(კვირის ქრონიკა ) თემურ შაშიაშვილი: იმპიჩმენტი დღეს არის გამოსავალი!

 

`ქრონიკას” ესაუბრება `თეთრი მოძრაობის”(თეთრები) ლიდერი -თეიმურაზ შაშიაშვილი

_ ბატონო თემურ, გახმაურებულ და ვრცელ პრესკონფერენციაზე, წინა ხუთშაბათს, 22 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ენერგოტარიფების განახევრება არ გამოვა და როგორც ჩანს ჩემი დაპირება გადაჭარბებული იყოო!.. გამოდის, რომ მაშინ თქვენცა და მეც მოგვიტყუებია ხალხი, რადგან ჩვენს ინტერვიუებში სულ იმას ვამბობდით, რომ ენერგოტარიფები ძალიან გაბერილია-თქო!.. რა ხდება?

_ მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ როგორც მინიმუმ 20-30 პროცენტით ტარიფის დაწევა შესაძლებელია. ივანიშვილს ის კი არ უთქვამს ტარიფებს ვერ დავწევთო, მან თქვა, განახევრება არ მოხდებაო!.. საერთოდ ამ ხელისუფლებას იმდენად ჩახლართული აქვს ტარიფების საქმე, როგორც გორდიასის კვანძი და გორდიასის კვანძი როცა არ იხსნება, ის კვანძი უნდა გაიჭრას და გაიჩეხოს!

_ კერძოდ რა არის გასაჩეხი?

_ ვაცხადებ კატეგორიულად: დღეს ნებისმიერი კომპეტენტური და წესიერი ენერგეტიკოსი დაგიდასტურებთ, რომ ერთი კოლოვატი ენერგიის მიღება ჯდება სადღაც 2 თეთრი… მაგრამ ამ დაქცეულ ქვეყანაში, სადაც არც ეკონომიკა მუშაობს და არც არაფერი, `ნაციონალური მოძრაობა~ ბიუჯეტს ავსებდა ხელოვნურად გაზრდილი ენერგოტარიფების, ჯარიმებისა და საპროცესო გარიგებების ხარჯზე. ცნობილი ენერგეტიკოსი _ გოდერძი კუპრავა და სხვები `მოქალაქეთა კავშირს~, როცა მიხეილ სააკაშვილი მისი გენერალური მდივანი იყო, ერთ კილოვატსაათ ენერგიაში 1 თეთრს თხოვდნენ და პირობას დებდნენ, ევროპული დონის ჰესები გვექნებაო, მაგრამ ამ ხალხს მაშინ არავინ არ უსმენდა. უარესს გეტყვით, აი, ამ პარაზიტების გუნდი, რომელსაც სააკაშვილი წარმოადგენდა, ჰესებში წყალს ტყუილუბრალოდ აქცევინებდნენ და დენს ათიშვინებდნენ, რათა ხალხი გაებოროტებინათ, წონასწორობიდან გამოეყვანათ და მერე ამ ფონზე თავად მოქცეოდნენ ხელისუფლებას სათავეში. მაშინ ჯერ კიდევ ქართველებისა და საქართველოს ხელში იყო ჩვენი ენერგეტიკა, მაგრამ ახლა საქართველოს მთელი ენერგოსისტემა არის მთლიანად უცხოელების, ძირითადად რუსების ხელში და ისინი გვკარნახობენ თავიანთ პირობებს!.. იცით რატომ არის ტარიფი ასე ძვირი? იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში აქვთ ჩაწერილი, მაგალითად თურქულ კომპანიებთან, რომლებსაც ჰესები უნდა აეშენებინათ ის, რომ ამ ტარიფის ფულით უნდა ააშენონ თურქებმა ჰესები…(!!!) აი, მაგალითად, თურქებმა ხომ აგვიშენეს აეროპორტი, რომელსაც სახურავი რამდენჯერმე გადაეხადა და რომელშიც წყალი ჩამოდის, აი, ამ აეროპორტის აშენების თანხას ჩვენ ვიხდით თვითმფრინავის ბილეთის საფასურით, რომელიც 50-60 დოლარით მაინც არის გაზრდილი. რუსებსა და თურქებს ვუხდით დენის ფულს მაშინ, როცა საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ჰიდროენერგორესურსების გაანგარიშებით პირველ ადგილზეა. ამ დღეებში გამოქვეყნდა, რომ სამი წლის განმავლობაში `სემეკის~ ხელმძღვანელ ჯგუფს მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით 1 მილიონი ლარი აქვს თურმე მიღებული!..(!!!) ქალბატონ ნადირაძეს ჰესი ნანახი არ აქვს შეიძლება და 20-30 ათასი ლარი აქვთ `სემეკის~ წევრებს ხელფასები!..

_ საიდან, როგორ?

_ ამ გაზრდილი და კორუფციული ტარიფებიდან, დიტო ბატონო, ხალხს რომ სისხლს წოვენ, იქიდან!.. უფასოდ რომ მისცეს ვითომ უკრაინელებს და სინამდვილეში კი რუსებს ვარციხჰესის უნიკალური კასკადი, აი, იქიდან!.. იცით თუ არა თქვენ, რომ ფეროშენადნობქარხანას ელექტროენერგია უფასოდ რომ გადავეცით, ქარხანაში 30-40 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის ხარჯი ერთი ტონა პროდუქციის მისაღებად.(!!!) ეს ყველაფერი იყო მიწერები, ეს ყველაფერი არის კორუფცია…

_ კეთილი… მითხარით კონკრეტული ნაბიჯი, რომლის საფუძველზეც შეიძლება დენის ტარიფის ცოტათი მაინც დაწევა!..

_ ცოტათი კი არა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი და დასაწყისში 13-15 პროცენტით დენის ტარიფის დაწევა შესაძლებელია, ხოლო პერსპექტივაში შეიძლება ვილაპარაკოთ 20-30 პროცენტზე!.. ამისათვის საჭიროა ეფექტურად ამოქმედდეს ის სახელმწიფო კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა შექმნა, გადაიხედოს თუნდაც ეს არანორმალური ხელფასები, რომელიც `სემეკის~ წევრებს აქვთ დანიშნული და რომელიც პირდაპირ მიბმულია დენის ტარიფზე. ასევე მისახედია ის ჰესები, რომლებიც ამათ რუსებსა და უკრაინელებს აჩუქეს…

_ თუ ვაჩუქეთ ახლა უკან ვინღა დაგვიბრუნებს?

_ მაგას არ ვამბობ, კეთილი ინებონ და რეალურ ფასად შეიძინონ ენერგია… თურქებზე 2 თეთრად ყიდიან დენს.(!!!) იგივე სიტუაციაა გაზშიც. საქართველო 2002 წელს ამერიკელების მონაწილეობით ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად შეღავათან ფასში ღებულობს აზერბაიჯანისგან 1 მილიარდ 100 მილიონ კუბამეტრ გაზს, რომლის ტარიფიც შეადგენს 2,7 ცენტს. სულ რომ დავიკმაყოფილოთ ჩვენი თავი, გვაკლდება დაახლოებით 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი. რა ჯანდაბის თანხას ვიხდით ასეთს ამ 300 მილიონ კუბურ მეტრში, რომ გაზის ტარიფი საქართველოში 55-57 თეთრს აღწევს? რატომ არის გასაიდუმლოებული `სოკართან~ დადებული ხელშეკრულება და რას უმალავს სააკაშვილი საქართველოს? დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინასაც არ ეცოდინება ამ ხელშეკრულების შინაარსი, რადგან ეს არის კორუფციული შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის გაუბედურებასა და ეკონომიკურად წელში გატეხვას!.. `სოკარმა~ დაიპყრო მთელი საქართველო!.. ჩვენ და აზერბაიჯანელები კი, მეგობრები ვართ, მაგრამ `სოკარი~ დღეს თავხედურად იქცევა საქართველოში!..

_ ბატონო თემურ, იმიტომაც ხომ არ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა `რედისონში~ გამართულ პრესკონფერენციაზე, შეიძლება ბაქოში ჩავიდე ვიზიტითო?

_ საუბარში მე უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე ივანიშვილი, რადგან ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ცდილობს აზერბაიჯანთან, რუსეთთან, თურქეთთან თბილად მოაგვაროს ურთიერთობა. სააკაშვილს ახლა აწყობს ივანიშვილი ხანჯალივით დაეტაკოს ირგვილ მეზობლებს და აირიოს ქვეყანა, მაგრამ მე პრესკონფერენციაზე რომ ვუყურებდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან გაწონასწორებულ, ფრთხილ და ნიჭიერ კაცთან. ის მოქმედებს, როგორც წინდახედული ბიზნესმენი და დიპლომატი. გაივლის ორი-სამი თვე, ის სახელმწიფო კომისია, რომელიც მან შექმნა, ბატონ ბიძინას დაულაგებს წინ კვლევებს და ივანიშვილი დარწმმუნდება თუ რამოდენა კორუფციაა ჩაბუდებული ენერგეტიკაში. ამიტომ გავუგზავნე მას ჩვენი კვლევები, რათა ეს ყველაფერი ენახა და ეს არის პროფესიონალების მიერ შექმნილი უნიკალური მასალა, მაგრამ სამწუხაროდ მე არაფერი ვიცი იმის შესახებ გაეცნო თუ არა ბატონი ბიძინა ამ კვლევებს.

_ ივანიშვილმა გააჟღერა საკაშვილის იმპიჩმენტის თემა… რაც თავი მახსოვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ სულ თქვენ საუბრობდით და რა ხდება?

_ ბიძინა ივანიშვილის პროგრამის განხორციელება სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში წარმოუდგენელია!.. რაც შეეხება იმპიჩმენტს, ამ თემის სათავეებთან ჩვენ, `თეთრები~ ვიდექით… იმპიჩმენტი დღეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი არ მოგწონს, იმპიჩმენტი დღეს არის გამოსავალი!. სააკაშვილი, რომელიც სადაც კი მისი სკოლის ამხანაგები წავიდოდნენ, ყველგან სკოლის დირექტორს დააყენებდა მათ თავზე, პოლიტიკაშიც ზუსტად ასე იქცევა, _ სადაც კი წავიდა, ყველგან მოქმედებს ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ!.. ეს კაცი არის საქართველოს მტერი!.. მე ერთი რამ არ მომეწონა ივანიშვილისა, კერძოდ როცა თქვა, _ იმპიჩმენტს დასავლეთი არ გვიწონებსო!.. რა შუაშია დასავლეთი? იმპიჩმენტი კი არა, ხალათიანი გიჟი გვყავს პრეზიდენტი და მე როგორც ქართველი, შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი პრეზიდენტი რომ ჰყავს ქვეყანას!.. ნახეთ, უზარმაზარ დარბაზში კაცი ზის აბანოს ხალათით… აბანოს ხალათით და ტრუსიკით სასტუმროს დარბაზში კი არა, ოჯახში შვილთან ერთად არ დაჟდება გაზრდილი კაცი, მაგრამ ეს არის ველური და გაუზრდელი!..

_ რა ჰქნას, უყვარს აბანოში სიარული…

_ ახლა მეორე პიროვნების _ უგულავას შესახებ ვილაპარაკოთ, რომელიც გაიძახის, _ `შეთითხნილი ბრალდებით~ დამიჭირეთო!.. რა ფოტოსურათებიც გამოქვეყნდა უგულავას შესახებ, ამ პიროვნებას სინდის-ნამუსი რომ ჰქონდეს, ხმას როგორ უნდა იღებდეს საერთოდ? ვეკითხები ამერიკელებსა და ევროპელებს, _ თქვენ ასეთ მერს მოითმენდით და აიტანდით? მოსმენები სახეზეა, `ჩაშვება~ სახეზეა, კორუფცია სახეზეა, ღალატი სახეზეა, ქვეყნის გაყიდვა და დაქცევა სახეზეა, გარყვნილება და სიბილწე სახეზეა და კიდევ ეს ხალხი გვედიდგულება? სამართალი აღარ არის? ბიძინა ივანიშვილს ეს სექტა _ `ნაცმოძრაობა~ კი არ უნდა თხოვდეს პროგრამის შესრულებას, არამედ _ ხალხი და ჩვენ პარლამენტს გარეთ დარჩენილმა პარტიებმა უნდა მოვახდინოთ დიდი კონსოლიდაცია, რათა `ნაცმოძრაობა~ ბიძინა ივანიშვილს არ დავუტოვოთ საბრძოლველად… არ შეიძლება, ეს კაცი ამ სექტანტებთან ბრძოლით გაცდეს!..

_ ბატონო თემურ, რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, რას იტყვით მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით?

_ თუ ყველაფერი არასწორად წარიმართა, ოქრუაშვილი შეიძლება `ქართული ოცნებისთვის~ დიდ ხათაბალად იქცეს!..

_ რას გულისხმობთ?

_ ოქრუაშვილმა ყველაფერი იცის და ყველაფერი თქვას!.. ჟვანიას მკვლელობის შესახებ ყველაფერი იცის და დაადოს ხელი!.. არ არის ეგ სუფთა კაცი… მახსოვს მაგან სააკაშვილის დავალებით ზესტაფონში სილიკომანგანუმს, რომლის ღირებულებაც 100 მილიონ დოლარზე მეტია, `გადაყრილი ნაგავი~ უწოდა და მერე მოაჯდნენ ზესტაფონს სამადაშვილი და მისი მაფია. თქვას ოქრუაშვილმა ვისი დავალებით მოქმედებდა, თორემ მე შევიტან პროკურატურაში განცხადებას მაგის კაიკაცობის შესახებ!.. ისიც მაინტერესებს, საიდან ამდენი ფული და როგორ ცხოვრობდა ასე კარგად პარიზში? მე ვიცნობ ემიგრანტებს, საჭმელის ფული არ აქვთ და საიდან მაგას ამდენი ფული? კაცი კალოშებით დადიოდა და რა იშოვა ამდენი? ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

“კვირის ქრონიკა” 26 ნოემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *