აზროვნების სიძნელე

ანუ
მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება ერთ მუშტად შეკრული

წერილი, რომელიც 1999 წლის 11 აგვისტოს გადაეცა პრეზიდენტ შევარდნაძეს ლიკანში

თემურ შაშიაშვილი: “ეს არის ძირითადში ის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტს წარვუდგინე ბორჯომში – შეჯერებული იქ გამართული საუბრის დროს გაკეთებული განმარტებებით, გამოთქმული მოსაზრებებით.
მე ძალიან ვაფასებ ამ შეხვედრას, არა როგორც შეხვედრას, არამედ როგორც არნახულად მართალ და გულახდილ საუბარს. ვაფასებ იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტთან შეიძლება პრინციპული, მართალი საუბარი და ამისათვის რისხვას არ დაიმსახურებ, თანამდებობიდან არ მოიხსნები, უარს მიიღებ გათავისუფლების თხოვნაზე.

ჩემთვის ძალიან მძიმეა შეხვედრის შემდგომი პერიოდი, მე წასვლაზე ვიყავი განწყობილი. რომ წავსულიყავი, შეიძლება ეს მართლაც არ გამომექვეყნებინა. ახლა კი პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებ მის გამოქვეყნებას. ხალხმა უნდა იცოდეს, რა პოზიციით მივედი მე პრეზიდენტთან და თუ მან ჩემი გადადგომა არ მიიღო – მე მჭირდება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტის, მთავრობის სახელისუფლებო რგოლების უდიდესი მხარდაჭერა., თანამშრომლობა პრობლემების გადაწყვეტაში.

პრეზიდენტი ამას გამოკვეთილად დამპირდა, ვფიქრობდი გამომექვეყნებინა პრეზიდენტის მოსაზრება და პოზიციაც. ამჯერად ამას არ ვაკეთებ – შევეხები მხოლოდ ერთს, რაც ჩემთვის განმსაზღვრელი გახდა რომ დავრჩენილიყავი თანამდებობაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისთვის მთავარი იყო ქვეყნის საომარი მდგომარეობიდან გამოყვანა, ქვეყნის საერთაშორისო აღიარების მოპოვება, აქტიური თანამშრომლობის დაწყება საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პრეზიდენტი თვლის, რომ ეს პროგრამა შესრულებულია _ საქართველო თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა და ახლა იწყება ახალი ეტაპი შიდა პრობლემების მოგვარებაზე _ მთელი ძალისხმევის კონცენტრირების ეტაპი. მან თქვა – დამთავრდება ეს არჩევნები და თქვენ ნახავთ ისეთ შევარდნაძეს, როგორიც ჭირდება ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებასო. მინდა ვირწმუნო, რომ ეს ასე იქნება”.
თეიმურაზ შაშიაშვილი
27 სექტემბერი, 1999 წელი.

 

 

საქართველოს პრეზიდენტს,ბატონ ედუარდ შევარდნაძეს

ბატონო პრეზიდენტო,

გადავწყვიტე მოგმართოთ თხოვნით თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების თაობაზე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ იგი სერიოზული ანალიზის საფუძველზე მივიღე. სწორე დიმ ანალიზის საფუძველზე ეჭვგარეშეა, რომ შექმნილ სიტუაციაში ვალდებულიც და იძულებულიც ვარ წავიდე თანამდებობიდან.

ვალდებული, რადგან ბოლო წლებში ოპოზიციური (და არამარტო) პოლიტიკური ძალების, პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისა და მათი მორჩილი პრესა-ტელევიზიის განსაკუთრებული კრიტიკისა და დარტყმის ობიექტად ქცევის გამო – დამატებითი სირთულეები არ შეგიქმნათ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს და იმერეთს, რომლის ხელმძღვანელი ვარ და რომლის მსახურება ჩემთვის უზენაესია. მით უფრო, როცა ფულში გამყიდეს ახლობლებმა – ზოგიერთ შემთხვევაში-  მეგობრობას რომ მეფიცებოდნენ იმ ჟურნალისტებმაც კი.

იძულებული, რადგან შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირებისა და ინტრიგების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია საქმის კეთება, მუშაობა სერიოზულ პროგრამებზე.

ვალდებული და იძულებული ვარ წავიდე თანამდებობიდან, რადგან მე გაცილებით რადიკალური მოქმედების მომხრე ვარ, როგორც რეფორმების წარმართვის ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით იმ ეტაპამდე, ვიდრე კონკურენტული გარემო შეიქმნება, სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდება.

რადგან ვგრძნობ, _ არ არის გაზიარებული ჩემი პოზიცია, რომ სისტემაა კორუპირებული, რომ ბიუჯეტია კორუმპირებული და საჭიროა არა უბრალო საკადრო ცვლილებები, არამედ სისტემის შეცვლა, ანტიკოროფციული საბიუჯეტო სისტემა.

რადგან დამარცხდა ჩემი მცდელობა მეცნიერულ ანალიზზე დამყარებული მაღალი ბიუჯეტის მიღებისა და ამით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების თაობაზე.

ვთვლიდი და ვთვლი, დაბალი ბიუჯეტი – ეს კორუფციის წახალისებაა, ცოტა ფულის ბევრზე განაწილების ბიუჯეტი კორუბციაა, მხოლოდ ხელფასებზე ორიენტირებული ბიუჯეტი ქვეყნის ნგრევა და კორუბციის აყვავებაა. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ბიუჯეტის დღევანდელ სპეციალისტთა დარწმუნება, ვერც ამაში და ვერ იმაში, რომ ბიუჯეტი უნდა აფინანსებდეს არა შენობას, რომელიმე სტრუქტურას, ან ორაგანიზაცია-დაწესებულებას, არა ვინმეს ამბიციას და პოპულარობას არამედ პროცესს, შედეგს, პროგრამას, პროფესიონალსა და პროფესიონალიზმს, ნიჭიერს, მოაზროვნეს, არჩევანის თავისუფლებას, კონკრეტულ გარემოსა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.

ძნელია უპარტიო კაცი შეეგუო პოლიტიზირებულ ბიუჯეტს. მით უფრო თანამდებობაზე დარჩე მაშინ, როცა ხედავ შედეგს, ბიუჯეტი მართლა პოლიტიზირებულია.

ბიუჯეტის პოლიტიზირების მთავარი მაჩვენებელი ის არის, რომ იგი დგება არა რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არა მეცნიერების დასკვნებით, არმედ ვიღაცის პოპულისტური მოთხოვნით – ხალხს დაანახოს, როგორ ზრუნავს რეგიონზე. ასეთ პრინციპზე საბიუჯეტო მოწყობისა და საგადასახადო ნორმატივების შემოღება _ დანაშაულია. ხელს უწყობს რეგიონების დაპირისპირებას, ყალბი გმირების გაჩენას, ყალბი გმირების ხელში დატაცების გზით დიდი თანხის თავმოყრას _ პოლიტიკური ფულის გაჩენას, პოლიტიკაზე ფულის გავლენის გაძლიერებას _ ეს უფსკრულისაკენ მიმავალი გზაა.

გვინდა თუ არ გვინდა ვაღიაროთ – ფაქტია, რომ ეს მოხდა, ან ხდება საქართველოში. ბოლო პერიოდში ეს თემა დახურული იყო. დღეს ყველა ალაპარაკდა. ჩემი ანალიზით, მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს: საბაჟოთი და სანაოსნოთი დაწყებული ქვეყანაში აღურიცხაობით, სხვა ქვეყნის პროდუქციის ლობირებით და საკუთარი ეკონომიკის ნგრევით, ლარისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით და დოლარის გაფეტიშებით, ბაზრობების პატრონობით, ნარკობიზნესით დამთავრებული. ქვეყნის ამ უბედურებებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ ერთი გზა აქვთ, ყველაფერი გააკეთონ, რომ ძალაუფლება ხელში აიღონ, სხვა არჩევანი აღარ აქვთ. მე მასინ ვსაუბრობდი ამ უბედურებებზე, როცა არჩევანის საშუალება ჰქონდა ყველა ძალას. დღეს მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ეს რეალობაა და ამას დრო დაადასტურებს. შთაბეჭდილება მრჩება ბატონო პრეზიდენტო, თქვენ პოლიტიკური თავხედებისა და პოლიტიკური ავანტურისტების გამოსწორება კეთილი დამოკიდებულებით გინდოდათ და გინდათ დღესაც. მე ვერ ვიხსენებ, რომ ეს ვინმემ შეძლო. პირიქით _ კეთილი დამოკიდებულებით მხოლოდ კეთილი ხდება უფრო კეთილშობილი. თავხედი კიდევ უფრო თავხედდება. ბოროტი კიდევ უფრო ბოროტი და ავანტურისტი კიდევ უფრო ავანტურისტი ხდება. ლოგიკა ეს არის.

დავაკვირდეთ რა ხდება საქართველოს პოლიტიკაში – კეთილი და ჯანსაღი აზროვნების პოლიტიკოსებს საოცრად უჭირთ ერთმანეთთან მისვლა, მაშინ როცა ავადმყოფური აზროვნების პოლიტიკოსები, თავხედები და ავანტურისტები ანდამატივით იზიდავენ ერთმანეთს. ჩვენი პოლიტიკოსები არაერთგზის ადასტურებენ დიდი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მწარე ნათქვამს პოლტიკური ცხოველის თაობაზე.
ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მართლაც პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაა, რომელსაც შეუძლებელია ებრძოლო თანამდებობიდან. სწორედ ეს ავალდებულებს და აიძულებს ბევრ ხელმძღვანლს მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე.

ვხედავ და ვგრძნობ ინტრიგების რა მანქანაა ამოქმედებული დანამდებობიდან და პოლიტიკიდან ჩემი იზოლირებისათვის: მცდელობა პრეზიდენტთან დაპირისპირების, რეალური მოქმედება მხარის მოსახლეობასთან, მის ცალკეულ ჯგუფთან დაპირისპირების, დაპირისპირება იმ რეგიონის მოსახლეობასთან (სამეგრელო, გურია, კახეთი, თბილისი), სადაც ჩემს მიმართ კეთილი განწყობაა. არჩევნების წინ გაახსენდათ რეგიონებიც და ხალხიც _ ეხლა ეფერებიან, რადგან სჭირდებათ. ზნეობრივი კაცისათვის ამაზრზენია, როცა ხედავს ვინ და როგორ ეთამაშება სამეგრელოს, ზვიადისტობასაც იბრალებენ გამსახურდიაზე სიძულვილით სავსენი, ისინი, ვინც იგი რეალურად დაღუპა _ ოღონდ არჩევნებში ზვიადისტების მხარდაჭერა მიიღონ. სპეკულირებენ აფხაზეთის თემით სწორედ ისინი, ვინც რეალურად დაღუპა_ ოღონდ არჩევნებში ზვიადისტების მხარდაჭერა მიიღონ, სპეკულანტობენ აფხაზეთის თემით ისინი, ვინც დაღუპა აფხაზეთიც და აფხაზეთში მცხოვრები ქართველებიც _ მიზანი გასაგებია _ მიიღონ არჩევნებში ლტოლვილთა მხარდაჭერა. ამაზრზენია რელიგიით სპეკულაცია _ მარლთმადიდებელთან მარლთმადიდებელი არიან, კათოლიკესთან კათოლიკენი, მუსლიმანთან მუსლიმანები.

გთხოვთ დააკვირდეთ ჩემი გაუგონარი ლანძღვა-გინების ფონზე, მოფერების კეთილ სიტყვებს, დაპირებებს არ იშურებენ იმერეთის, ქუთაისის მიმართ ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რეალური მხარდაჭერა კი არა _ საპარლამენტო 4 წლის განმავლობაში მხარდჭერის სიტყვაც კი არ დასცდენიათ პარლამენტის ტრიბუნიდან, თუნდაც მასმედიის მეშვეობით. სწორედ ისინი, ვინც ყველაფერს კადრულობდა იმისათვის, რომ იმერეთში, ქუთაისში საქმე გაფუჭებულიყო, თანამდებობებზე ავტორიტეტული კაცი არ დარჩენილიყო.
ყოველივე ამის დანახვა დიდი ანალიზის გარეშეც შეიძლება

დარწმუნებული ვარ, დამიდასტურებთ ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენთვის მოულოდნელი არ არის ჩემი ეს გადაწყვეტილება _ ადრეც რამდენჯერმე მქონია საუბარი. არ უარვყოფ, რომ ამ მომენტში მისი მწვავედ დასმა გამოიწვია მთავრობის ბოლო სხდომაზე აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ცინცქილაძის ჩემის აზრით თავხედურმა, ჩემთვის შეურაცმყოფელმა გამოსვლამ, რომელსაც პოლიტიკური კონიუქტურის გამო არც თქვენ მიეცით შეფასება და არც დარბაზმა მისცა რეაქცია, სადაც თითქმის ქვეყნის მთელი ხელისუფლება, და ყველა რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი სტრუქტურები იყვნენ წარმოდგენილი.

ეს მწარე სინამდვილეა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის არა უბრალოდ გასათვალისწინებელი, საერთოდ სერიოზულად დამაფიქრებელი.

დღეს კვლავ მინდა დავადასტურო ბატონი ცინცქილაძის საპასუხოდ მთავრობის ტრიბუნიდან ჩემს მიერ ნათქვამი: აჭარის ხელმძღვანელთა მხრივ ჩემს და საერთოდ რესპუბლიკის მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მიმართ თავხედური გამოხტომები არის ყველაფრის პატიების და თავხედობის შეუფასებლობის პოლიტიკის შედეგი, რასაც სამწუხაროდ თქვენ ატარებდით წლების განმავლობაში მათ მიმართ. სწორედ ამიტომ გადასცდა ყოველგვარ ზღვარს მათი მოქმედება და იგი ცუდ გავლენას მოახდენს თვით აჭარაზე და მოსახლეობაზე. ეს კიდევ უფრო გამოჩნდება ხვალ. ეს არის იმის შედეგი, რომ მოსახლეობა ხშირად სიმართლის მხარეს კი არა _ ხელისუფლებისადმი დაპირისპირების მხარესაა.

და ერთიც, უკანასკნელ პერიოდში, მას შემდგომ, რაც ბატონი ასლან აბაშიძის ბრალდებების გამო წერილით მივმართე გენერალურ პროკურორს, მაქსიმალურად ვიკავებდი თავს მესაუბრა აჭარის ხელისუფლებაზე. მთავრობის სხდომაზე აჭარის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის გამოსვლა სრულ უფლებას მაძლევს ანალიზისა და შეფასებების დროს ხშირად გამოვიყენო აჭარის მაგალითი. თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დამოკიდებულიება აჭარის ცალკეული ხელმძღვანელობისადმი _ მე აჭარას მათთან არ ვაიგივებ. სამი წლის წინ, როცა პარლამენტში ერთი “თბილისელი” აჭარაზე გადამკვდარის პოზიციით საუბობდა აჭარის პრობლემებზე და ითხოვდა ლამის საქართველოს მთელი ბიუჯეტის მოცულობის თანახას აჭარისთვის _ სხვა რეგიონების ხარჯზე _ მე მას ტრიბუნიდანვე ვუპასუხე: “შენ შენი გამოსვლით ეთამაშები აჭარას და მის მოსახლეობას, პოპულისტობ. ჩვენს შორის ის განსხვავებაა, რომ მე აჭარა მიყვარს _ შენ გჭირდება”. დრომ დაადასრურა ჩემი პიზიციის სისწორე. მან აჭარა გამოიყენა _ დღეს აღარ ჭირდება. დრო დაადასტურებს იმასაც, რომ აჭარის ირგვლივ დღეს მედროვეები შემოიკრიბა. დრო დაადასტურებს იმასაც, რომ მათ აჭარა ჭირდებათ და მე მხოლოდ მიყვარს. ბოდიში მინდა მოვიხადო, თუ ამ სიყვარულის ფონზე აჭარის ხელისუფლების ერთ ნათესაურ კლანთან და მათ მომხრეებთან წინააღმდეგობები მაქვს. ვიცი არ მოგეწონებათ ჩემი ნათქვამი, თქვენ მათ მიმართ კეთილგანწყობას ინარჩუნებთ – დრომ განსაჯოს. ჩემი კრიტიკა სწორედ ამ ნათესაურ კლანსა და მათ მორჩილთ ეხება.

ბატონო პრეზიდენტო,

დღეს მე თქვენთან მოვედი არა მხოლოდ განცხადებით, არამედ შექმნილი მდგომარეობის ჩემეული ანალიზით. შეიძლება ბევრი რამ საკამათოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპარებათ. საკითხთა წრე დიდია და გთხოვთ, ეს დოკუმენტი ჩათვალოთ იმ მოხსენების გაგრძელებად, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე 1997 წლის 13 ივნისს, რომლებითაც 1996 და 1997 წლების დასაწყისში მოგმართეთ საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებით. იმ დოკუმენტის გაგრძელებად რომლის დასათაურებაა “მე მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას ვითხოვ” და რომლითაც ბატონი ასლან აბაშიძის გაუგონარი და ცილისმწამებლური ბრალდებების გამო მივმართე საქართველოს გენერელურ პროკურორს ბატონ ჯამლეტ ბიბილაშვილს. იმ წერილის გაგრძელებად, რომელიც გაზეთ “ახალ საქართველოში” ჩემს წინააღმდეგ საქართველოს ყოფილ გენერალური პროკურორის ბატონ ვახტანგ რაზმაძის მიერ გამოქვეყნებული სტატიის პასუხად დავწერე და გამოქვეყნდა პრესაში სათაურით: “ვახტანგები ვახტანგურად მიტევენ. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში”. (ვახტანგებში _ ვახტანგ რაზმაძე და ვახტანგ გოგუაძე იგულისხმებიან). (კომენტარის გარეშე: ვახტანგ რაზმაძე ჩემზე სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ და “აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარედ დაინიშნა). ჩემი დღევანდელი მოხსენება გაგრძელებაა მთავრობის ბოლო გაფართოებულ სხდომებზე ჩემი გამოსვლებისა და იმ მოხსენებისა, რომელიც მე წარგიდგინეთ ბაზრობების პოლიტიზირებისა და მათი ეკონომიკაზე დამანგრეველი ზემოქმედების ანალიზით.

ბატონო პრეზიდენტო,

ვწუხვარ, რომ ბორჯომში თქვენთან შეხვედრა და ვრცელი მოხსენების წარმოდგენა ჩემი განთავისუფლების თაობაზე თხოვნით _ ომალოში 2 დღის წინ მომხდარი მძიმე ფაქტის შემდგომ მიწევს, რუსეთის მეიერიშე თვითმფრინავებმა ომალოში პლასტიკური ბომბები ჩამოაგდეს. პრეზიდენტმა ელცინმა _ ამ ფაქტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის მთავრობა გადააყენა და მთავრობის თავჯდომარედ რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი დანიშნა. მოხდა უბედურება, მაგრამ გაცილებით მეტს ნიშნავს, დაინახო რუსეთის რეაქციული ძალების მზაკვრული პოლიტიკა _ ამ უკანასკნელის ცივილიზებულ ქვეყნებზე, ევროპაზე, დასავლეთზე ორიეტაციის გამო და კიდევ უფრო მეტს _ იმის გაცნობიერება, რომ ამის გაბედვა და გაკეთება უცხო ქვეყნის ძალებს შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა საყრდენს საქართველოშივე მოძებნიან.

დიდი ფიქრი არ არის საჭირო, გააცნობიერო რატომ გამწვავდა საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია, რატომ გაძლიერდა პოლიტიკურ ძალთა დაპირიპირება, რატომ იგზავნება საქართველოში ჯუღაშვილი, რატომ ივსება ხელისუფლებისადმი დაპირისპირებულთა ანუ თქვენდამი ბატონო პრეზიდენტო, საერთოდ ცენტრალური ხელისუფლებისადმი (და არა მარტო!) სიძულვილით გაერთიანებულთა ალიანსი. (მას ძირითადად ბათუმურ ალიანსს უწოდებენ, მაგრამ მე ბათუმს ამ შეურაცხოფას არ მივაყენებდი.) 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებული პიროვნებებით. არც იმას უნდა დიდი ფიქრი, თუ რატომ ხდება ყოველივე ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აბრეშუმის გზის კანონპროექტის განხილვის, მისი მიღების და საერთოდ, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ აბრეშუმის გზის იდეის გაზიარების პარალელურად. ყველაფერი ეს რელიეფურად გამჟღავნდა 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსი გენერალის ლებედისა და აშშ სამხედრო მინისტრის კოენის თითქმის ერთი და იგივე პერიოდის ვიზიტებში – პირველი ბათუმში შედგა, მეორე – თბილისში.

ნუ შეგვეშინდება და ვთქვათ პირდაპირ, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი მიდის პარალელურად: ერთი- პოლიტიკურ ძალთა დამანგრეველი დაპირისპირება და მეორე – ქვეყნის დაბრუნება საკუთარ ფესვებთან, საკუთარ სახლში – ევროპაში.

პირველი – ეს არის საბჭოთა ,,კგბ~-ს მოდელი: ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შიდა დაპირისპირებების გაძლიერებით ქვეყნის დამშევა- დაუძლურება და იძულებით სვლა საბჭოთა კავშირისაკენ.
მეორე – პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი საქართველოა, დასავლეთთან, ევროპასთან ინტეგრირების ქართული გზით მიმავალი ქვეყანაა.

სამწუხაროდ, პირველი უფრო წარმატებულია, ვიდრე მეორე. არასდროს სხვა აზრი არ მქონდა _ ქვეყნის დამშევა-დაუძლურება ეს არის ქვეყნის დამონება ომისა და ტანკის გარეშე. ეს არის, როგორც იმპერიული რუსეთის, ასევე სარწმუნოებრივად ქრისტიანთა მტრების მოქმედების ამ ეპოქის ტაქტიკა.

ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე.

ხშირად ისმის კითხვა: არის თუ რა და თუ არის რომელი სახის კრიზისია ქვეყანაში _ ფინანსური, ეკომომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური? ჩემი პასუხი ცალსახაა: საქართველოში არის ერთის მხრივ ცივილიზებული დასავლური და მეორეს მხრივ, რეაქციული რუსული ორიენტაციების და დამატებით _ ცალკეული რელიგიების არსში არსებული დაპირისპირების ნიადაგზე წარმოშობილი პარტიული ცენტრების ბუნებრივი შეუთავსებლობით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც გამოიწვია სოციალურიც, ფინანსურიც და ეკონომიკური კრიზისიც. დღეს ნებისმიერი სპეციალისტისათვის ცხადზე უცხადესია, რომ არა პარტიული, პიროვნული, ჯგუფური თუ ცენტრისადმი დაპირისპირება სამჯერ, ოთხჯერ უკეთესი სოციალური მდგომარეობა ექნებოდა ხალხს, რამდენჯერმე უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყნის ფინანსებიც და ეკონომიკაც. დარღვეულია ყოველგვარი ბალანსი: გაცილებით მეტს, ვინც დღეს თავის თავს პოლიტიკოსს უწოდებს, უნდა და ყველაფერს აკეთებს (ლაპარაკობს კი პირიქით) იმისათვის, რომ რაც შეიძლება, მეტს უჭირდეს, რაც შეიძლება მეტი იყოს გაჭირვების გამო დაბეჩავებული, რადგან ასეთი ადამიანების მართვა საკუთარი ინტერესებისათვის გაცილებით ადვილია, ვიდრე შედარებით უზრუნველყოფილის.

აზროვნების სიძნელეც და ხელისუფლების ტრაგედიაც იმაშია, რომ ერთადერთს, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა, ქვეყანა მშიერი და დაუძლურებული იყოს _ ეს სწორედ ხელისუფლებაა, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ ვახერხებთ სიტუაციის რადიკალურ შეცვლას. ერთის მხრივ ჩვენი სისუსტის გამო, მორეს მხრივ (ეს განსაკუთრებულად ანგარიშგასაწევია) ამ საქმეში ხელის შეშლა გაცილებით ადვილია, მით უფრო როცა საქმე გვაქვს 2 დიდი ძალის ინტერესთა დამთხვევასთან.

პირველი – ეს არის უცხო ქვეყნის რეაქციული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს ქცეული ქვეყნის დამშევა და დაუძლურება, მეორე _ ხელისუფლების ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა, სკამების მაძიებლები _ ესენი კი უამრავი გვყავს, რადგან მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში ადვილია ხელისუფლების დამარცხება. ბევრი იკამათებს ჩემს შეფასებაზე. ნება მათია. მე ამ დასკვნამდე დიდი ხნის დაკვირვებით და ანალიზით მივედი. არც ერთ ქვეყანაში სკამის მაძიებელთა რაოდენობა ისე განუსაზღვრელად დიდი არ არის, როგორც ჩვენში. მას ბევრი მიზეზი აქვს _ ხელისუფლებაში ყოფნა მიმზიდველია, მით უფრო მაშინ, როცა მეწარმეობა არ არის განვითარებული და ძველი მენტალიტეტით ხალხის თვალში ახალი ტიპის მეწარმე _ კომბინატორია. სწორედ ამიტომ ხელისუფლებაში მისვლით უკანონოდ ფულის კეთება უფრო გამართლებულია, ვიდრე მეწარმეობაში _ კანონიერად. სწორედ ამის გამო ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავს _ იქ წესიერ კაცს აღარ დაედგომება, მეწარმეობა კვდება, განათლებას, წიგნიერებას, წესიერებას ფასიც და აზრიც ეკარგება. დღეს მართლაც ძალიან ძლიერი უნდა იყო, როგორც პიროვნება, რომ პატიოსნება შეინარჩუნო.

სკამის მაძიებლთა სიმრავლეს უმთავრესად მრავალდიპლომიანი უცოდინრობა განაპირობებს. დიპლომიანი, მით უფრო მრავალდიპლომიანი _ დიპლომის შესაბამისი ცოდნის არმქონე _ საკუთარ თავს მხოლოდ ხელისუფლებაში წარმოიდგენს _ ან პროტექციით, ძირითადში კი პარტიაში შესვლით (რაც ყველაზე ადვილია დღეს ქვეყანაში) და ბრძოლით ხელისუფლებისათვის. ამის კარგ წინაპირობას კი მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა იძლევა. ყველაფერი ხალხის ტანჯვა-წამების ხარჯზე ხდება. სამწუხაროდ, არც ხალხს სჯერა და არც ხელისუფლებაში მომუშავეთა, ხელმძღვანელთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს გაცნობიერებული, რომ დღეს თანამდებობაზე ყოფნა განათლებულმა და წესიერი კაცისათვის სასჯელია, ტანჯვაა, წამებაა.
ჩემის აზრით, ეს არის აზროვნების სიძნელე, როცა ხალხს უჭირს ბოროტისა და კეთილის გარჩევა. როცა არ გინდა დაინახო კეთილი, როცა სახეზე გვაქვს პოლიტიკური პროსტიტუცია.

ყოველ ეპოქაში _ ყველა ქვეყნისა და ყველა ერისათვის აზროვნების სიძნელე ყველაზე დამანგრეველი ძალა იყო და რჩება, მით უფრო მშიერი და დაუძლურებული ქვეყნისათვის.

თქვენ ქვეყნის პრეზიდენტი ხართ და ბუნებრივია, შეგაწუხათ ჩემმა შეფასებამ “მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში” _ სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია, ბატონო პრეზიდენტო, შესაძლებელი ანტიქართული ძალების პარპაში, კუჭის გამარჯვება გონებაზე, ნიჭიერების დამარცხება, ფეოდალური აზროვნების ბატონობა, კლანურობის ზეობა ფულზე და ათიათასობით ადამიანის გაღარიბებით მიღებულ სიმდიდრეზე აღმოცენებული ყალბი გმირების სიმრავლე და მათი გაფეტიშება, ხალხში მონური ფსიქოლოგიის გაძლიერება, საკუთარი ეკონომიკის ნგრევა და სხვა ქვეყნის უვარგისი, მაგრამ იაფფასიანი საქონლით ვაჭრობის დიდ ჩარჩულ მოედნად საკუთარი ქვეყნისვე ქცევა, ძლიერის და სამართლიანის დაუფასებლობა და სუსტთა იდეოლოგიის ზეობა. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტად შეკრული. სწორედ ასეთ ქვეყანაშია ადვილი ღმერთის განდევნა ადამიანიდან, ოჯახიდან, აუდიტორიიდან, ცხოვრების წესიდან.
სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაშია ადვილი ხალხის გამოყვანა საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ, ხალხის გამოყენება ყოველგვარი პროგრესულისა და რეფორმატორულის დასამარცხებლად, სიბნელის დასამკვიდრებლად, ხალხის გამოყენება თვით ხალხისვე წინააღმდეგ.

ისტორიულად რევოლუციები, გადატრიალებები, სამოქალაქო ომები, ტერიტორიული დაქუცმაცება, კლანური და საერთოდ ყოველგვარი დაპირისპირება სწორედ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყნებში ხდება.

ლოგიკა ასეთია, ან ქვეყანა არ უნდა იყოს მშიერი და დაუძლურებული, ან ასეთ ქვეყანაში ხალხს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ამ ეტაპს ბევრი ობიექტური მიზეზიც აქვს და იგი დაძლევადია, თუ არ წამოვეგებით კუჭის პოლიტიკას და კუჭის პოლიტიკოსებს. თუ არ მივეყიდებით და არ გავიყიდებით, თუ არ დავიჩოქებთ, და რაც მთავარია, თუ ხელისუფლება იმოქმედებს გაბედულად. .

ყველაფერ ამას ტკივილით ვწერ, ბატონო პრეზიდენტო, ვწერ არა იმიტომ, რომ თქვენ არ იცით ყოველივე ეს, არამედ იმის გამო, რომ თქვენც, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მთავრობას, ყველას – ვისაც კი ხელმძღვანელი პოსტი გვიჭირავს ქვეყანაში – გვეკისრება ყველაფერი ამისათვის პასუხისმგებლობა. მე მკლავს ეს პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით კი იმის შეგრძნება, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვქონოდა, რომ არ ველოლიავებოდეთ მათ, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა.

უბედურება არ არის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებს ხალხის გაჭირვება? უბედურება არ არის, როცა არიან ძალები, რომლებიც ოცნებობენ_იქნებ პირველი სექტემბრისათვის მასწავლებლებს ხელფასები არ დაურიგდეთ, იქნებ არჩვნებამდე პენსიები საერთოდ არ გაიცეს? უბედურება არ არის, როცა უხარიათ გაჩერებული წარმოება, უმუშევართა სიმრავლე? უბედურებაზე მეტია ყოველივე ეს – განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ხალხის ენით საუბრობენ. ჩვენ კი იმას ველოდებით თვით გაჭირვებულები, ხალხი როდის მიხვდება ამას და თვითონვე როდის შეაქცევს ზურგს ასეთ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ ძალებს, ძნელია ამის ატანა და ძნელია ასეთ დროს ხელმძღვანელის სკამზე ჯდომა.

ვიცი, გული გეტკინებათ ამ შეფასებაზეც, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო – ხალხი მშიერი და დაუძლურებულია და ქართველთა მოდგმის სამარცხვინოდ, ხაზს ვუსვამ, სწორედ ქართველითა მოდგმის სამარცხვინოდ, ბევრი ფქვილზე, ზეთზე, სასუქზე, ჯინსზე, ერთ დასვენებაზე – თუ ერთ ექსკურსიაზე ყიდის თავის ხმას, ე.ი. ქვეყნის მომავალს, თავისი შვილის და შვილშვილის ბედს. ამ ხმას ყიდულობს ქურდი, კომბინატორი, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის გავლენის ქვეშ მყოფი პიროვნება და პოლიტიკური ძალა. რამეთუ პატიოსანი კაცი ვერ შეძლებს დღეს ვერც ფულის, ვერც სურსათ-სანოვაგის, ვერც ტანსაცმლის დარიგებას და ვერც 3-4 დღით 80-კაცის ზღვისპირეთში დასასვენებლად ჩაყვანას. ამაზრზენი ფაქტები მითხრა რამდენიმე დღის წინ ცნობილმა მწერალმა ოტია იოსელიანმა, რომელიც ასევე მძიმედ ცხოვრობს, მაგრამ ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვა – იმიტომ, რომ კაცია, ქართველი, უდიდესი ბედნიერებაა, როცა ცნობილი ადამიანი სიწმინდეს ფულზე და სკამზე არ ცვლის.
ვინც ქალაქებსა და რაიონებში ამ საქმისათვის დაიქირავეს, მანქანებით, ხელის ტელეფონებით და დოლარებით საჩუქრდებიან. ქვეყანა იქცევა, იმიტომ რომ ქვეყანაში მთავარი ბიზნესი პოლიტიკაა, პოლიკიტიკური ბიზნესია. ადამიანებს ქირაობენ პოლიტიკური ინტერესებისათვის, დღეს ძნელია მოძებნო ბევრი ისეთი წარმოება, სადაც იმდენი ადამიანი მუშაობს, რამდენიც ზოგიერთ (სამწუხაროდ მათი რაოდენობა დიდია) ფულიანის გაპარლამენტარების დაწესებულებაში. აქ უკანონო ანაზღაურება გაცილებით დიდია, ვიდრე ნამდვილ წარმოებაში და გადასახადებიც არ აწუხებთ – მონობა არ იბეგრება – წახალისებულია.

ასე უნდათ იყიდონ სოფლები, ქალაქები, რაიონები, მხარეები, ღვთის წყალობით არიან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან. ეჭვი არ მეპარება – არ გაიყიდება ბევრი ქალაქი და რაიონი, მხარე და დაადასტურებს თავის სიძლიერეს. ეს არის ქვეყნის სიძლიერე. მაგრამ სწორედ – ბევრ რამეზე უკმაყოფილო, შეიძლება სხვაზე მძიმე სოციალური ყოფით, მაგრამ ძლიერი და სწორად მოაზროვნე ეს ადამიანები, ქალაქები, რაიონები, მხარეები გვთხოვენ ბევრ რამეზე პასუხს და სწორადაც იქცევიან. ხელისუფლება უნდა იყოს ამ პასუხისმგებლობის დონეზე _ შეეძლოს ბოდიშის მოხდაც, რისკიანი და გაბედული მოქმედებაც _ ქვეყნისათვის ამ უმძიმეს და მე ვიტყოდი გადამწყვეტ პერიოდში, როცა დგას ყოფნა-არყოფნის საკითხი, სწორედ რომ ყოფნა-არყოფნის საკითხი.

ძალიან მოკლედ იმის ხასგასასმელად, რა ზომის მტრობა მიდის ქვეყნის წინააღმდეგ, საკმარისია შემდეგი: რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანდებოდით იმერეთში, თქვენი ინიციატივით დაიწო, მე ვიტყოდი ამ საუკუნის ერთ-ერთი პროგრესული პროცესი _ მიწის გადაცემა საკუთრებაში, შეხვდით მეწარმეებს _ მაღალი შეფასება მიეცით “ფეროში”, “ჭიათურმარგანუმში”, “ტყიბულნახშირში” მიმდინარე პროცესებს. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას _ თქვენი ვიზიტისა და ამ შეფასებების შემდეგ ამუშავდა მექანიზმი _ შეჩერდეს მიწის საკუთრების მოწმობების გადაცემა, გაჩერდეს “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, არ მიეცეს გაგრძელება “ტყიბულნახშირთან” დაწყებულ დიდ საქმეს. პრობლემებს უქმნიან ქუთაისში თვითმფრინავის გამოშვებას, გარკვეული ზომით _ საავტომობილო ქარხანას. კვლავ გამოჩნდა ჭიათურაში პოლიტიზირებული ფორმები _ მხარდამჭერებით ადგილზეც, თბილისშიც, სხვა რეგიონებში. ისარგებლეს ჩემი განცხადებით სამსახურიდან წასვლის თაობაზე და 6 აგვისტოს, პარასკევს, ცალკეული პოლიტიკოსების და პოლიტიკური ძალების გავლენით შეკრიბეს 200-მდე მაღაროელი და მიიღეს დადგენილება ორშაბათიდან _ 9 აგვისტოდან არ იმუშაონ და დაიწყონ დიდი სოციალური მოძრაობა მთელი საქართველოს მოცვით. ამავე დღეს _ იმავე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების მიერ ჭიათურიდან, საჩხერიდან, მთელი იმერეთიდან რამდენიმე დღიან დასვენებებზე იწვევენ აბაშიძეების გვარის 135 წარმომადგენელს ზღვისპირეთში.

ჭიათურმანგანუმის გაჩერება ავტომატურად იწვევს ზესტაფონის გაჩერებას და მის მუშაობასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ 50000-მდე ადამიანს სამუშაოს გარეშე დატოვებს. დიდი მადლობა მაღაროელებს, მაღაროთა ხელმძღვანელებს, პროფკავშირთა ლიდერებს, რომელთაც წერილით მივმართე კვირას – 8 აგვისტოს და ძირითადში გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, არ აყვნენ ავანტიურას, მუშაობა არ შეწყვიტეს და როგორც მავანთ ჰქონდათ ჩაფიქრებული (თბილისიდან ტელევიზიებისა და პრესის მოწვევით) ჭიათურის მთავარ მოედანზე არ მივიდნენ.
გთხოვთ დააკვირდეთ ჭიათურიდან სოციალური მოძრაობის დაწყების თარიღს _ 9 აგვისტოს. ამ დღეს ხომ რუსეთში სამთავრობო გადატრიალება მოხდა, ამ დღეს ხომ ომალოში ბომბები ჩამოყარეს. ან ვის ჭირდებოდა ბორჯომში თქვენთან შეხვედრის წინა დილით, (იგი თავიდან 10 აგვისტოს უნდა შემდგარიყო) ეს დაეწყო ჭიათურაში?
ეს ხდება ბატონო პრეზიდენტო, თქვენი იმერეთში ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. 10 დღის წინ ომალოში იყავით. გუშინწინ რუსეთის ჯარებმა იქ პლასტიკური ბომბები ჩამოყარეს. ჩემი აზრით დამაფიქრებელია, ვისაც ამ უბედურების დანახვა არ უნდა _ ეს არის სწორედ აზროვნების სიძნელე.

გადავხედოთ საქართველოს ბოლო წლების ისტორიას _ ყოველ კვარტალში ხდება ერთი ისეთი რამ _ თქვენზე ტერაქტებით დაწყებული, ქუჩაში ტანკების გამოყვანით დამთავრებული _ რომელიც სახელს უტეხს ქვეყანას, მთელი მსოფლიოს თვალში აჩვენებს მას, როგორც არასტაბილურ ქვეყანას. ყველაფერი ეს იმისათვის, რომ ინვესტორები, ბიზნესმენები, მეწარმეები დააშინონ _ ქვეყანა მშიერი და დაუძლურებული იყოს.

საკუთარი თვალით ვუყურე და საკუთარი ყურებით ვისმინე მთელი 19 ოქტომბერი _ ამბოხის დღე, ყველაფერი რომ ვთქვა, არც თქვენ და არც ხალხი არ დაიჯერებს. დრო კი თანდათან ადასტურებს რა მზაკვრული ძალებია მიმართული ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და სახელმწიფიბოებრიობის წინააღმდეგ, როგორ ეთამაშებიან ამ ძალებს თანამემამულენი, რაზე არ მიდიან სკამისა და ძალაუფლებისათვის.

მართლაც დიდი დაფიქრების ჟამი დგას ქვეყანაში. ლოგიკურია კითხვა. თუ ამას ვხედავ და ანალიზსაც სწორად ვაკეთებ, მაშინ რა დროს წასვლაზეა საუბარი.

ჯერ ერთი, მე ნებით კი არ მივდივარ, არამედ ვალდებული და, გაცილებით მეტად იძულებული ვარ წავიდე, მეორეც მე მივდივარ თანამდებობიდან და არა _ პოლიტიკიდან. რაც მთავარია მივიდვარ არა იმიტომ რომ, სულმოკლე პოლიტიკოსებს დავემსგავსო და თქვენთან, ხელისუფლებასთან დაპირისპირებით მოვიპოვო ავტორიტეტი, არამედ რაც შემეძლება მხარი დავუჭირო დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკას _ სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, კონკრეტული გარემოს ჩამოყალიბებას. თანამოაზრეებთან ერთად დავიწყოთ და გავაძლიეროთ მოძრაობა “საქართვლოს რეგიონები ძლიერი სახელწიფოსათვის”. ფაქტია, რომ დღეს რეგიონები კი არ აძლიერებენ _ ასუსტებენ ქვეყანას, იმძლავრა კუთხურობამ. ერთი რეგიონიც კი საკმარისია, ქვეყანა არივ-დარიოს. ბრაზილიის ბოლო პერიოდის მაგალითიც საკმარისია ამის დასტურად. საქართველოს გადარჩენა ძლიერ სახელმწიფოშია, მხოლოდ მაშინ იქნება იგი ერთიანი. სწორედ მოძრაობას ძლიერი საქართველოსათვის ვთვლი საქართველოს რეგიონთა გამაერთიანებელ მოძრაობად.

მძიმე გამოთქმა ვიხმარე ,,იძულებული ვარ წავიდე~. ალბათ დაკონკრეტებაა საჭირო ყველაფრის თქმა ძნელია, მაგრამ რამდენიმე უმთავრესს შევეხები.

პირველი: 1996-1997 წლებში, იმერეთსა და ქუთაისში თქვენი ვიზიტების დროს, ჩვენ არც ინვესტიციები, არც კრედიტები, არც ტრანსფერები გვითხოვია, არც კუთხურობა წამოგვიწევია და არც ულტიმარუმის ენაზე გვისაუბრია – გთხოვეთ მხოლოდ ერთი: ქვეყანაში ერთიანი პოლიტიკური, სამართლებრივი, საფინანსო და ეკოლოგიური სივრცე. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გააძლიერა პოლიტიკურ ავანტურისტთა გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. თქვენ, როგორც პრეზიდენტი, მმართველი პარტია, ,,მოქალაქეთა კავშირი~ წახვედით ყოვლად მიუღებელ კომპრმისებზე ოპოზიციასთან, საერთოდ ,,აღორძინების კავშირთან~ ძირითადში. ამას შედეგად მოჰყვა ოპოზიციის გაერთიანება. ისინი გარეგნულად იცავდნენ აჭარის ინტერესებს, სინამდვილეში კი საკუთარ ინტერესებს. ყველა მდიდარი გახდა, ყველამ ცხოვრება მოიწყო, ეს გადამდები გახდა თითქმის მთელ პარლამენტზე. პარლამენტარების უმრავლესობა ბიზნესში გადავარდა, ჩამოყალიბდა ცალკეული რეგიონების, ბიზნესის ისეთი სახეები, როგორიცაა ბენზინი, ჯართი, ხე-ტყე, სიგარეტი, ფქვილი, ალკოჰოლური სასმელები, წამალი. ტრანსპორტი-ლობირების გაუგონრად ანტისახელმწიფოებრივი მექანიზმი. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სრული დეცენტრალიზაცია და, მე ვიტყოდი, საუთრებამდე დაქვემდებარება მოახდინეს უპირველესად და უმთავრესად საბაჟოსი, ასევე საგადასახადოსი, საბანკო საქმიანობის და ქვეყანაში შეიქმნა კორუფციული გარემო, მართვის კორუფციული სისტემა, რომელიც სუსტი იყო 1996 წელს და უძლიერესი გახდა 1998-1999 წლებში. საქართველო დაიყო უკონტროლო, ნაკლებად კონტროლირებად და კონტროლირებად რეგიონებად. კორუფცია ყველგან არის, პირველ ორში აპოგეას აღწევს. საგადასახადო სისტემამ მეწარმეებს ხელი კრა ცენტრისათვის უკონტროლო და ნაკლებად კონროლირებული რეგიონებისკენ მოხდა უბედურება – უკონტროლობა და უწესრიგობა აწყობს ყველას.- არა მარტო ხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მაკონტროლებელს, მეწარმეებსა და ბიზნესმენებს და რაც ყველაზე დამღუპველია, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც. შეიქმნა სისტემა, რომელიც ანდამატივით იზიდავს საქმოსნებს, ებრძვის ნამდვილ ბიზნესს, წესიერ კაცს, ქვეყანას საერთოდ. ეს არის სისტემა, რომლის დაშლა დღეს რთულია. მაგრამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ქვეყნის ერთიანობისათვის.
პირადად მე ჯერ ვერ ვხედავ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებას ქვეყნის დამღუპველი ამ სისტემის დაშლის მძლავრი ღონისძიებების მართვისათვის. იმას კი ვხედავ, რომ სელისუფლების ამ უმოქმედობის ფონზე, გაძლიერდა კრიმინალური სამყარო – მოდის ძალა, რომელიც ძლიერდება პოლიტიკის კრიმინალიზაციის და კრიმინალური სამყაროს პოლიტიზირების გზით.

დღეს საქართველოში არ არის არც ერთიანი პოლიტიკური სივრცე, არც ერთიანი სამართლებრივი, ფინანსური და ეკოლოგიური სივრცე, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა. გამარჯვებულია პარტიული ამბიცია, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი უცხო ძალთა პოზიცია, დამარცხებულია ქართული საქმე, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნის გზა.
მეორე: ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვხედავთ მართვის გარკვეული ბერკეტების მკაცრ ცენტრალიზებაში და უმეტესი მომენტების დეცენტრალიზებაში.

ჩვენ მუდმივად ასე ვაყენებდით საკითხებს პრეზიდენტის, ცენტრალიზებული ხელისუფლების პირდაპირი მართვის ქვეშ იყოს საგარეო პოლიტიკა თავდაცვის პოლიტიკა, საბაჟო და საფინანსო პოლიტიკა, სხვა საკითხები კი ძირითადში რეგიონალურ დონეზე. ვერ მოხერხდა ეს ჩვენს ქვეყანაში.

მთავრობის გაფართოებულ სხდომებზე თქვენი თავჯდომარეობით ჩვენ ვიხილავდით ცალკეული საწარმოების, საგადასახადო სამსახურების მუშაობას, მაშინ, როცა არიან ხელმძღვანელები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ჯარზე, ეუფროსებიან საბაჟოს, თავის ნებაზე აკეთებენ შემოსული თანხების ცენტრსა და რეგიონს შორის გადანაწილებას, ცენტრალურ ხელისუფლებას არ ახედებენ ფულის ხარჯვის სისტემაში, ცდილობენ გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, ეს ქვეყნის ნგრევაა. ამ პოლიტიკურ ძალებს თქვენ ელოლიავებით, მათ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერაც აქვთ – სამწუხაროდ, ამით თქვენ და მოსახლეობაც კიდევ უფრო აძლიერებთ მათ.
მე კატეგორიულად ვემიჯნები ასეთ პოლიტიკას. მე არ მინდა თანამდებობაზე ყოფნით ასეთ ნეგატიური პროცესების მონაწილე ვიყო. მით უფრო, რომ სწორედ მე გახლავართ, ალბათ ერთ-ერთი იმ პიროვნებათაგანი, ვისაც ჯერ კიდევ 1993 წელს მაღალი ჩინის სამხედრო პირებისაგან ჰქონდა შემოთავაზება, თუ მე მხარს დავუჭერდი საგარეო, თავდაცვის, საფინანსო თუ საბაჟო პოლიტიკის გარედან მართვას, საზღვრის დაცვას სხვა ქვეყნის ძალებით _ ასეთ შემთხვევაში მექნებოდა დიდი მხარდაჭერა გავმხდარიყავი მაღალი (თუ უმაღლესი არა) თანამდებობის პირი ქვეყანაში. ამის თაობაზე თქვენ ჩემს მიერ ინფორმირებული ბრძანდებით. მე არ დავეთანხმე. ვიღაცეები ეთანხმებიან, მით უფრო, ცალკეულ პიროვნებებზე მინიშნებები ჩემთან საუბარში მათ გააკეთეს. ყოველივე ამის შემდგომ თქვენ (და არც მოსახლეობას) არ უნდა გაგიკვირდეთ ზოგიერთის შეფასებებში რატომ ვარ განსაკუთრებულად კატეგორიული.

მესამე: განუზომლად მძიმე გახდა ჩემთვის 1995 წლის საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი პოლიტიკურადაც. პრაქტიკულად მთელი პარლამენტის სამიზნედ ვიქეცი მაშინ, როცა სპეციალისტები, სამეცნიერო წრეები, საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტები, შემოქმედებითი კავშირები უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ ქუთაისში მიმდინარე რეფორმებს, განსაკუთრებით განათლებისა და ეკონომიკის, საფინანსო საკითხებში. სწორედ მაშინ, როცა მაღალი შეფასება ეძლეოდა მწერლობის, მხატვრობის, მუსიკისადმი, მეცნიერებისადმი, უმაღლეს სასწავლებლებისადმი დამოკიდებულებას, განსაკუთრებით დაიძაბა მთელი რიგი პოლიტიკოსების, პოლიტიკური ძალების, სამთავრობო რგოლების დამოკიდებულება 1995 წლის 21 სექტემბერს – ღვთისმშობლობა დღეს – ქუთაისში დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლის გახსნის შემდგომ.

დღესაც შემაძრწუნებელია მთელი რიგი პარლამენტარების, პოლიტიკური ძალების მიერ 1996 წლის 2 მაისს _ ქუთაისის დღის აღნიშვნის დღეს დამოკიდებულების გამოხატვის გახსენება. ამ დღეს ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ძველ სატახტო ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოდ ქცეულ გელათის მონასტერში პირველად შეიკრიბა: საქართველოს პრეზიდენტი, ბაგრატოვანთა გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, პარლამენტის ხელმძღვანელობა, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, საქართველოდან წასული ებრაელობა. ვთვლი, რომ ეს ისიტორიული დღე იყო. პარლამენტიდან კი კვლავ გაუგონარი დამოკიდებულება.

მძიმე დამოკიდებულება აპოგეას აღწევს 1996 წლის 23-29 მაისს ,,იუნესკოს~ ეგიდით ქუთაისის დღეების აღნიშვნის, ამავე დღეებში _ ქუთაისის პარიზში ,,მსოფლიოს დაძმობილებულ ქალაქთა ასამბლეაში~ მიღების, ბაგრატისა და გელათის მსოფლიო მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის საგანძურში შეტანის შემდგომ.

ქუთაისი გაივსო შემმოწმებლებით. ერთდროულად 4-5 რესპუბლიკური კომისია მუშაობდა. პრაქტიკულად გაძარცვეს ქალაქი. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ 1986 წლიდან ზუსტად 10 წლისთავზე იყო მთელი რიგი ძალების სურვილი, კვლავ დაესაჯათ ქუთაისი, იმერეთი. 1986 წელი ტრაგიკული იყო ქუთაისისთვის. 1996 წელი კი _ სავსე შეურაცხოფებით, ადმინისრაციული ორგანოების გარკვეული ჯგუფების თავხედობით, ხაზს ვუსვამ, ადმინისრაციული ორგანოების გარკვეული ჯგუფების თავხედობით. ამ დროს მოქალაქეთა კავშირი და .,აღორძინება~ ერთ ალიანსს წარმოადგენდნენ. გავუძელით. არც თუ თქვენი მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ გულდასაწყვეტი ის არის, რომ მაშინ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე გთხოვეთ _ შემოწმების მასალები განხილულიყო თქვენი მონაწილეობით, ყველა კომისიის მასალა გამოქვეყნებულიყო. ეს არ მოხდა. უფრო მეტიც, სასამართლომ აეროპორტის საკითხის განხილვის დროს დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოების მთელი რიგი მაღალი ჩინის წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედებები და მიიღო კერძო გადაწყვეტილებები მათ მიმართ. არც ერთის მიმართ ღონისძიება არ გატარებულა, ყველა დაწინაურებულია.

ჩემი რამდენიმე თხოვნა, დავბრუნებოდით ამ საკითხებს, უყურადღებოდ დარჩა.
ყოველივე ამან კი გაათავხედა ბევრი ხელმძღვანელი და პოლიტიკური ძალა. სწორედ ამის შედეგი იყო 1997 წლის 1 აპრილის ინსპირირებული ბაზრობების (მთელი საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და ბათუმის, ქუთაისთან კავშირში) შემოტევა, ნაცვლად მხარდაჭერისა მიმდინარე განათლების რეფორმაში _ ქუჩური შემოტევები. დღეს უკვე ცნობილია ვისგან იმართებოდა და იმართება ყოველივე ეს. პრობლემაში გარკვევა არ ხერხდება, როგორც ჩანს, არავის აწყობს.

ერთი დამაფიქრებელი მომენტიც, ქვეყანაში გახმაურებულია ,,ოქროს საწმისის~ საკითხი. მოატყუეს ათასობით ადამიანი, ბევრს ბოლო ლუკმა წაართვეს, საქართველოს კანპონმდებლობით შექმნილმა ფირმებმა. მათ თითქოს მთელი საქართველოში ჰქონდათ ბიზნესი, გარდა აჭარისა. ოდნავაც არ მეპარებოდა ეჭვი, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ,,სისტემა~ გარედან არის შემოგდებული ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონების შიგნიდან ასაფეთქებლად. გამოძიებით დასტურდება, რომ ფირმის ხელმძღვანელი ბათუმსა და ქობულეთში იმყოფება. უმაღლესი ტრიბუნიდან ვთქვი, რომ ამ საკითხში სერიოზული გარკვევაა საჭირო, რომ ჩემის აზრით, ეს დივერსიაა ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს განცხადებას ადეკვატური რეაქცია მოყვა ადმინისტაციული ორგანოების მხრივ. ვერ გამიგია, რატომ. არადა პრობლემის მოხსნა შეიძლება _ საჭიროა სახელმწიფო პროგრამა _ პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული, შეიძლება კანონიც დესტრუქციულ ძალებს სწორედ ეს არ უნდათ რომ გაკეთდეს. მათ ის აწყობთ, რომ იყოს მუდმივი არეულობა და ადვილად იცილებდნენ მათთვის მიუღებელ ადამიანებს. ეჭვი არ მეპარება, თქვენ არ დატოვებთ უყურადღებოდ დაზარალებულ მეანაბრეთა პრობლემებს.

მეოთხე: შექმნილი მდგომარეობის გამო პარლამენტში _ სწორედ იმ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში გამოსვლა მოვითხოვე, რომელიც განსაკუთრებულად მძიმე მდგოამრეობაში მაყენებდა. ერთი წელი სიტყვა არ მომცეს _ ამ პერიოდში კი მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ძალებმა შეტევის სამიზნედ აქციეს ქუთაისიც და იმერეთიც.
პარლმენტში ჩემი გამოსვლა 1997 წლის 13 ივნისს შედგა. შევეცადე ჩამომეყალიბებინა ჩვენი ხედვა ეკონომიკურ და საფინანსო საკითხებისადმი. გამოსვლას კარგი შეფასება მიეცა. გადაწყდა, დასმული საკითხები განხილულიყო კომიტეტებში, ფრაქციებში კორუფციასთან დაკავშირებით ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეესწავლა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას.

არც ერთ კომიტეტში, არც ერთ პარტიულ ფრაქციაში არავითარი განხილვა არ შემდგარა. არც ერთ საკითხზე პასუხი არ მიმიღია. გავიდა 2 წელი, არც საგამოძიებო კომისიას არავითარი დასკვნა არ გამოუქვეყნებია. სრული იგნორირება. ვფიქრობ, არ ვიმსახურებდი. დიდი სურვილი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ შეძლოთ თვალის გადავლება პარლამენტში ჩემს გამოსვლაზე. იგი თქვენი ბიბლიოთეკის ეგიდით გამოიცა. მას თან ვურთავ ამ დოკუმენტს. ეჭვი არ მეპარება თქვენ დარწმუნდებით, რომ უამრავი საკითხი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ვფიქრობ, საერთო საქმე მოიგებდა. .

მეხუთე: 1996 წლის დასაწყისში _ 1996 წლის, ხოლო იმავე წლის ბოლოს, 1997 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მოგმართეთ ვრცელი წერილებით. ვასაბუთებდი, რომ საბიუჯეტო მოწყობისადმი პროექტში ჩამოყალიბებული მიდგომა სრულ საფინანსო კრახს გამოიწვევდა. რესპუბლიკის სამეცნიერო და საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების დასკვნებზე დაყრდნობით ვითხოვდი, ქუთაისში, იმერეთში დაგროვილი გარკვეული გამოცდილების შესწავლას. ჩვენ მაშინ სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად მიგვაჩნდა, რომ ბევრი რამის განზოგადება შეიძლებოდა ქვეყნის მასშტაბით.

თქვენი პოზიცია პოზიტიური იყო, მაგრამ არც შესწავლა, მით უფრო არც განზოგადოება არ შედგა.

დღეს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, მინდა წარმოგიდგინოთ ზოგიერთი ანალიზი, რომ დარწმუნდეთ, რა შედეგები გვქონდა, როცა თქვენი დიდი მხარდაჭერა იყო და რა მდგომარეობაში ვართ დღეს, სწორედ იმის გამო, რომ ნაცვლად მხარდაჭერისა და განზოგადებისა, ათასი ჯურის პოლიტიკურ ძალთა და პოლიტიკოსთა შემოტევას განვიცდით თქვენგან დაუცველობის გამო, ზოგიერთი სამთავრობო სტრუქტურის ყოვლად უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო – დღეს რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

თქვენს მიერ, როგორც პარლამენტის წევრი ქუთაისიდან, 1993 წლის დასაწყისში დავინიშნე ქუთაისის მერად. 1992 წლის შედეგების მიხედვით ქუთაისის წილი იმერეთის ტერიტორიული ერთეულების საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებში 27% იყო. ეს ციფრი 1990 წელს 39% შეადგენდა.1993-95 წლების დინამიკა ასეთი იყო _ 43, 58, 63 პროცენტი. დაახლოებით ასეთივე დონე იქნა შენარჩუნებული 1996 წელსაც, რესპუბლიკურ ჭრილში ეს წილი 1990-96 წლებში შესაბამისად – 4,7; 4,2;5,5;7,0; პროცენტი, 1995 წელს – 9,3; 1996 წელს კი – 7,3 პროცენტს შეადგენდა.

დიდი ანალიტიკური მიდგომა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ქუთაისის ბიუჯეტი რეგიონალურ ჭრილში 1990 წლის 27-პროცენტიდან, 1995 წელს 63 პროცენტამდე, ხოლო იმავე წლებში რესპუბლიკურ ჭრილში 4,7-დან 9,3 პროცენტამდე გაიზარდა. შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა 1995 წელს. იმავე წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური დაპირისპირების გაძლიერების კვალობაზე – მდგომარეობა უარესდება.
პარადოქსია _ რაც უფრო მაღალი პროცენტი გვქონდა რესპუბლიკურ ბიუჯეტში, მით უფრო გვაკრიტიკებდნენ გეგმის შეუსრულებლობის გამო.

პრეზიდენტის რწმუნებულად იმერეთის მხარეში დავინიშნე 1995 წლის დასაწყისში, მაშინ იმერეთის წილი რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის საერთო ჯამურ შემოსავლებში 11,5 პროცენტს, 1995 წელს უკვე 15,8 პროცენტს (4,3 პუნქტით მეტს) შეადგენდა, 1996 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ფეროშენადნობთა ქარხანას და ჭიათურმანგანუმს საერთოდ არ უმუშავიათ, 1995 წელთან შედარებით იგი 0,6 პუნქტით მაღალი იყო. და კიდევ ერთი განზოგადოებული მაჩვენებელი: იმერეთის მხარეში საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებმა 1996 წელს 1990 წლის 10,4% შეადგინა (1994 წელს _ 2,2%), ხოლო ქუთაისში _ 15,7% 1992წ. – 2,3%). ყველა ეს მაჩვენებელი საუკეთესო იყო ქვეყნის მასშტაბით. იგი ცენტრალურს 5,3, ხოლო ამ ჩამონათვალში ქუთაისის მომდევნო რეგიონს 2 პუნქტით აღემატებოდა.

ანალოგიური ტენდენცია იყო ეკონომიკაშიც.
ზოგიერთი მონაცემი ანალიზისთვის: მარტო ქუთაისის საავტომობილო ქარხანა იძლეოდა დარგის 94,7% -ს (დარგში 6 საწარმო, მათ შორის საკმაოდ დიდები. წინათ 10-15%-ს იძლეოდა). ამავე ქარხანამ 1996 წლის ბიუჯეტში 1 მილიონამდე ლარი შემოიტანა, ხოლო ენერგეტიკას 300 ათასამდე ლარი გადაუხადა. ქარხანაში მუშაობდა 2 ათას კაცამდე. 1996 წელში ქარხანაში მინიმალური ხელფასი 50 ლარი იყო, მაქსიმალური _ 200 ლარზე მეტი. სახელმწიფოს 1996 წელს შედეგებით 500 ათასი ლარი ჰქონდა ვალად.

1996 წლის შედეგებით ქუთაისის ს/ს ,,ელექტრომექანიკოსი~ – ელექტროტექნიკური მრეწველობის 41%, ზესტაფონის ,,საქკაბელი~ – 12,2%, ე.ი ჯამში დარგის 53,2%-ს იძლეოდა ადრე 10 %-მდე შეადგენდა. დარგში 18 საწარმოა, გაცილებით დიდებიც, ვიდრე დასახელებული). ს/ს,,ელექტრომექანიკოსში~ 700-მდე კაცი მუშაობდა ხელფასი იმ პერიოდში 60-200 ლარამდე იყო.

ქუთაისის ს/ს ,,კოლხური აბრეშუმი~ დარგის 79%-ს იძლეოდა (დარგში 7 მსხვილი საწარმოა).
ქუთაისის სამკერვალო საწარმოები ,,იმერეთი~ და ,,გელათი~ დარგის 58% იძლეოდა (დარგში 19 საწარმოა. უმეტესობა დასახელებულზე დიდი). ს/ს ,,იმერეთი~ მეორე ცვლაშიც მუშაობდა , სულ 400-მდე კაცი იყო დასაქმებული _ ხელფასი 60-120 ლარი.
ამ საწარმოებს ურთულესი პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ არ ვჩერდებოდით, არ ვტიროდით, ვმუშაობდით შესაძლებობის ზღვარზე და პროდუქციის უმეტეს ნაწილს უცხოეთში ვტვირთავდით.
მიუხედავად ამისა შედეგებს არადამაკმაყოფილებლად ვაფასებდით.
დავუბრუნდეთ ისევ იმ ციფრს, რომ 1996 წლის ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლებმა 1990 წლის 15,7% შეადგინა.
პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ტრაგიკული ციფრებია, კატასტროფაა, მაგრამ ციფრი, რომელსაც ქუთაისისათვის კატასტროფულს ვუწოდებდი, ქვეყანაში საუკეთესო იყო.
დიახ, კატასტროფული იყო იგი ქუთაისისთვის შესაძლებლად 40%-თან მიახლოება მიმაჩნდა.

მინდა, ბატონო პრეზიდენტო, წარმოგიდგინოთ იმის ანალიზი, რა შევძელით იმ შემოსავლებით და კიდევ ერთხელ დაგანახოთ, როგორ გვჭირდებოდა მხარდაჭერა, რომელიც არ შედგა და რა მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა 1995 წლის არჩევნებით შექმნილმა დაპირისპირებამ.
გეგმას ვერ ვასრულებდით, მაგრამ ხელფასის დაგვიანებაზე ლაპარაკი არ გვქონდა. ამასთან აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებდით. არ ვიცოდით რა იყო ტრანსვერი. ცენტრალური ბიუჯეტი არ დაგვხმარებია. 1996 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, ძირითადად, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 80 ლარის ფარგლებში იყო. საშუალო ხელფასი კი 120 ლარამდე. 100-ზე მეტი ხელფასს 300 ლარის ფარგლებში იღებდა.
დიახ, ბატონო პრეზიდენტო, 1994-96 წლებში განათლებაში მასწავლებლების ხელფასების მხრივ რამდენჯერმე უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, ვიდრე დღეს არის საქართველოს იმ ქალაქებში, რაიონებში, რეგიონებში, რომლებიც დადებითად მოიხსენიებიან.
უნივერსიტეტებს 600 ათას ლარამდე გამოვუყავით. 1994-96 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიმალური ხელფასი 100 ლარი იყო. კათედრის გამგეები ხელფასებს 140-200 ლარის ფარგლებში იღებდნენ.
ამ პერიოდში აკადემიკოსს 130, პროფესორსა და დოქტორს 100, დოქტორს 80 და ბოლოს დოცენტს 40 დოლარის შესაბამის კუპონს ხელფასს ზემოთ ვაძლევდით, ვაფინანსებდით მოსკოვსა და პეტერბურგში ასპირანტურაში სწავლების გარკვეულ ნაწილს. საზღვარგარეთ შემოქმედებითი მივლინებების სატრანსპორტო ხარჯებს, 50 დოლარის შესაბამის კუპონს ვაძლევდით მწერლებს, ათიათას-ათიათასი დოლარის შესაბამის კუპონს ვაძლევდით მხატვრებს საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებისათვის.
საბავშვო ბაღებში 8 ათასამდე ბავშვი უფასო კვებაზე გვყავდა. ვახერხებდით I-IV კლასებში და გახანგრძლივებული კლასების სასწავლებლებში კვების თანხების გადახდას. ლიცეუმებში გახანგრძლივებული სწავლის გამო სადილს ვაძლევდით. ბავშვებისათვის თოჯინების თეატრში _ დღეში 3 სპექტაკლს ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებდა. ამ თეატრის თითქმის 5,5-ჯერ მეტი თანხა ჩავურიცხეთ (83 ათასი ნაცვლად 15 ათასი ლარისა, საშუალო ხელფასმა 120 ლარს მიაღწია). ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრს თითქმის 2-ჯერ, ოპერის თეატრს 50 პროცენტით მეტი მივეცით. მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთრებაში გადავეცით მიწები. 1995-1996 წლებში მათ დამუშავებაში ვეხმარებოდით _ გაზაფხულ-შემოდგომაზე შაბათ-კვირას 50-მდე სოფელში უფასოდ ვამგზავრებდით. გაჭირვებულ ადამიანებს გარკვეულ ფულად კომპენსაციას და დახმარებას ვუწევდით. მედიკამენტები, მკურნალობა, მუნიცეპალური საავადმყოფო, სწავლება სახელმწიფოსაგან ფინანსდებოდა (შეგნებულად არ ვამბობ სიტყვა ,,უფასო~)
წარმოგიდგენთ კიდევ ზოგიერთ ციფრს ანალიზისა და მე ვიტყოდი, დაფიქრებისათვის.
საფინანსო-სამსახურის ცნობით თუ განათლების 1993 წელს 58,5 ათასი ლარი გამოუყავით, 1996 წელს მან 3572,6 ათასი ლარი შეადგინა, ე.ი. 61-ჯერ მეტი; საბავშვო ბაღების დაფინანსებამ 1992 წლის 18,1 ათასი ლარიდან 1996 წელს 43-ჯერ მეტს, 784,5 ათას ლარს მიაღწია, სახელმწიფო უნივერსიტეტში – 4,4 ათასი ლარიდან 257,8 ათას ლარამდე (59-ჯერ მეტი), ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში – 6,2 ათასი ლარიდან 279,6 ათას ლარამდე (47-ჯერ მეტი), ლიცეუმსა და გიმნაზიებში – 0-დან 645,5 ათას ლარამდე გაიზარდა; სამუსიკო სასწავლებლებში – 500,0 ლარიდან 63,5 ათას ლარამდე, ე.ი.127-ჯერ მეტი, სამუსიკო სკოლებში – 1,8 ათასი ლარიდან 84,2 ათასი ლარი (47-ჯერ მეტი), ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 500 ლარიდან 73,6 ათას I ლარი (147- ჯერ მეტი), საოპერო თეატრში 1,2 ათასი ლარიდან 94,4 ათასი ლარი (79-ჯერ მეტი), თოჯინების თეატრში – 400 ლარიდან 83,6 ათასი ლარი (209-ჯერ მეტი) შეადგინა. დამერწმუნებით, შთამბეჭდავი და მართლაც დამაფიქრებელია.
ჩვენ მეტის გაკეთების, ქალაქისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისადმი მეტი თანადგომის სურვილი გვქონდა. ასეთი შედეგი თითქმის არსად არ იყო ქვეყანაში. ჩვენ ვითხოვდით ამის შესწავლას და მთელს ქვეყანაში გავრცელებას. მოხდა პირიქით, მხარდაჭერის ნაცვლად – ხელის შეშლა შედეგი?

ბიუჯეტს ვერ ვასრულებდით, პრობლემები ნაკლები გვქონდა. საქმეს ვაკეთებდით, წლეულს ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმას ვასრულებთ, დახმარება და კომპენსაცია კი არა, – ბევრგან ხელფასიც ვერ დავარიგეთ. გაჩერდა კეთილმოწყობის სამუშაოები.

გთხოვთ დააკვირდეთ, ბატონო პრეზიდენტო, ის პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც სიტყვასაც არ იღებდნენ 1993-95 წლების და ნაწილობრივ 1996 წელს ჩვენს შედარებით წარმატებულ შედეგებზე, დღეს, როცა მიაღწიე სათავისო საფინანსო საბიუჯეტო მოწყობას, დაანგრიეს ერთიანი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ეკოლოგიური სივრცე – სიხარულით საუბრობენ ჩვენს პრობლემებზე. ამის დამადასტურებლად მათი ხელქვეითი პრესა და ტელევიზიაა საკმარისი.

გულისტკივილით ვამბობ, არ დაფასდა ჩვენი დღე-ღამის მუხლჩაუხრელი შრომა, მხარდაჭერა მიიღეს კუთხურობით, ფინანსური თავხედობით და ავანტურით სავსე პოლიტიკურმა ძალებმა სამწუხაროდ, მოსახლეობაშიც, მარტო დავრჩი უმძიმეს პრობლემებთან..

მეექვსე: 1993 წელს თქვენი დიდი მხარდაჭერით დავიწყეთ მოძრაობა ეკონომიკისთვის, მეწარმეობის განვითარებისთვის. მძიმე პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ გაჩერებული საწარმოების მიმართ. მთავრობაში მოვედით დიდი პროგრამით, რომელიც მინიმუმ 50 პროცენტით ამოქმედებას ორ წელიწადში, როგორც მინიმუმ 50-ჯერ მეტი პროდუქციის გამოშვებას ითვალისწინებდა და რომლისთვისაც საჭირო იყო მხოლოდ 1 მილიონ დოლარამდე სახელმწიფო სესხი.

მხარდაჭერა იყო, მთავრობამ დადგენილება მიიღო – სესხი არ მიგვიღია. ეს მაშინ, როცა იმდენი სესხი გაიცა უკონტროლოდ, რომ ბანკები თითქმის დაცარიელდა. სესხის დიდი ნაწილი პარლამენტარებმა, სხვა გავლენიანმა პირებმა და კუთხე-რეგიონებმა გაიტანეს. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ გარედან პროდუქცია შემოეტანათ ქვეყანაში და აქციეს კიდეც საქართველო სხვა ქვეყნის ბაზრად, ვაჭრობის დიდ მოედნად. პრაქტიკულად არ ჩადებულა თანხა ქვეყნის მეწარმეობის სფეროში.

ეჭვი არ მეპარება, მაშინ დახმარება რომ მიეღო ქუთაისის საავტომობილო, ელ-მექანიკურ, სატრაქტორო და ლითოფონის ქარხნებს, ავეჯის ფაბრიკას, აბრეშუმის საქსოვს, შალეულის წარმოების კომბინატს, ტრიკოტაჟის ფაბრიკას _ ისე, როგორც ეს მთავრობის დადგენილებებით იყო გათვალისწინებული _ დღეს მინიმუმ 100 მილიონით მეტ პროდუქციას გამოვუშვებდით ყოველწლურად და დიდი ნაწილი უცხოეთში გაიყიდებოდა.
ვწუხვარ, რომ მაშინ ჩემმა წინადადებებმა რეალური მხარდაჭერა ვერ მიიღეს. დღეს იგივე პროგრამის განხორციელებას 10-15-ჯერ მეტი თანხა სჭირდება, რომ არაფერი ვთქვათ დაკარგულ 6 წელზე.

მეშვიდე: ვერ მიიღო მხარდაჭერა ჩემმა წინადადებამ ვერც პრიორიტეტული და ვერც პროგრამული დაფინანსების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, გახსოვთ ჩემი წინადადება _ მივცეთ ნებისმიერ რეგიონს რამდენიც არის საჭირო მეცნიერული გათვლებით, საფინანსო და ეკონომიკური ინსტიტუტების დასკვნებით. ყველაზე დიდი მხარდაჭერა თბილისს ჭირდება _ სიძველის გამოც და იმის გათვალისწინებით, რომ იგი იქცეს კავკასიის ცენტრად. არ ვიცი საქართველოს კიდევ როდის ექნება ასეთი შანსი დედაქალაქი აქციოს მთელი კავკასიის საფინანსო, ეკონომიკურ, სამეცნიერო, სასწავლო, სამედიცინო ცენტრად. დაგვეხარჯა გაცილებით მეტი თანხა აჭარაში, მაგრამ პროგრამით: საპრეზიდენტო პროგრამა ,,ქობულეთი~, ,,მთიანი აჭარა~ და ა.შ. ასეთივე პროგრამები საჭიროა მესტიაშიც წყალტუბოზეც, ბორჯომზეც, საირმეზეც, ბახმაროზეც, სულორზეც, რაჭის სხვა კურორტებზე. თუ შევძლებთ ამ ადგილებში უცხოელების ჩამოყვანას _ მთელი საქართველო მოიგებს, ჩამოსულები მთელს ქვეყანაში იმოგზაურებენ და ფინანსური სიტუაციაც შეიცვლება. პროგრამებია საჭირო ისტორიული ქალაქების _ მცხეთა, თელავი, სენაკი, გორი, ვანი, ასპინძა _ ახალციხე, ფოთი, ბათუმი, ქუთაისი. პროგრამა სჭირდება მთას, სამრეწველო ცენტრებს.
ქვეყანა _ საქვეყნო, რეგიონალური, დარგობრივი პროგრამებით უნდა ვითარდებოდეს და არა ამის მიხედვით, ვის ძალით და ვის ტირილით, ვის კუთხური პატრიოტიზმით შეუძლია გამოგლიჯოს თანხები ცენტრს. უფრო მეტიც, ასეთი ფორმით მიღებული თანხებით შესაძლებელის 10-20 პროცენტი თუ კეთდება. დანარჩენი ცალკეულ ხელმძღვანელთა გამდიდრებას ხმარდება.

მერვე: თითქოს არასდროს არავინ არ იყო წინააღმდეგი, როცა ვამბობდით: 2-ჯერ შევამციროთ მაკონტროლებელი ორგანოები და 3-ჯერ გაიზრდება შემოსავლები, რომ იაფი პოლიცია ძვირი უჯდება ქვეყანას, რომ იმაზე დიდი კორუფცია რა უნდა იყოს, როცა ფირმების 90%-ს არ აქვს მოგება, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი იაფი სახელმწიფო მოხელეების, იაფი აღმასრულებელი, უზომოდ გაზრდილი მაკონტროლებელი ორგანოების. მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა სიტუაცია გაუარესებისაკენაა. პირდაპირ უნდა ითქვას, სიტუაცია აუტანელია. იქმნება კორუფცული სისტემები, მთელი რიგი სახელმწიფო ორგანოები ხდებიან კორუმპირებულნი.

ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოს შეუძლია აიტანოს საგადასახადო სამსახურის ასეთი კორუმპირებული სისტემა. მე ვლაპარაკობ სისტემაზე და არა კადრებზე. სწორი ორგანიზაციის პირობებში იგივე კადრებს 2-3-ჯერ უკეთესი შედეგი შეიძლება ექნეთ. 1996 წლიდან ვთავაზობ შესაბამის ხელმძღვანელებს საკონკურსო წესით კადრების დაკომპლექტების სისტემას. ბატონი სალარიძე დაეთანხმა, პარლამენტარებმა დაუჭირეს საგადასახადოს მუშაკთა ერთ ჯგუფს მხარი და ექსპერიმენტიც არ შედგა.

ვასაბუთებ, რომ იმერეთში ამ სისტემაზე გადასვლით გასამმაგდებოდა შემოსავლები. მხარდაჭერა სიტყვით… მდგომარეობა უცვლელი. გამოდის, რომ “გვეცოდება” საგადასახადოში პროტექციითა და ქრთამით მოსულნი და არ გვაინტერესებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ის ადამიანები, რომლებიც კორუმპირებული საგადასახადო სამსახურის გამო ვერ იღებენ ხელფასს, პენსიას, დახმარებას, არ გვაინტერესებს უსახსრობის გამო მოშლილი კომუნალური სამსახურები, ინფრასტრუქტურა საერთოდ.
ძნელია იჯდე სკამზე და ყველაფერ ამას ითმენდე. უფრო სწორად, ეს უზნეობაა.

მეცხრე: მახსოვს თქვენი მხარდაჭერაც და მწვავე შეფასებაც, როცა გამოვაქვეყნე რამოდენიმე შეკითხვა: აშენდა თუ არა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები, ხაზს ვუსვამ, რუსეთის სამხედრო ბაზები თუ აშენდა და ვისი სახსრებით, იყო თუ არა მისი აშენება აუცილებელი,როცა პენსია და ხელფასი არ გაგვიცია, ვინ გამოაცხადა ტენდერი მშენებლობაზე. პასუხი არ მიმიღია. აშენებით კი აშენდა (მოინათლა, როგორც გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე). აშენდა ბათუმში იმ ფულის ხარჯზე, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა გადმორიცხულიყო. თქვენ იძულებული გახდით, მიგეღოთ წინადადება და უკვე დახარჯული ფული გაგეფორმებინათ აჭარის ხელისუფლებისათვის უპროცენტო სესხად, რომ სამ წელიწადში დაფარულიყო. ეს თანხა ჯამში 9.6 მილიონს შეადგენდა. 8,6 მილიონი სესხად გაფორმდა 1,0 მილიონი საჩუქრად გადაეცათ. სესხის არც ერთი ლარი არ არის დაბრუნებული.
ასე დაიკარგა ცენტრალური ბიუჯეტის 10 მილიონი ჯერ კიდევ 1996 წელს და მე და ჩემი კოლეგებს ათასი ბოდიშის მოხდა ვიწევს გაუცემელი პენსიებისა და ხელფასების გამო, მართლაც, გაჭირვებულ ადამიანებისთვის.
აქვე ვითხოვდი პასუხს შესაბამისი ორგანოებიდან იმაზე, შემოვიდა თუ არა ზღვით არჩევნების წინა პერიოდში 40 ათასი ტონა აღურიცხავი ფქვილი ერთ-ერთი პარტიის სახელით. პასუხი არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, რომ შემოვიდა და პრაქტიკულად, გააჩერა ქვეყნის ყველა წისქვილის ქარხანა.
სხვა კითხვებზე აღარ შევჩერდები, იგი შეეხებოდა რუსეთის სამხედრო ნაწილებში ხელფასების რუსულ ფულზე დარიგებას და ქართული ჯარის კუთხეების მიხედვით ფორმირებას. პირველიც უბედურებაა და მეორეც. როგორ შეიძლება ასეთ კომპრომისებზე წასვლა, როცა რომელიმე რეგიონში საზღვარს მხოლოდ იმ რეგიონის მაცხოვრებლები დაიცავენ და ან რომელიმე რეგიონში განლაგებულ სამხედრო ნაწილებში მხოლოდ იმ რეგიონის ახალგაზრდები იმსახურებენ?
მე მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულებრივი კომპრომისი არღვევს საქართველოს ერთიანობასაც და აძლიერებენ კუთხეებს შორის დაპირისპირებასაც.
ამავე დოკუმენტით ვითხოვდი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საფინანსო საქმიანობის შესწავლას, იმ საქველმოქმედო ფონდების შემოწმებას, რომლებიც სხვადასხვა ცენტრში თუ რეგიონალური მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან იყო დაკავშირებული. არც ერთი წინადადება არ იქნა გაზიარებული. შემოწმებით 4 სხვადასხვა მაკონტროლბელი ორგანოს მიერ მხოლოდ ბაგრატის ფონდი შემოწმდა. ვის ჭირდებოდა ერთ ფონდზე მაკონტროლებელთა ასეთი შესევა სხვათა სრული უყურადღებობის ფონზე?
ეჭვი არ მეპარება, რა შეფასება გაკეთდებოდა, რომ ამ ფონდში რამე აღმოეჩინათ.

მაფიქრებს, რატომ არავინ არ დაუჭირა მხარი საქართველოს მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი კომისიის შექმნას, _ მის მიერ ყველა რეგიონის შემოწმებას, მასალების სრულად გამოქვეყნებას. დამეთანხმებით, სხვა საარჩევნო სიტუაცია იქნებოდა, არა ერთი დღევანდელი ხმაურიანი პოლიტიკოსი თავის ადგილზე მოთავსდებოდა და ქვეყანაში რეალურად იქნებოდა წესიერი, მოაზროვნე პარლამენტის არჩევის პირობები. დღეს ყველაფერი პირიქითაა. ჩემი განცხადებაც გარკვეული პროტესტია დასმული სკითხების მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებაზე.
მეათე: შეიძლება იმის გაფიქრებაც კი, რომ პარლამენტმა კულტურას 15.0 მილიონი ლარი გამოუყოს და აქედან იმერეთს 1 ლარიც არ ეკუთვნოდეს? ვის დაარწმუნებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ სწორია ასეთი საბიუჯეტო მოწყობა, როცა ქვეყანაში წლის განმავლობაში კულტურაზე დახარჯული 22 მლნ. სახელმწიფო ფულიდან 7 მლნ. აჭარაში დაიხარჯა? რა ვუყო 25-ზე მეტ თეატრს, სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებს, უდიდესი კულტურული ტრადიციების შემოქმედებით კოლექტივებს. ჩამოვთვლი ზოგიერთს: ქუთაისის ლადო მესხიშვილის და საოპერო თეატრები, ჭიათურისა და ზესტაფონის სახელმწიფო თეატრები. ღვთის წყალობით ყველა ქალაქსა და რაიონში თეატრალური დასი გვყავს. ზოგან რამდენიმეც, ქუთაისში ათამდე.

დამერწმუნებით, ბატონო პრეზიდენტო, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას. ვფიქრობ, მეტ ყურადღებას იმსახურებს ცენტრალური ხელისუფლებისაგან ზაქარია ფალიაშვილისა და მელიტონ ბალანჩივაძის, დავით კლდიაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის, გალაქტიონისა და აკაკის და უამრავ დიდ კორიფეთა მხარე და ქალაქი. ამის საილუსტრაციოდ ბოლო პერიოდში მწერალ რეზო ჭეიშვილის მიერ გამოცემული გაზეთი “მწვანეყვავილას” სპეციალური ნომერიც საკმარისია.

მეთერთმეტე: იმერეთს ბოლო წლებში სტიქიამ რამდენიმეჯერ გადაუარა. მინდა იცოდეთ, რომ თანხები პრაქტიკულად არ მიგვიღია. ღირს დაფიქრებად, როგორ მოხდა, რომ გასული წლის ტრანსფერები ყველაზე ნაკლებად იმერეთმა მიიღო, მაშინ, როცა ბევრგან ხიზნების მომსახურება და საერთოდ ხიზნებისათვის თანხების გამოყოფა 100%-ით არის დაფარული (აჭარა). იმერეთში კატასტროფული მდგომარეობაა – მომსახურების თანხები 20%-ის ფარგლებშია. უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა კურორტ “წყალტუბოს” სანატორიუმში. მედპერსონალს მადლობის ნაცვლად აბუჩად ვიგდებთ? ერთ მილიონამდე ლარი ინვალიდთა დეპარტამენტის დაქვემდებარების ობიექტებს ერგებათ. რას ვემართლებით ამ ხალხს. ვინ არის აქ დამნაშავე? ჩვენც ამ გზით წავიდეთ ცენტრალურ ბიუჯეტს თანხა არ გადავურიცხოთ, მევალეებს დავურიგოთ და ამით მამა-მარჩენალის ყალბი ავტორიტეტი მოვიპოვოთ? მე ამ გზით არ წავალ. მე ასეთი ავტორიტეტი არ მჭირდება. რადგან კანონიერი გზით პრობლემას ვერ ვხსნით და არაკანონიერი გზით წასვლას არ ვაპირებ_ თვით ეს მაიძულებს, რომ წავიდე თანამდებობიდან.

საოცარი მხარდაჭერა იყო თქვენს რეზოლუციებში საჩხერესთან, ხონთან, ხარაგაულთან, თერჯოლასთან, წყალტუბოსთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხების გამო _ ვწუხვარ, რომ რეალურად არაფერი გაკეთდა.
მე გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, ადამიანურად გამიგოთ: ჩემთვის ძნელია, ვუყურო მიწისძვრით დანგრეულ სახლებს, სკოლებს საჩხერეში, ადამიანებს, სასწავლო ჯგუფებს ვაგონებში, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ არაერთ ღირსეულ ადამიანს ყველა ქალაქსა და რაიონსი და ამავე დროს იცოდე, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელის შვილი სანაოსნოს თანხით 50.0 ათას დოლარიან სახლს ყიდულობს ლონდონსი, იცოდე, რომ რეგიონალური ხელმძღვანელი დადის 500.0 ათას დოლარიანი მანქანით, რაიონული პარტიული ლიდერები კი რუსული სერიების რუსული მანქანებით.

მეთორმეტე: კვლავ სოციალურ თემატიკასთანაა დაკავშირებული ურთულესი პრობლემები შეიქმნა ქვეყანაში საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით. ჩემი ანალიზით ეს არის ხელოვნურად შემნილი პრობლემა, ერთის მხრივ, შესაბამისი რგოლების უპასუხისმგებლობით და, მეორეს მხრივ, ფინანსური თავხედობით და ფინანსური ავანტურით გამოწვეული.

უპასუხისმგებლობას იჩენენ ის რგოლები, რომლებსაც ევალებათ თანხის ამოღება. ბოლო პერიოდში მდგომარეობა გამწვავდა, როცა თანხის ამოღება საგადასახადო სამსახურის ხელში გადავიდა, მათთვის პირველხარისხოვანი საგადასახადო გეგმაა, რომელიც არცთუ ისე იშვიათად, სოციალური ბიუჯეტის შეუსრულებლობის ხარჯზე ხდება, განმკითხავი კი არ ჩანს.

ფინანსური თავხედობის და ავანტიურის მაგალითი უამრავია: ერთი მკაფიო: შეიძლება ერთი და იგივე მოცულობის თანხიდან ამოღებული 10-15%-იანი საშემოსავლო გადასახადი, ტოლი იყოს 27%-იანი სოც. ფონდის გადასახადის? რა თქმა უნდა არა, ეს ელემენტალური არითმეტიკაა. იგი სულ მცირე 2-2,2-ჯერ ნაკლები მაინც უნდა იყოს. იმერეთში კარგი მაჩვენებელი არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით: სოცფონდიდან შემოსავლები დაახლოებით 1,5-ჯერ მეტია საშემოსავლო გადასახადზე. აჭარის მაჩვენებელიერთ-ერთი ყველაზე ცუდია _ სოცფონდის და საშემოსავლო მაჩვენებელი თითქმის ტოლია, თუ ვიანგარიშებთ, რომ სოცფონდი სულ მცირე 2-2,2-ჯერ მეტი უნდა იყოს, მაშინ აჭარამ რესპუბლიკურ ფონდს 7-8 მლნ ლარი დააკლო იმდენს იღებს, რამდენიც თვითონ ჭირდება და არაფერს უგზავნის რესპუბლიკურ ფონდს. უფრო მეტიც გასულ წელს 3 მილიონამდე ცენტრალურ ბიუჯეტის თანხა დაიტოვა, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიტოვა პენსიებისათვის. ამის ჩათვლას გეგმის შესრულებაში დაეთანხმა ფინანსთა სამინისტრო ისე, რომ რესპუბლიკურ ფონდის ხელმძღვანელობამ არაფერი არ იცოდა. ეს დანაშაულია, ბატონო პრეზიდენტო, რომელიც შეფასების გარეშე დარჩა
თქვენ შეფასებას არ აძლევთ იმას, რომ ქვეყანაში არიან ხელმძღვანელები, რომლებიც სპეციალურად არ იღებენ საპენსიო თანხებს, რადგან იგი სხვა რეგიონის პენსიონერებს დაურიგდებათ. იგივე ხელმძღვანელები ტელევიზიით ტრაბახობენ, რომ მათთან პენსიები დარიგებულია, სხვაგან კი არა. გაუგებარია, როგორ შეიძლება, ხდებოდეს ყოველივე ეს ერთიანი საპენსიო ფონდის პირობებში. ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია, იგი უნდა ისჯებოდეს და არა ქება-დიდებით იხსენიებოდეს.

სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ ვერ შევძელი შესაბამის ხელმძღვანელთა დარწმუნება პენსიონერთა მომსახურების ცენტრების შექმნის თაობაზე ყველა ქალაქსა და რაიონში. ამ ცენტრების მეშვეობით ყველა პენსიონერს ექნებოდა საშუალება, მისთვის კუთვნილი თნხის ფარგლებში მიეღო ყველა სახის მომსახურება _ დაწყებული სამედიცინო, კომუნალური, სატრანსპორტო, საკურორტო, სარიტუალო მომსახურებით, კვების პროდუქტების, სამამულო წარმოების პროდუქტების მიღებით, შვილისა და შვილიშვილისთვის სწავლების თანხის გადახდით დამთავრებული. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ რეალურად განხორციელებადი, რომ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში პენსიონრებმა მიიღონ 60-70 მლნ.ლარის მომსახურება, ანუ დაუფაროს ამ ზომის დავალიანება ყოველგვარი ზედმეტი საბიუჯეტო თანხების გარეშე.

ვამტკიცებდი და ვამტკიცებ, რომ ეს არის დავალიანების უბრალო დაფარვა: ეს იქნება ლარის კურსის შენარჩუნების, საკუთარი პროდუქციისათვის დიდი ბაზრის შექმნის, მეწარმეობის განვითარების, კონკურენტული გარემოს შექმნის უდიდესი პროგრამა… ზნეობრივი ნაბიჯი, ვალსაც უსტუმრებ მრავალ ტანჯვა-წამება გამოვლილ ადამიანს და იგი ამ თანხით შვილისა და შვილიშვილის სწავლების, თუ სამედიცინო მომსახურების თანხას იხდის.

მეცამეტე: დარწმუნებული ვარ, თქვენც გაიზიარებთ დასკვნას, რომ იმერეთის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე-ჰესები, ჩვენ უბედურების სათავე გახდა. გაყინულია მათ მიმართ ,,საქანერგოს~ ძველი ვალები. მარტო მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებით 30,0 მილიონამდე ლარი ერგებათ ,,საქენერგოსაგან~, ჰესებისაგან კი ქუთაისის, ტყიბულის თერჯოლის წყალტუბოს ბიუჯეტებს – 5 მილიონამდე ლარი. ამ რაიონებში არავითარი სახელმწიფო დავალიანებაზე საუბარი არ იქნებოდა, ეს თანხა რომ გადახდილი იყოს, თანხის გადახდა კი არა ,,საქენერგოს~ ხელმძღვანელები ხელფასების დარიგებასაც კი ჩვენგან ითხოვენ, მაშინ, როცა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში 35.0 მილიონამდე თანხა აქვს გადარიცხული ,,საქენერგოსთვის~ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყანაში არ არის სურვილი, ეს პრობლემა სახელმწიფოებრივად გადაწყდეს.

მეთოთხმეტე: ჩემი პოზიცია ადგილობრივი არჩევნების კანონის მიმართ ცალსახად უარყოფითი იყო. არ ვიზიარებდი და დღესაც იგივე აზრზე ვარ ქალაქებსა და რაიონებში პარტიული სიით არჩევნების ჩატარებას, სოფლებში პარტიული სიების შეტანა კი დანაშაულად მიმაჩნია.
დღეს არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ყველას შეუძლია გააკეთოს გარკვეული შეფასება. ვფიქრობ ბევრი იზიარებს იმას, რომ გაცილებით უკეთესი იყო ადგილობრივი მმართველობის ყველა დონეზე, თბილისით და ქუთაისით დამთავრებული, არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარებულიყო.
დარწმუნებული ვარ, დღეს ბევრი ხედავს, რომ პარტიული სიებით ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამ მოსახლეობის არნახული პოლიტიზირება მოახდინა ქალაქებსა და რაიონებს, მით უფრო სოფლებს დაუკარგა დამოუკიდებლობა _ საკითხები წყდება არა საკრებულოში, არამედ – ცენტრალურ პარტიულ ოფისებში, პარტიულ ცენტრებში, ალიანსების შეკრებებზე, პარტიულ გარიგებებითა და ინტერესებით და არა რეალური სიტუაციიდან გამომდინარე. ეჭვი არ მეპარება, რომ დღეს გაცილებით მეტი ხედავს, როგორ დააპირისპირა არჩევნების ამ წესმა ადამიანთა ჯგუფები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრებიც კი, როგორ გაუხსნა გზა ცალკეულ პარტიულ ლიდერებს ამოფარებულ არა ერთ გაუნათლებელს, მომხვეჭელსა და თავხედს.

როგორადაც პარადოქსულად არ უნა მოგეჩვენოთ, ბატონო პრეზიდენტო, ყველაზე უარყოფითი შედეგები ამ წესით არჩევნებს სწორედ იქ აქვთ, სადაც საკრებულოში მრავალი პარტიაა წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების მოქალაქეთა კავშირისადმი სიძულვილით გაერთიანებამ და ალიანსმა ყველგან დაპირისპირებისა და რევანშიზმის განწყობა შექმნა, ჩამოყალიბდა კინკლაობისა და არსებული პრობლემებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების განწყობილება. საკრებულოთა უმრავლესობისათვის უპირველესად იქცა ძალის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ პრეზიდენტის რწმუნებულზე, ნაკლებად ვხედავ, რომ საკრებულო გრძნობდეს პასუხისმგებობას შეუსრულებელი ბიუჯეტისადმი, გაცემული ხელფასისა და პენსიისადმი. უფრო მეტიც, ამ რამდენიმე ხნის წინ იმერეთის ქალაქებისა და რაიონების საკრებულოთა თავჯდომარეებს ვთხოვე, გაზეთისათვის გადაეცათ მეწარმეობის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, გაჩერებული საწარმოების ამუშავებაზე. გადის ორი თვე და ერთი მასალაც არ მიუღია გაზეთს. მიზეზი ერთია, ასეთი გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. ეს ხომ ტრაგედიაა.

ვის სჭირდებოდა ბატონო პრეზიდენტო, ასეთი კომპრომისი ოპოზიციასთან არჩევნების პარტიული წესით ჩატარების თაობაზე? რატომ არ მივიღეთ გადაწყვეტილება რწმუნებულების, ქალაქის მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე? განა არ ვიცით, რომ დღეს ბევრ ქალაქსა და რაიონში (ეს მარტო იმერეთის კი არა მთელი საქართველოს პრობლემაა) ორი კი არა, სამხელისუფლებიანობაა. გამგებელი, საკრებულოს თავჯდომარე, მაჟორიტარი დეპუტატი? რომ ყალიბდება პარტიული მაფიები _ ინაწილებენ გავლენის სფეროებს? ზოგი ტრანსპორტზე, ზოგი ბენზოგასამართ სადგურზე, ზოგი ჯართზე, ზოგი ხე-ტყეზე, ზოგი ბაზარზე, ზოგიც ვაჭრობებზე ნაწილდება, აშინებენ შემოწმებებითა და რევიზიებით, კვდება მეწარმეობა მდიდრდებიან და ,,გავლენიანი~ ხდებიან ხალხის რჩეულები.
ეჭვი არ მეპარება, დრო ამას დაარეგულირებს, ბევრ საკრებულოში იმარჯვებს საღი აზრი, იკვეთებიან მოაზროვნე დეპუტატებიც და ისინი, ვინც, როგორც საშოვარზე, ისეა მისული საკრებულოში. ხალხიც გაერკვევა, ვინ აირჩია და ვინ უნდა აირჩიოს მომავალში _ პოპულისტ-ავანტურისტი, ვისაც ხელისუფლებასთან დაპირისპირებით უნდა ავტორიტეტის მოპოვება თუ გონიერი კაცი _ საქმეში ჩახედული, წიგნიერი, ოჯახში გაზრდილი, ვინც საქმის გაკეთებაზე ფიქრობს.

ეჭვი არ მეპარება, ეს ეტაპიც გადასატანი იყო, გარკვეული პრობლემები მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების დროსაც იქნებოდა, მაგრამ… გაცილებით ნაკლები და საქმეც გაცილებით უკეთ წავიდოდა წინ.
ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს მეც და ბევრ სხვა ხელმძღვანელსაც დროის მეტი ნაწილი უაზრო კინკლაობასა და დაპირისპირების დასარეგულირებლად, უაზრო შემოტევებისაგან, რომელთა უმეტესობა პარტიულ ოფისებსა და ცენტრებშია დაგეგმილი – თავის დასაცავად გვეხარჯება.

მეთხუთმეტე: ეს ჩემთვის ყველაზე მწვავე და პრინციპული საკითხია, ბატოო პრეზიდენტო, და შეიძლება განმსაზღვრელიც გადაწყვეტილების მიღებისას. საკითხი ეხება აჭარის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას. თქვენ ამ გართულებულ ურთიერთობებს ყოველთვის დიპლომატიურად უვლიდით გვერდს, არ არის განწყობა,მოხდეს ამ საკითხში გარკვევა. ბოლოს და ბოლოს, რასთან გვაქვს საქმე და სწორი იყო თუ არა უკანასკნელი 6 წლის დაძაბულობის შეუფასებლად დატოვება?

გაგახსენებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ 3-ჯერ პირველად 1993 წელს და მეორედ 1998 წელს, ორივეჯერ ერთი და იგივე მომენტში, პირველადაც ზუსტად 2-3 დღის შემდეგ, რაც წინ გადავუდექითY ლოთ ქობალიას რაზმებს და არ გაცვატარეთ ქუთაისზე თბილისისაკენ, მეორედ, ზუსტად 2-3 დღის შემდეგ, რაც წინ გადავუდექით 19 ოქტომბერის აჯანყების მონაწილეებს არ გავატარეთიმერეთსა და ქუთაისზე თბილისისაკენ ასმავა-ელიაბვას რაზმები, ორივეჯერ სწორედ მაშინ, როცა იმერეთმა, ქუთაისმა უდიდესი სისხლისღვრა ააცილა ქვეყანას, ორივეკჯერ სწორედ თქვენი, პრეზიდენტის, ქუთაისის, იმერეთის, ჩემს მიმართ სამადლობელი გამოსვლების შემდგომ, ბატონი ასლან აბაშიძე გამოდის ტელევიზიით და იმეორებს ერთსა და იგივეს, რომ მას აქვს ჩანაწერი თქვენთან ჩემი სატელეფონო საუბრისა, სადაც თურმე მე ვითხოვ სამეგრელოში ჯარების შეყვანას და მეგრელების ამოხოცვას (ბოდიშს ვიხდი აბაშიძის ამ სიტყვების გამეორებისათვის), რომ მან ეს ჩანაწერი და მ,ასალები საერთოდ გაუგზავნა რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს: გამოდის, რომ პირველ შემთხვევაში ვახტანგ რაზმაძეს (მაშინ იგი იყო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი). მეორე შემთხვევაში _ ჯამლეთ ბაბილაშვილს. ისიც კარგად მახსოვს, რომ 1993 წელს გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთი ჩანაწერი თქვენ გამოგიგზავნათ. მე არავის მხარდაჭერა არ მჭირდება, გამოაქვეყნეთ, მოასმენინეთ ვინმეს, მაგრამ როგორ შეიძლება იმის გამოქვეყნება, რაც ბუნებაში არ არსებობს.

პირდაპირ მინდა ვთქვა, ასეთი რამის მოგონება _ ეს არის მზაკვრობა, ბოოტება, ამ სიტყვების ავტორს ღმერთი დასჯის. თქვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოგიხატავთ. ვწუხვარ, რომ ასე ჩათვალეთ საჭიროდ.
მე ვფიქრობ, ძნელკია მოიძებნოს მეორე პიროვნება, რომელიც თქვენი ისეთუ უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობდა და სარგებლობს დღესაც, როგორც ასლანტ აბაშიძე. საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, ეს პიროვბნული საკითხია, მაგრამ თქვენი ამ კეთილი ურთიერთობის ფონზე, რატომ ხდება ჩემზე ასეთი თავდასხმები, ვის სჭირდება დროდადრო, განსაკუთრებით ასეთი წარმატებების შემდგომ _ ჩემი სახელის ლაფში ამოსვრის მცდელობა? მე დაცვას არავისგან არ ვითხოვ, როგორც ჩანს, საკუთარი ძმაკაცებისა და ფულით ნაყიდი ადამიანების პარტია რადგან არ მყავს _ ადვილი სლანძღავი ვგონივარ ზოგიერთს. მახსენდება, ბატონო პრეზიდენტო, 1993 წელი , როცა აბაშიძე პირველად გამოვიდა ტელევიზიით ამ ბრალდებით და ჩემი თანამდებობიდან გადაყენება მოგთხოვათ (დარწმუნებული ვარ ჩანაწერი შენახულია( _ მე მაშინ გითხარით, რომ ამ სიტყვების ავტორი მხოლოდ პოლუიტიკურ ტანკზე ამხედრეებული ავადმყოფული აზროვნების ბოროტი კაცი შეიძლება იყოს, რომ დღეს მე მწამებს ასსეთ გაუგონარ რამეს, გავა დრო და მსგავს ბრალდებებს ქვეყნის ყველა ხელმძღვანელს წამოგიყენებთ-თქო. დრომ დაადასტურა ჩემი შეფასების სისწორე _ აღარ ვიცი, ვინ დარჩა რესპუბლიკის ხელმძღვანელ ეშელონებში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც მის მიერ ტერორისტებად არ არიან შერაცხულები _ თქვენით, ბატონი ზურაბ ჟვანიათი, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძით დაწყებული, მინისტრებით მიხეილ სააკაშვილით, გია ბარამიძით, არმაზ ახვლედიანით, როსტომ დოლიძით, დავით ბერძენიშვილით დამტავრებული _ ყველას ჩამოთვლა ნამდვილად გაჭირდება _ რამდენიმე ასეულს გადააჭარბებს.

ავადმყოფური აზროვნება იქამდე მივიდა, რომ მისი გარემოცვის უახლოესი პირების მიერ გაზეთში დაიწერა, რომ ასლანტ აბაშიძეს დიდი სურვილი ჰქონდა თბილისში მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნაზე ჩასულიყო, მაგრამ, თურმე, ნუ იკითხავთ, ქუთაისში და იმერეთში გადაწყვეტილი მქონდა მისი აფეთქევა, რომ ამ საკითხზე კაბინეტში ჩემს მიერ ჩატარებული თათბირის მსვლელობა მოუსმენია ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ამჟამად იმყოფებოდა ჩემს მისაღებში და თურმე, ამ თათბირის მსვლელობისას ჩემი კაბინეტის კარი ღია ყოფილა

ეს ჩემი ფანტაზის შედეგი არ გეგონოთ, ბატონო პრეზიდენტო, ამონაწერი მოვიტანე გაზეთებში დაბეჭდილი მასალებიდან. ასეთი და ყოფილი “კგბ”-ს მსგავსი ოინები, როგორც ჩანს, ბატონი ასლან აბაშიძისთვის არ არის უცხო, მით უფრო ადვილია ასეთების შეთხვა, როცა ცოლისძმა უშიშროების მინისტრი იქნება, როცა თითქმის ყველა ხელმძღვანელი მუშაკი, აჭარის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარით დაწყებული, ან მისი ნათესავია, ან ცენტრალური ხელისუფლების მიერ მოხსნილი, ან ცენტრალური ხელისუფლებაზე განაწყენებული თანამდებობაზე მიუღებლობის გამო. მე ბედნიერი კაცი ვარ, ნათესავების უპირველეს პოსტებზე დანიშვნას რომ არ მაპატიებდა არც ქუთაისი, არც იმერეთი, პირველ რიგში მე არ ვიკადრებ ამას.

ერთი ამაზრზენი ფაქტის შესახებაც, ევროპის რეგიონთა ასამბლეაში ჩემი გამგზავრების წინ აჭარის პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ცილისწამების ბრალდებაზე. ასლან აბაშიძისათვის ცილი დამიწამებია. ცინიზმი არ არის, ორჯერ ასეთი გაუგონარი რამ დასწამო კაცს და იმავეს უჩივლო ცილისწამებისათვის?
იმ ღამე ავსტრიაში უნდა გავმგზავრებულიყაი _ აჭარის პროკურატურის გამომძიებელმა გამომიძახა დაკითხვაზე. განმეორებითი გამოძახება – უკვე დაქადნებით, 4 დეკემბერს მივიღე – სწორედ იმ დღეს, როცა ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა იმერეთი, სწორე დიმ დღეს, როცა თითქმის მთელმა საქართველომ იცოდა, ავსტრიაში ვიყავი ასამბლეაზე დ აიმ პრობლემის თაობაზე, რომელიც 3 დეკემბერს ქართველთა ჩარევით შეუქმნეს იმერეთს _ ასამბლეაში მიღებაზე არაფერს ვამბობ, ვინ და რატომ უშლიდა იმერეთს ასამბლეაში შესვლას, რა ნერვიულობა გადავიტანეთ და რა უზნეობას ვუყურე საკუთარი თვალებით _ საკმარისია ერთი ფაქტიც _ ასამბლეის პრესიდენტს, ბატონ ვან დენ ბრანდენს წარუდგინეს გაზეთები _ იმერეთში 19 ოქტომბრის ტანკებით, ჩემს მიმართ სისხლის სამართლის აღძვრით და ქუთაისში პედაგოგთა შიმშილობის დაწყებით. ეს უკანასკნელი ასამბლეის პრეზიდენტმა უფრო ადრე გაიგო, ვიდრე მე.

ერთიც, ბატონო პრეზიდენტო, აბაშიძის ბრალდებების შემდგომ მე მივმართე გენერალურ პროკურორს, ვითხოვდი მხოლოდ სამართლებრივ შეფასებას (უდიდესი სურვილი მაქვს, გადახედოთ გენერალური პროკურორისადმი ჩემს მიერ გაგზავნილ წერილს, რომელსაც ამ დოკუმენტთან ერთად გაახლებთ). 9 თვე გადის, – შეფასება არ ჩანს. ეტყობა ველოდებით, როგორ დაადებს ფირს ჩემს ხმას უშიშროებისათვის შეძენილ რამოდენიმე მილიონიანი აპარატურის მაშვეობით.

ბატონო პრეზიდენტო, შეიძლება ყოველივე ამის შემდგომ, მე თანამდებობაზე დავრჩე? მინდა ვიკითხო, თუ რასაც მაბრალებენ, მე ის ვთქვი, როგორ შეიძლება ამ თანამდებობაზე ვიყო, ან რა უფლებით, თქვენ, საქართველოს პრეზიდენტი, აჩერებთ ასეთ პიროვნებას თანამდებობაზე. თუე ს არ მითქვამს და არსებობს ადამიანი, რომელსაცა ასეთი გაუგონარი სიცრუე შეუძლია ჩაიდინოს, და ასეთი გაუგონარი ბრალი დასწამოს სხვას, მაშინ თქვენ, ან სხვა ხელმძღვანელები როგორ თანამშრომლობთ მასთან, რატომ არ იწყებს კანონი მოქმედებას? იგივე მინდა მივმართო იმ მეცნიერებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობენ.

მოდიში მინდა მოგიხადოთ ასეთი სიმწვავისათვის, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც მინდა გაითვალისწინოთ თქვენ, ხალხმაც, ყველამ, ვისაც ოდნავ გააჩნია სიმართლისა და სამართლიანობის მარცვალიც საკუთარ თავში.
მე ასსეტ გაურკვეველ მდგომარეობაში არც თანამდებობა მინდა და არც სიტყვით კეთილი დამოკიდებულების გამოხატვა. დიდი მადლობა ყველას. დრო ყვე;აფერს გაარკვევს. ხალხი ყველაფერს მიხვდება, მე მხოლოდ ეს მაიმედებს.

და ბოლოს,ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთი, ქვეყანაში ხელოვნურ პრობლემად ქცეული საკითხისგამო. საუბარია მუშაობის შეფასების კრიტერიუმებზე, ციფრებიოთ თამაშზე, და უპირველესად კი, იმ ნორმატივების თაობაზე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი და უდიდესი დაპირისპირება შექმნა ქვეყანაში.

დავუშვათ, რომ ჩემი მსჯელობა საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებით გაზვიადებული ან უსაფუძვლოა, მაგრამ მინდა ვიკითხო, ნორმატივებისა დასახელმწიფო მოწყობის რა სისტემაა ქვეყანაში, როცა მ/წლის პირველ ნახევარში საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში სულ დახარჯული 173 მლნ დან 67 მლნ. დაიხარჯა თბილისში, დანარჩენ საქართველოში დახარჯული 106 მლნ დან 45 მლნ დაიხარჯა აჭარაში, იმერეთში – 13 მლნ-მდე, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9 მლნ-მდე.

სახელმწიფომ აჭარაში რომ თითქმის 3,5-ჯერ მეტი დახარჯა, ვიდრე საქართველოს ყველაზე დიდ რეგიონში, იმერეთში, იმერეთში, ვთქვათ ეს არაფერია,მაგრამ აჭარაში რომ იმდენი დაიხარჯა, რამდენიც კახეთის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის სამცხე ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, და ქვემო სვანეთის მხარეებში ერთად აღებული _ არც ამაზე დავფიქრდეთ?

შეიძლება სახელმწიფო თავის ფულს ისე ინაწილებდეს, რომ ერთ კაცზე მ/წლის პირველ 6 თვეში თბილისში ხარჯავდეს 37,3 ლარს, აჭარაში 65,5 ლარს, იმერეთში 7,4 ლარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში 10,6, შიდა ქართვლში _ 7,8, ქვემოქართლში 10,1, გურიაში _ 4,3, სამცსხე-ჯავახეთში – 8,2, მცხეთა მთიანეთში _ 12,2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში – 5,2 ლარს?

შეიძლება ასეთი სხვაობა იყოს ერთ სახელმწიფოშო? ერთ საბიუჯეტო მოწყობის პირობებში ორ მეზობელ რეგიონს შორის? აჭარაში სახელმწიფომ ერთ კაცზე დახარკჯა 65,5 ლარი, გურიაში 4,3, აღარ ვსაუბრობ ცალკეულ ქალაქებსა და რაიონებზე, სადაც ერთ კაცზე 6 თვეში დახარჯული თანხის მოცულობა 2-4 ლარის ფარგლებშია?

ეს რომ არ შეიძლება _ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლშია ჩამოყალიბებული: “სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნისმთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს”. _ ვინმე იკითხავს, ალბათ, აჭარას მეტი შემოსავლები აქვსო ეს ასე არ არის, ბატონო პრეზიდენტო. მ/წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსული 31,7 მლნ თანხიდან 21.0 მლნ-მდე თქვენი რეკომენდაციით და პარლამენტის თანხმობით მიღებული კანონით მინიჭებული შეღავათებით აქვს მიღებული. ეს კანონი კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე ანტიკონსტიტუციურია, რადგან შეღავათები შეიძლება დაწესდეს მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონებისათვის. მთას რა მოხმარდება ამას კარგად ვხედავ, რაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის გაკეთდა თქვენი ინიციატივით აჭარის ხელმძღვანელობისათვის: საბაჟოს 40% ადგილზე, დღგ-ს 30% ადგილზე, აქციზის – 40% ადგილზე (დანარჩენი რეგიონებისათვსი ყველაეს თანხა ცენტრში მიდის), საშემოსავლოსა და მოგების გადასახადის მაჩვენებლები თითქმის ერთი და იგივეა. არც ერთი ეკონომიკური კანონზომიერებით არ შეიძლება მოხდეს. პირველი მეორეზე 5-10-ჯერ (თუ მეტი არა) მეტი მაინც უნდა იყოს. ეჭვგარეშეა, რომ დღგ-ს გადაქაჩვა ხდება მოგებაში, რადგან ამ უკანასკნელის 99% რჩება ადგილზე, დღგ-ს კი 30%. ეს სწორედ იმისათვის ხდება, რომ ნაკლები ეკუთვნოდეს ცენტრალურ ბიუჯეტს, მეტი რჩებოდეს ადგილზე.

გთხოვთ დააკვირდეთ, ქუთაისიდან ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება საგადასახადო შემოსავლების 60,7% რუსთავიდან 67,7%, აჭარიდან 16,8% ეს ციფრები იმავე ბიუჯეტიდან არის, რომელიც მთავრობის სხდომაზე 6 თვის შედეგების განხილვასთან დაკავშირებით დაგვირიგდა. ამ ბიულეტენს ყოველგამოსვლაში აფრიალებენ, მაგრამ რატომღაც ეს ანალიზი არ აწუხებთ. უფრო მეტიც, იმიტომ, რომ ქუთაისმა ცენტრალური ბიუჯეტის გეგმა 104,4%-ით შეასრულა, ადგილობრივი 94,8%-ით. აჭარამ კი პირიქით ცენტრალური გეგმა 97,4%-ით შეასრულა, ადგილობრივისთვის 141,8%-ით, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ გადასახადი 3,5 მილიონიდან პრაქტიკულად არაფერი გადარიცხულა _ ვფიქრობ კომენტარიც ზედმეტია.
ჩემს ხელთ არსებული ციფრებით ნორმატიული შეღავათების, ტრანსვერების, დახმარებებისა და სესხის აჭარის ხელისუფლებამ 100.0 მილიონზე მეტი მიიღო დამატებით. ანუ ნაჩუქარი ფული გაცილებით მეტია, ვიდრე თბილისსა დააჭარის გარდა მთელს საქართველოში დაიხარჯა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. ეს ასი მილიონი, ხომ მთელი ქვეყნის, გარკვეული ნაწილი ხომ იმერეთის კუთვნილება იყო, ბატონო პრეზიდენტო. სახელმწიფო თანხების ასეთი დამახინჯებული განაწილებაა ქვყანაში და ზოგჯერ გიკვირთ რატომ გამოვდივარ მწვავედ. ასეთ დროს იგი უნდა გვიკვირდეს, თუ კაცი წესიერი და ზნეობრივია, რატომ რჩება თანამდებობაზე – იმიტომ, რომ ვინც ფულს ართმევს – იმის თითის ქნევას და რეგიონის ნგრევას, ხალხის წამებას უყუროს?

მე ასეთად არ გამოვდგები.

დიდი ხანია, გთავაზობთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თუ იმერეთი მიიღებდა დამატებით 10 მილიონ ლარს, ჩვენ მას წლის განმავლობაში ბიუჯეტისათვის ვაქცევდით 20-25 მილიონამდე და მხარეში შევასრულებდით 25 მილიონზე მეტის კეთილმოწყობის სამუშაოს. სულ 10 მილიონია საჭირო, რომ იმერეთის 12 ქალაქი და რაიონი, ქვეყანაში ყველაზე დიდი რეგიონი არნახულად კეთილმოწყობილი გახდეს. ჩვენ მთელს საქართველოს ვაჩვენებთ, რა შეუძლია პატიოსნად გამოყენებულ 10 მილიონს, რომ იგი მეტის გააკეთებდა, ვიდრე ზოგიერთ რეგიონში 200 მილიონმა შეძლო. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მომეცა. თუმცა 1993-1995 წლებში, როცა ხელისუფლების მხრივ მორალური მხარდაჭერა მეტი გვქონდა, როცა საბიუჯეტო მოწყობის შედარებით ნორმალური სისტემა იყო ქვეყანაში _ პრაქტიკულად ომის დრო, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე შევძელით 40 კილომეტრიანი წყალსადენის გაყვანა, პრაქტიკულად დანგრეული ისტორიული ,,ჯაჭვის ხიდის~ აშენება, ,,თეთრი ხიდის~ აღდგენა, თითქმის მთელს ქალაქში შენობათა ფასადების გაკეთლშობილება, რამოდენიმე კილომეტრიანი დავით აღმაშენებლის პროსპექტის მშენებლობა _ 40-მდე ოჯახის სხვაგან გადაყვანით, ქალაქში 20 კილომეტრიანი ასფალტის საფარის დაგება, გელათის აკადემიის, ფოლკლორის სასახლის კაპიტალურად მოწესრიგება და რაც მთავარია, დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა და მოედნის სრული რეკონსტრუქცია. ეს რეალობაა… მართალია ბევრს დაავიწყდა რა გააკეთა და როდის, მაგრამ ეს მართლაც რეალობაა…

დიდი ხანია ვითხოვ, დატოვოთ მხარეში მარეგულირებელი გადასახადის 70% და ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი 30% მეტი იქნება, ვიდრე დღეს, როცა 70-75% ცენტრში მიდის და, რაც მთავარია, ჩვენ დავაფინანსებთ მხარეში ყველაფერს, ცენტრალური ბიუჯეტის დახმარების გარეშე. ვწუხვარ, ამის გაკეთების საშვალება არ მაქვს. შთაბეჭდილება მრჩება არავინ, ბატონო პრეზიდენტო, ბიუჯეტების შესრულებისა და ხარჯვის სერიოზულ სტრაქტურულ ანალიზებს არავინ აკეთებს. Eეს რომ ხდებოდეს, ამდენი საკამათო არ იქნებოდა დასკვნების გაკეთება. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან სათამაშო ბიზნსით (კაზინო და ა.შ) მიღებული შემოსავლები აჭარაში მ/წლის 6 თვეში შეადგენს 3,9 ათას ლარს, ქუთაისში _ 17,7 ათას ლარს, მხედვბელობაში მიიღეთ, რომ ქუთაისში მხოლოდ 40%-ია აღრიცხული.მანქანების პარკირების გადასახადი ამავე პერიოდშიაჭარაში შეადგენს 19 ათას ლარს, ქუთაისში 10 ათასამდე ლარს (მაშინ, როცა ქუთაისსი 10% თუა არრიცხული

პარადოქსი: ქუთაისში თვითმფრინავზე ვმუშაობდით და საქართაველოში არ აღმოჩნდა 76 მარკის სუფთა ბენზინი, ფრენა რომ განხორციელდეს.
სპეციალურად ჩამოგვაქვს უცხოეთიდან.

ან კიდევ ერთ ასეთ ანალიზს დავაკვირდეთ: ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხნის მუშათა სასადილოს საქონელ ბრუნვა გაცილებით მეტია ვიდრე რუსთავის, ბათუმს გარდა, მტელი აჭარის რესტორნების, კაფეების, სასადილოების, საერთოდ, საზკვების საქონელბრუნვა. ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებულ სეზონურ რესტორან “ზღაპრარს” იმდენი თანხა აქვს შეტანილი ბიუჯეტში, რამდენიც მთელმა საზკვებამ ივაჭრა ქობულეთში. მ/წლის 6 თვეში ქუთაისის რესტორან “ალიონს” თითქმის 4-ჯერ, რესტორან “ევროპას 2,5 ჯერ, სასადილო “კოსტიას” 1,7-ჯერ, ქუთაისის ბიკენტის საქაბაბედ წოდებულ პავილიონს, სადაც 10-15 კაცი თუ დადგება ერთდროულად ფეხზე, 1,3-ჯერ მეტი საქონელბრუნვა აქვს, ვიდრე საკურორტო ქალაქ ქობულეთს.

ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, ბატონო პრეზიდენტო და ვითმენთ, მე მიმაჩნია, რომ არასწორად ვიქცევით, ვიძლიერებთ კორუფციას და თავხედ პოლიტიკოსებსაც. შედეგი სახეზე გვაქვს.

სამწუხაროდ, შედეგს ყველა თავის ანალიზს უკეთებს. აჭრელდა გაზეთები ექვსი თვის შედეგებზე გამოსული ბიულეტენის, ერთი შეხედვით სწორი, სინამდვილეში კი აბსურდული ანალიზებით. ჩვენს ქვეყანაში, რომ თავით ბევრი რამ არ კეთდება, ამ ბიულეტენსაც ეტყობა. სულ 10-15 წინადადებიანი 3-4 შენიშვნა იყო გასაკეთებელი ცხრილზე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. არ შემიძლია იმის მტკიცება, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა, მაგრამ შედეგი რომ ცუდი მოგვცა და დაბნეულობა შემოიტანა ეს ფაქტია.
რა შენიშვნები იყო საჭირო?
1. აჭარის მონაცემებში შეტანილია საბაჟოს შემოსავლები.
2. აჭარის მიმართ შემოღებულია საბიუჯეტო თანხების გადანაწილების განსხვავებული სისტემა
3. რეგიონებს, რომლებმაც გადატვირთეს პროდუქცია უცხოეთში დააკლდათ იმავე პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის შესაბამისი მოცულობა.
Mმარტო ამ უკანასკნელის გამო, იმერეთის ბიუჯეტს 10 მილიონამდე ლარი დააკლდა. Eე.ი კარგად რო ვიმუშავეთ და უცხოეთში დიდი მოცულობის პროდუქცია გავიტანეთ _ ამის გამო გავკრიტიკდით. თუ ამას დავუმატებთ, რომ იმერეთს ფინანსთა სამინისტროდან, სხვადასხვა სახელმწიფო ფონდებიდან, სახელმწიფო ორგანოებიდან ერგება 80 მილიონამდე ლარი, იგი გადასახადებში მინიმუმ 20 მილიონს იძლევა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოუწესრიგებელი საბაჟოების გამო პრაქტიკულად გაგვიჩერდა წისქვილის ქარხნები, საერთოდ გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა და ყოველივე ამის გამო 15 მილიონამდე თანხა დავკარგეთ _ მაშინ იმერეთის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებდა და თბილისის შემდგომ პირველი იქნებოდა.
უმძიმესი ფაქტია ცენტრალურ ბიუჯეტში თანხების გადმორიცხვის საკითხი. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებდა ასეთ მდგომარეობას. დანაშაულია, როცა არ გადმორიცხვების რეგულირება ჩათვლების მექანიზმით ხდება. სამწუხაროა, ამ დოკუმენტებზე პრეზიდენტის თანხმობის რეზოლუცია რომ არის.
ჩვენი თანადგომა იმაშიც გამოკვეთილია, ბატონო პრეზიდენტო, რომ ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნლ თანხას ერთი დღითაც არ ვაჩერებთ რეგიონში და განსაკუთრებულად ვაკონტროლებდით ცენტრალური ბიუჯეტის გეგმის შესრულებას. კონტროლის პალატამ დააფიქსირა ცენტრალურ ბიუჯეტში ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე გადმორიცხული 400000 მდე ლარის მეტობა.
დღეს გაიგო ფინანსთა სამინისტრომ ეროვნულმა ბანკმა, რომ აჭარიდან მილიონობით თანხა არ ირიცხებოდა ბიუჯეტში? სწორედ ამის გამო გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა პენსიებისა და ხელფასების დარიგების თვალსაზრისით. ეს თანხა რომ ცენტრალურ ბიუჯეტს მიეღო, არც ერთი ლარი დღეს სახელმწიფოს არც პენსიების, არც პედაგოგების, არც საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალი არ ექნებოდა. აამის დასტურად სამი ერთი და იგივე შინაარსის დოკუმენტი გამოგვადგება. პირველი: 1997 წლის 9 იანვრის თქვენი ბრძანებულება, რომელიც ყოფილი ფინანსთა მინისტრის დავით იაკობიძის მიერ არის მომზადებული მეორე და მესამწე ბატონების მიხეილ ჭკუასელის და დავით ონოფრიშვილის მიერ არის მომზადებული.

თუ რას ნიშნავს, როცა ერთი რეგიონი სრულად აიღებს ან იტოვებს თანხებს და მეორე კი არა, მარტივი მაგალითიდანაც ჩანს. დღეს ბუნებრივად ერთ-ერთ უღარიბეს რაიონში ხონში, რომ პენსიონრებზე კუთვნილი პენსია იყო დარიგებული, გადახდილი იქნებოდა მიწის გადასახადი, რომლის დავალიაქნება, 500 ათას ლარს შეადგენს. ამ თანხით არათუ პედაგოგებისა და სხვა საბიუჯეტო მუშაკთა ხელფასები იქნებოდა დარიგებული, არამედ მოხსნილი იქნებოდა ბევრი კომუნალური ხასიათის პრობლემა, მათ შორის უპირველესად წყლის.ვიმეორებ, კუთვნილი პენსიების დარიგებით რაიონში უმთავრესი პრობლემები იქნებოდა მოგვარებული.
ბატონო პრეზიდენტო, ყველა დონეზე ვისაც მოესურვება გაისმის კრიტიკა იმერეთში პენსიებისა და ხელფასების დარიგებასთან დაკავშირებით. მინდა გაგახსენოთ, 1998 წლის მეორე ნახევარში მე თქვენ მოგმართეთ თხოვნით მოგეცათ საშვალება ცენტრალრ ბიუჯეტში გადმოსარიცხი წლის ბოლო 4 თვის თანხა დაგვეტოვებინა იმერეთში და მე გპირდებოდით, რომ სახელფასო პრობლემას მოვხსნიდი. თქვენ მხარდაჭერის რეზოლუცია გააკეთეთ. პასუხი ასეთი მივიღე, რომ ეს არის კანონის დარღვევა, უფრო მეტიც, ქვეყნის მთლიანობის დარღვევა, რომ ამის გაკეთება კატასტროფამდე მიიყვანდა ქვეყანას. ჩვენთვის ეს შეუძლებელი გახდა და სწორედაც, მაგრამ რამდენიმე წელია ეს კეთდება აჭარის ხელისუფლების მიმართ. რა შედეგიც მოგვცა, აქეთ თითს გვიქნევს და გაიძახის, შეხედეთ რა კარგად ვცხოვრობთო. ვიცი ამას მომავალი როგორ შეაფასებს. დღეს კი უბედურება რომ მოაქვს, ფაქტია.
როცა ამ საკითხებზე ტკივილით ვსაუბრობ, არ შეიძლება ერთ უმწვავეს საკითხს არ შევეხო. Fფინანსები არა აქვს იმ რეგიონებს, რომლებსაც მაღალი აქვთ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, პროდუქციის ექსპორტი, საქონელბრუნვა, აღრიცხვა.
Kკიდევ უფრო შემაძრწუნებელი ის არის, რომ, ყვლაზე მეტად ხმაურობს სწორედ ის რეგიონი, რომელსაც სამარცხვინო მონაცემები აქვს. Eეს დოკუმენტიც დარიგებულია მთავრობის სხდომაზე, მაგრამ როგორც ჩანს ამ ციფრებით საუბარი ბევრს არ აწუხებს.
ასეთია რეალობა, ბატონო პრეზიდენტო, ბიუჯეტი არა აქვს იმ რეგიონს, სადაც ყველა ეს მაჩვენებელი უკეთესია. სადაც ეკონოიკური მაჩვენებლები კარგია, იქ ფინანსებია ცუდი და პირიქით. Eეს ნამდვილად დიდი პარადოქსია. 3 წელია ამას ვსაუბრობ. Mდგომარეობა არ შეიცვალა. რა გაეწყობა, ვაღიარებ, რომ დავმარცხდი ამ ბრძოლაში.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი წერილი აზოვნების სიძნელეზე ავაგე. ეს, მართლაც რომ ურთულესი პრობლემაა.
აზროვნების სიძნელე იქნება მანამ, სანამ ქვეყანაში ყველა სფეროში კონკურენცია არ გაიმარჯვებს, სანამ სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება, სანამ ხელისუფლებაში იქნებიან კორუმპირებულნი, სანამ პრეზიდენტი დაუნდობელი არ იქნება მისი გარემოცვის იმ პირთა მიმართ _ ვინც ძარცვა-გლეჯვით ცხოვრობს… აზროვნების სიძნელე იქნება მანამ, სანამ ხალხი ტაშს დაუკრავს და გმირად აქცევს სხვათა ხარჯზე გამდიდრებულთ.
გადავხედოთ, რამდენი მდიდარია ქვეყანაში იმ დროს, როცა კანონიერად ამის მიღწევა შეუძლებელი იყო. გადავხედოთ როგორ უკრავენ მათ ტაშს. გადავხედოთ, როგორ მიცოცავენ ისინი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსაკენ, პარლამენტისაკენ. აზროვნების სიძნელეა, როცა მეცნიერები, შემოქმედნი, ქვეყანაში მცხოვრები ცნობილი ადამიანები – ფულიან ხალხს აწვებიან პარლამენტისაკენ. განადგურდა ქვეყანა. ოდითგან ქვეყანაში წესიერება ფასობდა. უზნეობით გამდიდრებულს გამოჩენა ესირცხვებოდა, არც იღებდა მას საზოგადოება. დღეს პირიქით ხდება – მენავთე, მებენზინე, მეჯართე, ტყის ქურდი – წესიერ კაცს თხოვს მხარდაჭერას ეიყვანოს პარლამენტში მის საუფროსოდ.

როგორც ჩანს, ჩვენი მენტალიტეტი დაბინძურებულია… დროა საჭირო შეცვლისთვის, ახალი თაობის გაძლიერებისთვის.

უდიდეს საქმეს გააკეთებთ, ბატონო პრეზიდენტო, თუ ამ გზაზე ახალი თაობების გაძლიერებისათვის რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამთ.

ბატონო პრეზიდენტო,

ჩემის აზრით, დღეს ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომლის პოლიტიკურ რეალობაში პასუხისმგებლობა მკვდარია, თავხედობა ზენიტშია, ქვეყანა ინტრიგებმა მოიცვა, მოსახლეობის პოლიტიზირებამ დამანგრეველ ზღვარს მიაღწია, სადაც ერთ მეწარმეზე 10-15 პოლიტიკოსი მოდის და რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მეწარმეთა დიდ ნაწილთან ერთად პარლამენტარობა უნდა, პლიტიკოსთა უმრავლესობა დღესვე თვლის თავს მზად პრეზიდენტობისათვის, უსაქმურობა წესად იქცა, ნაკლებად ჩანს საქმეზე დაფიქრებული, საქმის კეთებით განწყობილი კაცი.
ყველაფერი ეს უბედურებაა…
ბედნიერება კი იმაშია, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ჩანს ნათელი წერტილი, სიბნელეში სინათლე, როგორც დიდი ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი იტყოდა _ ეს ნათელი წერტილი ჩვენი ისტორიული ფესვები და გენეტიკური კოდია, ქართველმა გადამწყვეტ მომენტში გადაწყვეტილება გონით და არა კუჭით მიიღოს. ნათელი წერტილი ხალხია, რომელიც მშიერი და დაუძლურებულია, მაგრამ არ წაქცეულა, არ დაუჩოქებია, არ გაყიდულა არ ტირის,ხელები აქვს დაკაპიწებული და ქვეყანაზე ფიქრობს.
მხოლოდ ამის და ამ ხალხის იმედი უნდა გქონდეთ, ბატონო პრეზიდენტო, და არ იმათი, ვინც სკამებისათვის გეპირფერებათ, გეთამაშებათ. დავით აღმაშენებელს ათქმევინა ცხოვრებამ
,,მლიქვნელთა ძმუისა ვერაგობა
ვითნე და შემასმენელთაი~
სამწუხაროდ, დიდ მეფესაც უთმენია მლიქვნელები და დამსმენები. ისეთი დრო მოვიდა ხელმძღვანელთა უმეტესობა მლიქვნელსა და დამსმენს უფრო სცემს პატივს და არა მართლის მთქმელს. თქვენც გჭირდებათ ამაზე დაფიქრება, ბატონო პრეზიდენტო, ამ პრობლემაზე დაფიქრება. არც თქვენი გარემოცვაა თავისუფალი ამ უბედურებისაგან.

ბატონო პრეზიდენტო,

ადამიანურად ვწუხვარ, რომ ამ საკითხებზე მოვედი თქვენთან ,პიროვნებასთან, რომლის სახელთანაც დიდი საქმეებია დაკავშირებული, რომლისგანაც უამრავი სიკეთე მახსოვს და რომლის მიმართ ერთგულებაში ეჭვი არასოდეს გამჩენია. ვინ ვინ და მეკარგად ვიცი, რა დიდი როლი შეასრულეთ თქვენ საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მომავალი გაცლებით დააფასებს ამას, მოვედი თხოვნით განთავისუფლების თაობაზე. მე არ გავურბივარ პრობლემებს. პირიქით, მე იმაზე ვწუხვარ, რომ უდიდესი საქმეების გაკეთება შეიზლება და პრაქტიკულად, ბლოკირებული ვარ მოქმედებაში. ძალიან ცოტა ვინმეს სურს შეებრძოლოს კორუფციას, ყოველგვარ ზღვარგადასულ კონტრაბანდას, დაიცვას მეწარმე, შეწუხდეს პენსიისა და ხელფასმიუღებელი ადამიანის მდგოამრეობით. ფუფუნებაში კი ბევრი ცხოვრობს დღევანდელ ხელძღვანელთაგან, ბატონო პრეზიდენტო. ხალხს არ სჯერა, რომ თქვენ ეს არ იცით. ჭირს, ძალიან ჭირს ამ თემაზე მოსახლეობასთან საუბარი.

კარგად მესმის თქვენი, რომ გინდათ ქვეყანა გამართულად შეიყვანოთ მესამე ათასწლეულში, დაამკვიდროთ ევროპულ და დასავლურ არეალში და ამავდროულად ბრძოლა გიწევთ ძველფეოდალურ აზროვნებასთან. ერთდროულად გიწევთ მუშაობა 21-ე საუკუნის და წარსულის აზროვნების ადამიანებთან.

გაგიჭირდებათ, ბატონო პრეზიდენტო, დღევანდელი სახელისუფლო შემადგენლობით დიდი საქმეების კეთება, დიდი წესრიგის დამყარება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მე ზედმეტი ვარ ამ სახელისუფლო შემადგენლობაში. დრო დაადასტურებს, რომ მე არასოდეს ედუარდ შევარდნაძის ოპოზიციაში არ ვიქნები, მხარდაჭერა კი განსაკუთრებული. ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება იყო თქვენთან მუშაობა და სწორედ ამიტომ ვიდექი უღალატოდ, გადავიტანე უმძიმესი პერიოდები, სიცოცხლის ფასად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, მართალი ვიყავი და ღმერთმა გადამარჩინა. თანამდებობიდან მივდივარ თქვენდამი კეთილი განწყობით. მთელი ცხოვრება ვიამაყებ, რომ ვმუშაობდი თქვენი ხელმძღვანელობით. თქვენი დიდი მხარდაჭერით დაიდგა დიდი დავით აღმაშენებლის პირველი ძეგლი საქართველოში, შევძელი რამდენჯერმე გადავდგომოდი ტანკებზე ამხედრებულ ქვეყნის დამანგრეველ ძალებს, თქვენი ინიციატივით დაიწყო მიწის საკუთრებაში გადაცემა, უდიდესი წარმოების ოდნავ წარმოებაში მოყვანა. ვიამაყებ იმით, რომ იმერეთში არ შექმნილა პოლიტიკური პარტია, ქუთაისი არ გადავაქციეთ მესამე პოლიტიკურ ცენტრად და რომ ვცნობდით მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ცენტრს _ თბილისს. ვიამაყებ იმით, რომ მივდივარ თანამდებობიდან იმდენივე უძრავ-მოძრავი ქონებით, რითაც მოვედი და ყველაფერი მამაპაპისეულია.

ჩემი კრედო იყო და რჩება: უმჯობესია რამდენიმე პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს. დღეს მე უმცირესობაში ვარ, ვგრძნობ, ვხედავ. თუნდაც ამის გამო უნდა წავიდე თანამდებობიდან.
დარწმუნებული ვარ, თქვენ დააკმაყოფილებთ ჩემს თხოვნას. უმჯობესია მე წავიდე თანამდებობიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დააკმაყოფილებს ჩემს თხოვნას. უმჯობესია მე წავიდე, ვიდრე ჩემი დარჩენით უამრავი პრობლემა შეგიქმნათ არა ერთი და ორი ისეთი პიროვნების განთვისუფლების მოთხოვნით, რომლითაც დიდი პატრონები ჰყავთ მინისტრების და სხვა მრავალი რანგის ხელისუფალთა სახით. და ეს პატრონობა ლამაზი თვალებისათვის არ ხდება.

უმჯობესია მე წავიდე თანამდებობიდან, რადგან უაზროდ ვთვლი ჩემს საქმიანობას, თუ რეალური პრიორიტეტი არ აქვს განათლებას, მასწავლებელს, ბავშვს, თუ ქუთაისი მძლავრად არ წავა საუნივერსიტეტო ქალაქისაკენ, მეცნიერებისაკენ, თუ არ იქნება მხარდაჭერის პროგრამა საწარმოთა ამქმედებაზე, ბიზნესისი განვითარებაზე, თუ არ დაფასდება ხელოვანი, კულტურის სფერო. საერთოდ, თუ არ იქნება დიდი სპორტის პროგრამა.
ვეჭვობ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ ურთულეს პრობლემათა გადაჭრაში.
ყველაფერთან ერთად არის კიდევ ერთი რამ, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და მაფიქრებინებს მიმაღებინოს გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე.

მე იმ კაბინეტში ვზივარ, სადაც მამუკა ასლანიკაშვილი იჯდა. უწესიერესი კაცი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მე ჟიული შარტავას დიდი მხარდამჭერით მოვდიოდი. აწამეს, მართლაც რომ დაკორტნეს ეს მართალი და ნათელი კაცი.
აზროვნების სიძნელედ და ჩვენი ყოფის ტრაგედიად ვთვლი, რომ ქვეყანაში სწორედ ის ძალები ძლიერდებიან, ვინც მამუკა ასლანიკაშვილი თვითმკვლეობამდე მიიყვანა, ხალხის დატირების, ოჯახსა და ახლობლებს ბილისში დასაფლავების უფლება არ მისცა. ვინც აწამა და დაკორტნა ჟიული შარტავა, რომლის ტრაგიკული დაღუპვა ბევრ ეჭვებს ბადებს.

27 სექტემბერი _ ჯვართამაღლების დღეა… მამუკა ასლანიკაშვილის დაბადების და ჟიული შარტავას ტრაგიკული დაღუპვის დღეა.

ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისი, იმერეთი 1995 წლიდან ამ დღეს ყოველთვის აღნიშნავს.
ჩვენში, ჩვენს ყოფაში რომ ქრისტიანული მორალი მძლავრობდეს, ასეთი მხარდაჭერა არ ექნებოდათ იმათ, ვინც ბოროტება ჩაიდინა, სიკეთის მქმნელი ამ ორი კაცის მიმართ. ისინი თვით ხალხის მიერ იქნებიან მოკვეთილნი.
თუ ჩემი წასვლით ამაზე ბევრს ვერ დავაფიქრებ, პროტესტს მაინც გამოვხატავ _ თანამდებობისა და სკამის გარეშე უფრო შევძლებ იმ უზნეო ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც ბედნიერებას სხვის გაუბედურებაზე, სისხლზე აგებენ, რადგან ხელები სისხლში აქვთ.

ეჭვი არ მეპარება, საქართველოს სიძლიერე ქრისტიანულ მორალშია. დიდი ათასწლეული მოდის. ქვეყანამ იგი ქრისტიანულად უნდა დაიწყოს. მამუკა ასლანიკაშვილი პირველი ქალაქის პირველი მდივანი იყო, რომელმაც ბაგრატის ტაძრის აღდგენას მოჰკიდა ხელი. ამ საქმეში მისი დიდი მხარდამწერი ჟიული შარტავა იყო. ყველაფერი თქვენი დიდი მფარველობით კეთდებოდა.

ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ახალი ათასწლეულის პირველი პროგრამული ბრძანება ბაგრატის ტაძრის 1000 წელთან იქნება დაკავშირებული. მწამს და მჯერა საქართველოს ერთიანობის დიდი სიმბოლო 2003 წელში აღდგენილი იქნება.

ეჭვი არ მეპარება ამ დროს საქართველო არა თუ ერთიანი _ ძლიერი სახელმწიფოც იქნება.

თეიმურაზ შაშიაშვილი
აგვისტო, 1999 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *