეყანაში, ვიდრე ქუჩის პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას, ვიდრე იგნორირებულია მეცნიერება და მეცნიერული აზრი – უკეთესობაზე ნუ ვიფიქრებთ.

ქვეყნისთვის დამღუპველია ე.წ. იმიჯმეიკერების  მიერ  შეფუთული პოლიტიკოსები, ანუ ის პოლიტიკოსები, რომელთაც  რეპუტაციის ნატამალიც კი არ გააჩნიათ, მაგრამ კარგად არიან შეფუთული იმიჯმეიკერების მიერ.

მინდა ვცდებოდე, მაგრამ რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს, იმაზე მეტი ამბიცია გვაქვს, ვიდრე ამის რეალური საფუძველი არსებობს… პოლიტიკაში  წარმოუდგენლად  ამბიციური პიროვნებები არიან,  რომლებიც რეალურად არც არიან პოლიტიკოსები  და თუ არიან, არიან რადიკალები,

გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკოსთა რეპუტაცია დასავლეთელ იმიჯმეიკერთა წყალობით, იმიჯით შეიცვალა.  დიდი ანალიზი არ უნდა იმ დასკვნის გაკეთებას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკა, ეს არის არა საქართველოს მომავალზე ორიენტირებულ ადამიანთა პაექრობა, არამედ სიტუაციის  შესაბამისად  შეფუთულ ურეპუტაციო  ე.წ. პოლიტიკოსთა  ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. ანუ მსგავსები ებრძვიან ერთმანეთს,  დროდადრო  თუ მონაცვლეობით იკავებენ უმაღლეს ეშელონებს და წარმატებულად ანგრევენ საქართველოს.

ვინც შევარდნაძეს ებრძოდა და დაამარცხა, მოკლე პერიოდში  თვითონ გახდა შევარდნაძე, ვინც სააკაშვილს ებრძოდა, მისი დამარცხების შემდგომ, სააკაშვილი გახდა. დღეს მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია, მისი მლანძღველი ხალხში ქულებს იღებს, ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაიმარჯვოს, რადგან უარესი გახდება და დამოუკიდებელი საქართველო კი ამდენ უარესის უარესს ნამდვილად ვეღარ გაუძლებს.

სისტემის შეცვლა მხოლოდ სიღრმისეული მეცნიერული ანალიზით  შეიძლება . პოლიტიკოსებს ამის თავი ნამდვილად არ გვაქვს.  მაგრამ ქვეყანას ნამდვილად ჰყავს მეცნიერები, როგორც შინით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელთაც ხელეწიფებათ ასეთი ანალიზის გაკეთებაც და სამოქმედო პროგრამის შედგენაც. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. და არა მარტო ხელისუფლების. და არა მარტო ოპოზიციის. თვით  მეცნიერთა ნებაც არის საჭირო.

კონკრეტულ მაგალითს ვიხსენებ და ამით ყველაფერს ვამბობ. 2001 წელს, ვეახლე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, მართლაც გამორჩეულ მეცნიერს, ბატონ ალეკო თავხელიძეს, რომელმაც ჩემი სათქმელის მოსასმენად, მოიწვია  ვიცე-პრეზიდენტები, ბატონები, ანდრია აფაქიძე, გივი სანაძე, ივერი ფრანგიშვილი, როინ მეტრეველი  და  მეცნიერებათა აკადემიის  განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნები.  ჩემი პოზიცია ასეთი იყო: ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა, კრიზისმა უკიდურეს  ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრება მართლაც, აღარ შეიძლებოდა.   მე მივმართე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებს. ზუსტად ვიხსენებ: „თუ ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელიც მეცნიერებს არ უსმენს, რად გვინდა ასეთი პრეზიდენტი და ხელისუფლება? და თუ თქვენ, მეცნიერებს გისმენენ და ქვეყანაში მაინც ასეთი მდგომარეობაა, პასუხისმგებლობა მეცნიერებაზეც გადადის – თქო“

დღესაც იგივეს ვეუბნები მეცნიერებს, კულტურის მოღვაწეებს, ინტელექტუალურ ადამიანებს. თუ თქვენ არ გისმენენ, რად გვინდა ესეთი ხელისუფლება, და თუ თქვენ გისმენენ, და ამ მდგომარეობაში ვართ მაინც, სრულად გაიზიარეთ პასუხისმგებლობა.

ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, რომ არც „მოქკავშირი“ და „აღორძინება“ უსმენდა მეცნიერებს,  „ნაცმოძრაობამ“ უმძიმესი განაჩენი გამოუტანა და არც დღეს „ქართული ოცნების“ დროს შეცვლილა რაიმე.

მე „ფოჩიან კანფეტს“ ვუწოდებ (პოლიტიკური გაგებით) იმას, რომ ერთეულ მეცნიერებს, თუ კულტურის მოღვაწეებს პარლამენტარებად აქცევდნენ და აქცევენ, თანხებს ურიგებენ,  სინამდვილეში კი  ამუნჯებენ იმ რგოლს, რომელთანაც საქართველოს მომავალია დაკავშირებული.

მეორე მაგალითი. უფრო ადრეული. 1997 წლის 13 ივნისს, დიდი ბრძოლის შემდგომ მოვიპოვე პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის უფლება, და იგი ასე დავასათაურე: „საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული და ვეძებთ კონკრეტულ დამნაშავეებს“ იგივეს ვამბობ დღესაც. „მოქკავშირის“ დროს თუ მართვის სისტემა იყო კორუმპირებული, მისი მემკვიდრე „ნაცმოძრაობის“ დროს  მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი ( და არა დანაშაულებრივი სისტემა) „ქართული ოცნების“ პერიოდში ერთის ნიშნებიც სერიოზულად ჩანს და მეორესიც. (აქ შეგიძლიათ ნახოთ ორთავე დოკუმენტი: “საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული“ „აზროვნების სიძნელე ანუ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს  მიაღწია, ასე ცხოვრება შეუძლებელია“ .

რომ არა ეს და უამრავი მაგალითი, თავს არ მივცემდი უფლებას, ასეთი მძიმე სტატია შემეთავაზებინა ჩემი ფეისბუქის მეგობრებისთვის.

ვიყავი და მყარად ვდგევარ პოზიციაზე, რომ არავითარი ხელისუფალთა ცვლილებები არ შეცვლის მდგომარეობას ქვეყანაში თუ იმიჯმეიკერთა მიერ  კარგად შეფუთული ბუტაფორიული მართვის სისტემა არ შეიცვალა.

მოქმედების დროა.

 

P.S. ამის შესახებ 11 ივნისს ვისაუბრე “რეპორტიორში” გამართულ პრესკონფერენციაზე. იგივე  განწყობის ინტერვიუ მივეცი გაზეთ „ასავალ-დასავალს“, რომელიც ორშაბათს, 22 ივნისს გამოვა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *