დღეს ძალა უნდა იმას, დაინახო შენი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაში, რაც ხდება, არ იხარხარო, ნიშნის მოგებით არ ისაუბრო.

პოზიცია  უკრაინაში  მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილი რომ საკუთარ თავს ასეთ კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანდა, ამას ბევრი ვგრძნობდით. მაგრამ დღეს,  სიხარულით და ნიშნისმოგებით საუბარი, როცა ის დაიჭირეს, არ მიმაჩნია არც ზნეობრივად და არც მიზანშეწონილად. მით უფრო მათგან, ვინც სააკაშვილმა არარაობიდან ცნობად სახედ აქცია… მათგან, ვინც კარებს ამტვრევდა მასთან გვერდით დგომისთვის… განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებისაგან, რომლებმაც შექმნეს იგი ასეთი, აქებდნენ და ადიდებდნენ, აგულიანებდნენ… განსაკუთრებით ისინი, ვინც, ლიტერატურული გამოთქმა რომ გამოვიყენო, „ხბოს აღტაცებთ“ დასდევდნენ უკან 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

სააკაშვილის მთელი პოლიტიკური პერიოდი: პრეზიდენტობამდე, პრეზიდენტობის დროს, მის შემდგომ, მისი ქმედებები დღეს, საქართველოს დიდი სირცხვილია. ის ტრაგიკული პიროვნებაა, რომელიც ძალაუფლების სიყვარულმა და ძალაუფლებისათვის ბრძოლამ, კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა – სახლის სახურავზე აიყვანა და იმის ძალა აღარ მისცა, ის გაეკეთებინა, რასაც ამბობდა. მან გაიმეორა, ოღონდ სხვა ფორმით, გორის დაჩოქება და მიწაზე ფორთხიალი.

მთელი მისი პოლიტიკური ისტორიის  მანძილზე, ერთი დღეც არ ვყოფილვარ მასთან და მის გვერდით. თუმცა, არ ვიცი მეორე პიროვნება, ვისაც იმას სთავაზობდა, რასაც მე. „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი რომ გავმხდარიყავი, ამ პარტიის სახელით, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასაც კი მპირდებოდა და ამას პრესაში წერდა, ამბობდა სატელევიზიო გამოსვლებში. უფრო მეტიც, ოპოზიციაში წასვლის წინ, 2002 წლის მეორე ნახევარში, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა, როცა მან შემომთავაზა მისი და ჩემი თანათავმჯდომარეობით შექმნილიყო პოლიტიკური პარტია. ჩემგან უარის მიღების შემდგომა, მან ეს გააკეთა ბატონებთან კობა დავითაშვილთან, ძმებ ბერძენიშვილებთან, რეზო შავიშვილთან.

სააკაშვილს ყოველთვის არასერიოზულ, გაუწონასწორებელ, ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად მივიჩნევდი. ამ დასკვნამდე 1996 წელს მივედი და 2001 წლის მის და ჩემ დებატებში ინგა გრიგოლიას გადაცემაში, როცა ბატონი მიხეილი ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი და ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოადგილე პარტიაში და მისი საყვარელი მინისტრი, ჩემი გამოსვლა  ასე დავამთავრე: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში!“  2004 წლის არჩევნების მეორე დღეს, მე როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მას კი მივულოცე გამარჯვება, მაგრამ ჩემი გამოსვლა ასე დავამთავრე: „სააკაშვილისათვის ეს არის დამარცხების ტოლი გამარჯვება, ჩემთვის კი გამარჯვების ტოლი დამარცხება.“

დღეს ძალიან განვიცდი ყველაფერ იმას, რაც მასთან დაკავშირებით ხდება კიევშიც და საქართველოშიც. განვიცდი როგორც ქართველი, განვიცდი როგორც პოლიტიკოსი, განვიცდი როგორც უკრაინისადმი არნახულად კეთილგანწყობილი პიროვნება. ასევე ადამიანურად მაწუხებს ისიც, თუ როგორ იქცევიან მისი ძველი მეგობრები. მართლაც, საცოდავი საქართველო! ვის ხელში იყო და ვინ ცდილობს კვლავ იტივტივოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ყველაფერი ეს დიდი ქართული სირცხვილია. ყველასთვის დამაფიქრებელი და ჭკუის მასწავლებელი.

დღეს ძალა უნდა იმას, დაინახო შენი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაში, რაც ხდება, არ იხარხარო, ნიშნის მოგებით არ ისაუბრო.

აქვე ვაქვეყნებ ელექტრონულ სივრცეში გამოქვეყნებულ ჩემ მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *