ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: “ნაცმოძრაობა” არ შეიძლება იყოს ოპოზიცია

დღეს უაღრესად აქტუალური გახდა „ნაცმოძრაობის“ თემა. ეს პარტია, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ დესტრუქციურ როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში. „თეთრებმა“, ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში, არჩევნების მეორე დღესვე გამოვხატეთ პოზიცია, რომ სანამ ნაციონალური მოძრაობა არ გასამართლდება 9 წლიანი „მოღვაწეობისათვის“ სანამ მას მეორე ოპოზიციურ ძალად განიხილავენ და მასთან კოჰაბიტირებენ, ქვეყანაში საუბარი ზედმეტია წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებაზე. და რადგან ჩვენ არ ვართ პარტია, რომელიც პოლიტიკურ კონიუქტურას ერგება და ჩვენი პოზიცია მეცნიერულ ანალიზს და დასკვნებზეა აგებული, (რადგან პარტიის შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მეცნიერები წარმოადგენენ, რითაც ვამაყობთ) დღესაც ვადასტურებთ და ხაზგასმით ვაცხადებთ:
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან წარსულისა და აწმყოს გამო მას არ შეიძელბა პატივს სცემდეს ღირსეული საზოგადოება;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან მან ათი წლის მანძილზე ვერ შეძლო ოპონირების რეჟიმში თანამშრომლობა ვერც ერთ პოლიტიკურ ოპონენტთან ვერც ერთ საკითხზე;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ოპოზიცია საზოგადოდ მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლით იცავს მოსახლეობის ინტერესებს. ნაცმოძრაობის მიერ საზოგადოების ინტერესების დაცვა ათწლეულის და მეტი ხნის მანძილზე კარგად ნახა ქართველმა ხალხმა;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის თავისი არსით არის არა პოლიტიკოსთა, არამედ ქვეყნის და კაცობრიობის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის ჩამდენთა თავყრილობა. დამნაშავე პოლიტიკური ძალისათვის ოპოზიციის ნიშის დაკავების შესაძლებლობის მიცემა გახდება სერიოზული ეჭვის საგანი ქართველი ხალხის ზურგს უკან გარკვეული პოლიტიკური გარიგებების შესაძლო დაშვებისა;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან საქართველოს საზოგადოებისაგან ეჭვმიტანილია ახალგაზრდების სერიული წამებისა და მკვლელობების დაგეგმვაში,განხორციელებაში და სადისტ მკვლელთა მფარველობაში;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან მისი დარჩენა ქვეყნის პოლიტიკურ არეალში გამოიწვევს სახელმწიფოს შესვლას კონსტიტუციურ ჩიხში, პოლიტიკურ კრიზისს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, მოქალაქეობრივ ამბოხს;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის აყალბებდა, დღესაც (!) აყალბებს და კვლავაც გააყალბებს პოლიტიკურ პროცესებს;
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ნაძალადევი და შერყვნილი კონსტიტუციის სრული დაცვით პრეზიდენტად წოდებული მოქალაქე სააკაშვილი შეძლებს პარლამენტის დათხოვნით პოლიტიკურ გადატრიალებას და ერის დიდი გამარჯვების სრულ ანულირებას.
– ნაცმოძრაობა არ შეიძლება იყოს ოპოზიცია, ვინაიდან ის არ არის კლასიკური პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტია. ის გახლავთ კლანური პრინციპით შექმნილი სექტა. ყოველი სექტა კი ჩაკეტილი, დანაშაულით ურთიერთდაკავშირებულთა კრებულია, მხოლოდ საკუთარი წესებით ფუნქციონირებადი და სექტის გარეთ მდგომთათვის უაღრესად საშიში გაერთიანება. სექტას, სახელად „ნაცმოძრაობა“, დამარცხებულს და დემორალიზებულს, დღესაც კი მოაქვს ფრიად ხელშესახები ნგრევა ქართულ პოლიტიკაში. ის არანაკლებ მავნე იქნება ქართული სახელმწიფოსათვის, ვიდრე გახლდათ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე.
– არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს ქვეყნის და ერის აბსურდის რეალობაში ჩამგდები;
–არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს სახელმწიფოში მრავალწლიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი კრიზისის ორგანიზატორი და განმხორციელებელი;
– არ შეიძლება ოპოზიციად ითვლებოდეს საკუთარი ერის წინააღმდეგ ათწლეულის მანძილზე ხისტი და სასტიკი სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, იდეოლოგიური პოლიტიკის გამტარებელი.



