“თეთრების” პასუხი იმ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში გაააქტიურეს საუბარი არჩევნებთან და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით

ამასთან დაკავშირებით „თეთრების“ პოზიცია ასეთია .
ჩვენ არ ვიზიარებთ არც სახელისუფლებო ძალთა, არც არასაპარლამენტო ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური გაერთიანების პოზიციას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თავის დროზე, ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი გაამარგინალა და ამით გააბოროტა, მეორე ნაწილი კი გააფეტიშა. სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილი მიდის დღეს რაც მიგვიყვანს რადიკალიზმისკენ. პოლიტიკური რადიკალიზმი კი დამღუპველია ქვეყნისათვის,
დღეს ბევრს საუბრობენ საარჩევნო კოდექსზე. „თეთრებს“ მიაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს ხალხისთვის და არა პარტიებისთვის. არ შეიძლება მასზე ვინმეს ჰქონდეს მონოპოლია, თუნდაც ხელისუფლებას. საარჩევნო სისტემაზე უნდა მუშაობდეს არა პოლიტიკური პარტიები, არამედ მეცნიერები და ამ საქმის მცოდნე განათლებული ადამიანები. იმიტომ რომ მეცნიერი ფიქრობს ქვეყანაზე, პოლიტიკოსი კი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე.
გავიხსენოთ 1990 წლის არჩევნები, რომლებიც იყო ჩვენის აზრით საუკეთესო. მაშინ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო მეცნიერი, აკადემიკოსი ჟორდანია, კომისია დაკომპლექტებული იყო მეცნიერებით. არჩევნები ჩატარდა მშვიდად და წყნარად . და ეს იყო არა უბრალოდ არჩევნები, მაშინ შეიცვალა ქვეყნის პოლიტიკური ფორმაცია.
დღეს, ერთის მხრივ, ხელისუფლებაში მყოფი ძალები, რომლებიც ხუთიოდ წლის წინ იყვნენ პოლიტიკური რვიანის შემადგენლობაში, უარყოფენ თავისსავე ხელმოწერილ მოთხოვნებს.
მეორეს მხრივ, თერთმეტი პარტიის გაერთიანება, რომელიც მთელი არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით საუბრობს, რეალურად კი იგნორირებას უკეთებენ პარლამენტს გარეთ მყოფ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ითხოვს იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონვე ეწინააღმდეგებოდნენ. გავიხსენოთ, ე.წ არასაპარლამენტო პარტიათა წარმომადგენლები პარლამენტში ყოფნის დროს იცავდნენ მაჟრიტარულ სისტემას, დღეს კი, როცა აღარ არიან პარლამენტში, ებრძვიან მას.
თეთრების პოზიცია ასეთია, ჩვენ, არასდროს ვიქნებით იმ შეკრებების მონაწილე, სადაც მხოლოდ პოლიტიკური პარტიები იქნებიან . ჩვენთვის მიუღებელია, როგორც სახელისუფლებო ძალთა პოზიცია, ასევე ე.წ. არასაპარლამენტო პარტიების მოთხოვნა . რადგან მიგვაჩნია, რომ ორივე ძალა ორიენტირებულია ე.წ. ბელადზე. სწორედ პროპორციული სისტემა გულისხმობს ფულით და ბელადის ავტორიტეტით არჩევნების მოგებას. ჩვენი პრინციპი კი ასეთია – ქვეყანას გადაარჩენს არა ფულიანები და ბელადები, არამედ განათლებული ადამიანები. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ აქცენტს მეცნიერებსა და მეცნიერებათა აკადემიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, საჭიროა სისტემური ცვლილებები, დღეს მოსახლეობამ პოლიტიკურ პარტიებს უნდა წაართვას საქართველო და საარჩევნო კოდექსზე მონოპოლია.



