დავასრულოთ სხვათა მოიმედეობის ყოველგვარი პოლიტიკა

ყველა ანალიზის მიხედვით, მომავალი შემაშინებელია
პარტია “თეთრები” მწუხარებას გამოხატავს საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების გამო და თანაუგრძნობს ფრანგ ხალხს.
“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც ამჟამად საქმიანი ვიზიტით ევროპაში იმყოფება, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც სრულად გთავაზობთ.
მე ეხლა ევროპაში ვარ, ყველა ანალიზის მიხედვით, მომავალი შემაშინებელია. ყველაზე მეტად ძირძველი ევროპაა შეწუხებული! შეწუხებულია ბოლო წლებში ევროკავშირის, როგორც თვითონ ამბობენ, უაზრო გაფართოებით, რომელმაც ევროპა უფრო დაასუსტა და ნაცვლად მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის გაძლიერებისა, ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულობა გააძლიერა, შეწუხებულია დაპირისპირებით, რომელიც რეალურად ჩამოყალიბდა მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფოთა (ამერიკა-რუსეთი) შორის, რომელთა გამოც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მცირე ერები კონკრეტულად კი ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერები და ქვეყნები აღმოჩნდნენ, შეწუხებულია რელიგიური ექსტრემიზმით, განსაკუთრებული სიმძაფრით ჩანს ბოლო ათწლეულის საომარ მოქმედებათა შედეგები, რომელთაც პრაქტიკულად შეცვალეს ევროპა. შეცვლილი ევროპა კი შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს. პრაქტიკულად ყველგან ჭარბობენ მიგრანტები. უფრო მეტიც, საღამოს საათებში ადგილობრივი მოსახლეობა ერიდება ქუჩაში გამოსვლას.
ყველაზე მეტად შემაშინებელია ის დაძაბულობა, რომელიც ევროპის ქვეყნების ადგილობრივ მოსახლეობაში შეიმჩნევა. არა იმდენად მიგრანტთა მიმართ, არამედ მსოფლიოს იმ ქვეყნების ხელისუფალთა მიმართ, რომელთა პოლიტიკა გლობალიზაციის ზომაზე მეტად ხელშემწყობია და ყოველგვარი ეროვნულის საწინააღმდეგოდაა მიმართული.
ეს დამძიმებული განწყობა ერთნაირადაა ხალხშიც, გარკვეულ სახელისუფლო წრეებშიც, პოლიტიკოსებშიც. მაგრამ ყველანი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს სიმძაფრე იმ ზომით, როგორც რეალურად არსებობს, არ ჩანს ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში,
ხშირად ისიმის გამოთქმები, რომ ეს სფერო, ანუ მედია ერთი პოლიტიკური ხელით იმართება გლობალიზაციის სასარგებლოდ და ეროვნულის საწინააღმდეგოდ. ხალხში კი სხვა განწყობაა. ხალხი ფიქრობს, რომ გლობალიზაცია მართალია კაცობრიობის განვითარების ობიექტური მოვლენაა, მაგრამ არ უნდა ნიშნავდეს ეროვნულის უგულველყოფას, რომელსაც თავს გვახვევენ მსოფლიო მბრძანებლებად წოდებულნი (ეს მათი გამონათქვამია)
ევროპაში მცხოვრები ქართველობა, ნებსით თუ უნებლიედ მონაწილე ამ პროცესებისა, ერთ რჩევას გვაძლევს: დავასრულოთ სხვათა მოიმედეობის ყოველგვარი პოლიტიკა და მივხედოთ საკუთარ ქვეყანას. ისინი მზად არიან დაბრუნდნენ, როცა ქვეყანაში სახელისუფლებო პოლიტიკა გახდება ცნობილი მიგრანტთა დაბრუნებასთან დაკავშირებით.
სასიამოვნოა, რომ ერთნაირად კარგია განწყობა ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესისადმი. ისინი თვლიან, რომ არის საკითხები, რომელთა განხილვა ერისა და ბერის მიერ უნდა მოხდეს და არ იყოს რომელიმე ჯგუფის, თუნდაც ხელისუფლების მონოპოლია.
განსაკუთრებით პოზიტიურია დამოკიდებულება პრინციპისადმი, რომ კონგრესის სესიები ჩატარდეს იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ ბოლო წლების სოციალური დაძაბულობის გამო ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები და საქართველოს შვილები. ისინი თვლიან,რომ მხოლოდ ამის შემდგომ შედგეს კონგრესის დასკვნითი ნაწილი თბილისში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ქართველების, საქართველოს შვილების და საქართველოს მეგობრების მონაწილეობით.
ჩვენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სერიოზული ანალიზი გვჭირდება. გვჭირდება იმ პროცესების ანალიზი, რომლის გამოც შეშფოთებულია მთელი მსოფლიო. სერიოზული ანალიზი გვჭირდება, რა პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში, გვჭირდება იმის ანალიზი, როგორ იცვლება საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გვჭირდება ანალიზი, როგორ არის ინფორმიერბული საქართველოს მოსახლეობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
გუშინ საფრანგეთში მოხდა უბედურება და ბოლო წლებში არაერთი მსოფლიოში. როგორც ჩანს ხელისუფალნი შესაბამის დასკვნებს ვერ აკეთებენ . თუ ასე გაგრძელდა, უამრავ ქვეყანაში რეალური იქნება შეტაკებები საომარ მოქმედებათა ქვეყნებიდან ჩამოსულ მიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, გამოსვლები იმ ხელისუფალთა წინააღმდეგ, რომლებიც ათწლეულებია, საომარ მოქმედებათა გამო ხელოვნურად აძლიერებენ მიგრაციულ პროცესებს, შემდგომ კი ითხოვენ მიგრანტთა უფლებების დაცვას. ეს ყველაფერი ხდება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების და ინტერესების შელახვისა ხარჯზე.
ბევრ რამეზე გვჭირდება დაფიქრება!



