(gmtv.ge)რა წერია პრემიერისადმი მიწერილ „იმედის წერილში“

ქართული ერთობის დარბაზმა საქართველოს პრემიერს „იმედის წერილი“ გაუგზავნა. ამ საკითხზე ჩვენ უკვე გავესაუბრეთ პროფესორ რამაზ ლომინაძეს, რომელმაც მოკლედ ისაუბრა წერილის მიზანზე, მასში მოყვანილი საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ „ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსებისგან წართმეული ქვეყანა“.

იხ.http://www.gmtv.ge/36515-2/

ვესაუბრეთ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელს, პოეტ ოთო ფალიანს და მოგიყევით იმ ახალ მოძრაობაზე, რომელიც ახალგაზრდების თაოსნობით და უწმინდესის კურთხევით დაიწყო და მალე მთელ საქათველოს მოედება.

იხ.http://www.gmtv.ge/36894-2/

ამ ინტერვიუების შემდეგ საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება თავად წერილის შესახებ, არაერთი თხოვნა მივიღეთ, რომ მიგვეწოდებინა ვრცელი წერილი, სწორედ ამიტომ დღეს საზოგადოებას „იმედის წერილს“ ვთავაზობთ.

მოჰყვა თუ არა გამოხმაურება პრემიერის მხრიდან და რას აპირებენ წერილის ავტორები მთავრობის მხრიდან სიჩუმის შემთხვევაში, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

იმედის წერილი პრემიერს

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ხვალ შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. რამდენიმე დღეში ჩვენი საეკლესიო კალენდრის მიხედვით ახალი წელიც შემოვა. წელი, რომელიც განსაკუთრებულია საქართველოსთვის – მიმდინარე წლის მაისში  ასი წელი სრულდება სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან.  გილოცავთ!

ჩვენ, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის – ეროვნული თანხმობისათვის“  წარმომადგენლები  ამ  წერილს, რომელიც მომზადდა მეცნიერთ და კულტურის მოღვაწეთა ჯგუფის მონაწილეობით, გაახლებთ ჩვენს მიერ ლეგენდარული  რომან რურუასადმი მიძღვნილ წიგნთან „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“, ამავე სახელწოდების   კალენდართან ერთად.

ბატონო პრემიერო,

ჩვენს წერილს „იმედის წერილს“ ვუწოდებთ, რადგან ამ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ გელათში „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესზე გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, გავაგრძელეთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის კონგრესებზე, ვსაუბრობთ  სამების ტაძრის  ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა შეკრებებზე.

ჩვენ  განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ მიმართულებით იმ დიდი შეკრების მნიშვნელობას, რომელიც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივით შედგა ქ.სოჭში ცხინვალის მძიმე მოვლენების  შემდეგ და  იმ რთულ მომენტში შესაძლებელი გახადა ქართველების, აფხაზების, ოსების  ადამიანური შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ   ყოველთვის გვქონდა განწყობა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ყოფილიყო   ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა, რაც ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად,  დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა. თუმცა დიდი იმედი მოგვცა ერთის  მხრივ, ჩვენს სულიერ მამასთან, ილია მეორესთან და მის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან გიორგობის დღესასწაულის  ბრწყინვალე დღეებში შეხვედრამ, მეორეს  მხრივ,  თქვენმა განცხადებამ  ქვეყანაში დიდი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ ქვეყანაში წლებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, რომელთა  გადაწყვეტას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.  ამ პრობლემების სრულფასოვანი გადაწყვეტა დიალოგის გარეშე არათუ შეუძლებელია, არამედ უფრო გააღრმავებს კიდეც.

სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ   „მოქმედების მანიფესტს – ერთი ერი, ერთიანი სამშობლო, გაერთიანებული სახელმწიფო“, გამოკვეთილად ჩავწერეთ ერთი ფრაზა  ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან:

„ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა –  ილია მართალი, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს  დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული  და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა  დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.“

ეს განწყობა დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს, რათა ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული ქვეყანა.

ჩვენ  თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრენი ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით. დაპირისპირება სუსტების მოგონილია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. საქართველო ოდითგან ძლიერი იყო მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით. სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებთან დიალოგის  გაწყვეტამ გამოიწვია  პარტიათა დამანგრეველი აღზევება. შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით სამწუხაროდ,  პარტიებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს –  გარკვეულწილად, შეიქმნა ზნეობის დეფიციტი, ხოლო მოაზროვნე და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. დღეს  ღირსეულ და მოაზროვნე  ადამიანს უჭირს პარტიებთან ურთიერთობა. არადა ხელისუფლებებს პარტიები ქმნიან. ეს კი აშკარა  დისონანსს ქმნის ქვეყნის განვითარებაში. პრინციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

ხალხი არ თვლის  თავს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ, იგი ფაქტიურად, გადაეჩვია ფიქრს. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ასპარეზი ქუჩიდან მოსულ პოლიტიკოსებს მიანდო. ათწლეულებია, ტრადიციად იქცა,  ვინც მმართველ პარტიაშია, აბსურდსაც კი უნისონში ასრულებს, ვინც ოპოზიციაშია, ჩასაფრებულის როლშია, რათა მთავრობა შეცდომებზე დაიჭიროს.

დანაშაულის ტოლფასია, რომ მთელი საეთერო დრო ორ პარტიას უჭირავს -არასაპარლამენტო პარტიებს ელემენტარული ტრიბუნაც კი არ გააჩნიათ. სწორედ ამან მოკლა საქართველოში პოლიტიკური კულტურა. მაღალი პოლიტიკური კულტურის გარეშე, ერთმანეთის აზრის მოსმენის უნარის გარეშე, ყველა მცდელობა განწირულია კრახისთვის.

თუ კარგად დავაკვირდებით, დღეს ყველა ცდილობს მეცნიერების, ინტელიგენციის, საერთოდ  კულტურის მოღვაწეების იგნორირებას. ეს არ არის მომავლის გზა. ჩვენ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია  დიდი დიალოგის დაწყება  ხალხთან, რომელსაც სათავეში სწორედ მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები უნდა  ჩაუდგნენ.

ჩვენ ვემიჯნებით  დაპირისპირებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, მაგრამ ვიცით, რომ თანამშრომლობა – ეს დიდი კულტურაა და ითვალისწინებს მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმას  ყოველგვარი კონიუქტურის გარეშე, მაგრამ დიდი კულტურის –  ტრადიციული ქართული კულტურის ფარგლებში.

ბატონო პრემიერო,

დარწმუნებული ვართ, თქვენ მზად ხართ დაიწყოთ დიდი დიალოგი, რისი დასტურიც იქნება ბევრ საჭირბოროტო პრობლემაზე  ჩვენი შეხვდრა-საუბარი. წინამდებარე  წერილში რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გავამახვილებთ  თქვენს ყურადღებას.

კერძოდ:

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამულ დოკუმენტზე, რომელიც სამ ნაწილს შეიცავს.

პირველში სრულად უნდა წარმოჩინდეს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს. მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა. მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად მოქმედებაში მოვიყვნოთ  ქვვეყნის პოტენციალი.

საჭიროა შესაძლებლობათა გამთლიანება. სწორედ ასეთ ჭრილში ვხედავთ ჩვენ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა  და საქართველოს მეგობართა  მსოფლიო კონგრესის ჩატარების აუცილებლობას, რომელიც დაიწყება  მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის დღეებში.

ჩვენი აზრით, კონგრესის სესიები  მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს  მსოფლიოს  ორმოცამდე ქვეყნის  ოთხმოცზე მეტ ქალაქში (სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ სოციალური გაჭირვების გამო ცხოვრობს ქართველობა)  და   დამთავრდეს 2019 წლის ნოემბერში,  თბილისობის დღეებში მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს საქართველოს განვითარების პროგრამას.  სასურველია, ეს სესიები პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რათა მისი ნახვა საქართველოშიც და გარეთაც იყოს შესაძლებელი!

ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უამრავი მეგობარი უცხოეთში. ეს კი უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიდი ინტელექტუალური სიმდიდრეა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაული იქნებოდა…

ამ ხალხზე თქვენ იმედიანად ისაუბრეთ საახალწლო მილოცვაში  და ჩვენი მოსაზრება სრულ თანხვედრაშია თქვენს პოზიციასთან. ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანაში შევქმენით საინიციატივო  ჯგუფები და საერთო პოზიციაა, რომ ეს კონგრესები უნდა იყოს არა უბრალოდ დიალოგი, არამედ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობათა და მიღწევათა დათვალიერება. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს დიდი შოთა რუსთაველის,  ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეთა იუბილეების აღნიშვნაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პროექტი, რომელსაც პრაქტიკულად, არ სჭირდება სახელწიფო დაფინანსება თუმცა,  ექნება უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი, ასევე უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენი ერთიანი სამშობლოს მომავლისთვის.

აქვე ვიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული პოლიტიკური  ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, თავად რუსეთში  საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს ასევე მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. მეტიც, მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ვიქტორ სადოვნიჩს ჰქონდა წინადადება, რომ სწორედ უნივერსიტეტში შემდგარიყო საქართველოს მეგობართა შეკრება.

დარწმუნებული ვართ, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, მარტში მოსკოვსა და პეტერბურგში, ხოლო მაისში თბილისში შეიძლება ასეთი შეხვედრის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ეს დიდი გარღვევა იქნება ქართულ ინტერესზე დაყრდნობით ქართულ – რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით.

ბატონო პრემიერო,

ჩვენ  ასევე უმნიშვნელოვანესად გვესახება თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. ფაქტია, რომ  წინა ხელისუფლებამ ეს პრობლემა უფსკრულამდე გააღრმავა. პატრიარქმა  შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის წამოწყებას,  დავიწყოთ დიდი მოძრაობა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისთვის, თაობათა ერთიანობისთვის. ახალგაზრდები იწყებენ  მოძრაობას, რომელიც  გაგრძელდება უფროსი თაობისადმი  მადლიერებისა და პატივგების საღამოში,  რომელიც  მომდევნო წლის მაისში, სპორტის სასახლეში დაიწყება და სისტემატურ  ხასიათს მიიღებს.

ამ დიდი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არაერთ წარმატებულ ადამიანსა და ბიზნესმენს მივმართეთ. დამოკიდებულება იმედიანია და როგორც ჩანს, ეს დიდი პროცესიც შეიძლება წარიმართოს სახელმწიფო  სახსრების გარეშე.

  ბატონო პრემიერო,

მრავალ პრობლემათაგან, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ და დიდი ხანია ვმუშაობთ, შევეხეთ ორს – ქვეყანაში დარჩენილთა და ქვეყნის  გარეთ გასულთა და თაობათა ერთიანობის პრობლმებს. ჩვენ სწორედ მათში ვხედავთ მომავლის საქართველოს, გაბრწყინებული საქართველოს გასაღებს. დიდი ქართველები, მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი,  რეზო ჩხეიძე ( ისინი ჩვენი მოძრაობის სათავეებთან იდგნენ), ფიქრობდნენ შექმნილიყო როგორც დიდი ილია ამბობდა, სახელმწიფო კაცების საკრებულო, ანუ საკრებულო იმ ადამიანებისა, რომლებსაც თანამდებობები არ უნდათ, მაგრამ უყვართ საქართველო და ეს ცხოვრებით ექნებოდათ დადასტურებული. ეს ეფექტური ნაბიჯი იქნება  ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენის პროცესშიც. კუვეიტიდან დაბრუნებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც თავის ქადაგებაში აღნიშნა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაზე ამ თვალსაზრისით და გამოხატა საქართველოში მსგავსის შექმნის აუცილებლობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე.

 ბატონო პრემიერო,

ამ წერილს  შემთხვევით არ ვუწოდეთ „იმედის წერილი“. ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას შეხვედრის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

ჩვენი სურვილია, შედგეს  ხალხის, ეკლესიისა და მთავრობის დიდი ერთობა მომავლის საქართველოსთვის. ხალხში ეს განწყობა არის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ეს განწყობა დაადასტურეს, ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ იგივე პოზიცია გაქვთ თქვენც. კარგი იქნება, თუ ეს დიდი სახელმწიფოებრივი პროცესი თქვენი პატრონაჟით წარიმართება.

 

„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით დამფუძნებლები:

ანზორ ერქომაიშვილი                        გიგა ბათიაშვილი                  გივი თოიძე

 

 

არნოლდ გეგეჭკორი                         ომარ მხეიძე                            ტარიელ ხარხელაური

 

რამაზ ყურაშვილი

 

 

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“      სახელით „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“სახელით ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის სახელით 
ფერდინანდ ლორთქიფანიძე    რამაზ ლომინაძე ოთარ ფალიანიგიორგი შაშიაშვილი

ალექსანდრე ახვლედიანი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *