ადვილია ნგრევა, ძნელია შენება.

ათასწლეულთა გასაყარზე გამოქვეყნებული წერილის ეს მონაკვეთი გამახსენა ინტელიგენციის მიერ პრემიერისადმი გაგზავნილმა დახვეწილმა,აკადემიურმა და მომავლის საქართველოზე ორიენტირებულმა წერილმა.

ადვილია ნგრევით, სხვისი ლანძღვით ავტორიტეტის მოპოვება – მით უფრო, როცა არაფერზე პასუხს არ აგებ, ძნელია იყო თანამდბობაზე დიდი გაჭირვების ჟამს, აგებდე პასუხს და აშენებდე.

ადვილია საზოგადოების დემორალიზება, სასოწარკვეთაში ჩაგდება – მით უფრო, როცა ხალხი და ქვეყანა მშიერია და ისედაც დემორალიზებული და სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ძნელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს იმედი მისცე, დაარწმუნო, ძალა შთაუნერგო, აამოძრავო, და გაიყოლიო.

რაც ადვილია – სუსტები ეტანებიან, რაც ძნელი – ამას ძლიერები, სულიერებით სავსე ადამიანები.

ისტორიულად ძლიერი ადამიანების კრედო იყო : უმჯობესია რამდენიმე პროგრესული ადამიანი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს.

ბრწყინვალეა.

ძლიერმა იცის, რომ უმადურობაა ნგრევა, მადლიერება – შენება. ხალხი და ქვეყანა იხრწნება, როცა უმადურობით ივსება, ხალხს, ქვეყანას, ერს, რომელსაც მადლიერების გრძნობა გააჩნია – დიდი მომავალი აქვს.

ერთსაც გავიხსენებ: უმჯობესია შეეჭიდო მართალ საქმეს, თუმცა შეუძლებელს და დამარცხდე, ვიდრე შეეგუო სიბილწეს, ან სათავეში ჩაუდგე უმადურთა ბრბოს და იბელადო.

„ – ომი გქონიათო, გივარგილ, ომი;
– ომი ვქენითო, დედფალ,, ომი;
– წაგიგიათო ომი, გივარგილ;
– წავაგეთ ომი, დედფალ;
– მაშ, რაღა აზრი აქვსო ბრძოლას, გივარგილ;
– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დედფალ“.

საუკუნეებს გაუძლო დიდ სვანეთში დაბადებულმა ამ სიბრძნემ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, სიმართლისა და სამართლიანობისათვის.

ბრძოლას მაშინ აქვს განსაკუთრებული აზრი, როცა ქვეყანას, ხალხს, გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას სამი რამე სჭირდება:

სისხლი, ცრემლი და ოფლი.

სისხლი დავღვარეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო. ეს წმინდა სისხლია – საქართველოს სიძლიერის სისხლი. ცრემლი დავღვარეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო.

ჩვენი ქვეყნისათვის ოფლის დაღვრის დროოა, აღარ გვინდა მეტი სისხლი და მეტი ცრემლი. გვეყოფა დაპირისპირება. დაპირისპირება სუსტების მოგონილია.

სამწუხაროა, რომ ადამიანი სხვის მორევაზე ფიქრობს. მთავარია სხვას კი არა, საკუთარ თავს მოერიო. ეს მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. ღირს დაფიქრებად ყოვლივე ეს.

ჩვენს ქვეყანას ძლიერ, განათლებულ ადამიანთა ოფლი სჭირდება.

სწორედ წიგნიერებით სავსე ოფლი.

ასეთი განწყობის წერილად მეჩვენება მე პრემიერისადმი გაგზავნილი წერილი,რომელიც აქ შეგიძლიათ ნახოთ..

http://www.tetrebi.org/?p=20556

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *