დღეს საქართველოს სჭირდება არა პოლიტიზირებული, არამედ მართალი და ქართული ცნობიერების ტელევიზია

1371640823_temuri_shashiashvili_2დღეს დიდი ხმაურია ატეხილი სატელევიზიო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ერთი მეორის მიყოლებით პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა და ცნობილი ჟურნალისტების ცალკეული არხებიდან გაშვებასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა პიკს აღწევს. „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ამასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

“ყოველ მოაზროვნე ადამიანს უნდა აწუხებდეს რომ საქართველოში მედიასივრცე იმაზე მეტად პოლიტიზირებულია ვიდრე წარმოგვიდგენია. აქამდე ყოველთვის, სატელევიზიო გადაცემების დახურვაც და გახსნაც პოლიტიკური ინტერესით იყო ნაკარნახევი. პოლიტიკური ინტერესით დატვირთული და ტენდენციური ტელევიზია კი შორსაა დემოკრატიისგან, რისკენაც სიტყვით მიისწრაფვიან ჩვენი ქვეყნის ხელისუფალნი. დღეს საქართველოს სჭირდება არა პოლიტიზირებული არამედ მართალი და ქართული ცნობიერების ტელევიზია. აქვე ხაზს ვუსვამ- ქართული სულაც არ ნიშნავს არც კარჩაკეტილობას, არც კოსმოპოლიტიზმს. ქართული ნიშნავს პლანეტარულს.

კონკრეტული თოქშოუების დახურვასთან დაკავშირებით კი ვიტყვი, რომ დღეს მთავარი პრობლემაა არა ის, კონკრეტულ არხზე იარსებებს თუ არა გარკვეული ჟურნალისტების პოლიტიკური თოქშოუები, არამედ ის, რომ სამწუხაროდ სატელევიზიო სივრცე პრაქტიკულად მთლიანად უჭირავს მყვირალა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. დიახ, ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ .თითქმის ყველა თოქშოუ არის მაყურებელზე ძალადობის დემონსტრაცია. გამოჩენაც კი ზოგიერთი წამყვანისა, უკვე აუდიტორიაზე ძალადობაა. თუმცა ამ თოქშოუების არსებობაზე მეტი ტრაგედიაა,ის, რომ ტელივიზიები ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აგიტპუნქტებად იქცნენ.

სატელევიზიო სივრცე დაყოფილია სახელისუფლებო და ოპოზიციურ ტელევიზიებად. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ან სახელისუფლებო ტელევიზია, ან ოპოზიციური ტელევიზია. თავმოყვარე ადამიანი არც ერთს უყურებს, არც მეორეს. ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა დგას მართალ ტელევიზიაზე. თავისუფალ ტელევიზიაზე,, იმ ტელევიზიაზე, რომლის უკან არის ქვეყნის ინტერესი და არა რომელიმე პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური ძალის, ფულიანის თუ ქვეყნის გარედან მოხვეული ინტერესი.

ვთქვათ პირდაპირ და რეალურად: საქართველოში ან სახელისუფლებო ტელევიზიები და გადაცემებია, ან ოპოზიციური. ქვეყანას, რომელსაც დიდი წარსული აქვს და გაცილებით დიდი მომავალი, არ აქვს აქციების თავისუფლად შეძენით აქციონერთა კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზია უფრო მეტიც, ასეთი ტელევიზიების შექმნას ებრძვიან. მართალი და თავისუფალი ტელევიზიის ეშინიათ სუსტებს. ტენდენციური და კონტროლირებადი ტელევიზიები და ჟურნალისტები სჭირდებათ სუსტებს. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუყენებია საქართველოსთვის ისეთი დიდი დამანგრეველი დარტყმა, როგორც ეს ფულიან პოლიტიკოსთა ჯიბის ტელევიზიება პოლიტიკურად დატვირთულმა, პოლიტიკური ინტერესებით სავსე ჟურნალისტთა გადაცემებმა მიაყენეს. სამწუხაროა, რომ ყალბი და გამოგონილი დემოკრატები რომელთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღემატება საქართველოში თავიანთი დემოკრატობის დასამტკიცებლად (ნამდვილ დემოკრატს ამის დამტკიცება არ სჭირდება) იბრძვიან არა მართალი და თავისუფალი ტელევიზიისთვის, არამედ იცავენ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესით დატვირთულ ჟურნალისტებს. ამავდროულად, სამწუხაროდ, დიდი ხანია,  მედიასივრცე დახურულია  ქართულად მომართული ნიჭიერი ჟურნალისტებისთვის და აქ მყვირალა, სპეცეფექტებზე ორიენტირებული ჟურნალისტები დომინირებენ, ისევე, როგორც პოლიტიკური სივრცე უჭირავთ მყვირალა, ქუჩის აქციებზე მომართულ პოლიტიკოსებს.

ხაზგასმით ვამბობ, რომ მიუღებლად და ნაკლებეფექტურად მიმაჩნია ცალკეული ტელევიზიების ან თოქშოუების დახურვა. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და დღესაც დაბეჯითებით ვიმეორებ, გამოსავალია არა ბრძოლა მიუღებელი პოზიციის ტელევიზიების თუ გადაცემების წინააღმდეგ, არამედ მართალი, დემოკრატიული და ქართული ცნობიერების სატელევიზიო სივრცის დამკვიდრებისთვის.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *