(პრაიმ თაიმი) თემურ შაშიაშვილი : რატომ არ იხსნება ზურაბ ჟვანიას საქმე?

jvania2005 წლის 3 თებერვალს გამთენიისას, საბურთალოს ქუჩაზე #53-ში მდებარე ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს… იმავე ბინაში მასთან ერთად ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის რაულ იუსუფოვის გვამი იყო არმოჩენილი. ჟვანიასა და იუსუფოვის გარდაცვალების მიზეზად გამათბობელიდან გაჟონილი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია დასახელდა, თუმცა მას მერე ამ ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა.

დღეს უკვე ღიად საუბრობენ, პრემიერის მკვლელობის შესახებ , თუმცა ხელახალი გამოძიება, რომელიც მთავრობაში ივანიშვილის მოსვლისთანავე დაიწყო, ჯერჯერობით დუმს, თემაზე ღიად, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს არც პრემიერის ოჯახი, თუმცა, როგორც იკვეთება, პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით დასაკითხ პირთა სია იზრდება.

პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადაა იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, თეთრების თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ღიად საუბრობდა პრემიერის მკვლელობის დამადასტურებელი ჩანაწერის არსებობის შესახებ, თუმცა მას არასდროს დაუკონკრეტებია, ვისთან ინახება, ან ვინ აჩვენა ეს სკანდალური კასეტები. შაშიაშვილი დღეს, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, მზადაა, დაასახელოს გვარები, რომლებიც, როგორც ამბობს, ამ საქმეს საბოლოოდ მოჰფენს ნათელს. „თეთრების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ჟვანიას მკვლელობის საქმე მაშინ გაიხსნება, როცა ამერიკაში ამას ინებებენ.

თემურ შაშიაშვილი:

– თუ ბიძინა ივანიშვილს არ შეაკავებს ამერიკული განწყობა, ეს საქმე გაიხსნება. ამერიკელებს ეს საქმე დიდი ხანია, გახსნილი აქვთ… მათთვის ყველაფერი ნათელია. მე პირველად ვაკეთებ ასეთ კატეგორიულ განცხადებას, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ასეა. გავა გარკვეული პერიოდი და თქვენ ნახავთ დოკუმენტს, რომელიც ამერიკაშია შექმნილი, სადაც გამოკვლეულია ყველაფერი და ძალიან ბევრი რამ ცხადი გახდება არავითრი პრობლემა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა არ არის, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება.

– ვის არ აწყობს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა?
– წინა ხელისუფლებას არ აწყობდა… ძალიან ცუდია, რომ ყველამ ახლა დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ ხომ იცით, როგორ არის, არის პერიოდი, როცა სიმართლეს სისულელეს ეძახიანდა არის პერიოდი, როცა სიმართელ თავის გადასარჩენად უნდათ. იყო პერიოდი, როცა მე ვლაპარაკობდი ჟვანიასთან დაკავშირებით, მაშინ რა ეპითეტებით არ მამკობდნენ და სისულელეს ეძახდნენ იმას, რასაც ვამბობდი. დღეს ორჯერ უარესს თვითონ ამბობენ და უკვე გენიოსებად მიიჩნევენ. სინამდვილეში თავის გადარჩენაზეა საუბარი. ირაკლი ოქრუაშვილმაც კი თქვა ( მე მის მიმართ ძალიან მძიმედ განწყობილი კაცი ვარ): რომ მივედი სააკაშვილს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, და რომ მეგონა სინანულს გამოხატავდა, თქვა, ეს რა ჭირი მოვიშორეთო? მე ვეკითხები ოქრუაშვილს: კი მაგრამ, რატომ იმუშავე იმ ადამიანთან, რომელმაც ეს გითხრა? ! მაშინ ის სიმართლე ვერავინ ვერ თქვა, რაზეც მე ვლაპარაკობდი ღიად..

შაშიაშვილი ამბობს, რომ კასეტა,სადაც ჟვანიას ცხედრის სახლში მიტანაა ჩაწერილი, დღესაც არსებობს. და მიუხედევად იმისა, რომ ამ ჩანაწერმა ბევრი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ის დღის სინათლეს მაინც იხილავს, მთავარია პროკურატურა დაინტერესდეს ამით. შაშიაშვილის თქმით, ამ კასეტის გარდა, არსებობს ჯორბენაძის, სააკაშვილი-ონიანის ჩანაწერები, რომლებიც ცხადს გახდის, რა სკანდალური გარიგებები იდებოდა წლების წინათ.

თემურ შაშიაშვილი
– არსებობენ კონკრეტულუი პიროვნებები, თუმცა მე მათ გვარებს არ დავასახელებ, ისინი უცხოეთში არიან . მე მათ მომასმენინეს ერთი დიდი კასეტაც, სადაც ჩაწერილი იყო ჯორბენაძისა და სააკაშვილის შეხვედრა გამოქვაბულში(გამოქვაბულს იმიტომ ვეძახი, რომ სააკაშვილი მიდის და ეუბნება, ამ გამოქვაბულში რამ მოგიყვანათო) ეს არის 23 ნოემბრის წინა პერიოდი, როცა ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ეს იყო დანაშაულებრივი გარიგება შევარდნაძის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის. სხვათა შორის, კასეტა ატვირთული იყო ჩვენს საიტზე, რომელიც 10 დღის წინ გაანადგურეს. ჩვენს საიტზე იდო ეს ყველაფერი და გაცხადებული იყო, რომ ვიწყებთ იმპიჩმენტისთვის მზადებას. დღეს ეს საიტი განადგურებულია,მაგრამ აღვადგენთ… ეს კასეტა გვაქვს და არც არავის გაუხდია საკამათოდ, რომ ეს მათი ხმები არ არის.
ასევე მოვისმინე ერთი ჩანაწერის პატარა მონაკვეთიც. ეს უკვე ჟვანიას მკვლელობას ეხება. მოსმენილი მაქვს მოკლე ნაწილი, სადაც ფეხების ხმა ისმის, ძალიან მძიმე რაღაც რომ მოაქვთ ადამიანებს და სააკაშვილს გამონათქვამი: როგორც გინდათ, ისე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი!

– ანუ იმის თქმა გინდათ, რომ პრემიერის ცხედარი იმ სახლში შეიტანეს?
– ამას რაღა მტკიცება უნდა? მე გეუბნეით, რომ პიროვნებამ, რომელიც იმ სახლში იყო მაშინ და დღეს უცხოეთშია, ნახა, როგორ მიჰქონდათ ეს ცხედარი. მე ზეპირად კი არ ვლაპარაკობ? ვინც ახლა თქვენს გაზეთს კითხულობს, კარგად შეაფასებს, რომ მაშინ ჩემი მხრიდან გამბედაობა იყო ამის თქმა, მით უფრო, რომ ვინც ამ საქმეზე რამე იცოდა, ვინც ამ კასეტების შესახებ ინფორმაციას ფლობდა, მოკლეს… მე ღმერთმა გადამარცინა, რადგან თავიდანვე ვთქვი, რომ კასეტები მე არ მქონდა. რომ მეთქვა, რომ კასეტა ჩემთანაა-მეთქი, ცოცხალი არ ვიქნებოდი.

– არ გინდათ, პროკურატურას მიაწოდოთ ეს ინფორმაცია?
– პროკუარტურა თვითონ უნდა დანტერესებულიყო ამით. მე ისიც აღმიძრავს ეჭვს, რომ ამის შესახებ ადრეც ვწერდი და ფაქტია, რომ ეს იყო საგანგაშო ინფორმაცია. მეგონა, რომ მეორე დღესვე მიმიწვევდნენ პროკურატურაში და მკითხავდნენ, რას ლაპარაკობ, სად არის ეს მასალები? ეს არ გაუკეთებიათ, საეჭვო არ არის?
და კიდევ მერე 1009 წლის 23 ნოემბერს ჩვენ გამოვაქვეყნეთ „ღირსების ულტიმატუმი’ სადაც ერთ-ერთი საკითხი იყო გამოექვეყნებინათ ჟვანიას მკვლელობის საბოლოო დასკვნა. დღემდე არ არის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნებული არ გაეჭვებთ ეს?
სულ ექვსი ადამიანია მოკლული, ვისზეც ეჭვობენ, რომ ეს კასეტა ჰქონდა, ეს იყო ჯინჭარაძე,ორემლიც მოკლეს, მეორე იყო გენერალი დუმბაზე,რომელსაც ჰქონდა ბევრი რამ და ამბობდა, უფრო უარესები მაქვსო. მესამე პიროვნება ასევე ჯინჭარაძეა, რომელმაც სააკაშვილ-ჯორბენაძის საუბარი ჩაიწერა. ისიც მოკლეს. აღარ არის ცოცხალი შალიკიანიც. ბატონმა გელბახიანმა, როცა მის სანახავად ჩავედი მინსკში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოიყვანა შალიკიანი, მე მას მანამდე არასდროს შევხვედრივარ. რევოლუციის შემდგომ პერიოდზეა საუბარი. იმ შეხვედრაზე შალიკიანმა თქვა:მე რომ კასეტები მაქვს, ის რომ გამჟღავნდეს ქვეყანაში საშინელება მოხდება. მე მაქვს იმის დამადასტურებელი კასეტები, როგორ ვახვედრებდი სააკაშვილს და ონიანს ერთმანეთს და რა საუბარი მიდიოდა მათ შორისო. ის ამას ყველაფერს იწერდა და ამაში ეჭვიც არ მეპარება… ყველას, ვინც ჩამოვთვალე, ჰქონდა ის კასეტები, სადაც არა მარტო ჟვანიას ამბავი იყო ჩაწერილი, დარწმუნებული ვარ, ეს ჩანაწერები დღესაც არსებობს ბუნებაში.
2009 წლის 26 მაისს, გახსოვთ თქვენ დიდი გამოსვლები რომ იყო საფრანგეთში ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, რომ გაეშვათ ეს კასეტები, მაგრამ მე რამდენადაც საქმის კურსში ვარ მაშინ ვერ გადაწყდა ამ კადრების ჩვენება. ვერ გეტყვით, რატომ… მაგრამ მაშინ ითქვა, როცა სიტუაცია დაიძაბება და კულმინაციას მიაღწევს მაშინ გავუშვებთო.

თემურ შაშიაშვილი ორ ქალბატონზე საუბრობს, რომლებიც 3 თებერვალს ღამეს საბურთალოს 53-ში შემთხვეით შეესწრნენ ცხედრების სახლში შეტანას. მათ ვინაობას შაშიაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა , როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მათგანი ირლანდიაში მცხოვრები ნათელა მოდებაძეა, რომელიც ირწმუნება, რომ ფაქტის თვითმხიველია.

თემურ შაშიაშვილი
არსებობს ქალბატონი, რომელიც იმ ღმეს სტუმრად იყო იმ კორპუსში. როცა ის და კიდევერთი ქალბატონი ქუჩაში გამოვიდნენ, დაინახეს ეს სცენა. ისინი ამბობენ, რომ იქ ადამიანი გარდაცვლილი შეიტანეს. იმასაც კი ამბობენ,რომ მეორე პიროვნება, მათი სიტყვებით, იყო პრაქტიკულად ცოცხალი, ფეხით მიყავდათ. იუსუფოვზეა საუბარი. მეორე დღეს ტელევიზიით გაიგეს პრემიერის გარდაცვალების ამბავი და ის ქალბატონი იმავე დღეს ქვეყნიდან გაემგზავრა. ის ამბობს, რომ დაინახეს,რადგან მისთვის თვალიც კი გაუყოლებიათ. მიხვდნენ, რომ დაიჭერდნენ და მოკლავდნენ. ამიტომ იმავე დღეს გაიქცნენ ირლანდიაში.

როდესაც ეს ყველაფერი შევიტყვე, დავურეკე გოგლა ჟვანიას და ვუთხარი, რომ არსებობს ასეთი ქალი, მაგრა ამ ქალთან დალაპარაკება პირდაპირ არ შეიძლება და ესპანეთიდან გვირეკავს მეორე პიროვნება, რომელიც გადასცემს მას, რაც გვინდა. დავალაპარაკე ამ ქალბატონს გოგლა ჟვანია, ესპანეთში. შეთანხმდენ. მეორე დღეს ამ ქალმა მომწერა სკაიპით: ბატონო თემურ, თქვენს კაბინეტში იწერენ. მითხრა, რომ მეორე დღეს დაურეკეს მის შვილს თბილისში და უთხრეს, მოგვიტანეთ დედათქვენის პასპორტის ასლიო. ირლანდიაში მყოფიმეორე ქალბატონის შვილსაც აფრთხილებდნენ, დედათქვენმა ხმა არ ამოიღოსო… მისი შვილები თავდაცვის უწყებაში მუშაობენ. სხვათა შორის, მათ თავს ევლებოდნენ. განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ. ჩემი და გოგლა ჟვანიას საუბარი ფაქტია,რომ იცოდნენ, თორემ ასეთი დამთხვევები არ ხდება, რომ მეორე დღეს შვილებს დედის პასპორტის ასლები მოთხოვეს. მივმართე კიდეც ალასანიას, რომ ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ეს პიროვნებები,.რომლებიც დღესაც მის უწყებაში მუშაობენ.
ამ ქალბატონს იცით, რა დაემართა ირლანდიაში? როდესაც მან გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა (ეს ამ ხელისუფლების მოსვლამდე ხდება) პრემიერ-მინისტრს მისწერა წერილი: მინდა მოვიდე თქვენთან და მოვიტანო ძალიან ბევრი მასალა…“ ასევე გადაწყვეტილი ჰქონდა შეხვედროდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს ქალბატონი უსაშინლეს ავარიაში მოყვა.მას ორმა მანქანამ გადაუარა, მაგრამ გადარჩა . მისი ქმარი დღესაც მიჯაჭვულია სავარძელს, მოწამლეს… ისიც ძალიან ცნობილი პიროვნებაა. ეს ქალბატონი მიიჩნევს,რომ ყველაფერი დაკავშირებულია ჟვანიას საქმესთან და მას ირლანდიაშიც მისწვდნენ

– მინდა კასეტების თემას დავუბრუნდეთ… თქვენი ინფორმაციით , ვინ გააკეთა ეს ჩანაწერები – იმან ვინც უშუალოდ მონაწილეობდა, ალბათ… და თქვენამდე როგორ მოვიდა?
– რა თქმა უნდა, აბა რატომ ეშინიათ? ისინი ამბობენ, რომ არ არის ძნელი, გაიშიფროს ეს ჩანაწერები. სამი ადამიანიდან ერთ-ერთი სააკაშვილი იყო და დანარჩენის დადგენა არ არის პრობლემა. სანამ ეს საქმე გახსნილი არაა, სანამ დაჭერილები არ არიან, ის კაცი არ გამოჩნდება… როდესაც რაიმე გაჟღერდება ხოლმე ამის შესახებ, მიკავშირდება და მეუბნება, შეცდომა ხომ არ დავუშვი, რომ ყველაფერი მოგიყევიო.

– თქვენ ეს ჩანაწერი მოგასმენინათ მან, ვინც ის გააკეთა?
– არა, ის მე მომასმენინეს და მითხრეს, რომ ეს ჩანაწერი უშუალო მონაწილემ გააკეთა. ის პიროვნება მათ ხელისუფლებაში იყო მაგრამ ვერ ვიტყვი, მისი გაკეთებულია, თუ არა ეს ჩანაწერი, ვერ ვიტყვი. მისი გვარი არც ერთხელ არ გაჟღერებულა. დღემდე ყველასათვის უცნობია და მეც ვფრთხილობ, რომ ვინმესაგან არ წამოვიდეს მისი ვინაობა და ჩემგან რომ არ დასახელდება, დარწმუნებული ვარ.
როდესაც პროკურატურა დამისვამს შეკითხვებს, შემიძლია ზოგიერთ რამეზე პასუხი გავცე, მაგრამ უნდა ვიყო გარანტირებული ამ ხალხის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში კი უნდა წავიდე და შევხვდე ამ ხალხს საფრანგეთში, ვინმეს რამე რომ მოუვიდეს, თავი მექნება მოსაკლავი. ეს ადამიანები მე მენდნენ, თუნდაც ის ქალბატონი. კიდევ კარგი,რომ მისი სახელი და გვარი არასოდეს დამისახლებია . სხვებმა დაასახელეს და მოხდა საშინელება.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვიცი იმ დკუმენტის არსებობა, რმელიც ანალიტიკურად შედგენილა და დასაბუთებულია ამერიკაში. ეჭვი არ მეპარება , რმ თუ მიღებული არ აქვს, მას აუცილებლად მიიღებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და თუ ეს დოკუმენტი პრესისთვის ცნობილი არ გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკაში გარკვეული ჯგუფის ინტერესშია, რომ არ გახდეს ცნობილი და არ გასაჯაროვდეს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *