ახალი ეპოქა დაიწყო და დაიწყო იგი არა თავად ტრამპმა, არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით. ჩვენ ვაგვიანებთ… მოქმედების დროა!

 

1108აშშ ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა. საქართველოს ფსევდოლიბერალების ხედვით – ფაშისტური. მიმაჩნია, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეპოქა დაიწყო და დაიწყო იგი არა თავად ტრამპმა,არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით.

როგორია ტრამპის გამოსვლის მთავარი გზავნილები:  „ჩვენ უბრალოდ კი არ გადავცემთ ძალაუფლებას ერთი ადმინისტრაციიდან მეორეს, ან ერთი პარტიიდან – მეორე პარტიას, არამედ ჩვენ ძალაუფლებას ვაშინგტონიდან გადავცემთ და გიბრუნებთ თქვენ, ამერიკელ ხალხს.  ჩვენ 2017 წლის 20 იანვარს მოვიგონებთ იმ დღედ, როცა ხალხი ისევ გახდა თავისი ქვეყნის მმართველი.“.

ასევე ახალი პრეზიდენტის განცხადება:  „ყველა გადაწყვეტილება ვაჭრობის, გადასახადების, იმიგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მიღებული იქნება ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ. ჩვენ გვექნება ორი მთავარი წესი: იყიდე ამერიკული და დაიქირავე ამერიკელი.!“

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. „როდესაც გულს გაუღებთ პატრიოტიზმს, იქ ცრურწმენისთვის ადგილი არ დარჩება.“  – ტრამპის პირველი ბრძანებულება პატრიოტიზმის დღის დაწესებასთან დაკავშირებით ამის დიდებული დადასტურებაა. ეს რომ საქართველოში გვეთქვა,ფსევდოლიბერალები,ფაშისტებად მოგვნათლავდნენ .

“ფუჭი საუბრის დრო დამთავრდა, ახლა მოქმედების დროა.“ ასეთია  აშშ ახალი პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი პათოსი.

ავიღოთ თუნდაც დონალდ ტრამპის პირველი საკადრო გადაწყვეტილებები.

რატომ არის აშშ ძლიერი? მმართველობის საყრდენია პროფესიონალიზმი, გამოცდილება,პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნისადმი…იმიტომ რომ ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს. ჩვენთან პირიქითაა, არ ირჩევენ ნაცნობს და ირჩევენ უცნობს, გამოუცდელს, არაპროფესიონალს, არა საკუთარი  ქვეყნის პატრიოტს, არამედ სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფის ერთგულს. დალაგებულ ქვეყანაში,აშშ ში ირჩევენ გამოცდილების მქონე

პროფესიონალს, ჩვენთან,დაულაგებელ ქვეყანაში, გამოუცდელსა და არაპროფესიონალს.

მაგარი კადრები მოჰყავს პრეზიდენტ ტრამპს… მისი საკადრო პოლიტიკა ადასტურებს ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს და უმნიშვნელოვანეს პრინციპს: ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. სახელმწიფო მდივნად  რექს-ლილერსონის წარდგენა  ამის კარგი მაგალითია.

ტრამპის საინაგურაციო გამოსვლა, ასევე მისი პირველი ნაბიჯები უკვე აშშ პრეზიდენტის რანგში,  ჩვენ კიდევ ერთხელ გავარწმუნებენ, რომ  მსოფლიოს დღევანდელ  ვითარებას  ქვეყნისთვის მოფიქრალი, პატრიოტულად მომართული და ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები  ერთნაირად აფასებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ აშშ ახალარჩეული პრეზიდენტის გამოსვლის საკვანძო მომენტები საოცრად ეხმიანება ჩვენი აქტიური  მონაწილეობით ჯერ კიდევ ერთი წლის წინ   შემუშავებული „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“ და „ქართული ერთობის დარბაზის“ საპროგრამო დოკუმენტების განწყობას.

მთავარი მოწოდება, „ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება“, თუნდაც მთავარი მიმართულება – ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. თუნდაც მოწოდება საზოგადოებისადმი, რითაც თავდება ჩვენი ყოველი დოკუმენტი : „მოქმედების დროა!“ საოცრად ეხმიანება აშშ ახალარჩეული პრეზიდენტის  საინაგურაციო  გამოსვლის პათოსს.

სიამაყით ვამბობ, რომ  2013 წლის ნოემბერში, სახელმწიფო კაცების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ ზუსტად იმ ორი სიტყვით მთავრდება,  რითაც პრეზიდენტ ტრამპმა დაამთავრა თავისი საინაუგურაციო სიტყვა: „მოქმედების დროა!“ .

ამ დოკუმენტისათვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს როგორც მისი ხელმომწერნი, ასევე მხარდამჭერნი. სამწუხაროდ, ამის გამო ბევრს შეეშინდა შემოერთებოდა ამ დიდ ეროვნულ განწყობას, იმ განწყობას, რომლითაც მაშინ  გელათში, მეფეთ-მეფის დავით აღმაშენებლის დღეს, დავიწყეთ „ყოველთა ქართველთა, საქარველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესის“ და დიდი შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მზადება.

დრო კიდევ მეტად დაადასტურებს „მოქმედების მანიფესტში“ დასმული საკითხებისა და პრობლემების აქტუალობას მომავლის საქართველოსათვის.   ცუდი ის არის, რომ ვაგვიანებთ – კვლავ უაზრო დაპირისპირებასა, სოციალურ დემაგოგიაში, პოპულიზმსა და საკუთარი  საქმიანობით თვითკმაყოფილებაში ვკარგავთ ქვეყნისათვის  ბრძოლის ოქროს პერიოდს, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო მდგომარეობამ შეგვიქმნა.

დასკვნა ერთია. მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ხვდებიან,  რომ ძველებურად ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება, ეს კატასტროფისკენ მიაქანებს კაცობრიობას. უკვე მოქმედების დროა.

ტრამპის არჩევით, სწორედ ეს გადაწყვიტა ამერიკელმა ხალხმა. მან ცვლილებები აირჩია. გონივრული  და გაბედული მოქმედება აირჩია.

ხალხნი და ბრძენკაცნი – აი საზოგადოების ქვაკუთხედი – მიაჩნდა დიდ ფრანგ მოაზროვნეს, ბლეზ პასკალს. სწორედ ეს უნიკალური პრინციპი მოიყვანა მოქმედებაში ამერიკელმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, ბატონმა ტრამპმა.  მათ საზოგადოებას დაუბრუნეს დემოკრატიული სამყაროს ოქროს პრინციპი: „ ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა“

ამერიკელმა ხალხმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა… ჯერი ქართველ ხალხზეა“.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *