ამაზე უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს

222110_146438502091541_3385693_nღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ ,მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება,რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ხელისუფლების ხალხისადმი პასუხისმგებლობა მოკვდა,თანამდებობის მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა,სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა,წახალისებულია მოღალატეობა,პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

მომავალი არ აქვს ქვეყანას, სდაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაა, სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია, სადაც   ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია, სადაც მეცნიერება არ გრძნობს პასუხისმგებლობას , იყოს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი.

საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური რესურსი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთივე ადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი.

სამწუხარო ის არის, რომ მართვის სისტემაა ავადმყოფი. იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვის მომართულს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ  რაც დრო გადის, სუსტდება და იკარგება ქართული ინტერესი, საქართველო  ზესახელმწიფოთა დაპირისპირების ერთ-ერთ ცენტრად იქცა.

ჩვენ ვთვლით, რომ ამ სიტუაციაში, დაპირისპირება მომაკვდინებელია. საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.  ამ  დიალოგის ინიციატორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამისთვის ყველაზე კარგი დროა ეხლა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.

ხელისუფლებაში და ხელისუფლების მხრივ, მოქმედებაა საჭირო და არა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, მით უფრო, როცა აგრესიული გახდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის.

გულახდილად გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვე დაღუპული ხართ, თუ გჯერათ  იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.  თუ მართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს ( შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუ მართლა გჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  გადაწყვეტილება თქვენი საქმიანობის  ერთ-ერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკო სისტემით, ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას ეშველება.

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას მოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ  ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს, პირდაპირ ვთქვათ, სრული სიბნელეა.

უპირველესი არის ის, რომ  ხელისუფლება გამოვიდეს  თვითკმაყოფილების   უაზრო პოზიციიდან და გადადგას რეალური ნაბიჯები  ინტელექტუალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისათვის. ნუ გეშინიათ  განათლებული და კომპეტენტური ადამიანების. ნუ ჩაიკეტეთ საკუთარ სამეგობროებში, ემსახურეთ და თან პატივისცემით ემსახურეთ ხალხს, რომელმაც არნახული ნდობა გამოგიცხადათ, რომელსაც უკადრებელი ვაკადრეთ უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტის მაჩვენებელია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ.

ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება, ხელისუფლების მხრივ ძლიერი ნაბიჯი იქნება.  თვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

ჩვენ, „თეთრები“,  დიალოგისა და თანამშრომლობის გარდა, სხვა გზას  ვერც   ვხედავთ. ამაზე  უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *