(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება

 

saakდამარცხებული სააკაშვილი ძალაუფლებას ცოცხალი თავით არ თმობს – ტელევიზიები, ფულის კონტროლი, ეროვნული ბანკი., აუდიტის სამსახური, ანუ მოგელაძე და „მოგელანდები“ , რეგიონები, მერები, გუბერნატორები ასევე სააკაშვილის უხერხული და მოსვრილი ადგილების მწმენდავებად არიან გამზადებული! რა რჩება ახალ ხელსიუფლებას? უკაცრავად პასუხია და, ვირის თავ-ფეხი, რადგან თუ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, ცისკარიშვილი, მაჭაბარიანი,ბარამიძე, ბაქრაძე, გოგორიშვილი. ტყეშელაშვილი, წერეთელი, გაკუ, აკუ, წილაური და, ჩემის აზრით, სხვა სახელმწიფო დამნაშავეები ხალხს ისევ „გონორით“ უნდა ელაპარაკონ, მაშინ ან ამ არჩევნებს რაღა აზრი ჰქონდა, ან ჩვენ რაღად ვირჯებოდით? ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების ურთიერთობა სააკაშვილის აძაღლებულ „გნაცმოძრაობასთან“უნდა ემყარებოდეს ჩინური ანდაზის პრინციპს: „თუ გინდა, რომ ბანდა დაიმორჩილო, მეთაური უნდა მოაშორო!“

„ქრონიკა ესაუბრება „თეთრების“ ლიდერს, თეიმურაზ შაშიაშვილს

ბატონო თემურ, უპირველესად გილოცავთ „გნაცმოძრაობის“ აძაღლებას
– ვულოცავ სრულიად საქართველოს!… ქართველი ხალხის გამარჯვება 1 ოქტომბერს ემყარებოდა ოთხ პრინციპს: სააკაშვილის სიგიჟეს, ივანიშვილის სიჭკვიანეს, ევროპა-ამერიკის სწორ პოზიციას და რუსეთის ჩაურევლობას და სასწაულს, რომლის მომსწრენიც ჩვენ გავხდით – კრიტიკულ მომენტში ქართველი ახალგაზრდობა იჭერს სწორ პოზიციას!

– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დარეტიანებული და საეჭვოდ დათაფლული სააკაშვილი ძალაუფლებას ცოცხალი თავით არ თმობს, ყველაფერი თავისთვის უნდა და ეგ სადამდე მიგვიყვანს?
– ჩვენ ხუთ – ექვსი დღის წინ გავაკეთეთ კატეგორიული განცხადება:“სააკაშვილი გადატრიალებას ამზადებს!“ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ამას შეძლებს, მაგრამ ის, რომ სააკაშვილი ჩასაფრებულია, ემზადება რევანშისთვის, რომ დღეს ფაქტობრივად, პრეზიდენტის კანცელარიაში გადატრიალების შტაბია შექმნილი, ეს არის ფაქტი!.. ამ გადატრიალების შტაბს თავისი წარმომადგენლები ჰყავს უცხოეთში და ესენი ყოფილი მინისტრები და მათი მოადგილეები არიან!.. მე ჩამოგითვლით რამოდენიმე ფაქტს, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა… 1) სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფული დარჩეს მისი კონტროლის ქვეშ, – ის არ თმობს კონტროლის პალატას და არ თმობს ეროვნულ ბანკს!.. 2) სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსმენა-დასმენის სამსახურებს პირადად აკონტროლებს; 3) სააკაშვილმა დამარცხების მეორე დღესვე დაიწყო ტელევიზიების ხელში ჩაგდება… სულ ბოლოს ტელეკომპანია „საქართევლო“ აღმოჩნდა ბენდუქიძისა და ბოკერიას ცოლის ხელში; 4) სააკაშვილის გადაწყვეტილებით დეპუტატებს, გუბერნატორებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებსა და მერებს ერთი წლით გაუხანგრძლივდათ დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება. მაშინ, როცა „ვარდების რევლლუციის“ მეორე დღესვე სააკაშვილმა მინისტრებსა და დიპლომატებს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა და გამოაცხადა, ეს ხალხი სადმე რომ არ გაგვექცეს, დიპლომატიური პასპორტები უნდა გავუუქმოთო. 5) 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა სენატორების, მაკეინის, ლიბერმანის მიმართვა, რაც არის კატასტროფა. ამ მიმართვაში სააკაშვილი ცაშია აყვანილი და თურმე მას აუყვავებია ქვეყნა. ასე რომ საქმე მთლად მარტივად არაა… გავითვალისწინოთ ისიც, რომ სააკაშვილი ელოდება ამერიკაში რესპუბლიკელების გამარჯვებას… მე არ ვამბობ ამას ხალხის შესაშინებლად, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების დასაწყებად. მაგრამ ეს ხიფათი არსებობს და ხალხმა და ხელისუფლებამ და პირადად ბიძინამ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს! .. სააკაშვილი არის ველური,სკამზე დაწეპებული, სისხლიანი კაცი და არის საშიში, რადგან კონსტიტუცია არის მის მხარეზე და შეუძლია ხუთ-ექვს თვეში ჯარისა და სისხლის გარეშეც კი მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება!..

– ბატონო თემურ, ძალიან მარტივად და პირდაპირ გეკითხებით – ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაიჭიროს თუ არა მიხეილ სააკაშვილი?
– მეც ვიტყოდი პირდაპირ, მთავრობის პირველ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მოხსენება არის ის, რასაც ელოდა და ელის ქართველი ერი!… ეს არ იქნება მარტივი მოხსენება… მაკკეინს და ლიბერმანს თუ ჰგონიათ, ჩვენ არ გვესმის, რომ პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს, ეს იქით წაიღონ და ჩვენ შეგვიძლია იქით ვასწავლოთ მათ ამ მხრივ, მაგრამ აქ ლაპარაკია არა პრეზიდენტზე, არამედ სახელმწიფო დამნაშავე პრეზიდენტ სააკაშვილზე!… კარგი, გავანებოთ ყველაფერს თავი, მაგრამ ამერიკელები აპატიებდნენ თავიანთ პრეზიდენტს იმას, რომ მოსახლეობის 80% შიმშილობს და ამ დროს ჩვენი გათვლებით 10 მილიარდი არის გახარჯული სააკაშვილისა და მისი ხროვის წევრების აპარტამენტებისთვის, რეზიდენციებისთვის, ავეჯისთვის, რემონტებისთვის სკამის შენარჩუნებისთვის…

– თქვენ რომ იყოთ პრემიერ-მინისტრი, დაიჭერდით თუ არა სააკაშვილს?
– ძალიან ბევრი რამის გამო და უპირველესად ტელეაღიარებისათვის, სადაც სააკაშვილი ამბობს, მე გავეცი ბრძანება, რომ დაებომბათ ის სახლი, სადაც მცირეწლოვან ბავშვებს ეძინათო, – სააკაშვილს აუცილებლად დავაპატიმრებდი!… რავ მთავარია, პირველი რასაც გავაკეთებდი. სასწრაფოდ მოვიწვევდი უცხოელ ექსპერტებს, რათა მათ ენახათ და გამოეკვლიათ, მართლა აყვავდა ეს ქვეყანა, თუ დაიქცა და დავდებდი მათ დასკვნას. პარალელურად იმ დასკვნასაც დავდებდი, რომლის მიხედვითაც მას ბრალი ედება მოსახლეობის გენოციდში, ახალგაზრდების ქუჩაში დახოცვაში, საქართველოს ბიუჯეტის თვითნებურად ფლანგვაში, ტერიტორიების დაკარგვაში… ეს ყველაფერი სრულიად საკმარისია იმისთვის,რომ სააკაშვილი სისხლის პასუხისგებაში მიეცეს. მე ვარ ის პიროვნება, რომელიც არ მოსწონთ ამერიკელ მასონებს და ვაცხადებ ხმამაღლა – საქართველო უნდა განთავისუფლდეს მასონებისააგან!
მასონების მიერ მართულ საქართველოს მომავალი არ აქვს და ვინც ამას დაუშვებს, ის იქნება სააკაშვილზე უარესი!..

– სტრიპტიზბარში მოცეკვავე უგულავა რომ გაღიმებული გველაპარაკება ეს ახალაიები რომ გაიქცნენ, ადეიშვილი რომ გაიქცა… თქვენ რას ელოდებით, როგორ იქნება აქ საქმე?
– ჩემი პასუხი არის მარტივი, – თუ პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოში ყველა მინისტრი ადგილზე არ იქნება და სააკაშვილი ამის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს, თუ ბატონი ბაქრაძე ყველა მინისტრსა და მოადგილეს ვერ ჩამოიყვანს, მაშინ „ოცნებამ“ არ უნდა ცნოს „ნაცმოძრაობის“ სიით გაყვანილი დეპუტატების უფლებამოსილება!..ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალ საპარალმენტო არჩევნებს, მაგრამ გარწმუნებთ , რომ ასეთ შემთხვევაში ნაცმოძრაობა 5 პროცენტსაც ვერ გადალახავს!.. წარმოგიდგენიათ? ეს არის დამნაშავე პარტია, რომლის მინისტრებიც გაქცეულები არიან ქვეყნიდან და ქალბატონ თეა წულუკიანს იუსტიციის სამინისტროში უმალავენ და არ ეუბნებიან, რამდენი ჰქონდა ხელფასი ზურაბ ადეიშვილსა და მის მოადგილეებს!,, მე რატომ ვამბობ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდება-მეთქი იცით? ბატონმა ბიძინამ წარმოადგინა დიდებული პროგრამა, მაგრამ ეს პროგრამა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესრულდება იმ პირობებში, როცა პარლამენტში გიზის ჩასაფრებული და თან დამნაშავე „ნაცმოძრაობის“ სახით…

– ბატონო თემურ, ზემოხსენებული, ჩემი აზრით, სახელმწიფო დამნაშავეების დაპატიმრებას სჭირდება გარკვეული თავზეხელაღებულობა და რისკი… მაინც წინა კითხვას ვუკირკიტებ იმიტომ, რომ თქვენ პირდაპირ არ მიპასუხეთ, – არის ბიძინა ივანიშვილი ამ რისკზე წამსვლელი კაცი?
– მე ერთ რამეს გეტყვით და ეს იქნება ჩემი პასუხი მაგ კითხვაზე, – როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ უახლოესი ნათესავები ფულს არასწორად ხარჯავდნენ, ადგა და ეს კაცი დაიჭირა!.. აქედან გამომდინარე, თუ ბიძინა ივანიშვილი ვინმეს აპატიებს ხალხის ფულის გაფლანგვას, ეს იქნება ჩემთვის ძალიან სამწუხარო და გაუგებარი. ეს არის ხალხის ფულის გამფლანგველი ხელისუფლება, ეს არის ნაძირალების ხელისუფლება, ეს არის საქართველოს დამაქცევარი ხელისუფლება და ამის პატიება ვისაც შეუძლია, ის საქართველოზე ორიენტირებული არ არის!
მინდა გითხრათ ერთი რამ ბოკერიასთან დაკავშირებით. პირველი პიროვნება ამ ქვეყნის დამაქცევარი და დამარცხებული ხელისუფლების წევრთაგან, ვინც თავის რეზიდენციაში მიიღო, არის ბოკერია. გასაგებია, რომ ამერიკის ელჩის შემდგომ მიიღო, მაგრამ მე ვეკითხები ბატონ ბიძინასაც და ყველას – რასაც სულხან მოლაშვილი ამბობს, ჩემს წამებაში პირადად მონაწილეობდნენ ბოკერია და ადეიშვილიო და ეს არც ბოკერიას და არც ადეიშვილს არ უარუყვიათ, – თუ ეს მართალია, მაშინ ამ პიროვნებებს მოლაპარაკებები და აპარტამენტებში შეხვედრები კი არა, უმძიმესი პასუხისმგებლობები უნდა დაეკისროს , თუ არადა, თავი უნდა იმართლონ!.. დღეს გიგა ბოკერია არის ყველაფრის ორგანიზატორი და ყველაფერს ის აწესრიგებს!.. მე პირადად გეუბნებით, ღირსეული ადამიანი მაგიდიდან ადგება, თუ ის დაინახავს, რომ მაგიდასთან მწამებელია!.. ბოკერია, რამიშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი არიან „თავისუფლების ინსტიტუტის“ საყრდენი და ესენი არიან სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები.. აი, ამათი შექმნილია ეს სისხლიანი და ბინძური სისტემა…

– თქვენ როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიას, ადეიშვილს ბარამიძეს, უგულავასა და რეჟიმის სხვა წარჩინებულ პირებს ამერიკისაგან ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთ მიღებული?
– მოკლედ გეტყვით, – თუ ჩვენ არ მოვეშვებით თამაშს, რომლის მიხედვითაც უნდა ვასიამოვნოთ რუსეთსაც და ამერიკასაც, დავღუპავთ საქართველოს!,.. ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ, დავდოთ ყველანაირი მონაცემი და მერე ვკითხოთ ამერიკელებს, – თქვენ ამ ხალხს უჭერდით მხარს? სასწაული რამ ხდება, – ამერიკელებმა დაიცვეს შევარდნაძე, ამერიკელები იცავენ სააკაშვილსა და მის გუნდს… მე ასეთი აზრის ვარ, – უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“ და ეს იქნება „მოქკავშირისა“ და „აღორძინების“ სასამართლოც. რადგან ძირითადად ყველა აქ არის თავმოყრილი!..

– ბატონო თემურ, თქვენ ძალიან ინფორმირებული რესპოდენტი ხართ, და, თქვენი ინფორმაციით სად არიან გადახბეწილი სააკაშვილის გაქცეული მინისტრები?
– თქვენს გაზეთში დაიწერა, – ახალაიები ბრაზილიაში არიანო!.. ხომ იცით ბრიკი რას ნიშნავს?

– რა თქმა უნდა!

– ჰოდა დღეს გინდა ყოფილხარ ბრაზილიაში, გინდა რუსეთში. საქართველოს უბედურება არის ნატო და რუსეთი… ხომ ხედავთ როგორ აშანტაჟებენ ივანიშვილს და სულ „ნატოს“ აძახებინებენ… სააკაშვილი გაიძახის,ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავებააო, არადა, საერთოდ არ არის განსხვავება!.. უბრალოდ სააკაშვილი არის სულელი, მატყუარა და ველური პოლიტიკოსი, ხოლო ბატონი ბიძინა ორიენტირებულია ქვეყნის სიყვარულსა და აღორძინებაზე, სააკაშვილის მიზანია ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჩართოს რუსეთის ლანძღვა-გინების კამპანიაში, რათა რუსეთიც კი თავისკენ შემოატრიალებს და რუსს , ბოლოს და ბოლოს ათქმევინებს, – ესენი ვინ ყოფილან, ამათ ისევ სააკაშვილი გვირჩევნიაო!.. თავის მხრივ კი თუ ამერიკა დაინახავს, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ გადაიხარა, მაშინვე გააძლიერებს სააკაშვილის მხარდაჭერას. ანუ ჩვენ თავს დამოკლეს მახვილივით კიდია“ნატოც“ და რუსეთიც… სააკაშვილმა „ნატოს“ დაგვაცილა და ყოველდღე გაიძახის – „ნატოში“ მინდაო!.. სწორედ სააკაშვილის უბედურებების გამოა, რომ ჩვენ არც ევროკავშირში ვართ და არც „ნატოში“ !.. მე მოვუწოდებ და ვურჩევ ბატონ ბიძინას, ნუ წამოეგება სააკაშვილის შანტაჟს!..

– თქვენ სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი, რას აპირებთ?
– მე ჩემი თავი წარმომიდგენია იმ ხალხთან ერთად, ვინც არ არის პარლამენტში, მაგრამ არ ლანძღავს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უპირისპირდება მაინც ბიძინა ივანიშვილს!.. მე ჩემი თავი წარმომიდგენია იმ ხალხთან, ვინც სააკაშვილს საშუალებას არ მისცემს თავი წამოწიოს!.. ბატონი ბიძინა სააკაშვილთან დაპირისპირებაში არ უნდა შევიდეს და ამისთვის არ მოსცდეს. სააკაშვილის ამბავი, მისი წარსული, ჩვენზე უკეთ არავინ იცის და მას უნდა დავუპირისპირდეთ ისეთი გუნდი, რომელმაც იცის,რეალურად რა მოხდა ქვეყანაში და შეუძლია ამის ანალიზი!.. მე იქ ვიქნები და თავს არ წამოვაწევინებ „ნაცმოძრაობას’ , მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიქნები კრიტიკული ივანიშვილის მიმართაც და ეს კრიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შესრულდება ივანიშვილის პროგრამა; ანუ საჭიროა პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილს მოაშორებს ჩასაფრებულ სააკაშვილს, ამხელს მას და, ამავე დროს, სამოქალაქო კონტროლს დაუქვემდებარებს ივანიშვილის პროგრამას!.. ეს წინადადება „სახალხო კრებაში“ უკვე განიხილება და ვფიქრობ, რომ „სახალხო კრება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც საზოგადოებროვი პარლამენტი!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *