გაყალბების პროცესი დაწყებულია, რაც სიტუაციის გამწვავებამდე და არეულობამდე მიგვიყვანს!

დღეს, 13.30 საათზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, პირადად ვიყავი ცენტრალურ  საარჩევნო კომისიაში და  ჩავაბარეთ 32 370 ხელმოწერა საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის.

ამ პროცედურაში ჩემი მონაწილეობით დავადასტურე უღრმესი მადლიერება და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მაძლევს საშუალებას, კენჭი ვიყარო პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატად.

ასევე დავადასტურე ღრმა პატივისცემა თვით საარჩევნო კომისიისადმი,  რომლის მიმართაც  საზოგადოებაში და სოციალურ ქსელშიც  მძიმე ბრალდებები ისმის.

მართლაც, დიდი გამოცდის წინაშე დგას ქვეყანა. სამართლიანი არჩევნები ნიშნავს არა მარტო ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარებას, არამედ,  სახელმწიფო ორგანოებისადმი ნდობის აღდგენასაც,  რაც ნიშნავს არეულობების თავიდან აცილებას.

სამართლიანობა იქნება მაშინ, როცა

  • ყველა შევძლებთ არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას საკუთარი სინდისის კარნახით, როცა რაც შეიძლება მეტი შეძლებს თავი დაიხსნას ქვეყნის დამანგრეველი – ხათრით, კარნახით და მოსყიდვით ხმის მიცემისგან. უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია არჩევნების გაყალბების პროცესი. მეტიც, ცალკეული ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველთა მოსყიდვასაც არ ერიდებიან, რაზეც ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.
  • ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებები იქნებიან ობიექტურნი როგორც ყველა კანდიდატთან, ასევე (და რაც მთავარია), ამომრჩეველთან, როცა ისინი კონკრეტული კანდიდატის მხარდამჭერიდან გახდებიან ხალხისთვის ყველა კანდიდატზე სრულყოფილი და მართალი ინფორმაციის მიმწოდებელნი.
  • ხელისუფლება – თავის სტატუსიდან გამომდინარე, იქნება სამართლიანობის გარანტი, რაც ნიშნავს იმას, რომ არათუ ჩაერევა, არამედ  არ დაუშვებს უკანონობას, მოსყიდვას, ძალმომრეობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი!

დღეს, მთავარი და უპირველესია არა ის, ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის, რომ ამომრჩეველსაც და ხელისუფლებასაც სამშობლოსთან არაფერი შეგვეშალოს! მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და არა კონკრეტული პიროვნება, პარტია, ან მასზე მიბმული ფული.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში  ვივლით წარმატების გზით!

მესმის, მძიმეა ასეთი შეფასება ჩემგან,  მაგრამ უთქმელობაც არ შემიძლია.  ამას გვკარნახობს დამოუკიდებელი საქართველოს  თითქმის 30 წლიანი საარჩევნო  გამოცდილება: ვინც ხმა იყიდა, ქვეყანა გაგვიყიდა  და გვიყიდის, ვინც ხმას ყიდის, თავისი შვილების მომავალს ყიდის და მონურ ცხოვრებასაც ყიდულობს!

ამ არჩევნებზე ეს მახინჯი სისტემა უნდა დაინგრეს. მჯერა, ამისთვის მზადაა ყველა, ვისაც ღირსება გააჩნია.

ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი

18.09.2018წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *