(ივერიონი) რას ვჭამთ და როგორ ვიმოსებით, ანუ, რატომ არ ადგენს მთავრობა რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმას?!

ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში უხეშად ირღვევა სასურსათო უსაფრთხოების პრინციპები, სურსათის მოხმარების ნორმები და აქედან გამომდინარე, უარესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

განსაკუთრებით დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება (ხორცის მოხმარება შემცირებულია _ 2,5-3-ჯერ, თევზის _ 4-5-ჯერ, რძის პროდუქტების 2 3-ჯერ), პურისა და პურპროდუქტების 1,8-2,0-ჯერ მეტია ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით, რის გამოც საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 62% პურპროდუქტებზე მოდის (განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი საკვებ რაციონში 12-15%-ს არ აღემატება).

2003 წელს, NATO-ს სოფლის მეურნეობის დაგეგმვის კომიტეტმა (FAPC), საქართველოს მოსახლეობის სურსათის მოხმარების მაჩვენებლები საგანგაშოდ ჩათვალა და საგანგებოდ აღნიშნა მდგომარეობის გამოსასწორების აუცილებლობის შესახებ.

ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და 2003 წლის 8 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით #111-ნ დაამტკიცა ახალი `ნორმა~ (სადაც სურსათის კალორიულობა შეფასებულია 2300 კკალ).

მ ბრძანების თანახმად, ხორცის მოხმარების მაჩვენებე¬ლი 80 გრ/დღ ჩაითვალა „ნორმად“, რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. ხოლო პურის მოხმარების ნორმა _ 350 გრამიდან გაზრდილია 400 გრამამდე.

ამრიგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა და მოხმარების მაჩვენებელიც ახალ „ნორმებს“ დაუახლოვდა, ზოგიერთი პროდუქტისთვის გადააჭარბა კიდეც (რძე და რძის ნაწარმი).

ასე მარტივად „მოგვარდა“ სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე და ამ ე.წ. „ნორმების“ მიხედვით, ჩვენი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების ვიზუალური სურათი „არც თუ ისე სავალალოდ“ გამოჩნდა. სასურსათო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირდა ძვირადღირებული პროდუქციის ჩამონათვალი და გაიზარდა შედარებით იაფი პროდუქციის რიცხვი (შ. ჩხეიძე).

სამწუხაროდ, ამ „ნორმების“ გადახედვით და გამოსწორებით დღემდე არც ერთი  მთავრობა არ დაინტერესებულა და სასურსათო კალათას და საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობს (ზოგადად სასურველი იქნებოდა სურსათის მოხმარების ნორმები იცვლებოდეს ზაფხულ-შემოდგომის  და ზამთარ-გაზაფხულის პერიოდების და მთისა და ბარის რეგიონების მიხედვით).

ეს „ახალი სასურსათო კალათა“ 2016 წლის ივნისის მდგომარეობით 109.9 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს იძლევა, რაც მაინც მიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

პრობლემის სპეციალური შესწავლით (რომელიც   საყოველთაოდ აღიარებულ  მეთოდიკას ეყრდნობა) დადგინდა, რომ საქართველოში საარსებოდ მიღებული მინიმალური ნორმის შესაბამისი სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 172.5 ლარია, რომელიც 36.2 პროცენტით აღემატება ოფიციალურად მიღებულ _ 109.9  ლარს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება საქსტატის მიერ ხორციელდება ე.წ. ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე – მიჩნეულია, რომ სურსათის წილი ამ მაჩვენებელში უნდა შეადგენდეს 70 პროცენტს (რაც არასწორია, რადგან ადამიანს, როგორც გონიერ არსებას სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია. განვითარებული მსოფლიოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ ეს მაჩვენებელი საარსებო მინიმუმში 15-30% ფარგლებში უნდა მერყეობდეს), დანარჩენი 30 პროცენტით კი უნდა დაიფაროს ყველა სხვა ხარჯი, მათ შორის, არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ღირებულება.

ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულება _ 246.4 (172.5+73.9) ლარი, 1.56 ჯერ მეტი იქნება დადგენილ _ 157.1 (109.9+47.2) ლარზე თვეში. სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯების გათანაბრების (0.5/0.5) შემთხვევაში (რაც სწორი და სავსებით მისაღები გადაწყვეტილება იქნება), საარსებო მინიმუმის ღირებულება 345 (172.5+172.5) ლარს გაუტოლდება(ცნობისათვის: ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში – 358 ლარია, სომხეთში – 230 ლარი, რუსეთში _ 390 ლარი, ესტონეთში _ 520 ევრო, სლოვენიაში _ 830 ევრო, აშშ-ში 902,5 დოლარი, ნორვეგიაში _ 2100 ევრო).

2006 წლის შემდეგ საარსებო მინიმუმის ამჟამად მოქმედ მეთოდოლოგიაზე გადასვლისას მყისიერად, 30 პროცენტით შემცირდა მისი ღირებულება (დაბალანსებული კვების რაციონის ნაცვლად ნორმატიულ ბაზაში შეტანილ იქნა შედარებით ნაკლებად  ღირებული საკვები პროდუქტები, ანუ მაქსიმალურად შეიზღუდა ცხოველური წარმომავლობის საკვები პროდუქტების წილი). აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის ახლანდელ კალათაში სურსათის კალორიულობა შეფასებულია 2300 კკალ-ის დონეზე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებულ ნორმაზე  (2450 კკალ) საგრძნობლად ნაკლებია. ჩვენს მირ შესრულებული გაანგარიშება ამ უკანასკვნელ რაციონალურ  ნორმას  ემყარება.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საარსებო მინიმუმში სურსათისა და დანარჩენი სამომხმარებლო საქონლის თანაფარდობა პროპორციით 0.7/0.3. ეს პროპორცია სასწრაფოდაა შესაცვლელი – უნდა მკვეთრად შემცირდეს სასურსათო კომპონენტის წილი და გაიზარდოს არასასურსათო კომპონენტის წილი (ეს იმ დროს, როდესაც ინფლაციის გასაანგარიშებელ კალათაში სურსათის წილი წლიდან წლამდე მცირდება და ამჟამად 30 პროცენტს არ აღემატება). ამ შემთხვევაში, თვით ამჟამად მოქმედი მინიმალური სასურსათო ნორმისა და სადღეღამისო კალორიულობის შენარჩუნების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საარსებო მინიმუმის ღირებულება (109.9 +109.9) 219,8 ლარი.

აღნიშნული ცვლილებით საარსებო მინიმუმის ღირებულება საგრძნობლად მიუახლოვდება მის ფაქტობრივ დონეს, ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება აგრეთვე ამჟამად კატასტროფულად დაშორებული „საარსებო მინიმუმისა“ და „სიღარიბის“ ცნებათა შინაარსობრივ დაახლოებისკენ.

პაატა კოღუაშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

წყარო: http://iverioni.com.ge/16205-ras-vtcamth-da-rogor-vimosebith-anu-ratom-ar-adgens-mthavroba-realur-fiziologiur-normas.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *