მანუჩარ კაჭახიძე” მე თქვენი დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ!

ამერიკაში მცხოვრებმა ქუთაისელმა გაზეთ ” მამულის” დამფუძნებელმა, მანუჩარ კაჭახიძემ თეთრების ლიდერს თემურ შაშიაშვილს წერილით მიმართა:
“სავარდო და სამაისო ქუთაისში, “გვირილობას” აღნიშნავენ. ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად მსოფლიოში გამართული ტრადიცია თავს მოახვიეს ქალაქს და თურმე, ისიც უნდა მიხაროდეს, რომ “გვირილობა” ამოირჩიეს და არა სხვა საქველმოქმედო აქცია, თუნდაც “ყინულის წყლის თავზე გადასხმის” მოდა.
მე ის კი არ მიკვირს, რომ ჩემს ქალაქში ასეთ უაზრობებს ამკვიდრებენ ტრადიციის სახელით, – არამედ ჭკვიანი ხალხის, ქუთაისის მცოდნე ადამიანების, ჭეშმარიტი ქუთათურების დუმილი ამ სისულელეებისადმი.
დიახ, მე თქვენი დუმილიც მაკვირვებს, ბატონო თემურ!
გუშინ აღმაშენებლის ხეივანი გაჩეხეს და პალმებით შეგვიფუთეს; მეფეთუბანში მრავალსართულიანი სახლით ნახევარ ქალაქს ბაგრატის მზეს უჩრდილავენ; გიმნაზიის ულამაზესს შენობას “ვენდის” უშენებენ წინ; ქალაქი საეჭვო და უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩებით გაივსო; ხვალ იქნებ ქუთაისს სახელიც გადაარქვან…
მე მახსოვს, როცა ჯაჭვის ხიდის აღდგენაზე მუშაობდით, როგორ გადმოიღეთ საუკუნის წინანდელი სურათები არქივიდან და როგორი სიზუსტით არ დაუკარგეთ ისტორია ქალაქს.
ეს რომ მახსოვს, და მუხრანის იმ ლექსის სტრიქონებიც ვიცი რომ იცით, ამიტომ მიკვირს თქვენი დუმილი.
“პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ, –
იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად”…



