(ასავალ-დასავალი) ხალხმა პოლიტიკურ პარტიათა დიქტატურა უნდა დაამარცხოს!

 

ghnყოველი შეხვედრა ქვეყანაზე დაფიქრებულ ადამიანებთან, ქვეყანაში, თუ  ქვეყნის გარეთ, კიდევ მეტად მარწმუნებს  იმაში,რომ  საქართველოში  მით უფრო იზრდება პოლიტიკოსთა თვითკმაყოფილება საკუთარი მოღვაწეობის შედეგებით, რაც უფრო  მძიმე  და გაუსაძლისი ხდება ხალხის ცხოვრება.

საზოგადოება  დარწმუნებულია,  რომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის მომართული, ძლიერი  პოლიტიკოსი, ვინემ დღეს პოლიტიკურ არენაზე მყოფ პოლიტიკურ პარტიებში. რომელთა ავტორიტეტი მიწასთან არის გასწორებული.  მე არ ვარ პარტიების წინააღმდეგი, თვითონ წარმოვადგენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ  დღეს,  ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ:  ამ პარტიებით , ამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არ აქვს.

დღეს ქვეყანაში არსებულმა პარტიების დიქტატურამ , არა მარტო განდევნა თავისგან მოაზროვნე ადამიანები, არამედ დააშინა  კიდეც: უკადრებელს აკადრებენ პარტიის გარეთ  მყოფ  პოლიტიკურად მოაზროვნე ზნეობრივ ადამიანს, თუ რამე ისეთი თქვა, რაც  მათ ინტერესებში არ შედის.  ქვეყანაში  სიკეთე  გათითოკაცდა და ბოროტება  მძლავრ პარტიულ  დიქტატურად შეიკრა.   სამწუხაროდ,  პარტიების ეს დიქტატურა და პარპაში კანონმდებლობითაა  განმტკიცებული:  უპარტიო  გენიოსზე  მეტი  ძალა  გაქვს, თუ პარტიის წევრი ხარ, მაგრამ არც  განათლება გაქვს და მორალთან,  ზნეობასთან გაქვს პრობლემები.

 ხალხს  მიაჩნია, რომ   მოაზროვნე  ადამიანებმა  პარტიებისაგან თავსმოხვეული  შიში  უნდა დაძლიონ, ფულზე ნუ გაიყიდებიან ,  ხალხთან  მოვიდნენ – გულწრფელ  ზრახვებში დაგვარწმუნონ  და  უიმედობით ხელებჩამოშვებულ  ხალხს  პოლიტიკური ოპტიმიზმის  განწყობა გაგვიჩინონ პოლიტიკური  პარტიების  დიქტატურის დასამარცხებლად.

ღვთის წყალობით, ქვეყანა სავსეა  მოაზროვნე ადამიანებით  და საქართველოს ისტორიაც ადასტურებს,  რომ ხალხს ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში სწორი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

ფაქტია, დღემდე საქართველოში არჩევნებზე ის პარტიები  და პოლიტიკოსები  იმარჯვებდნენ, ვინც მეტ ფულს ხარჯავდა და დიდ ცრუ დაპირებას  აძლევდა  ხალხს.  არადა,  არჩევნებზე  ხმების მოსასყიდად  ფულის  დამრიგებელი  კიდევ უფრო გამდიდრდა   და  ცრუ დაპირებით საკუთარი  ხმის  გამყიდველის  ცხოვრება  უარესზე უარესი გახდა.   მონობა დაკანონდა: ფულიანი  ბატონია, უფულო – მონა.

დრომ დაადასტურა ქვეყნის გარეთ დაწერილი  მზაკვრული  პროგრამის  არსი  და  მიზანი :  დაგვამშიეს და დაგვაუძლურეს იმისათვის, რომ  ადვილად გვმართონ ფულიანებმა. რომ ჩვენს  უცხოელ ‘მეგობრებს“   მართული მდიდრები  უფრო სჭირდებათ (დარწმუნებული ვართ, არ უყვართ… როცა უნდათ, მაშინ გაწირავენ ) , ვიდრე განათლებული და ინტელექტუალური  ადამიანებით  მართული  საქართველო.

დრო  კი  ზუსტად  საპირისპიროს ადასტურებს, რომ ქვეყნის მომავალი არც ბელადებთან  (მით უფრო თვითმარქვია) და არც მილიარდერებთან  და საერთოდ,  ფულიანებთან  არის  დაკავშირებული .

საქართველოს მომავალი  ხელისუფლებაში მოაზროვნე , განათლებული და რწმენით სავსე  ადამიანებთანაა  დაკავშირებული, რამეთუ  მხოლოდ  მათ  შეუძლიათ  ფულის  ძალაუფლება  და  პარტიების დიქტატურა  შეცვალონ  ნიჭის  და ცოდნის ძალაუფლებით.

საბედნიეროდ,  დღეს ქვეყანას  ჯერ კიდევ  აქვს  დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ადამიანური რესურსები როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და ასეთ დროს ამ ადამიანებისთვის  მათი შესაძლებლობათა  რეალიზაციის  გარემოს  შექმნას,  ქვეყნისთვის სასწაულის მოხდენა შეუძლია.

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *