(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ძალა უნდა, დაინახო შენი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაში, რაც ხდება, არ იხარხარო და ნიშნის მოგებით არ ისაუბრო

თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტსა და აღნიშნულთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება :

„მიხეილ სააკაშვილი რომ საკუთარ თავს ასეთ კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანდა, ამას ბევრი ვგრძნობდით. მაგრამ დღეს, როცა ის დაიჭირეს, სიხარულით და ნიშნისმოგებით საუბარი, არ მიმაჩნია ზნეობრივად, მით უფრო მათგან, ვინც სააკაშვილმა არარაობიდან ცნობად სახედ აქცია… განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებისაგან, რომლებიც აქებდნენ და ადიდებდნენ მას, აგულიანებდნენ… ვინც „ხბოს აღტაცებთ” დასდევდა უკან 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

სააკაშვილის მთელი პოლიტიკური პერიოდი: პრეზიდენტობამდე, პრეზიდენტობის დროს, მის შემდგომ, მისი ქმედებები დღეს, საქართველოს დიდი სირცხვილია. ძალაუფლების სიყვარულმა და ძალაუფლებისათვის ბრძოლამ, ის კომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა – სახლის სახურავზე ასულს ძალა არ ეყო, საკუთარი მუქარა აღესრულებინა. მან გაიმეორა, ოღონდ სხვა ფორმით, გორის დაჩოქება და მიწაზე ფორთხიალი.

ერთი დღეც არ ვყოფილვარ მასთან და მის გვერდით. თუმცა, არ ვიცი მეორე პიროვნება, ვისაც იმას სთავაზობდა, რასაც მე. „მოქალაქეთა კავშირის” წევრი რომ გავმხდარიყავი, ამ პარტიის სახელით, პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასაც კი მპირდებოდა… და ამას პრესით და სატელევიზიო გამოსვლებში აცხადებდა. უფრო მეტიც, ოპოზიციაში წასვლის წინ, 2002 წელს, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი შეხვედრა, როცა მან შემომთავაზა მისი და ჩემი თანათავმჯდომარეობით შექმნილიყო პოლიტიკური პარტია. ჩემგან უარის მიღების შემდგომ, მან ეს გააკეთა ბატონებთან კობა დავითაშვილთან, ძმებ ბერძენიშვილებთან, რეზო შავიშვილთან.

სააკაშვილს ყოველთვის არასერიოზულ, გაუწონასწორებელ, ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად მივიჩნევდი. ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ 1996 წელს მივედი და 2001 წლის მის და ჩემ დებატებში ინგა გრიგოლიას გადაცემაში, როცა ბატონი მიხეილი ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი და ბატონ ედუარდ შევარდნაძის მოადგილე იყო „მოქალაქეთა კავშირში” და მისი საყვარელი მინისტრი, ჩემი გამოსვლა ასე დავამთავრე: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში!”. 2004 წლის არჩევნების მეორე დღეს, მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მას კი მივულოცე გამარჯვება, მაგრამ ჩემი გამოსვლა ასე დავამთავრე: „სააკაშვილისათვის ეს არის დამარცხების ტოლი გამარჯვება, ჩემთვის კი გამარჯვების ტოლი დამარცხება.”

დღეს ძალიან განვიცდი ყველაფერ იმას, რაც მასთან დაკავშირებით ხდება კიევშიც და საქართველოშიც. განვიცდი, როგორც ქართველი, განვიცდი, როგორც პოლიტიკოსი, განვიცდი, როგორც უკრაინისადმი არნახულად კეთილგანწყობილი პიროვნება. ასევე ადამიანურად მაწუხებს ისიც, თუ როგორ იქცევიან მისი ძველი მეგობრები. მართლაც, საცოდავი საქართველო! ვის ხელში იყო და ვინ ცდილობს, კვლავ იტივტივოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ყველაფერი ეს დიდი ქართული სირცხვილია. ყველასთვის დამაფიქრებელი და ჭკუის სასწავლებელი. დღეს ძალა უნდა იმას, დაინახო შენი პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაში, რაც ხდება, არ იხარხარო, ნიშნის მოგებით არ ისაუბრო”, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *