(ქრონიკა) თემურ შაშიაშივილი “მე ის ადამიანი ვარ,. რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია გადახურული ბაგრატი…”

  • თუ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში დაუწერეს 50 პროცენტზე ნაკლები და ივანიშვილმა ეს არ გააპროტესტა, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვყოფილვართ მონები!

„ქრონიკას ესაუბრება პარტია „თეთრების“ ლიდერი, თეიმურაზ შაშიაშვილი.

bagrati– ბატონო თემურ, ბაგრატის ტაძარი უკვე მერამდენედ გახადეს პოლიტიკური სპეკულაციის ობიექტი, სააკაშვილი ახლა უკვე ბაგრატის ტაძრიდან მოძღვრავს საქართველოს: ქუთაისელი კაცი ხართ და თქვენზე მეტი ბაგრატის შესახებ ვის ეცოდინება?ხო, მართლა, ქუთაისში დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი აღარ ხართ, რატომ მოხსენით გუბაზ სანიკიძის სასარგებლოდ კანდიდატურა?

– ბაგრატის შესახებ ყველაზე დიდი განცხადება 1994 წელს გააკეთა პატრიარქმა, როცა ბრძანა, – ქართველნო, ერთად ღვთისაკენ! მე არ ვიცი, როგორ შეიძლება სააკაშვილმა ვინმეს პატრიოტიზმსა და საერთოდ ქართულ ცნობიერებაზე ელაპარაკოს?! მე ის ადამიანი ვარ,. რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია გადახურული ბაგრატი. ამ საქმის უდიდესი პროფესიონალი – ვახტანგ ცინცაძე ამბობდა, ბაგრატის გადახურვაში ერთი ქვაც თუ არასწორად დავდეთ , შეიძლება დიდი ცოდვის ტრიალი მივიღოთო!.. ცინცაძე ბაგრატის გადახურვის წინააღმდეგი იყო და ამ მოსაზრებას კათოლიკოს პატრიარქიც იზიარებდა! ჯერ რა საჭიროა წინასაარჩევნოდ ბაგრატის გახსნა? ამის გამო კომუნისტებს დასცინოდნენ, საშვიდნოემბროდ, საპირველმაისოდ რომ ხდებოდა შენობების გახსნა და დღეს რა ხდება, ბრეჟნევის დროში ვცხოვრობთ?

ძალიან მინდა, რომ მისმა უწმიდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახსენოს, რომ ბაგრატის თემა გააცოცხლა და მისი აღდგენა დაიწყო მამუკა ასლანიკაშვილმა და ეს მოხდა 1986 წელს. მაშინ ვერიკო ანჯაფარიძემ და ირაკლი აბაშიძემ დაჰკრეს პირველი ბარი და მამუკა ასლანიკაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც დაიწყო ბაგრატის აღდგენა. მაშინ ბაგრატის შემოგარენში ცხოვრობდა დაახლოებით 200 მოსახლე და მამუკა ასლანიკაშვილი მათ სათითაოდ უხსნიდა და უსაბუთებდა, რომ აუცილებელი იყო მათი სხვა ადგილას გადასვლა. მოგვიანებით, როცა მე ვიყავი ხელმძღვანელი, ჭოგნარიდან მომყავდა ქვისმთლელები და ყველას სახელი და გვარი ვიცი… მეექვსე სკოლა, რომელიც გალაქტიონის სახელს ატარებდა, დაანგრევინა მამუკა ასლანიკაშვილმა, რათა ბაგრატი გამოეჩინა და ამის გამო მას უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა… ამან საფუძველი მომცა, რომ დამედგა დავით აღმაშენებლის ძეგლი, საიდანაც სჩანს ბაგრატიც, სადაც ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებელს თავზე გვირგვინი დაადგა და თამარ მეფის გამზირიც!.. ლილი ნუცუბიძემ, ამ შესანიშნავმა პოეტმა, მახსოვს აღდგენა რომ დავიწყეთ, ქვა მოიტანა, -ეს ბაგრატიდან წამოღებული ქვა არისო!.. მამუკა ასლანიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული ბაგრატისს უმნიშვნელოვანესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეების აღდგენა და ეს ყველამ უნდა იცოდეს!..

– რაც შეეხება თქვენს მაჟორიტარობას და იმას, რომ კუკავა -ასათიანი-შაშიაშვილის კოალიცია ვერ შედგა!. რატომ გამოხვედით კოალიციიდან?
– ეს ეს საკითხები ერთმანეთთან გახლავთ დაკავშირებული. 30 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა: მაცალეთ, მე დავამთავრებ ამ ხელისუფლებასო!.. მართალია, ეს განცხადება ჩემთვის იყო შეურაცხმყოფელი, მაგრამ მე დავთმე, მოვხსენი ჩემი კანდიდატურა, რადგან შემდეგ ივანიშვილს არ ეთქვა, მოვიგებდი მაჟორიტართა არჩევნებში, შაშიაშვილს ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალაო! თუ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში დაუწერეს 50%-ზე ნაკლები და მან ეს არ გააპროტესტა, გამოდის, რომ ჩვენ ვყოფილვართ მონები!.. მეორე მიზეზი, რომ კოალიცია ვერ შედგა… მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო ნატოში არ შევიდეს, დემოკრატიული საქართველო უნდა შევიდეს ნატოში, მაგრამ ასეთი დამონებული საქართველო არავის არსად არ სჭირდება, გარდა ავღანეთის სასაკლაოსი და თუ ასე გაგრძელდა, რუსეთი შეგვასწრებს ნატოში!.. . მესამე მიზეზი ჩვენი არჩევნებში არმონაწილეობისა იყო ის, რომ „თეთრები“ არ იყო მზად არჩევნებისთვის და ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს ვერ მოვატყუებდით!.. ვფიქრობ, რომ 2013 წელი ყველაზე აქტიური იქნება პოლიტიკურად და ჩვენ კოალიციის შექმნისა და ჩამოყალიბების კუთხით გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა მივაღწიოთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ასევე ვიაქტიუროთ საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ერთი რამ ცხადია, ქვეყანას ღუპავენ გამყალბებლებიც და ისინიც, ვინც გაყალბებას ეგუება!.. ბიძინა ივანიშვილმა პროგრამა გამოაქვეყნა, ბატონო დიტო, მე ასეთი პროგრამა ჯერ არ წამიკითხავს და მსგავსი პროგრამა საქართველოში ჯერ არც ერთ პარტიას არ შეუქმნია!.. მე მგონი „ქართულ ოცნებაში“ ბევრს წარმოდგენილიც კი არ აქვს, რა განძი უპყრიათ ხელთ!.. შესაძლოა ბიძინა ივანიშვილზე ყველაზე მეტად მე უნდა ვიყო განაწყენებული მაგრამ დღეს ამის დრო არ არის, დადოს სააკაშვილმა ივანიშვილის პროგრამასთან ოდნავ მიახლოებული პროგრამა და მე მას დავუჭერ მხარს, მაგრამ ეს ხომ გამორიცხულია!.. სააკაშვილი ასეთი პროგრამით ერთ თვეში დამთავრდება!.. გაოცებული ვარ პირდაპირ, იცით, სააკაშვილი რატომ არის გაგიჟებბული, იმიტომ რომ იცის, ივანიშვილი ქართველი კაცია, ეროვნულ ფესვებზე აღზრდილი კაცია და ეს მას აღიზიანებს!.

– ბატონო თემურ, ის გამცხადება რას ნიშნავდა, ივანიშვილმა რომ თქვა, პარლამენტში შესვლის შემდეგ კოალიცია დაიშლებაო?
– ვიწონებ ამ განცხადებას და არა თუ განცხადება, ასეც უნდა გააკეთოს!.. კოალიციას რა უნდა პარლამენტში? პარლამენტში უნდა იყოს უმრავლესობა და უმცირესობა… ეს პარტიები თავისთავად იქნებიან პარლამენტში უმრავლესობაში, ხოლო პარლამენტს გარეთ ისინი იქნებიან დამოუკიდებელი პარტიები!.. ეს არის უნიკალური ფორმულა… უმრავლესობის წევრი შეიძლება გახდეს „თავისუფალი საქართველოც“ დამე ძალიან მინდა, რომ ისინი მოხვდნენ პარლამენტში..

– მოდით, ისევ ეკლესიას მოვუბრუნდეთ. კი მაგრამ რატომ დადის ეკლესია სააკაშვილის ჭკუაზე და რატომ ვერ ეწინაარმდეგებიან მას?
– აი, ამაზე მეც ძალიან მწყდება გული! ის სიბინძურე და ლაფი, რაც სააკაშვილმა საეკლესიო განწყობასა და ბაგრატს ჩამოასხა, ჩვენ ჩვენი ლოცვითა და ვედრებით უნდა ჩამოვიწმინდოთ!.. მე სახტად დავრჩი, რომ როცა 1997-98 წლებში პარტიებმა გელათში რომ მოაწერეს მანიფესტს ხელი, მაშინ პირველად ავიდა სააკაშვილი. კაცი გელათში არ იყო მანამდე ნამყოფი, და ასეთი კაცი დღეს ლაპარაკობს პატრიოტიზმსა და ნაციონალურ ღირებულებებზე!.. უკადრებელი აკადრეს ქვეყანას, და მაშინ, როცა ნახევარი საქართველო გადახვეწილია ქვეყნიდან, ჩვენ გვეუბნებიან, 46 ათასი ამომრჩეველია საზღვარგარეთო (!!!)… 19-20 სექტემბერს სალონიკში ვარ მიწვეული და სალონიკში მითხრეს, ბატონო თემურ, დაგათველვინებთ, რომ 200 ათასი ამომრჩეველი მხოლოდ აქ ვართო!.. იტალიის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში 80 ქართველი ქალი ხელზე მოსამსახურედ და მოჯამაგირედ ცხოვრობს(!)… ეს არის ერის გენოციდი და აი, ამ უბედურების ავტორია მიხეილ სააკაშვილი!.. აი, ასეთი კაცი გველაპატრაკება პატრიოტიზმზე, აღმავლობასა და ერთიანობაზე!..

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *