თემურ შაშიაშვილი: შემინდეთ

შენდობის კვირა ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებს – როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.

დიდი ხანია,შენდობისა და პატიების დღეს და კვირაში, “ბიბლიას” გვერდით ჩემთვის ვდებ ორ ლექსს და ერთ ფრთიან გამოთქმას…ვცდილობ ღრმად ჩავწვდე მათ და,რაც მთავარია,ვიცხოვრო მათი სულისკვეთებით.

ერთი ლექსი მუხრანისაა:

„სხვისიც ყოფილა თუ ყოფილა

ჩემს თვალზე ცრემლი

ვყოფილვარ სხვისი სიბრალულით

მრავალჯერ ჩუმად,

ყოვლადძლიერო!..

გახარება თუ გინდა ჩემი, –

უნარი სხვისი გახარების

მიბოძე უმალ!“

ერთი ლექსი შოთა ნიშნიანიძისაა:

ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე…

მიმრავლე ეჭვის განახლების დღე,

შურზე,მტრობაზე,ამაღლების დღე,

მიმრავლე მტრებთან შერიგების დღე,

საკუთარ თავთან შერკინების დღე,

სხვათა ცოდვების გამართლების დღე,

ჩემი ცოდვების ანათემის დღე,

მიმრავლე შენთან შეხვედრების დღე,

შენთვის ამ ქვეყნის შევედრების დღე,

ღმერთო,მიმრავლე სათნოების დღე…

ფრთიანი გამოთქმა რეზო ამაშუკელისაა:

ისეთი დილა გათენდა,

მტერს რომ შევყროდი,

ალალ ძმასავით გავუღიმებდი!

უფალს ვთხოვ:

შემინდოს შეცოდებანი ჩემი ნებსითნი თუ უნებლიეთნი…

მომცეს ძალა,ვიცხოვრო ისე,როგორც ამ ბიბლიურ ლექსებშია…

შენდობას ვთხოვ პატარა ლუკას,დედაჩემის,მამაჩემის,ჩემი ძმის,ჩემი სიმამრის,ჩვენი ოჯახის წინაპრების,ჩემი ნათლიების,ჩემი მასწავლებლების სულებს-ისინი გაცილებით მეტს ელოდნენ ჩემგან..

შენდობას ვთხოვ მეუღლეს,შვილებს,სიძეს,ოჯახის წევრებს,ნათესავებს-თქვენ ჩემგან ბევრი სიმწარე შეგხვდათ და გხვდებათ…

შენდობას ვთხოვ ყველას ,ვისაც ჩემგან რამე ეწყინა,ანალოგიურს არ ვითხოვ არავისაგან,ვისგანაც რამე მეწყინა…

უფალს ვთხოვ ერთს : სიკვდილამდე არ მოვკვდე და ვიცხოვრო სხვისი გახარების სიბრძნით, ნიჭით და უნარით,სხვათა ცოდვების გამართლების და საკუთარი ცოდვების ანათემის ძალით!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *