(საქართველოს რესპუბლიკა) ღმერთო, მიეცი საქართველოს მოსახლეობას იმის უნარი,რომ აირჩიოს მისი და არა გარე ძალთა მსახური ხელისუფლება!

 

news_72292„…ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში, ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისაგან“.

ასეთი ჰუმანური და ეროვნული წინადადებით მიმართა, ჯერ კიდევ სიცოცხლეში, თითქმის ორი წლის წინ ბატონმა რეზო ჩხეიძემ საქართველოს პრეზიდენტს,  პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტოს წევრებს…მაშინ,მათ ამისთვის ვერ მოიცალეს, დიდი ხელოვანის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს,  არაერთი კრიმინალის განთავისუფლება კი წარმატებულად შეძლეს… ისე წავიდა ბატონი რეზო ამ ცხოვრებიდან, რომ მის ჰუმანურ თხოვნას არანაირი გამოხმაურება არ ჰქონია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთივე დამოკიდებულებაა საყოველთაოდ მხარდაჭერილი და პატრიარქის მიერ არაერთგზით მოწონებული  ორი დიდი ეროვნული ინიციატივისადმი. მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა და ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისადმი.

უკვე სამ წელზე მეტია, რაც ქვეყანას მართავს ხალხის ნდობით, მათთვის დაპირებების უხვი გაცემით მოსული ხელისუფლება, რომელმაც წარმატებულად გააგრძელა წინა ხელისუფლების გზა,  უხვად გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები უცებ დაივიწყა და დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაგვპირდა. ხელისუფლება, რომლის უმრავლესობამ, პრეზიდენტით დაწყებული პარლამენტარებით, მინისტრებით, თუ მერიის და გამგეობის რიგითი თანამშრომლით  დამთავრებული, აქაც წინა ხელისუფლების მსგავსად, მთელი ეს პერიოდი უპირატესად საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას, ხელფასებისა და პრემიების დანიშვნას მოახმარა,  კომფორტსა და  რეზიდენციებს ვერ ელევიან 150 ლარიანი პენსიებისა და დაახლოებით ასეთივე ხელფასების ფონზე. შუბლი გაისქელეს და იმას ამტკიცებენ, რომ დეპუტატის თუ სახელმწიფო მოხელის ხელფასი ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა მან ცხოვრება შეძლოს. მიაღწიეს კიდეც. მათი ხელფასები ათასებით,   პრემიებთან ერთად კი ათიათასებით  იზომება.

მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ხელოვანი, რეზო ჩხეიძე ვერც კი იოცნებებდა ცხოვრების ისე მოწყობაზე, როგორადაც ამას დამოუკიდებელ საქართველოში, ხელისუფლებაში მისვლის პირველსავე წელს ახერხებს  აბსოლუტური უმრავლესობა… ეს ამ ქვეყნის ტრაგედიაა.

ხელისუფალი, რომელიც ისეთი რანგის მოღვაწის წინადადებას იგნორირებას უკეთებს, ქვეყნისთვის თავდადებულ ხელოვანს არ უსმენს, არც ხვდება და არც პასუხობს საერთო სატკივარის გამომხატველ წინადადებაზე-ამ ქვეყნის ხელისუფალი არ არის,სხვის ინტერესებს ემსახურება, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ ხელისუფალთა “მოღვაწეობის” შედეგია,რომ ქვეყნის შიგნით ხალხი სულს ღაფავს გაჭირვებისაგან და ქვეყნის გარეთ ე.წ. „ჩვენი მეგობრები“ კმაყოფილინი არიან ქვეყანაში არსებული მდგომარეობით და ხელისუფლების საქმიანობით!

ქვეანას არ ჰყავს ხალხის ინტერესების გამომხატველი პრეზიდენტი, პარლამენტი, ხელისუფლება საერთოდ…

არ არის გამორიცხული  რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბატონი რეზო ჩხეიძის მიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაჟღერებული, მათ მიერ სრულიად იგნორირებული ჰუმანური მოთხოვნა უკვე თავად წამოაყენონ და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მოხერხებულად გამოიყენონ. ამის ნიშნები დღეს უკვე გამოჩნდა: ხელისუფლებამ, რომელმაც არ ჩათვალა საჭიროდ, წლების წინ ყურადღება მიექცია დიდი მოღვაწის თხოვნისთვის, შესაძლოა დღეს ცალკეული პოლიტიკოსების მიერ წინასაარჩევნოდ წამოყენებული იგივე მოთხოვნა დააკმაყოფილოს  და შემდგომ წინასაარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს.

ღმერთო, მიეცი საქართველოს მოსახლეობას იმის უნარი,რომ აირჩიოს მისი და არა გარე ძალთა მსახური ხელისუფლება!

 

თემურ შაშიაშვილი

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

3 აგვისტო, 2015 წელი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *