ძნელად სათქმელი, მაგრამ მაინც სათქმელი : “ნაცპარტია” უნდა გასამართლდეს, “ოცნება”უნდა წავიდეს…. უნდა შეიქმნას ახალი ძალა!

 

12ვიცი, ხიშტით შეხვდებიან ჩემს ამ პოზიციას, განსაკუთრებით პოლიტიკოსები  და მათი უახლოესი გარემოცვა. იქნება ლანძღვა-გინება, იგნორირება  – არ წაუკითხავთ და არ გაუგონიათ, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას. ეს ჩემი პირადი პოზიციაა.

მდგომარეობა, რომელშიც ხალხი და ქვეყანა აღმოჩნდა დამოუკიდებელ საქართველოში, პოლიტიკურ  პარტიათა და პოლიტიკოსთა თავგასულობის შედეგია. ჩვენ , პოლიტიკოსები ხალხს კი არ უნდა ვეუფროსებოდეთ,  არამედ ბოდიშს უნდა  ვუხდიდეთ და მათთან გულწრფელი, ვიმეორებ, გულწრფელი დათათბირებით ვფიქრობდეთ მომავალზე.

ბოლო წლების დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება თავისი საქმიანობით კმაყოფილია (ასეთი თვითკმაყოფილი ხელისუფალნი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს)და თვლის რომ წინამორბედზე უკეთესად მუშაობს, რომ ქვეყანაში არნახული წინსვლაა. მე კი ვფიქრობ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაჭირვებისგან სულს ღაფავს, ურთულესი პრობლემებია ეკონომიკაში, განათლებასა და კულტურაში, ნადგურდება სოფელი, ხალხი ტოვებს საქართველოს, იგნორირებულია მეცნიერება და მისი როლი.

მდგომარეობა იმაზე რთულია და ასე გაგრძელებით  მომავალი კიდევ უფრო დაბინდული, ვიდრე ჩვენ დღეს ეს წარმოგვიდგენია. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე და ისინი იყვნენ მართლდები, ვინც “ნაცმოძრაობას”,  “ქართულ ოცნებას” და დღეს მომქმედ პარტიებს აქებს და ადიდებს, თუკი მოაზროვნე ადამიანებში ასეთები კიდევ შემორჩნენ.

ვიტყვი მოკლედ და ლაკონურად:ამ დღეებმა ყოველი მოაზროვნე და საქვეყნოდ მოფიქრალი ადამიანი დაარწმუნა,რომ “ნაცპარტია”გასასამართლებელია, “ოცნება” კი გასაშვები და მოსაყვანია ისეთი ძალა,მხოლოდ ისეთი ძალა,რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. თვითოეულის მთავარი საზომი წესიერება იქნება და არა ფული. ძალა, რომელიც  ქვეყნის გარედან არ მოიმართება.

პირდაპირ ვამბობ,ასეთი მძლავრი ძალა არ არსებობს დღეს საქართველოში… პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას პატრონი გარეთ ჰყავს… ხალხი მიტოვებულია… ასეთი ძალა შესაქმნელია და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ სახელმწიფო კაცებმა,მეცნიერებმა,მოღვაწეებმა,ანუ იმ ხალხმა,ვისაც თვითონ კი არ უნდა ხელისუფლებაში მისვლა, არამედ სურს ძლიერი საქართველო და მთელი ცხოვრება ამ განწყობით ცხოვრობდა. ეს პრინციპულზე პრინციპულია

საბედნიეროდ,ასეთი კაცები ჰყავს ქვეყანას. დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალმა მათ იგნორირება გაუკეთა. მხოლოდ არჩევნებში, სკამისთვის ბრძოლაში გამოიყენა. ზოგიერთს, უფრო მორჩილს, ფოჩიანი კამფეტი შესთავაზა- ხელისუფლებაში მიიწვია…  სხვებს  ფულს ურიგებს და სამწუხაროდ, ამით ანეიტრალებს.   სწორედ სახელმწიფო კაცებმა უნდა  უნდა გააკეთონ დიდი შემოძახილი. დარწმუნებული ვარ, ამ შემოძახილს ხალხის უმრავლესობა იმედით შეხვდება და მხარს დაუჭერს.

ვფიქრობ,მხოლოდ ასე შევძლებთ წავართვათ მყვირალა და რადიკალ ქუჩის პოლიტიკოსებს,მათ უცხოურ პატრონებს საქართველო და დავიწყოთ მძლავრი მოქმედება ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოსაყვანად.

ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე,რომ ქვეყნის გადარჩენა,მომავლის საქართველო – არც ბელადშია და არც მილიარდელში-მხოლოდ პროფესიონალ,მოაზროვნე, ზნეობრივ და განათლებულ ადამიანებშია,იმ ადამიანებში,რომელთაც ქვეყნის ერთგულება,ხალხის მსახურება და წესიერება ცხოვრებით დაადასტურეს და არა სატელევიზიო გამოსვლებით მოგვახვიეს თავს საკუთარი პერსონა და ნათესავ-მეგობრებით შექმნილი პარტია.

და კიდევ ერთი, ძნელად სათქმელი , მაგრამ  ვფიქრობ, მაინც სათქმელი. როგორც ჩანს, მომავალში დიდი სიფრთხილით უნდა შევხედოთ საქველმოქმედო ფონდების შემქმნელთ და ეკლესიების მშენებელთ. დღემდე ძალიან ცოტაა, პრაქტიკულად ნულთანაა ახლოს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ეკლესია ააშენა , ქველმოქმედება გასწია და ამის სანაცვლოდ, პოლიტიკური დივიდენდი და მხარდაჭერა არ მოითხოვა. ეს საშინელებაა…

ჭკვიანურად, ძალიან ჭკვიანურად მოქმედების დროა!

მწამს და მჯერა,ვინც კარგ დროს ელოდება, ცუდს ახანგრძლივებს!

საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა ბატონობა, საქართველოს პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფა, კინკლაობა და დაპირისპირება, ერთმანეთს კი არა, საქართველოსთვის უნდა ვიბრძოდეთ. ქვეყნის ასე მოქცევა მხოლოდ სახელმწიფო კაცებს, მეცნიერებს, მოღვაწეებს, მოაზროვნე ადამიანებს შეუძლიათ. ეს რთული გზაა, მაგრამ გასავლელი, თუ გვინდა საქართველოში დამთავრდეს ქუჩიდან მოსულ ხელისუფალთა ერა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოქმედების დროა!

 

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

19.09.2015წ

p.s..განცხადების ტექსტი დაეგზავნა საქართველოს ყველა საინფორმაციო სააგენტოს და ბეჭდვით მედიას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *