უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით

 

ამაზე  უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს

(პარტია „თეთრების“ წინადადება)

ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის  აღდგენის შემდეგ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოკვდა, თანამდებობის  მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებს გადაცდა, წახალისებულია მოღალატეობა – პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა… იყიდებიან პარტიები, პოლიტიკოსები, შეიძლება არჩევნებში (და არა მარტო) გამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხების ყიდვაც. პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ვცხოვრობთ.

მომავალი არ აქვს ქვეყანას, დაც მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებაში ასეთი თვთკმაყოფილებაა, სადაც ასეა გაბოროტებული ოპოზიცია, სადაც   ხალხს  ლამაზი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს, სადაც ათას მიზეზთა გამო, დუმს ინტელიგენცია, სადაც ხელისუფლების და საერთოდ პოლიტიკური ძალების მიერ იგნორირებულია მეცნიერება, სადაც მეცნიერებ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას, იყვნენ ხელისუფლების მთავარი ოპონენტებ.

საქართველოს  ყველა რესურსი აქვს, იყოს წარმატებული ქვეყანა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. ასეთივე ადამიანური და ბუნებრივი რესურსები და მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი გეოგრაფიული რესურსი.

სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში, რომელსაც ყველა პირობა აქვს, იყოს წარმატებული, მართვის სისტემაა ავადმყოფი. იგი ებრძვის ზნეობრივს, კომპეტენტურს, ქვეყნისთვის მომართულს. ახალისებს მონური ფსიქოლოგიის  მედროვეებსა და კარიერისტებს. სწორედ ამის შედეგია, რომ  რაც დრო გადის, სუსტდება და იკარგება ქართული ინტერესი, საქართველო  ზესახელმწიფოთა დაპირისპირების მძლავრ ცენტრად იქცა, ქვეყანამ პრაქტიკულად დაკარგა ეკონომიკური (და არა მარტო) დამოუკიდებლობა, ჯართად იქცა სამუშაო ადგილები, ქვეყანა კი უცხოური პროდუქციის ბაზრად… ქვეყნის გარეთ, ძირითადში, ნედლეული გაგვაქვს, ქვეყნის გარედან – მზა პროდუქცია შემოგვაქვს. როგორც იმპორტით, ასევე ექსპორტით, სამუშაო ადგილებს უცხოეთში ვქმნით. დავფიქრებულვართ კი, ამაზე? უფრო მეტიც, უცხოეთის ქვეყნებში მონური შრომისათვის გავწირეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ისტორიულად ინტელექტთან და მიწასთან, მიწათმოქმედებასთან დაკავშირებულ ქვეყანაში, ხალხის გამოკვების უმწვევესი პრობლემა დგას – მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ იღებს არსებობისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი.   ექსპერტთა ზედაპირული ანალიზითაც კი, ნათლად ჩანს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 10 პროცენტის მოქმედებაში მოყვანა. ამავე გათვლებით, იმ ფულით, რომელიც ბიუჯეტშია, გაცილებით მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე რეალურად კეთდება. ეს ექსპერტთა გათვლებია და არა ჩვენი პარტიის.

„თეთრების“ ძირითად ნაწილს მეცნიერები და სერიოზული პრაქტიკული გამოცდილების ადამიანები შეადგენენ და ამიტომ დარწმუნებულად ვამბობთ, ბიუჯეტის ამ ფულით მინიმუმ, ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება  შეიძლება და მთავარი დანაშაული ის არის, რომ ბიუჯეტი ორიენტირებულია არა განვითარებაზე, არამედ ისედაც უაღრესად შეზღუდული თანხების დარიგებაზე და ამას ვეძახით სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს. პარადოქსია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა  ხელისუფლება ტრაბახობდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულიაო, თუ ეს ასე იყო, ხალხი რატომ ცხოვრობს უარესად და რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო მეტად რატომ ღარიბდება მაშინ, როცა მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.

ვერც ერთმა დღემდე არსებულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ნაბიჯების გადადგმაც კი, ქვეყნის განვითარების რელსებზე გადასაყვანად. კაცობრიობის ისტორიამ გამოიმუშავა და მარტივი ენით გვითხრა დიდმა ფინანსისტმა და ეკონომისტმა, ადამ სმიტმა: ბევრი ფული არის იმ ქვეყანაში და იმ ქვეყანაში ცხოვრობენ კარგად, სადაც ქვეყანა უშვებს იმ პროდუქციას, რომელიც ქვეყნის გარეთ იყიდება. თუ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყიდება, ასეთ ქვეყანას ფულიც არ უნდა. ეს პროდუქციის გაცვლის პროცესი უფროა. დაქცეულია ქვეყანა, თუ რასაც აწარმოებს, მხოლოდ შიგნით მოიხმარება და დამატებით გარედანაც შემოდის პროდუქცია. ადამ სმიტი თვლიდა და დღევანდელობა ამას ადასტურებს, რომ ასეთი ხელისუფლება მტრობს საკუთარ ქვეყანასა და საკუთარ ხალხს.

დასკვნა თქვენთვის მოგვინდია.

გაგვაქვს ნედლეული და იმპორტი ექსპორტს რამდენჯერმე აჭარბებს. ამის შემდგომ, აღარ უნდა გვიკვირდეს არც ხალხის და არც ქართული ფულის დღევანდელი მდგომარეობა.

ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა უსერიოზულესია, მაგრამ ის, რაც წლების განმავლობაში, განათლებაში ხდება, ვიმეორებთ, რაც განათლებასა და კულტურაში ხდება, ამაზე ანტიქართულის წარმოდგენა შეუძლებელიც კი გვგონია. გაუფასურებულია ეროვნული დიპლომი, სტუდენტობისა და ახალგაზრდობის პრობლემები თვითდინებაზეა მიშვებული. დაუჯერებელია, მაგრამ  ფაქტია, რომ ქართველი ახალგაზრდები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში უფასოდ სწავლობენ, მაშინ როცა საკუთარ ქვეყანაში, დღითიდღე იზრდება  სწავლის გადასახადი, როცა მისი გადაუხდელობის გამო, უკვე ათიათასობით სტუდენტს შეჩერებული აქვს სწავლის უფლება. ეს მაშინ როცა, წლის განმავლობაში მარტო მერიები და გამგეობები რესტორნებში სადილობისათვის 20 მილიონის ფარგლებში რიცხავენ ბიუჯეტის ფულს, ხალხის ფულს… მაშინ როცა, სახელწმიფო ბიუჯეტიდან პარტიები 20 მილიონზე მეტ ლარს იღებენ ყოველწლიურად, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე მეცნიერებათა აკადემია.

ეს არ არის ერთ და ორ წელში დაგროვილი პრობლემები. ტრაგედია იმაშია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არათუ გაითვალისწინა წარსულის შეცდომები და მწარე გაკვეთილები და სიტუაციას ვერ ცვლის, არამედ აგრძელებს „მოქკავშირ- აღორძინების“ და „ნაცმოძრაობის“ დამანგრეველ კურსს. ყოველი შემთხვევისათვის, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რადგან ვთვლიდით და ვთვლით, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები, ინტელექტუალური რადიკალიზაცია და არა ბელადომანიის თამაში და ფულის ძალაუფლების დამყარება.

კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობთ, მართვის სისტემაა ავადმყოფი და ამისი უპირველესი საფუძველი არის ის, რომ  ქვეყანა რეალურად, ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება. აქ საუბარია ფსიქოლოგიაზე და არა კონკრეტულ პიროვნებებზე. ნაცვლად ცივილიზებული საბანკო სისტემისა, მივიღეთ ასამდე ბანკირის მიერ თავსმოხვეული ველური, თვახედური საბანკო მონოპოლია, რომლიც ხელისუფლების შემწეობითა და მხარდაჭერით, მფარველობს საშუამავლო ფირმებს. ეს არის კორუფციის ახალი ფორმა, რომელიც ებრძვის მწარმოებელსა და მომხმარებელს.

 ხელისუფლება ამას არ უნდა ეგუებოდეს. ეს არა მარტო ქვეყნისთვის, არამედ მისთვისაც საზიანოა.

გულახდილად გვინდა ვუთხრათ მთავრობას, თქვენ უკვე დაღუპული ხართ, თუ გჯერათ  იმ განმარტებების, რასაც აკეთებთ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებითთუ მართლა გჯერათ, რომ ლარის გაუფასურება  ხალხის ცხოვრების მაღალი დონითაა განპირობებული, თუ მართლა გჯერათ, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს ( შეწუხებული კი არა, მოსახლეობა უკვე დეპრესიაშია)… თუ მართლა გჯერათ, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმება თქვენი საქმიანობის  ერთერთი ყველაზე  დიდი წარმატებაა, თუ მართლა გჯერათ, რომ ამ საბანკო სისტემით, ან მოსახლეობას, ან ეკონომიკას ეშველება. თუ მართლა გჯერათ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გასაღები ქვეყნის შიგნით კი არა, ევროკავშირსა და ნატოში შესვლასა და რუსეთთან დაპირისპირებაშია. თუ მართლა გჯერათ, რომ სწორია თქვენი გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე… თუ მართლა გჯერათ, რომ საპრეზიდენტო მმართველობის დამცირების „ნაცების“ კურსის გაგრძელებაა სწორი.

ვთქვათ პირდაპირ და გულახდილად, თქვენ არათუ ცვლით ეროვნული ხელისუფლების კურსს, არამედ უპირისპირდებით მას. არცთუ დიდი ხნის წინ, ეროვნული განწყობის საქართველომ საპარლამენტო მმართველობა საპრეზიდენტოთი შეცვალა.დღეს სრულიად საპირისპირო პროცესი მიდის. ეს ხალხის მონაწილეობის გარეშე, სახლისუფლებო ეშელონების პრეროგატივად და გადასაწყვეტად იქცა. ეს ყველაფერი ხდება დემოკრატიული კაცობრიობის გამოცდილების იგნორირებით და ტოტალიტარული სისტემის მთავარი ინსტრუმენტის დამკვიდრებით. დემოკრატიულ მსოფლიოში  ხელისუფლება მსახურია…  ტოტალიტარულ სახელმწიფოში, კი უფროსი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ , არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია, ყოფილიყო მსახური, ყველა ეუფროსებოდა ხალხს. რაც დრო გადის, ეს ტენდენცია ძლიერდება. დღევანდელობამ ხალხი ხელისუფლების, ანუ თავისი მსახურის მსახურად აქცია. ეს ფუნდამენტური საკითხია.  

საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იციან, რომ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ამას მოსახლეობა გრძნობს და ხედავს დღეს. რომ  ასეთი პოლიტიკით სინათლე არ სჩანს, პირდაპირ ვთქვათ, სრული სიბნელეა.

ჩვენ ვფიქრობთ,   მდგომარეობა კიდევ უფრო რომ არ  გამძაფრდეს, ხელისუფლებას გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და დაქსაქსულობაში. ხელისუფლების მხრივ იმის აღიარება, რომ მას დახმარებად ა გვერდში დგომა სჭირდება,  სულაც არ არის სისუსტის ნიშანი. სისუსტე ამაზე უარის თქმაა. სისუსტე დაპირისპირებაა. ამ სიტუაციაში კი, დაპირისპირება მომაკვდინებელია. ამის წინაპირობა კი, აშკარად ჩანს: თვითკმაყოფილი ხელისუფლება, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი, ჩასაფრებული ოპოზიცია და ეს იმ დროს, როცა ქვეყანა სავსეა მოაზროვნე და კომპეტენტური ადამიანებით, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიებს მიღმა.

საჭიროა თანამშრომლობის  ჰარმონიზაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.  ამ  დიალოგის ინიციაორი  ხელისუფლება უნდა გახდეს. ამ დიალოგმა უნდა გააერთაინოს  ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მცხოვრებნი. ეს პრინციპული საკითხია.  ჩევნ უკადრებელი ვაკადრეთ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. იმ ხალხს, ვინც პრაქტიკულად გადარგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. ასეთი დიალოგისათვის ეხლა ყველაზე კარგი დროა. მოვიდა ახალი პარლამენტი, გვყავს ახალი მთავრობა, მათ უნდა მოძებნონ ძალა საკუთარ თავში, ასეთი დიალოგისათვის.

ღია, მართალი, კომპეტენტური დიალოგის თანმდევი უნდა იყოს სახელმწიფო დონეზე ძლიერი ჯგუფის შექმნა, რომელსაც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, ან ეს ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით. ამ ჯგუფმა უნდა შეძლოს სამი რამ:

პირველი-შეისწავლოს ქვეყნის პოტენციალი… მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა მოახდინოს ქვეყნის სრული ინვენტარიზაცია. ვიცოდეთ  რას ვფლობთ  და რისი გაკეთება შეიძლება.

მეორე – გაკეთოს დღევანდელი მდგომარეობის მიუკერძოებელი, ღრმა, უაღრესად კოპმეტენტური ანალიზი.

მესამე – შეადგინოს კონკრეტული, რეალისტური პროგრამა, რომელმაც უნდა შეძლოს რეალურ მდგომარეობაში,მყოფ ქვეყანაში მისი პოტენციალის მოქმედებაში მოყვანა.

ჩვენ ასევე პრინციპულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან დიასპორის საბჭოს შექმნას და ამით ღია დიალოგს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, მრავლად მცხოვრებ ქართველებთან, საქართველოს შვილებთან. უფრო მეტიც, ჩვენი პოზიცია პრინციპულია იმაშიც, რომ ევროპის  გამოცდილების გათვალისწინებით, ამ ქვეყნებში მცხოვრებმა  საქართველოს მოქალაქეებმა, თავიანთი წარმომადგენლები აირჩიონ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.

ასეთ ერთობაშია ჩვენი გადარჩენაც და მომავლის საქართველოც.

ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია და მართვის ისეთი სისტემა, რომელიც დაამთავრებს საქართველოს, როგორც პოლიტიკურ ბაზარს გარანტირებულს გახდის იმას, რომ  ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელიც იმუშავებს ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  „რაც შემიძლია, ვაკეთებ“ განწყობა და დამკვიდრდეს პრინციპი: ხელისუფლებაში და თანამდებობაზე არიან ისინი, ვისაც შეუძლია შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობა.

ხელისუფლებაში და ხელისუფლების მხრივ, მოქმედებაა საჭირო და არა თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, მით უფრო, როცა აგრესიული გახდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი დღეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისათვის.

უპირველესი არის ის, რომ  ხელისუფლება გამოვიდეს  თვითკმაყოფილების   უაზრო პოზიციიდან და გადადგას რეალური ნაბიჯები  ინტელექტუალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისათვის. ნუ გეშინიათ  განათლებული და კომპეტენტური ადამიანების. ნუ ჩაიკეტეთ საკუთარ სამეგობროებში, ემსახურეთ და თან პატივისცემით ემსახურეთ ხალხს, რომელმაც არნახული ნდობა გამოგიცხადათ, რომელსაც უკადრებელი ვაკადრეთ უკანასკნელი 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს. დაპირისპირება სისუსტის მაჩვენებელია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. გულწრფელად ვურჩევთ საკუთარ პარტიასაც და საერთოდ  ხელისუფლების გარეთ დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს ყველანი ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და გვეკისრება პასუხისმგებლობა მომავლისათვის. ჩვენ ყველას გვჭირდება იმის გაცნობიერება, რომ ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ჩასაფრებას და სიხარულს ხელისუფლების შეცდომებით, ოპოზიციაში ყოფნა უპირველესად  იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეცდომები არ ჩაადენინო. ეს დიდი პოლიტიკური კულტურაა, რომლის გარეშეც მომავალი არ გვექნება. სწორედ ამიტომაა დასაწყები დიდი დიალოგი, სწორედ ამიტომაა საჭირო ქვეყნის მომავალზე ღია დიალოგის დაწყება, ხელისუფლების ეს მხრივ ძლიერი ნაბიჯი იქნებათვით დიალოგის პროცესი გვაჩვენებს, ვინ ვინ არის.

ჩვენ, „თეთრები“,  დიალოგისა და თანამშრომლობის გარდა, სხვა გზას  ვერც   ვხედავთ. ამაზე  უარის თქმას, არც დრო და არც ხალხი გვაპატიებს.

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით დემოკრატიის მთავარი პრინციპის ერთგული:

„ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას  ირჩევს და მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით პოზიციაზე: ქართული, მხოლოდ ქართული გზა! ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს! ქართული  არასდროს  ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული  ყოველთვის იყო  ნაზიარები პლანეტარულთან. ყალბი და ანტიქართულია ქვეყნის გარეთ ყურება და ქვეყნის გარეთ  მხსნელის ძებნა გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები!  დავიხსნათ თავი 25 წლიანი გარედან მართვისაგან, ავირჩიოთ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება! ამის გაკეთება ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ.

ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით პირდაპირ და გულწრფელად. სიტყვა ხელისუფლებაზე და პოლიტიკურ პარტიებზეა.

პარტია „თეთრების“ პოლიტიკურ საბჭოს სახელით

თავმჯდომარე: თემურ შაშიაშვილი

გენერალური მდივანი: ზურაბ ხასია

7.12.2016 წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *