ფულიანთა უმრავლესობა ქვეყანაზე კი არა იმაზე ფიქრობს, როგორ დააჯდეს ხალხს თავზე (სტენოგრამა შემოკლებით)
– ძალიან ცნობილი ადამიანი გვყავს სტუმრად რომელმაც ბევრი რამ იცის, ბევრი რამ უნახავს, ბევრისთვის სწორი ორიენტირების მოცემა შეუძლია, ბატონი თემურ შაშიაშვილი თეთრების ლიდერი გვყავს სტუმრად, გადაცემის თემაა „გზა გაერთიანებისკენ“, რა გვიშლის ხელს ამ გზაზე, 3 ოქტომბერია გერმანიის გაერთიანების დღე, გერმანელების გაერთიანება და გერმანელების თმენის უნარი ძალიან საინტერესოა, ჩვენ რა გვიშლის ხელს, რომ ვერ ვერთიანებით? გერმანელ ერს მივულოცოთ გაერთიანება და ის, რომ ქვეყანა, რომელსაც ძალიან უჭირდა, ერთ-ერთი წამყვანია მთელს მსოფლიოში. პირველად ბრძანდებით ჩვენთან, ბატონო თემურ, მაგრამ „აზროვნების თავისუფლებაში“ თქვენნაირი ხალხი გვინდა რომ მოვიწვიოთ.
-დიდი მადლობა, მე იშვიათი სტუმარი ვარ ტელევიზიების, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის სურვილი, უბრალოდ, იშვიათად მიწვევენ. აქაც პირველად ვარ. ვისაც გაუხარდა, რომ მიყურებს, დიდი მადლობა, ვისაც ეწყინა, უნდა ვთქვა, რომ ლანძღვა-გინება არ იქნება, ეს უნდა დამთავრდეს! ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და არ შეიძლებს ლანძღვის ენით საუბარი. მე რასაც ვისმენ და ვუყურებ გადაცემებს , სულ ვფიქრობ, კიდევ რა ძლიერი ყოფილა საქართველო, რომ უძლებს ასეთ ლანძღვა- გინებას… წარმოუდგენელია, ან ქალები რა ენით საუბრობენ… ან მამაკაცები რას საუბრობენ… ბიჭური საუბარიც დაიკარგა, კაცური საუბარიც დაიკარგა და ქალურიც… ორი ოთარი – ოთარ მამფორია და დიდი კალათბურთელი ოთარი რომ იდგნენ ბაღის კიდეზე, საერთოდ, ვინმეს არ ქონდა უფლება უწმაწური სიტყვა რამ ეთქვა. ეს იყო საქართველო.
„ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე
თქვენ სათაური გაქვთ შემაშინებელი: „ აზროვნების თავისუფლება“, ამას ემატება ის, რომ თქვენ დიდ თემას შეეხეთ. არა მარტო გერმანიას ეხება ეს, არამედ საქართველოს. თქვენ რომ ამბობთ, რა გვიშლის ხელს გაერთიანებაში? მე ვამბობ, ხელს გვიშლის აზროვნების სიძნელე. ეს არის ბროშურა, ამ სახელწოდებით, „აზროვნების სიძნელე“ რაც პრეზიდენტს წარვუდგინე 2000 წელს, როცა შევხვდი ბორჯომში. ამას აწერია „აზროვნების სიძნელე, ანუ მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მუშტად შეკრული და კუჭი იმარჯვებს გონებაზე“ . მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საქართველოში დაიწერა ძალიან მძიმე ანტიქართული პროექტი ქვეყნის გარეთ, შემსრულებლებად შერჩეული იყვნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არა ერთი და ორი ტელევიზია და საინფორმაციო საშუალება, რომ ეს ქვეყანა დამშეულიყო, დაუძლურებულიყო. იმიტომ რომ ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა ვართ. ორი ვინც ძალიან მძიმედ გველაპარაკება, ერთი რუსეთი და მეორე ამერიკა, ერთი 10 საუკუნის წინ შეიქმნა, მეორე სამი საუკუნის წინ და ვერ იტანენ დიდი ისტორიის ქვეყნებს. რა ხდება საბერძნეთში, რა ხდება იტალიაში, რა ხდება სერბეთში, რა ხდება მართლმადიდებელი მიმართულების ქვეყნებში, ეს მართლაც საშინელებაა. ტრაგედიაა. მინდა ვთქვა, რომ დაამშიეს და დააუძლურეს ხალხი, რომ ადვილად მართონ ეს ქვეყანა. დამშეული კაცის მართვა არის ძალიან მარტივი.
სხვათაშორის ამერიკასაც ჰქონდა ეს პრობლემა, რეიგანი აღმოჩნდა კაცი, რომელმაც თქვა: „ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე. თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, ამერიკა დამთავრდება, თუ გონება გაიმარჯვებს კუჭზე, ჩვენ ვიქნებით ზესახელმწიფო“. ორჯერ იყარა კენჭი, ვერ გავიდა პრეზიდენტად. 70 წლის კაცი აირჩიეს პირველად პრეზიდენტად, დააკვირდით, 70 წლის! მეორედ 75 წლის იყო, რომ იყარა კენჭი და კიდევ აირჩიეს და ამ თეზისის გამო, მაშინ გუბერნატორი იყო, როცა ამ განცხადებას აკეთებდა. ამერიკას თვითონ დაუდგა ეს პრობლემა და ამერიკელიხალხი დარწმუნა რომ გონება იყო მთავარი.
მომავალი დგას მეცნიერებაზე.
– 75 კვლევითი ინსტიტუტი იყო, მათემატიკური, საბუნებისმეტყველო, მაგრამ ნელნელა ყველაფერი ეს წავიდა.
– საქართველოში ეს ინსტიტუტები მოისპო. მეცნიერებათა აკადემიის განულება უნდოდათ ქვეყანაში. მომავალი კი დგას მეცნიერებაზე. მე მეცნიერებაზე ორიენტირებული პიროვნება ვარ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, სამთავრობო დამოკიდებულება, მე კეთილი განწყობით ვამბობ ამას, არავის არ ვაკრიტიკებ. იგივე ამერიკის მაგალითი, რომელიც მოწონთ ჩვენთან. მე ვამბობ, რომ ამერიკას ბევრი კარგი რამ აქვს, რომელიც გადმოსატანია. ამერიკაში პრეზიდენტს რომ ირჩევენ, პირველად მიდის მეცნიერებათა აკადემიაში.
ისე იყო კაცი 10 წელი პრეზიედნტი, რომ მეცნიერებათა აკადემიაში არ მივიდა. მასთან მისული აკადემიის პრეზიდენტი მთელი დღე ალოდინა და არ მიიღო, ბოლოს თქვა: „მე ხომ არ მომიწვევია და აქ რა უნდა, წავიდესო“. წარმოიდგინეთ, ამას ვის ელაპარაკებიან, თამაზ გამყრელიძეს, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფალი ხელისგულზე ატარებდა.
ჩვენ გვყავდა ივერი ფრანგიშვილი, მისი იუბილე მოდის, საოცარი პიროვნება რომელთანაც ამერიკის პრეზიდენტი კვირაში ერთხელ საუზმეს მართავდა. გარდაიცვალა კაცი და ხელისუფლება საერთოდ არ მიკარებია. წარმოიდგინეთ თქვენ! ერთნი რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დაშალეს ეს ინსტიტუტები და მეორენი კი, ძალიან ეწყინებათ, მაგრამ უნდა ვთქვა, მეცნიერებს ეუბნებიან: “ გირიგებთ ფულს და თქვენი მეცნიერება არ გვჭირდება“. მეცნიერის ძალა არის მის მეცნიერებაში. ეს კატასტროფაა!
გააუქმეს შემოქმედებითი კავშირები. უამრავ ადამიანს ახსოვს, რას იტყოდა მწერალთა კავშირის ყრილობა, მუხრან მაჭავარიანი რომ გამოვიდოდა, რას იტყოდა, აკაკი ბაქრაძე რომ გამოვიდოდა, რას იტყოდა, გივი ჯაფარიძე რომ გამოვიდოდა, რას იტყოდა. რითაც ვიყავით გამორჩეული: მწერლობა, არქიტექტურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, სულიერების სფერო იყო ჩვენი უძლიერესი, პირველი დარტყმა ამას მიაყენეს, განათლებას მიაყენეს. ჩვენ სოროსული სისტემის განათლების სისტემა გადმოვიღეთ.
მე ჩავედი როგორც გუბერნატორი, პირველად, როცა მოღვაწეობას ვიწყებდი, მსოფლიო განათლების ცენტრში – ჟენევაში, იქ მთელი მსოფლიოს გამოცდილებაა, აღმოჩნდა პირველი გუბერნატორი ვიყავი, ვინც ჩავედი, რეფორმას რომ ვიწყებდი და იმათ გაუკვირდათ. როცა გაიგეს, უზნაძის ქვეყნიდან ვიყავი, კიდევ უფრო გაუკვირდათ და მითხრეს, ჩვენ მთელი მსოფლიოს განათლების სისტემა გვსურს წავიდეს უზნაძის თეორიის გზით . მაშინ არ მქონდა წაკითხული იმ პერიოდისათვის, რომ ჩამოვედი, რექტორი გახლდათ ბატონი ავთანდილ ნიკოლეიშვილი და ვუთხარი, იქნებ ვინმემ დისერტაცია დაიცვას ამ თემაზე. ხელნაწერში ვნახე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საგანმანათლებო რეფორმა დაწერა სწორედ ამ გენიალურმა პიროვნებამ და უზნაძის განათლების ცენტრები შექმნილია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ჩვენ აბსოლუტურად უარვყავით ის. აი ეს არის „თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო“.
ოთხი საყრდენი
ოთხ საყრდენს დავასახელებ. იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა. დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა მოკრიბა მთელს მსოფლიოში მიმობნეული დიდი მეცნიერები და გელათში ჩამოიყვანა, როდის! ესენი კი ანგრევენ აკადემიას, ჩვენმა მეფემ როდის შექმნა აკადემია. ციურ ვარსკვლავებს აკვირდებოდა როდის, უცხოეთში რომ ვეუბნები, 10 საუკუნის წინ ჩვენი მეფე ვარსკვლავებს აკვირდებოდა, არ ჯერათ…
ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა, გენიალური კაცი გვყავდა, უფრო დიდი ევროპელი არ არსებობს, რომელ ევროპელობაზე ლაპარაკობენ ესენი?! ჩავიდნენ დიდ ჯიხაიშში ნახონ. მუზეუმს რომ ვაკეთებდით, დღე და ღამეები ვიჯექი და ვკითხულობდი, იქ დიდი განათლება მივიღე. მოხიბლული ვარ იმით, რასაც ნიშნავს ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა. უნდა გითხრათ, რომ ამერიკის სისტემა, ევროპის სისტემა სრულიად ეყრდნობა ამას.
ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა
დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.
ეს ის ოთხი საყრდენია, რომელითაც მთელს მსოფლიოში ცნობილი უნდა გავხდეთ!
მომდევნო წელი შოთა რუსთაველის 850 წელია.
მომდევნო წელი შოთა რუსთაველის 850 წელია. დიდი სურვილი მქონდა, რომ საქართველოს პრემიერს თავის გამოსვლაში გაეროში ეს ეხსენებინა. კარგია, რომ რაგბის გუნდი ახსენა ფეხბურთზე რომ ისაუბრა, მაგრამ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, 850 წელი შესრულდა ამ გენიალური ნაწარმოების შექმნიდან, მთელს მსოფლიოს ზარი უნდა შემოეკრა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა აღვნიშნოთ. ვიღაცას უნდა მომავალი წლის მაისშიო… 6 წელი ამზადებდა ამ დღესასწაულს ირაკლი აბაშიძე და საბჭოთა კავშირის დროს როგორც აღინიშნა თუ იმაზე ათჯერ უკეთ არ გავაკეთეთ ჩვენ, აზრი არა აქვს მაშინ. დამოუკიდებელ საქართველოში პირველად გვიწევს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნა.
შვეიცარიული მოდელი, მჭიდრო ურთიერთობა გერმანიასთან
თქვენ აღნიშნეთ რომ რეიგანი 75 წლის ასაკში იყრიდა კენჭს, მაკეინი 72 წლის ასაკში იყრიდა კენჭს, ჩვენთან 40 წლის ზემოთ მთელი თაობის განადგურება დაიწყო.ჟიული შარტავასთან ვართ დაკავშირებული და მის თაობას ეძახდნენ, სწორედ იმ თაობის წინააღმდეგ მიდის შეთქმულება . გერმანიას ვუკავშირდები, გერმანიის გაერთიანება ვახსენეთ. ანგელა მერკელი იყო საბჭოთა გავლენის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კომკავშირის ხელმძღვანელი და მერე მინისტრი და ა.შ. . ფედერაციულ გერმანიას არ უთქვამს, რომ ის საბჭოთა სისტემიდან მივიდა. იმიტომ რომ მან იცოდა, რომ ერთიან გერმანიას სჭირდებოდა ძლიერი საკადრო პოტენციალი. ჩვენთან კი როგორც კი მოვიდნენ, ყველა განზე გაწიეს და თქვეს ესენი ჩვენ არ გვჭირდება, გერმანიამ კი თქვა, ჩვენ ყველა კადრი, ვინც მომზადებულია და განათლებულია გვჭირდება, იქნებ იმიტომ გაერთიანდა გერმანია?
იმ თაობას იმიტომ ვერ იტანდნენ, რომ ძლიერი თაობა იყო. ჩვენ გერმანიაში საოცრად კარგი ელჩი გვყავს, ბატონი ლადო ჭანტურია. მეამაყება,რომ მას ვიცნობ, ბატონი ლადო. რომელიც ჩავიდა არაფრით, გახდა აღიარებული პროფესორი, დოქტორი, გერმანიის უპირველესი სამართლის ინსტიტუტის დირექტორი. გერმანიაზე ვსაუბრობთ და აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ ვინმესთან გვჭირდება დიდი ურთიერთობა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაპატიოს ყველამ, მაგრამ მე ვარ შვეიცარიული მოდელის მომხრე. შვეიცარია არც ერთ გაერთიანებაში არ შედის, არც ნატოში, არც ევროკავშირში. ეხლა ლაპარაკობენ, რომ ჩვენ აუცილებლად რაიმე გაერთიანებაში უნდა შევიდეთ. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი. მეზობლებსაც აყენებენ შეურაცხყოფას, როცა ამას ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას აბრალებენ. ჩვენ ათი საუკუნის წინ გვყავდა მეფე, რომელმაც გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. ჩვენ კი ჩვენი გეოგრაფია ჩვენი უბედურების სათავედ ვაქციეთ, იმიტომ რომ ან ერთ ქვეყანას ვეგებით ფეხქვეშ, ან მეორეს. ჩვენ არავის ფეხქვეშ არ უნდა გავეგოთ.
გერმანიასთან ურთიერთობა რატომ არის საჭირო? გერმანიას ევროპა უსმენს, ამერიკა თუ ვინმეს უწევს ანგარიშს, გერმანიას და თუ რუსეთი უწევს ვინმეს ანგარიშს – გერმანია. აგერაა გერმანია თავისი დიდი მაგალითით. კარგი ელჩიც გვყავს. ვიმეორებ – მე ვარ შვეიცარიული მოდელის მომხრე და მე ვარ გერმანიასთან ყველაზე განსაკუთრებული ურთიერთობის მომხრე. იმიტომ რომ მომავალს ამაში ვხედავ.
ხშირად მომიწია ამ ბოლო პერიოდში გერმანიაში ყოფნა. ქალბატონი მერკელი კომკავშირის რაიკომის მდივანი იყო, მინისტრი გახდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, მამაც პარტიული ჰყავდა. ჰაიდეგერი,გერმანიის დიდი ფილოსოფოსი, ჰიტლერის ერთ-ერთი უდიდესი საყრდენი, უარყვეს გერმანელებმა? მისი „დრო და თავისუფლება“ უნიკალური ნაწარმოები, ბევრი გერმანელის სამაგიდო წიგნია. ჰაიდეგერმა თქვა, აზროვნებაა ხელობაო, ჩვენთან აზროვნება, როგორც ხელობა დაიკარგა. საქართველოს უბედურებაა, რომ მიდის ბრძოლა ძლიერის წინააღმდეგ.
რატომ იყო დავით აღმაშენებელი გამორჩეული მეფე? ზოგიერთს გონია, რომ დავით აღმაშენებელი იყო მშენებელი, ანუ „პრარაბი“? დავითის დროს რაიმე დიდი შენობა არ აშენებულა, გელათიც კი ვერ დაამთავრა, მაგრამ ხალხი ამბობდა, ისე გვაცხოვრებს მაგი ააშენა ღმერთმაო! ანუ ხალხს აცხოვრებდა კარგად. ვიღაცას გონია, რომ გზების მშენებლობა, გადახურვა, ბუტაფორიის შექმნაა მთავარი. ჩვენმა მეფემ ხალხი აცხოვრა კარგად. ჩვენ კი დაგვაჩანაგეს, დაგვაუძლურეს. იმაზე კი არაა საუბარი, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს ადამიანმა, არამედ საკუთარი თავი როგორ გადაირჩინოს, ბრძოლა არსებობისთვისაა და არა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. ეს კატასტროფაა!
შეთქმულება თაობის წინააღმდეგ
ასაკი ახსენეთ. ყველაზე ძლიერად რომელი ქვეყნები მიდის: იაპონია, ჩინეთი, ამერიკა, გერმანია. ჩინეთში 60 წელს თუ არ მიაღწია კაცმა, არავითარ სერიოზულ თანამდებობას არ ანდობენ. 56 წლის ფარგლებშია იაპონია, იგივეა გერმანიაში და ამერიკაში. ხატოვნად რომ ვთქვა, საქართველოს პოლიტიკოსებისთვის – გენიალურია 80 წლის მაკეინი და 70 წლის ქართველი ცოცხალი რატოაო! შეიძლება ასე იფიქრო? ეს არის აზროვნების სიძნელე.
გენიალური ამერიკელი ფოლკნერი ამბობს, „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“. ეს დაიკარგა. პასუხისმგებლობა დაიკარგა. ჩვენ რა გვგონია თავისუფლება? წამოვედით რუსეთიდან და ფეხქვეშ გავეგეთ ამერიკას და ეს გონია ვინმეს თავისუფლება? ეს არის კატასტროფა. მე მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა ერთი ჩინოსანი უცხოელს ქუჩაში მყოფ მათხოვრებზე, ჩვენ შეგვიძლია, ესენი ერთ საათში გავყაროთ, მაგრამ მათხოვარი ქუჩაში რომ ზის თავისუფლებააო. ამ ხელისუფალთან რაზე შეიძლება იკამათო? ნაცვლად იმისა, ტიროდეს რომ ქუჩაში მათხოვრები ზიან.
ქვეყნის განვითარების კრიტერიუმები
კრიტერიუმები, რომ ქვეყანა წინ წავიდა. აი, პრემიერმა თქვა ჩვენ წინ მივდივართ და ყველაფერი კარგად არისო, ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე და ასეც იყოს, მაგრამ საზომი ნებისმიერ ქვეყანას რამდენიმე აქვს: გადამცვლელი პუნქტები. უცხოეთში ამას ვერ ნახავ, ჩვენთან კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა, რადგან უცხოეთიდან ფულს გვიგზავნიან. გარედან გვიგზავნის ჩვენივე წასული ადამიანები, რომლებიც იქ უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ბევრი მათგანი გენიალური ადამიანაი, ისინი გვიგზავნიან ამ ფულს და ერთი ბიუჯეტის ან მასზე მეტი თანხა გარედან შემოდის. ფულის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაა დიდი. ლომბარდების რაოდენობაა დიდი, იმიტომ, რომ ჩვენი სიმდიდრე გადის გარეთ ჩვენს სიმდიდრეს ვატანთ გარეთ კაპიკებში. ბანკებში რა მდგომარეობა. ამერიკაში2%, პროცენტია წლიური სესხი, რომელიც სახელმწიფომ გადაიხადა კრიზისის დროს, ჩვენთან კი სესხებზე პროცენტი გაიზარდა და ბანკირები კიდევ მაღალ ტონზე გველაპარაკებიან, რომ იმას მიეხმარენ, ამას მიეხმარენ. ვის ხარჯზე მიეხმარენ? ჩვენს ხარჯზე, ვისაც ფული აქვს შეტანილი, საკუთარი სახლიდან ხომ არ მოუტანიათ თანხები. აფთიაქების რაოდენობა არის საზომი, 1000 კაცზე გაანგარიშებით აფთიაქების რაოდენობით ვართ პირველ ადგილზე მსოფლიოში, ფასები როგორ გაზარდეს, ეს მთავარი აფთიაქარები ზიან პარლამენტში და გაყვლიფეს ხალხი. ნახეთ რა ფასებია, ნახეთ როგორ იზრდება ყველაფერზე ფასები, რას ნიშნავს თავისუფლება?
ფულიანი ადამიანები თავზე დააჯდნენ საქართველოს.
მე მომავალზე მინდა ვისაუბრო. ყველა ხელისუფალი ეძებს ჭკვიანს, არ შეიძლება ერთ ბანკში ვინც მუშაობდა, ის იყოს ყველაზე ჭკვიანი. ეს ყველას შეურაცხყოფაა. ამბობენ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები ვინც იყო ისინი შევაგროვეთო. არ შეიძლება ასე საუბარი, ანუ ვინც კოალიციის გარეთ დარჩა ისინი სულელები არიან?
ერთხელ ბატონ ბიძინას მივწერე: იყო პერიოდი, ფულის შოვნას დიდი ჭკუა და დიდი გონება არ სჭირდებოდა. მე რომ მომენდომებია ეს, შემეძლო ბატონ ბიძინაზე მეტი მქონოდა ფული, მაგრამ ეს კანონიერი არ იქნებოდა. ბატონმა ბიძინამ შეიძლება კანონიერად იშოვა, ამაზე არ ვეკამათები. მე კი დღეს მამა პაპისეული სახლ-კარის მეტი არაფერი გამაჩნია. მაგრამ მე იმაზე ვლაპარაკობ, რომ ფულიანი ადამიანები თავზე დააჯდნენ საქართველოს. ფულიანი ადამიანი ქვეყნის სიძლიერეა, თუ ფული გონიერი კაცის ხელშია. და არა იმის ხელში, რომ დაგირიგოს, გიყიდოს…
მერაბ ბერძენიშვილს დიდ პატივს ვცემ. ამაყად უნდა იყო, როცა ასეთი ხელოვანი გყავს. როცა ყველას ჩუქნიდნენ ფულს, მან თქვა, მიჭირსო, მაგრამ მითხარით, რისთვის მაძლევთ ფულსო, თუ დახმარება გინდათ, ძეგლი დადგით ჩემი და გადამიხადეთ ფული. როცა ადამიანები მივაჩვიეთ იმას, რომ ფულს გადავუხდით, იმას გავუკეთებთ, ამას გავუკეთებთ და ადამიანები გავანადგურებთ.
ბატონი ბიძინა ამბობდა 20-30 მილიონი მიჯდება საჩხერეო, ეწყინებათ საჩხერელებს, მაგრამ მე ვამბობდი მაშინ, რომ 20-30 მილიონის სამუშაო ადგილი რომ შექმნათ საჩხერეში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადგილი გახდება საჩხერე-მეთქი.
– სხვათაშორის ბატონმა ბიძინამ აღიარა, იქნებ არასწორად მოვიქეციო და ემდურიან ამის გამო
ნუ ურიგებთ ხალხს ფულს, შექმენით სამუშაო ადგილები
ჩვენი კონფლიქტი სწორედ ამაზე იყო. პირველივე დღიდან იყო ჩემი მოწოდება, ნუ ურიგებთ ხალხს ფულს, შექმენით სამუშაო ადგილები, რადგან ადამიანს ღირსება ეკარგება ფულს რომ ჩუქნიან. დავით აღმაშენებელი გვირგვინს რომ იდგამდა, 16 წლის ასაკში, მისი სულიერი მოძღვარი, ჭყონდიდელი მიიყვანა მთავრობის თავმჯდომარედ და შექმნა ასაკოვანთა მთავრობა . ამ ახალგაზრდა კაცს ამხელა გონება ჰქონდა. ღვთით იყო ყველაფერი ეს. და ეკითხება:“ დიდო სულიერო მოძღვარო, რა გავაკეთო, რომ ქვეყანაში მდგომარეობა შევცვალო“ აი, რას პასუხობს ჭყონდიდელი: „ღირსება დაუბრუნე ხალხს“. ღირსების დაბრუნება რას ნიშნავს, როცა ჯიბეში ფული მაქვს, რომელიც მოვიპოვე, არ მოვიპარე, არამედ შრომით მოვიპოვე, მე თვითონ მოვუვლი, შენ ღირსეული სამუშაო მომეცი. სამუშაო ადგილის შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
სააკაშვილზე აღარ ვისაუბრებ.
არ მინდა შევეხო სააკაშვილის პერიოდს, იმიტომ რომ ვინც არ იცის, სააკაშვილმა რა მოუტანა ქვეყანას, რაც არ უნდა ველაპარაკოთ, ვერ შევაგნებინებთ, ეს იყო კატასტროფა სახელმწიფოსთვის. შექმნა ბუტაფორიული სახელმწიფო და შეიძლება ბატონი ბიძინას შეცდომა ის იყო, რომ ბუტაფორიულ სახელმწიფოზე დაიწყო რაღაცის მშენებლობა. ეს იყო შეცდომა, იმიტომ რომ ბუტაფორიაზე არ შენდება არაფერი, ეს ყველაფერი შესაცვლელი იყო,. ამიტომ არ ვეხები სააკაშვილს, რაც უფრო მეტჯერ ახსენებენ მის გვარს, მით უფრო მეტად უწევენ მას პოპულარობას. ამიტომ სააკაშვილზე აღარ ვისაუბრებ.
ხმამაღლა ვამბობ ერთს, იმ ფულით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია ბიუჯეტში, შეიძლება მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე ხელისუფლება აკეთებს. არ შეიძლება, რომ ხელსიუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობა სხვის სკამზე იჯდეს.
– საქართველოში აზრის თავისუფლება ძალიან დიდია,მაგრამ აზროვნება ჭირს…
ჩვენ თავისუფლება გვეგონა, რაც გინდა თქვი, მაგრამ ეს იყო თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული, გადაშალეთ გაზეთები, რაც მინისტრზე წერია, მაგალითად, ნებისმიერ ქვეყანაში ეს რომ მომხდარიყო, დაიქცეოდა. მაგრამ იქ პროკურატურა იწყებს მოკვლევას, კანონია ასეთი : შენ რასაც წერ, თუ წერ არასწორად, პასუხს გაგებინებენ, თუ სწორად წერ, იმას აგებინებენ პასუხს. საქართველოში რაც გინდა წერე, არავის თხოვენ პასუხს, ამიტომ საქართველოში ძალიან ბევრ ტყუილს წერენ, რომ ვიღაც გააშავონ, ვიღაცას რაღაცა დააბრალონ და აირია ეს ქვეყანა. ეს არაა დამოუკიდებლობა, ეს არაა თავისუფლება.
ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკოსად აღიარების სისტემა
დიდ იოანესთან არის დაკავშირებული გამოთქმა: „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ – ნათქვამია. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებს ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს არის პოლიტიკოსების ბრალი, ეს არის იმის ბრალი, რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკოსად აღიარების სისტემა, ყველა ცდილობს დაიბრალოს პოლიტიკოსობა. ლაპარაკი ბევრს შეუძლია კარგად, მაგრამ საქმე უნდაგააკეთოს, გამოვა ადამიანი ტელევიზიით კარგად და მეორე დღეს ლაპარაკობენ მის არჩევაზე.
რამდენიმე წინადადება შევთავაზეთ, რომ მეცნიერებათა აკადემიაში წავიდეთ პოლიტიკოსები და ღია ეთერში წავიკითხოთ საჯარო ლექცია მეცნიერების წინაშე, ვაჩვენოთ ვინ ვართ და ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს. არც ერთმა პოლიტიკოსმა არ გაიზიარა ეს. ამიტომ ვამბობ პოლიტიკოსების იმედად ყოფნა არის ტრაგედია. დღეს, მერაბ ბერძენიშვილი, ომარ მხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა რომ ჰყავს ქვეყანას, ამ ხალხს თანამდებობები კი არ უნდა. ამ ხალხს უნდათ საქართველო, როცა არც ერთთან ამ დიდ ეროვნულ კაცთან არ გისაუბრია, რომლებიც უამრავი ჰყავს ქვეყანას, შენ ქვეყანას ვერ მომართავ.
მე მას ვამბობ იმიტომ, რომ მე როცა შემომთავაზეს ქალაქის მერობა, პირველად მეცნიერებათა აკადემიაში მივედი და ვუთხარი, ბატონი როინ მეტრეველი, ბატონი ალბერტ თავხელიძე, გივი სანაძე, ანდრია აფაქიძე იყვნენ იქ, ეს გენიალური პიროვნებები, რომ შეკრიბეს, მე მათ ვუთხარი, მე წავალ იქ იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერა მექნება მეთქი. ლადო პაპავა, იაშა მესხია იმ პერიოდში ქუთაისში კითხულობდნენ ლექციებს, იმიტომ რომ მე ვამბობდი, მასწავლებელი, ლექტორი ყველაზე კარგად უნდა ცხოვრობდნენ და მათი ხელფასი მეტი უნდა იყოს, ვიდრე მერის ხელფასი. მე ამას მივაღწიე. როცა ვიყავი მერი და მივაღწიე იმას, რომ მასწავლებელი 300-400 ლარს იღებდა და მაგალი თოდუა, უნიკალური, გენიალური პიროვნება 400-450 დოლარის შესაბამის კუპონს და ლარს იღებდა მაშინ იმ პერიოდში, განა არ შეიძლება ამის გაკეთება დღეს? იმიტომ ვთქვი , რომ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება,
ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით: მე გამოვაქვეყნე უნიკალური მასალა ჟვანიასთან დაკავშირებით. ეს არ იყო ჩემი მასალები, როცა ბუნკერში შეხვდნენ ერთმანეთს შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები და სააკაშვილი და საუბარი იყო არჩევნების გაყალბებაზე. ეს რომ მოხდა, იმ ადამიანებს ეგონათ ქვეყანა შეირყეოდა, კი არ შეირყა ქვეყანა, სააკაშვილი აირჩიეს ათი დღის მერე. ეს არის დაბინდული აზროვნება, როცა ბუნკერში აწყობენ გაყალბებას. იმ ადამიანებს არ უნდოდათ მისი გაკეთება, რაც გავაკეთე, ნუ გააკეთებ ამას არ მოყვება რეაქციაო, მე გავაკეთე და ტელევიზიით მივმართავ იმ მასალების მფლობელებს, ეს არის აუდიო ჩანაწერები, არაფრის აღარ ჯერათ დღეს ქვეყანაში, რაც უნდა გააკეთო… მე მივაგენი იმ ქალბატონს, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს და ნახა როგორ შეიტანეს გარდაცვლილი ბინაში და როცა გაიგო ვინ იყო, გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურას დაკითხულიც კი არ ყავს ეს პიროვნება. ქალბატონი ნათელა, მათ ოჯახს მძიმე მდგომარეობაში აყებდნენ. მე მქონდა ბატონი ზურაბის ძმასთან რამდენიმე შეხვედრა. საინტერესო პიროვნებაა. ამ თემაზე მზად ვარ ვისაუბრო მომავალში
ხელისუფლების აქილევსის ქუსლი – საკადრო პოლიტიკა
– ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი საკადრო პოლიტიკა. რატომ ხდება,ხელისუფლება არ უძახის გამოცდილ ადამიანებს. ?
ერთი მარტივი ფორმულა მაქვს სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის კენჭს დაგახვედრებთ.
მინდა ვთქვა, დიდი საუბარი გამოიწვია, როცა ვთქვი პარლამენტში არ შეიძლება ამდენი მოჭიდავე და სპორტსმენი იყოს,არ შეიძლება 7 მ ოჭიდავე იყოს პარლამენტში, მე თვითონ ვარ ყოფილი მოჭიდავე, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ამდენი სპორტსმენი იყოს პარლამენტში.
მიხეილ სააკაშვილმა ჩემზე სამჯერ დაწერა გაზეთში, პრეზიდენტად დავასახელებთ ოღონდ მოვიდეს ჩვენთანო, შევარდნაძე მეუბნებოდა მიდი სააკაშვილთანო, მაგრამ მე ვგრძნობდი… მან შემომთავაზა პარტიის შექმნა, როცა ვკითხე, ფული სად არის? ერთ ერთი საელჩო 25 ათას დოლარს ჯიბის ფულს მაძლევს თვეშიო , მიპასუხა. დღეს ამ საელჩომ როგორ უნდა ილაპარაკოს ქვეყანაში?! როცა შევარდნაძემ შემომთავაზა მათთან ერთად იყავიო , მე ვუთხარი, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვერ ვიქნები, იმიტომ რომ მათში ვერ ვხედავ ქართულ განწყობსს, რომ საქართველოში არ უნდა მოვიდეს პოლიტიკაში კაცი არაქართული განწყობის. ეს შეიძლება ნახოს ყველამ ბროშურაში, მე ვუთხარი , თქვენ ხართ საკმარისი, 70-80 % იმართებით მეთქი ამერიკიდან, სააკაშვილი კი 110 %-ით იმართებოდა. ვიდრე არ შეიცვლება პოზიცია, რომ შენი ხალხის მსახური უნდა იყო, იგივე გერმანიის კანცლერი საკუთარი ხალხის სახელით ლაპარაკობს, ამერიკის პრეზიდენტთან რომ ჯდება ამბობს კი, მე თქვენს აზრს ვიზიარებ, მაგრამ ხალხი…ეს აქვს მას. ქართველოში ვერ მოვიდა ხელისუფალი, რომელიც იტყვის: კი, მე თქვენს აზრს ვიზიარებ, მაგრამ ხალხი…
„ქართული ერთობის დარბაზი“. ცნობილი მოღვაწეები ჩაუდგნენ სათავეში, როცა იქმნებოდა წავედით რაიონებში და ერთ-ერთ სოფელში ერთმა კაცმა თქვა ასე ლაკონურად და კარგად საკადრო პოლიტიკა არავის დაუხასიათებია არავის: მე ვერც ძველი ხელისუფლების გავიგე რამე, ვერც ახალი ხელისუფლების მესმისო. როცა ვკითხეთ, რაშია საქმე თქვა: სოფელში გამგებელი დაგვინიშნეს, სოფელში ერთ კაცს აზრად არ მოუვიდოდა მისი გამგებლობაო. მის ოჯახის წევრებსაც არ მოუვიდოდათ აზრად მისი გამგებლობაო, ჩვენ რაიონის გამგებელი გვყავს, 100 – 200 კაცი ნახეთ ამ რაიონიდან წასული, ასეულში არ შეიყვანს არავინ ამ კაცსო. ვინც რაიონის გამგევლად დაინიშნაო, ეს კიდევ არაფერიო, თუ დედამ სადმე შვილი დაწყევლა, ყველა თუ არა, უმეტესი ნაწილი საკრებულოშიაო. არ მინდა ქუთაისის ანალიზი გავაკეთო, მაგრამ როგორ შეიძლებოდა რესტორნის დირექტორების დანიშვნა.
რესტორნის დირექტორი კარგია რესტორანში, ბანკირის ფსიქოლოგია კარგია ბანკში, ამერიკაში რომ კითხო გეტყვიან, ვინც ბანკი იცის, სახელმწიფოს ვერ მომართავს. იმიტომ კი არა რომ ვინმეს ვეწინააღმდეგები, ეს ასეა. სხვათა შორის, ახალგაზრდა პორტმა ფალიანმა თქვა ძველ ხელისუფლებას ეხებოდა: ასეთი შეურაცხყოფა ახალგაზრდებისთვის არ მიუყენებიათო. რატომ მეთქი? 10-15 წლით ადრე ნიშნავენ ხალხს, ვიდრე იმ თანამდებობისთვის არიან მზად და ამ ხალხსაც აფუჭებენ და ნიშნავენ იმიტომ რომ ადვილად მართავენო. მართალია, ჟიული შარტავას, ახალგაზრდობის სათავეში მყოფ პიროვნებას მეტი ასაკი ჰქონდა, ვიდრე დღეს ან პრეზიდენტს აქვს, ან პრემიერს. ვინმემ მითხრას, რომ ჟიულიზე მეტი თავდადება, განათლება ან ორგანიზაციული ნიჭი აქვს ვინმეს.
საქართველოს გადარჩენა მხოლოდ საქართველოში
ვერ დავეთანხმები რომ მომავალი არ გვაქვს. ჩვენ ძალიან სერიოზული მომავალი გვაქვს. ჩვენ უაღრესად საინტერესო ხალხი გვყავს. ყოველთა ქართველთა კონგრესის მზადების პერიოდში ჩვენი წევრები და მეგობრები შევხვდით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. უცხოეთში ვინც წავიდა, იმათი იმედი უფრო მაქვს რომ ქართულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ვინც წავიდა ევროპაში, ნახა ევროპა, ვინც წავიდა ამერიკაში – ნახა ამერიკა, ვინც წავიდა რუსეთი – ნახა რუსეთი და მათ იციან , რომ რომ არსად გადარჩენა არ არის, მხოლოდ საქართველოში. ისინი ამბობენ მეცოდებიან ის ადამიანები, ვინც კიდევ ფიქრობს, რომ ჩვენ სხვა გადაგვარჩენს. და ისინი გვიყვებიან, იქ როგორი დემოკრატიაა. საბერძნეთში ვიყავით, 700 ქართველი იჯდა დარბაზში და „რუსთავი 2“ იყო იქ ჩამოსული, 700 ქართველი იკრიბება და პიროვნება, ვინც იყო ჩამოსული ძალიან უნდოდა გაშუქება. დარეკეს და უთხრეს, ჩვენ ეს შეკრება არ გვაინტერესებსო. და რა აინტერესებდათ, არ იკითხავთ? ვინ გამოვიდოდა საბერძნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. 12 ივნისს ხდებოდა ეს, პეტრე-პავლობა დღეს, 700 ქართველი შეიკრიბა ათენში, და ეს არ აინტერესებდა ტელევიზიას. მე იქ ვნახე ადამიანების განწყობა და არა მარტო იქ. გერმანიაში, თურქეთში მცხოვრები ქართველობა, მათი გამოცდილება ყველას ერთად დაბრუნება წარმოუდგენელია , სერიოზული ფონდი უნდა შეიქმნას ამ მიზნით. ამდენი ნიჭიერი ადამიანია, კარგია, რომ სასწავლებლად გარეთ ვუშვებთ მაგრამ რატომ იყო დავით აღმაშენებელი ძლიერი, მან აკადემია აქ შექმნა. დედა უნივერსიტეტი აქ შექმნეს, განა მათ არ იცოდნენ? ჩვენი პრემიერი გამოვიდა და თქვა რომ ბევრს ვუშვებთ, მე ვამბობ, რომ დედაუნივერსიტეტი უნდა გავაძლიეროთ, ბრწყინვალე პიროვნებაა ბატონი ლადო პაპავა, ძალიან საინტერესო, აკადემიკოსი, ეროვნული განწყობის. ხომ შეიძლება ერთი უნივერსიტეტი გავხადოთ ისეთი, რომ აქეთ მოდიოდნენ . ყველა უნივერსიტეტში შექმნეს ისეთი ორგანიზაციები.რომ 20-იანი წლების კომკავშირულ ორგანიზაციებს შეშურდებოდად, მოწამლულები ბრუნდებიან ახალგაზრდები. 19 წლის ბიჭი მყავს და მინდა საქართველოში ისწავლოს, წავა უცხოეთში, ნახავს,მაგრამ საქართველოში მინდა მიიღოს განათლება. არც ერთ ჩემს შვილს უცხოეთში არ უსწავლია,
გენიალური ადამიანები გვყავს განათლებაში და მწამს ჩვენი განათლების სისტემის, თუ სერიოზული ადამიანები ჩაუდგებიან სათავეში.
მართვის სისტემაა საერთოდ შესაცვლელი
– ანუ გაერთიანების პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს საკადრო პოლიტიკის მთლიანი რეორგანიზაცია, შეიძლება ამის გაკეთება?
მართვის სისტემაა საერთოდ შესაცვლელი. ქართული ერთობის დარბაზმა ჩამოაყალიბა საოცარი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი…“ მეცნიერებმა დაწერეს ეს პროექტი, გამოქვეყნდა,მაგრამ არც ერთ გაზეთს ეს არ აინტერესებს, აინტერესებთ სკანდალი. როცა აინტერესებთ კონგრესზე რეზო ჭეიშვილის გამოსვლა და ვიღაცეებს დასდევენ გუბერნიიდან, ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტაცია განათლებულ ადამიანებზე, დავაფასოთ ძლიერი, მაგრამ ძლიერი რომ დააფასო თვითონ უნდა იყო ძლიერი.


