თეიმურაზ შაშიაშვილი: ბატონო ბიძინა, გაიხსნას გორდიას კვანძი, თორემ მას დაუნდობლად გაჩეხვა მოუწევს

ღია ბარათი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

 

ბატონო ბიძინა,

ეს მიმართვა თქვენდამი პატივისცემის დადასტურებაა – უპირველესად, ფიქრია იმ მდგომარეობაზე, რომელშიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები რეალურად აღმოვჩნდით!

მდგომარეობა კი იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ამ ექვსი წლის შედეგი. თუმცა, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ სიყალბე, სიცრუე, ტაშისკვრა, ქება-დიდება, პარტიიდან პარტიაში მომთაბარეთა პარპაში, რომელთა გამოც ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ, უკვე აპოგეას აღწევს.

დიახ, მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. მინდა ვცდებოდე ამ შეფასებაში, მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც თქვენი თავმჯდომარეობით დგამს მმართველი პარტია, ამას ადასტურებს. ამას ადასტურებს ის თვითკმაყოფილებაც, რომლითაც ადრეც დაავადებული  იყო ყველა პოლიტიკური ძალა. ახლანდელი თვითკმაყოფილება ზომიერების ყველა ფარგლებს გასცდა. თქვენ არ შეიძლება  გქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თუნდაც იმის გამო, რომ ხართ ადამიანთა ორი გუნდის გარემოცვაში: ერთია ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია  და ყველაფერს მუქ ფერებში წარმოადგენს, მეორეა – თქვენი პოლიტიკური გუნდი და თქვენი მაქებარ-მადიდებელი ინტელიგენცია. გიფრთხილდებიან, ეტყობა გიმალავენ იმ რეალობას, თქვენი მსახური სპეცსამსახურები და  თქვენი ოჯახის წევრებიც კი რაც მათ იციან არსებულ მდგომარეობაზე. არადა, მათ იმის მეასედიც არ  იციან, რაც რეალურად  ხდება.

ყველამ გაიგო თქვენი სუსტი მხარე – თქვენ ვერ იტანთ სიმართლის მთქმელებს. ამიტომ არავინ დაკარგავს სკამს თქვენთვის სიმართლის თქმის გამო. ისიც იციან, რომ სიმართლის მთქმელის ყიდვაც ხერხდება.  ვხედავ, თქვენს ირგვლივ ბევრი როგორ გელაქუცებათ ტელევიზიით საჯაროდ გამოსვლისას და იგივე ხალხი რას გვესაუბრება პირადი შეხვედრებისას.

ეს რეალობაა – სიყალბე ჭამს ქვეყანას და ქართულ სულს.

ამ მომართვაში  არ ვაპირებ, მოგწეროთ ის, თუ როგორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის  ჩემეული ანალიზი. როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე სერიოზულად უნდა დაგვაფიქროს ერთი ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის მიერ დღეს გამოგზავნილმა ამ პატარა წერილმა: „ეს ცხოვრება კი არა, წამებაა, ტყიბულის სოფლებში კატასტროფული მდგომარეობაა, ბავშვებს ხმელი პური ენატრებათ. დახვრეტის მუხლის შემოღება მოგინდება, ამ სიღარიბის „ავტორთა“მიმართ!“ გაითვალისწინეთ, ამ სიტყვების უკან დიდი ჰუმანისტი დგას.

ამ წერილმა იმდენად შემაწუხა, ტყიბულში დავრეკე რამდენიმე პიროვნებასთან. მათ დამიდასტურეს, რომ ეს სინამდვილეა. წარმოიდგინეთ, რომ ტყიბულში, რომელიც ერთ-ერთი  მდიდარი რაიონი უნდა იყოს,  ასეთი მდგომარეობაა. ასეთივე  ვითარებაა იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დღეს ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს: ჭიათურა, ზესტაფონი, ბოლნისი, რუსთავი, ფოთი, ბათუმი, ბორჯომი, ბაღდათი, ჩოხატაური, თელავი და ა.შ. რომელთაც კარგი ბუნებრივი პირობები აქვთ. გარედან შესეულ სახელისუფლებო ძალების და მათ მიერ ხელდასმულ უცხოელ წამგლეჯთა მიერ ხალხი სიღატაკისკენ უფრო მიდის, ვიდრე ბედნიერი ცხოვრებისკენ. აქედან დავასკვნათ, რა მდგომარეობა იქნება შედარებით  მწირი ბუნებრივი რესურსების მქონე სხვა რეგიონებში. თუმცა რა გასაკვირია, როცა წარსულში ცნობილი ყველა ჩვენთაგანის საყვარელი სპორტსმენი, გამორჩეული მოაზროვნე ამ რამდენიმე დღის წინ ტკივილით მეუბნება, რომ პრაქტიკულად შიმშილობს. ყველაფერ ამას თქვენი მეხოტბე „ინტელიგენცია“ ვერ ხედავს, რადგან  თავს გალაღებულად გრძნობს!

ვთქვათ პირდაპირ, ამის შემოქმედი და ავტორი თითოეული ჩვენგანია ყველა პოლიტიკოსი, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა თანამდებობის პირი, მიუხედავად იმისა, ვის როგორ ეკუთვნის ეს პასუხისმგებლობა და ვინ როგორ იზიარებს ჩემს ამ შეფასებას.

სწორედ ამ პასუხისმგებლობამ  გადამაწყვეტინა მოგმართოთ ღია წერილით. მიმდინარე საპრეზიდენტო და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე წყდება ქვეყნის ბედი – ჩვენ ისევ სოროსული ძალებით გამაგრებული კლანების ხელში დავრჩებით საქართველოში, თუ ასე გაიმარჯვებს ქართული სული, ქართული ძალა, ქართული აზროვნება.

პრინციპულზე პრინციპულია  კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება არ გაგრძელდეს და  ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

ვეთანხმები არაპოლიტიზირებულ მეცნიერთა და მოღვაწეთა წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება მხოლოდ ორი ძალის  (მე მათ პოლიტიკურსაც არ ვუწოდებდი): „ნაციონალური მოძრაობისა“ (თავისი დანაყოფებით) და „ქართული ოცნების“ (თუმცა მათ შემადგენლობაში არაერთი საინტერესო პიროვნებაა) წარმოჩენა. საინფორმაციო სივრცე ისეა „დამუშავებული“, რომ ხალხმა არც კი  იცის,  მათ გარდა  საპრეზიდენტო არჩევნებში ვინმე სხვა თუ  მონაწილეობს.

უამრავი ჭორ-მართალი ტრიალებს ხალხში: „ევროპულ საქართველოსთან“ თქვენი ურთიერთობის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ (მოსასმენადაც კი მძიმე) გარიგებების, იმის შესახებაც, თუ რატომ უჭერთ ამ არჩევნებზე მხარს პიროვნებას, რომელსაც პარტიაში 70-80 პროცენტიანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

გარწმუნებთ, რომელიმე მათგანის გამარჯვება თქვენთვის იქნება უმძიმესი, ხოლო ქვეყნისთვის  იქნება უბედურება!

უზნეობად ვთვლიდი და დღესაც ვთვლი იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთა ერთი ნაწილი თქვენი მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძოდა, ხოლო მეორე ნაწილი თქვენი ლანძღვა გინებით ცდილობდა თქვენზე განაწყენებული ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას.

მე მძიმე შემოთავაზებები გავიარე, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამერიკული და რუსული სამთავრობო ჯგუფებისგან. 2003 წელს, თქვენს მიერ დაფინანსებული ე.წ. “ვარდების რევოლუციის“  წინა პერიოდში, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაც კი გამომიგზავნა ქუთაისში – უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს და დიდ ფულს მთავაზობდნენ. მე  ხალხთან ყოფნა ვარჩიე! ახლაც ხალხის რჩეულის სახელის მოპოვებისთვის ვიბრძვი. მე თქვენი მხარდაჭერა არ მინდა!

ღიად ვაცხადებ: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში არც თქვენი ერთგული ვიქნები და არც თქვენი მორჩილი, მაგრამ ქვეყნის ერთგული და ხალხის მორჩილი ვიქნები!

გულწრფელად მინდა გირჩიოთ: დაწვით ეს მოსასმენი აპარატები, რომელიც სააკაშვილს შეუძინეთ თავის დროზე და  ქვეყნისთვის მსხვერპლისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანია, როგორც ჩანს, დღესაც სრული დატვირთვით მუშაობს. მოაშორეთ უშიშროება არჩევნებს! ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანია დასაქმებული და ამ ცოდვას ნუ ჩაადენინებთ! გაათბეთ – გაალაღეთ ურთიერთობა ადამიანებს შორის ყოველგვარი თვალთვალისა და მოსმენის გარეშე!

თქვენს წინაშე დღეს მძიმე რეალობაა: ისეთივე, როგორიც ჰქონდათ თავის დროზე ედუარდ  შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს, რომელთაც გამოუვიდათ საკუთარი თავის  ღალატი დასავლეთის სოროსული ძალებისადმი ერთგულების ფასად.

2001 წელს, როდესაც ბორჯომში ედუარდ შევარდნაძეს გადავეცი ჩემი წერილი-განცხადება გადადგომის თაობაზე, ასე დავამთავრე: „თქვენს წინაშე ორი არჩევანია, ან თქვენ რჩებით საქართველოს ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნებად, ან თქვენი მოღვაწეობის პერიოდი არარაობად იქცევა!“

რევოლუციამდე ორი დღით ადრე, თავისსავე მისაღებში, ჩემს კითხვაზე, რატომ არ პასუხობდა ბეიკერის ზარებს, მითხრა :“მომატყუეს, აღარ მინდა მათი მოსმენა, რასაც მთხოვენ,ის რომ გავაკეთო, მაინც არ ვუყვარვარ ხალხს და მარტო მე  კი არა, შევარდნაძის გვარისას ერთს არ დატოვებენ მიწაშიო“ ბოლოს  დასძინა: „თემურ, მე რომ მათი მოთხოვნები შემესრულებინა, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებოდი პრეზიდენტი. შენ მართალი იყავი და დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდი!“…

მე სააკაშვილის გადარჩენაც მინდოდა. მას დიდი ვალდებულებები ჰქონდა აღებული უცხოელი „პატრონების“ წინაშე შევარდნაძესთან ერთად და ვერ შეძლებდა იმ ვალდებულებებიდან გამოსვლას და საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც დაღუპავდა. პირადად  ვუთხარი მას: „ბატონო მიხეილ, შენ ხომ მუდმივად სწერდი ჩემს პრეზიდენტობაზე, მუდმივად ლაპარაკობდი, რომ მე ვიქნებოდი  პრეზიდენტი შევარდნაძის  შემდგომ, ჩემი პრეზიდენტობა შენი გადარჩენაც იქნება და ქვეყნისაც-მეთქი“  არ გაიზიარა. 2004 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა კონკურენტმა, როცა მეორე ადგილზე გავედი, ასე მივულოცე: „ეს გამარჯვება შენთვის დამარცხების, ხოლო  ჩემი დამარცხება კი, ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია“-მეთქი.

ხალხმა შეაფასოს!

ახლა კი თქვენ მოგმართავთ ბატონო ბიძინა, თქვენ ხელიდან გაუშვით უნიკალური შანსი-შექმნილიყო ქართული კონსტიტუცია ნამდვილი ზოგადსაკაცობრიო  იდეალებით.

 ნაცების მსგავსად, თქვენ ამჯობინეთ  პარტიული კონსტიტუციის შექმნა.

თქვენ, ნაცების მსგავსად, თავზე მოირგეთ მთელი კანონმდებლობა.

არჩევნების დროს, ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვყოფილვარ, მაგრამ ისეთი მდარე წინასაარჩევნო სიტუაცია, როგორიც დღეს ჩვენთანაა, არსად მინახავს.

ნუთუ გჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამდენ ფულს არ იშურებენ ათასგვარ უზარმაზარ ბანერებსა და პლაკატებში,  გამარჯვების შემთხვევაში, წესრიგს მოუტანენ ქვეყანას?! დღეს ისინი და მათი მხარდამჭერნი ყიდულობენ ხმებს, ანუ არჩევნებს აყალბებენ – ყალბის მქნელს კი უფალი დასჯის!

დღეს თქვენს წინაშე, არის ნათელი  და ბნელი პერსპექტივა:  ნათელი ნამდვილად მართალ, დემოკრატიულ არჩევნებთანაა დაკავშირებული; ბნელი – არჩევნების გაყალბებასთან და თქვენს მიერ იმის დადასტურებასთან: რაც მინდა, იმას გავაკეთებო!

ქართველი ერი ამ განწყობას არასდროს, არავის პატიობს! ასეთივე განწყობა გამოხატა თქვენდამი მიმართვაში ბატონმა ლევან ვასაძემ.

მე ვიზიარებ პათოსს, რომელიც მას ჰქონდა მერწმუნეთ, არ არიან თქვენი მტრები ისინი, ვინც  სიმართლეს გეუბნებიან. თქვენი და საქართველოს მტრები არიან ისინი, ვინც  ტაშს გიკრავენ. გაქებენ, გადიდებენ და გვერდზე ქილიკობენ. ასე წაშალა საკუთარი თავი ჩემთვის საყვარელმა კინორეჟისორმა გიორგი  შენგელაიამ, რომელმაც ჯერ ქება-დიდებით  აგავსოთ, მერე კი უწიგნური გამოგიყვანათ!

ბატონო ბიძინა, თქვენი გადარჩენა, ახლა ხალხს შეუძლია. ხალხს შეუძლია თქვენი დახსნა თქვენი გარე ვალდებულებებისგანაც.

თუმცა, ხალხმა ეს რომ გააკეთოს, ამისთვის საჭიროა, ის მაინც იცოდეს, თუ ვინ იყრის კენჭს და რა პროგრამით მოდის.

სირცხვილია, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სივრცეში, სადაც მოქმედებს  დრაკონული კანონები კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების შესახებ.

მძიმე, მაგრამ ლიტერატურული გამოთქმა მინდა გამოვიყენო: ცხვირაწეული გვიყურებენ – ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონები გრიგოლ ვაშაძე,  დავით ბაქრაძე. ეს სენი  ბოლო ხანს ბატონ დავით უსუფაშვილსაც გადაედო,   მათ არაერთხელ შევთავაზე დებატები ამომრჩევლების წინაშე, ტელევიზიაში, ღია სივრცეში. ყოველთვის უარი მივიღე. პოლიტიკოსები, რომელთაც თანამემამულეებთან საუბრის ეშინიათ, როგორ დაჯდებიან სასაუბროდ ამერიკის პრეზიდენტ ტრამპთან, ევროპელ ლიდერებთან, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან და საერთოდ, მსოფლიო ლიდერებთან?!

მათ მთელი საინფორმაციო სივრცე უჭირავთ ხელში – საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში, მეტიც, ბოლო სამი დღეა ფეისბუქი დამიბლოკეს  (არა მარტო მე) და ხალხთან სრულფასოვანი ურთიერთობების საშუალებაც კი წამართვეს, დიდი სიხარულით არ ხვდებიან ჩვენ ჩასვლებს რეგიონებში და ცდილობენ მოსახლეობასთან კონტაქტი არ შედგეს!

სამარცხვინოა რეიტინგების სისტემაც… სამარცხვინოა „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების ბრიყვული განცხადებები, რომ უკვე გამარჯვებულები არიან არჩევნებში… სამარცხვინოა  „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ხმების მასიური გავრცელება ( „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფების წევრებიც აყვნენ), განცხადება, თითქოს ამ ორის გარდა ხმების სხვაზე მიცემა დაკარგული ხმებია. ასე როგორ ააპარპაშეთ, ბატონო ბიძინა, სოროსის შვილები -„თავისუფლების ინსტიტუტის“ შემქმნელ-დამფუძნებლები, სპაცსამსახურების წარმომადგენლები?!

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ ამომრჩეველთა გასაგონად: ამ ორი პარტიის წევრებზე ხმის მიცემა არის დაკარგული ხმები საქართველოსთვის, ეს არის ავქყნის ნამდვილი ღალატი. საქართველოს წინააღმდეგ ხმის მიცემა.

ბატონო ბიძინა,

თქვენ  ამბობთ, რომ გაქვთ ფონდი კეთილ საქმეთა შესასრულებლად. ვადასტურებ, რომ ამ ფონდს ბევრი კარგი საქმე აქვს უკვე გაკეთებული. დღეს უფრო კეთილი საქმე წარმოუდგენელია, ვიდრე სამართლიანი. თანაბარპირობებიანი არჩევნების ჩატარება –  თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის და ამ გზით, საქართველოს მოსახლეობის  ნების სწორად გამოხატვის უზრუნველყოფა.

დახარჯეთ ეს თქვენი  მილიონები და იმ ოთხეულის გარდა, ყველა არხზე, დაწყებული „რუსთავი-2“-თ და „იმედით“, „მაესტრო“-თი, „TV-პირველით“, „იბერიით“, „კავკასიით“ და დამთავრებული „1 არხით“ თანაბრად შეუძინეთ სატელევიზიო ეთერი ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, ვინაიდან სწორედ თქვენი და თქვენი წინამორბედი ხელისუფლებების დროს შეიკრა გორდიას კვანძი არათანაბარი პოლიტიკური პირობებით.

ბატონო ბიძინა,

დროულად გახსენით ეს კვანძი, თორემ როგორც ისტორია გვიჩვენებს – მას დაუნდობლად გაჩეხვა მოუწევს!

მინდა იცოდეთ, რომ დღევანდელი კანდიდატების დიდი ნაწილი შექმნა თქვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილის რეჟიმმა.

მე კი, ჩემი თავი თავად შევქმენი.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი

11.10.2018წ

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *