(ჯეომედია)“რვა წლის წინ, ეს მიმართვა, დიმა ჯაიანმა წაიკითხა…” – თემურ შაშიაშვილი

 

რვა წლის წინ, ეს მიმართვა, დიმა ჯაიანმა წაიკითხა.. გენო კალანდიაც ჩვენთან იყო..

კოსტა ხეთაგუროვის პროსპექტზე, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან, ძველ თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინ.

საქართველოს მოსახლეობის, ქართველების, აფხაზების, ოსების, ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს მეგობრების მიმართ.

ქართველებს, აფხაზებს, ოსებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი –ნუ შევწირავთ ჩვენს მომავალს პოლიტიკოსებს!

დღეს, 2010 წლის 7 აგვისტოა. 2 წლის წინ ცხინვალის რეგიონში და 18 წლის წინ აფხაზეთში ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ფართომასშტაბიანი შეტაკებები. ვცხოვრობდით იმედით… ცოცხლები იყვნენ ის ქართველი, აფხაზი და ოსი ბიჭები, რომელთაც ხვალ და ამ დღეებში, სამწუხაროდ, ხსოვნის სანთლებს დავუნთებთ. ისინი სიცოცხლეშივე იყვნენ გმირები და მათ ამისათვის სიკვდილი არ უნდოდათ – პოლიტიკოსებმა რომ უსაჩუქრეს.

ომი არ უნდოდათ არც ქართველ ხალხს, არც აფხაზებს, არც ოსებს. ომი ავანტიურისტი პოლიტიკოსების პურია… ომი განდიდების მანიით შეპყრობილ ხელისუფალთა გონებაში იბადება, ვითარდება და იწყება… ომი დღეს ხალხისთვის პოლიტიკოსების ნასროლი ტყვიაა.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ ომი ყველამ წავაგეთ – ქართველებმაც, აფხაზებმაც და ოსებმაც… ომით მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოიგეს – ძალაუფლებაზე შეყვარებულებმა ჩვენი და ჩვენი ძმების სისხლით შეინარჩუნეს ჩვენზე ბატონობა.

დღეს ეს პოლიტიკოსები კვლავ ომის ენაზე ლაპარაკობენ… დააკვირდით კონფლიქტის მონაწილე ყველა დიდი და პატარა ქვეყნის, ყველა დიდი და პატარა ერის ხელისუფალნი საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამარჯვებაზე საუბრობენ.
ფრთხილად!

ომი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძველი ომის ყველა მონაწილე ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს არა შენდობაზე, არამედ, საუბრობს ომში გამარჯვებულის ენითა და განწყობით.

ომი სწორედ მაშინ იწყება, როცა ერთი ქვეყნის ხელისუფალი მეორე ქვეყნის ხელისუფალს მშვიდობისაკენ მოუწოდებს, თვითონ კი აგრესიულად აზროვნებს და მოქმედებს, როგორც ეს საქართველოს სინამდვილეში მოხდა.
ჩვენ დღეს გვარებით არ ვსაუბრობთ.

ჩვენ არავის არ განვსჯით…უფალი განსჯის.

ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ:

 ჩვენ – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი. .. და ჩვენ ამას ვამბობთ მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში ძლიერდება აგრესიული სეპარატიზმი, როცა მსოფლიოში და ჩვენს ირგვლივ, საქართველოშიც, უამრავი პოლიტიკოსია, რომელიც სისხლზე აღზევდა და არაერთი ემზადება ამისათვის.

• ჩვენ – ისევ ხალხს, ისევ ქართველებს, ისევ აფხაზებს, ისევ ოსებს, ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც უყვარს საქართველო – შეგვიძლია ერთმანეთი გადავარჩინოთ, ეროვნებაც – ეროვნული თვითმყოფადობაც შევინარჩუნოთ და შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც კავკასიაში მშვიდობის დიდი საყრდენი იქნება,

• მშვიდობიანი კავკასია ცივილიზაციის სიკეთე იქნება, ომის ქარცეცხლში გახვეულიკავკასია კი – მისი, ანუ ცივილიზაციის დანაშაული.

 ჩვენ დღეს ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ის, ვინც ხელს უშლის ჩვენს ერთობას, ან მომავალში გააკეთებს ამას – ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სკამზე და ებრძვის საკუთარ წარსულს, საკუთარ ქვეყანას, მის თვისტომს, საკუთარ ეროვნებას, მისი შვილებისა და მისი ერის მომავალს.

მივიდეთ ამ დღეებში უზნეო პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეულ ომში დაღუპულთა საფლავებთან მთელს საქართველოში: სოხუმსა და მთელს აფხაზეთში, ცხინვალსა და მთელს სამაჩაბლოში, ბათუმსა და მთელს აჭარაში, თბილისსა და საქართველოს ყველა მხარეში… თავი დავხაროთ და მუხლი მოვიდრიკოთ მათი ვაჟკაცობის წინაშე… შენდობა ვთხოვოთ უფალს. ერთმანეთს და დაღუპულთა სულებს და, როგორც იტყვიან, მოვერიოთ არა სხვას, არამედ საკუთარ თავს და ვილოცოთ ერთმანეთისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობისათვის, ჩვენი ერთიანობისათვის.
ვილოცოთ ქართველებმა, აფხაზებმა, ოსებმა ერთმანეთისათვის!

ჩვენ არასდროს ერთმანეთის მტრები არ ვყოფილვართ – უნდოდათ, და უნდათ, რომ გვაქციონ ასეთებად…

ჩვენ ერთი მიწის და ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერთი ისტორიული ქვეყნის შვილები ვართ და ჩევნი ბედნიერებაც ამ მიწის ერთგულებასა და ერთიან ძლიერ სახელმწიფოშია.

ჩვენ მივმართავთ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ისტორიული ქვეყნის ყველა მცხოვრებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მისი ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ – ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, ქვეყნის გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს მთელს მსოფლიოში: პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და წინაპრებს, ვიფიქროთ საკუთარი ერის და ჩვენი შვილების მომავალზე, ერთიან, ძლიერ სახელმწიფოზე და მშვიდობიან კავკასიაზე. ურთიერთშენდობით, ურთიერთპატიებით და სიმდაბლით ავმაღლდეთ

ჩვენ, მართლაც, არ გვაქვს მომავალი ერთმანეთის გარეშე!

გვფარავდეს ღმერთი ერთმანეთისკენ სვლაში!

ქართულ-ოსური მისიის დამფუძნებლები

ფერდინანდ ლორთქიფანიძე-ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს კულტურის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, მისიის თანათავჯდომარე.

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ახალი პოლიტიკური ძალის “თეთრი მოძრაობა” (თეთრები) დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფის წევრი.

ლილი ხურითი – სოხუმის დრამატური თეატრის მსახიობი, ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი

ნათია ავსაჯანიშვილი – პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

დიმიტრი ჯაიანი – სოხუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახლმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიიის ლაურეატი, გიორგი შერვაშიძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, უკრაინის სახელმწიფოს ,,პრესტიჟის” ორდენის კავალერი.

ინესა იამანიძე – პედაგოგი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისი გალაქტიონ ტაბიძის სახელობის 51 საშუალო სკოლის დირექტორი 2006 წლამდე. ამჟამად საავტორო სკოლის დირექტორი.

შალვა წიკლაური – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM _ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, დამთავრებული აქვს აკაკი წერეთლის სახელობის მე19 საშუალო სკოლა (ოსეთში) და დაბადებულია სოფელ ქვემო ლარსში.

ნარგიზა ლომთაძე – საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის კავშირის წევრი, ღირსების მედლის კავალერი. წიგნი „უკვდავება“(წიგნი ეძღნება სამაჩაბლო-აფხაზეთში დაღუპულთა ნათელ ხსოვნას) 1-ლი და 2-ე ნაწილის მთავარი რედაქტორი.

ვასილ კადენეცი – საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი, აფხაზეთიდან დევნილი.

გია ფაცურია – ჟურნალისტი

სანდრო კავსაძე – იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი. მორჩილი

P.S
„ქართულ–ოსური მისიის“ მიმართვა წაკითხული იქნა ძველ თბილისში, ბარათაშვილის ხიდთან, წმ.ნიკოლოზის ეკლესიის წინ, კოსტა ხეთაგუროვის პროსპექტზე, კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან.

ღონისძიება კოსტა ხეთაგუროვის ძეგლთან გახსნა მისიის წევრმა, ახალი პოლიტიკური ძალის „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“) ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, მიმართვის ტექსტი წარადგინა აფხაზეთიდან დევნილმა, ცნობილმა ხელოვანმა და საზოგადოებრივმა მოღვაწემ დიმა ჯაიანმა, სიტყვები წარმოთქვეს ეროვნული მოძრაობის ვეტერანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა, ვლადიკავკაზში დაბადებულმა და გაზრდილმა, ამჟამად გერმანიაში მცხოვრებმა შალვა წიკლაურმა და ოსური საზოგადოების ხელმძღვანელმა თენგიზ გაგლოევმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველები, აფხაზები და ოსები.
მიმართვის განწყობა გაიზიარეს ოსური საზოგადოების წევრებმა, მისმა თავმჯდომარემ ბატონმა თენგიზ გაგლოევმა.

მიმართვის განწყობისადმი თავისი მხარდაჭერა დაადასტურეს აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ნორვეგიაში, ესპანეთში, თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა. ამაღელვებელი იყო „აქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის გოჩა ძასოხოვის მიერ გამოგზავნილი მიმართვა სათაურით : „საქართველო გაბრწყინდება–იცოდეთ ეს!“
ღონისძიების მონაწილეებმა სანთლები დაანთეს წმ.ნიკოლოზის ეკლესიაში, აღვლენილი იქნა ლოცვა

შენდობისა და საქართველოს ერთიანობისათვის.

გვიან საღამოს „ქართულ–ოსური მისიის“ წევრები შეიკრიბნენ რესტორან
„აფხაზეთში“, სადაც 21 – მა ქართველმა, აფხაზმა და ოსმა – ქართული, აფხაზური, ოსური , აჭარული ნაციონალური ოთხი კერძის მაგიდასთან თქვეს ძმობის, მეგობრობის და ამ უაზრო ომებში დაღუპული ქართველი, აფხაზი , ოსი და ყველა სხვა ეროვნების ბიჭების სადღეგრძელო.

თბილისი,
7 აგვისტო, 2010 წელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *