ჩვენი მთავარი გზავნილი სწორედ სამეგრელოდან – ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს!

მწამს და მჯერა, ზუგდიდში საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვექნება  – ყოველგვარი პომპეზურობის, ტაშისა და ფამილარობის გარეშე.

ტაშმა და მოჩვენებითობა, ხათრ და იძულებითმა შეხვედრებმა ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა და ქართული სული ლამის ბოლომდე შეიწირა.

აშკარაა, რომ სხვა სტანდარტების პოლიტიკა და ურთიერთობა გვჭირდება –  თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე. წარსულს უნდა ჩაბარდეს  სოციალური დემაგოგია და ტყუილი პოლიტიკაში.

წარსულს უნდა ჩაბარდეს გარედან დაფინანსებული და მართული,უცხოელი იმიჯმეიკერების მიერ შეფუთული და მათ მიერ ხალხის მოტყუებაში გაწვრთნილი პოლიტიკოსები!

წარსულს უნდა ჩაბარდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებული მთავრობები, პარლამენტები, ადგილობრივი ხელისუფლებები.

წარსულს უნდა ჩაბარდეს დამკვიდრებული არაფორმალური მმართველობის სისტემა.

ქვეყანას ყველა დონეზე პიროვნებათა ხელისუფლება სჭირდება. ამის საფუძველი კი,  მაღალი რეპუტაციის ადამიანების შერჩევის სისტემის შემუშავება და დამკვიდრებაა. მისი გარანტი  ხალხთან  მუდმივი დიალოგის სისტემა და მეცნიერთა მონაწილებით შემუშავებული სახელმწიფო მოხელეთა, სახელმწიფო სამსახურების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები უნდა გახდეს.

ეს იქნება სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში არ გაიკარებს არაპროფესიონალს, გაუნათლებელს, გამოუცდელს, სუსტსა და  მატყუარას.  

სისტემა, რომელიც ძლიერზე რწმენის კაცზე, საქმის კაცზე იქნება დამყარებული.

სისტემა,რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს ანგარიშვალდებულს გახდის   არა მისი უცხოელი,თუ ჩვენებური პატრონის, არამედ,  ხალხის წინაშე.

ამ მძიმე დასკვნებში დამარწმუნა იმ შეხვედრებმა,რომელიც პირველი სექტემბრიდან –  15 დღის განმავლობაში (ხელმოწერების პარალელურად), გვქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, მე და ჩემს მეგობრებს – საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მის ხელმძღვანელს, ბატონ ზაურ ნაჭყებიას..

ამ საკითხებზე მძაფრი, მაგრამ გულწრფელი  საუბარი გვქონდა თბილისის უბნებში, ბათუმში, ოზურგეთში ქუთაისში. ამასვე გვწერენ სოციალურ ქსელში ჩვენი მხარდამჭერები, უბრალოდ,  გულშემატკივრები როგორც საქართველოს ყოველი კუთხიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან !

პოლიტიკის გასუფთავების პროცესი უცილბლად  უნდა წარიმართოს  ყოველგვარი დაპირისპირების, ანგარიშსწორების  ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფისა და  ქუჩის ბრძოლების გარეშე. საქართველოში საერთოდ ქუჩის პოლიტიკა და ქუჩის პოლიტიკოსების არპაში უნდა დამთავრდეს. ეს ქართული გზა არ არის!

ქართული გზა არ არის ფულის გაფეტიშება არჩევნებში. ყველას გასაგონად ვამბობ: ვინც ხმას ყიდულობს, ქვეყანას გვიყიდის და ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის!

ამ ყველაფერზე გულახდილი საუბარი გვექნება. ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოსთვის სწორედ ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს!

ველოდები ადამიანებს,რომელთაც ბევრი შეკითხვა აქვთ, აწუხებთ დღევანდელობა და ფიქრობენ მომავალზე.

ზუგდიდი ბრძენკაცთა  ქალაქია, სამეგრელო  კი – ქვეყნის დიდი საყრდენი. უნდა დამთავრდეს სიბრძნესთან და საყრდენთან პოლიტიკური თამაში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და უძლიერესი რეგიონი უმძიმესად დაასუსტა.

ასეა დასუსტებული საქართველოს დანარჩენი რეგიონებიც.

ჩვენ ასე ღიად უნდა ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს – პრობლემებზე გულწრფელი საუბრებით აღვიდგინოთ მათი ნდობა.

თუ ისინი  გვენდობიან, ჩვენც უნდა ვენდოთ მათ და ყველანი ერთად – შეუძლებელს შევძლებთ, გამოვიყვანთ ქვეყანას ერთ  წრეზე მოტრიალე 30 წლიანი პრობლემების კასკადიდან.

ერთი კაცი, თუნდაც მილიონების პატრონი, ბედნიერი ვერ იქნება პრობლემებით  სავსე საზოგადოებაში. მხოლოდ ბედნიერი მოქალაქეების გარემოცვაში გვექნება მშვიდი სინდისი. სინდისთან თანხმობაში ყოფნა – აი, რა სჭირდება დღეს ქართველ პოლიტიკოსს.

საქართველოს ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები გვაძლევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალებას, მხოლოდ სწორად მართვაა საჭირო. მართვის მექანიზმის დახვეწა კი სწორი და უტყუარი არჩევანის გაკეთების შემდგომ იქნება შესაძლებელი.

ჩვენ შეცდომის დაშვების დრო და უფლება  არა გვაქვს!

დიახ, მართალი საუბრით და პატრიოტი ადამიანების  თავგანწირული საქმიანობით შეუძლებელს შევძლებთ,  ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!

თეიმურაზ შაშიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის

დამოუკიდებელი კანდიდატი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *