(საქართველოს რესპუბლიკა) მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ ხელშეკრულება ხალხთან და პრაქტიკული ქმედებები

  • დღეს არც ანგარიშსწორების დროა, არც თავის გამოჩენის, არც ”მე ხომ ვთქვი” -ს და ”მე ვამბობდი” – ს… დღეს ხალხის და ქვეყნის გადარჩენის დროა 
  • ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

 დაპირებული გზავნილი მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართვის, მასზე  და პოლიტიკოსთა და სხვათა რეაქციის გათვალისწინებით

ამ დოკუმენტს ხელს ვაწერ, როგორც პარტია ”თეთრების” თავმჯდომარე. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ამას პირველად ვაკეთებ.

როგორც მე, ასევე  პარტიაში და იმ მცირერიცხოვან გუნდში, რომელთან ერთადაც ჩართული ვიყავი საპრეზიდენტო არჩევნებში, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ უნდა გქონდეს მორალური უფლება, მიმართო ხალხს, ან საჯარო მიმართვა გააკეთო ხელისუფლებისადმი.

დღეს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: ჩვენ, პოლიტიკოსებმა მოვიყვანეთ ქვეყანა ამ კატასტროფულ მდგომარეობამდე, პასუხისმგებლობა ხალხის და ქვეყნის დღევანდელ ყოფაზე გვეკისრება ჩვენ და ელემენტარული წესიერება მოითხოვს იმას, რომ ხალხთან საუბარი და სხვისი განქიქება ხალხისთვის ბოდიშის მოხდით დავიწყოთ.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდეთ, მაგრამ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, ხალხისა და ქვეყნისადმი  ხელისუფლების პასუხისმგებლობამოკვდა, თანამდებობის მოპოვების მთავარ კრიტერიუმად მლიქვნელობა იქცა, სოციალური დემაგოგია ყოველგვარ დასაშვებ საზღვრებსგადაცდა, წახალისებულია მოღალატეობა –პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობა… იყიდებიან პარტიები, პოლიტიკოსები, ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები… შეიძლება არჩევნებში (და არა მარტო) გამარჯვების ყიდვა და სხვისი დამარცხების ყიდვაც. პრაქტიკულად პოლიტიკური პროსტიტუციისეპოქაში ვცხოვრობთ.

სწორედ ამის გამოა ხალხი ასე დამშეული და დაუძლურებული, რომ ადვილია მისი მართვა. ვაღიაროთ, რომ ეს ქვეყნის გარეთ დაწერილი პროგრამაა,  რომელსაც სხვადასხვა დოზით ვახორციელებდით ყველა, ვინც ვიყავით პოლიტიკაში, განსაკუთრებით ისინი, ვინც იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებაში და ყველაზე მეტად ისინი, ვისაც უმაღლესი თანამდებობები ეჭირათ.

უნდა ვაღიაროთ ის, რომ დამშეული და დაუძლურებული ხალხი თითქმის 30 წელია, ხმას აძლევს ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი თავის  და მისი შვილების, საერთოდ, მისი შთამომავლობის წინააღმდეგ, რამეთუ მხარს უჭერს გარედან მართულ პოლიტიკურ ძალებს, გადარჩენას ბელადში და მილიარდერში ეძებს.

მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია და სიღრმისეული ანალიზის გარეშე, მიუკერძოებელი და ნამდვილად მეცნიერული ანალიზის გარეშე, ძნელია სწორი დიაგნოზის დასმაც და მით უფრო, იმის განსაზღვრა, რა არის საჭირო.

დიდი სიღრმეა იმ ნააზრევში, რომელიც სახელმწიფო კაცებმა: მერაბ ბერძენიშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, არნოლდ გეგეჭკორმა, გიგა ბათიაშვილმა, თემურ გუგუშვილმა ”მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი  ერი, გაერთიანებული სახელმწიფო”  – ში ჩადეს რამდენიმე წლის წინ: ”ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი, საქართველო კვლავ იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ, ძირითადად, გარედან თავსმოხვეული საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები. რაც არ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები”.

ეს არის პოზიცია, რომელსაც სრულად იზიარებს  პარტია ”თეთრები” და ის გუნდი, რომელიც იკრიბება მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილი პროგრამული კრებულის, ”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” ირგვლივ.

ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ”მესამე პოლიტიკური ცენტრი”, მით უფრო მიუღებელია, ვინც საკუთარ თავს უწოდებს ”პირველს” ან თვლის, რომ ”მეორეა” ,  რამეთუ ერთიც და მეორეც დამანგრეველი და ანტიქართულია, მით უფრო ვემიჯნებით ამბიციურ განცხადებებს: ”მე შევქმნი მესამე პოლიტიკურ ცენტრს”, ”ჩვენ ვართ მესამე პოლიტიკური ცენტრი”.

* * *

”თეთრები”ვთვლით, რომ დღეს ანგარიშსწორების დრო არ არის. დღეს ქვეყნის გადარჩენის დროა. დღეს საინფორმაციო სივრცე გაივსო ”ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილისადმი ულტიმატუმებითა და ანგარიშსწორებით. ყველას გვავიწყდება, რომ დღეს ეს პოზიცია ქვეყნის საწინააღმდეგოა და აძლიერებს რევანშისტულ ძალას. ჩვენ ყველას შეგვიძლია გავუგოთ, ვინც უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ივანიშვილის გამო, მაგრამ ჩვენ არ გვესმის და ვერც გავუგებთ იმ ხალხს, რომლებსაც მოსწონთ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, ან კიდევ იმ ხალხს, რომლებსაც ”ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილისადმი უკმაყოფილების გამო, შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ანტიქართულ, რევანშისტულ ძალას – ”ნაციონალურ მოძრაობას”.

ჩვენ, ”თეთრები”, ჩვენს სამოქმედო პროგრამას რამდენიმე ეტაპად ვყოფთ:

პირველ ეტაპზე – უარი სისხლისმსმელი რეჟიმის უკან დაბრუნებას და პარალელურად, გზავნილი ”ქართულ ოცნებას” , რომ მთავარია არა შეცდომების აღიარება, არამედ პრაქტიკული ქმედებები,რომ სრულიად არასაკმარისია ის, რაც  ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა თავის გამოსვლაში და ჩვენ ვამატებთ კონკრეტულ წინადადებებს;

მეორე ეტაპზე – ხელშეწყობა და იძულება, რათა ბიძინა ივანიშვილმა და სახელისუფლებო გუნდმა შეასრულოს თავისი დანაპირები ერთი წლის განმავლობაში სიტუაციის რადიკალური შეცვლის თაობაზე; შეიქმნას მექანიზმი, რომელიც რეალურად გააკონტროლებს ამ ერთწლიან პროცესს. პარალელურად  უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე მეცნიერებათა აკადემიის, საერთოდ მეცნიერებისა და სახელმწიფო კაცების პატრონაჟით,  გაკეთდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი, მეორე-შეიქმნას პირობები წინასაარჩევნო სამართლიანი გარემოსა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფისთვის, მესამე – ხალხს მიეცეს საშუალება, ნათლად და სწორად გაიგოს, ვინ ვინ არის პოლიტიკაში და ვინ რად ღირს პოლიტიკაში.

მესამე ეტაპზე – უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის პოლიტიკური სივრცე განთავისუფლდეს როგორც ”ნაციონალური მოძრაობის”, ასევე ”ქართული ოცნებისგან”, არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვს საშიში მიხეილ სააკაშვილისგან და პოლიტიკაში უზომოდ არაკომპეტენტური, ამასთან, უსაფუძვლოდ თვითდაჯერებული ბიძინა ივანიშვილისგან.

ყოველივე ამის შემდგომ, ვაყალიბებთ კონკრეტულ წინადადებებს, რომელთა გათვალისწინება განსაზღვრავს არა პრეზიდენტობის  კანდიდატის კონკრეტული პერსონისადმი, არამედ სახელისუფლებო  გუნდის პასუხისმგებლობისადმი მისი ნათავამი სიტყვისა და ამ პროგრამისადმი დამოკიდებულებას.

  1.  ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას სჭირდება სრულიად სხვა პოლიტიკური კულტურა და სტანდარტები… კატასტროფაა, რომ პოლიტიკა იქცა ბიზნესად და ეს კანონითაა განმტკიცებული. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ნგრევის მეტი არაფერი გაგვიკეთებია ქვეყნისთვის, 2008  წლიდან მოყოლებული, ბიუჯეტიდან 200 მლნ – ზე მეტი თანხა მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ თავად პოლიტიკური პარტია ვართ, ვემიჯნებით ამ განწყობას. პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს ხალხის ფულით.  ის უნდა არსებობდეს საწევრო გადასახადების და შემოწირულობების ხარჯზე. ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან: გაუქმდეს 2008 წელს, ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული კანონი პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ პარტია ”თეთრები” პრიორიტეტად თვლის განათლებას, რის კონსტიტუციურ აღიარებასაც ითხოვს. სამართლიანად მიგვაჩნია, გამონთავისუფლებული თანხებით სრულად ფინანსდებოდეს სტუდენტთა სწავლა.
  2. ხალხის იმედგაცრუებას და არჩევნებისადმი აგდებულ და ნიჰილისტურ დამოკიდებულებას იწვევს ჩვენში მყარად ფესვგადგმული ცრუ დაპირებების სისტემა, რომელსაც ხალხის მოტყუების სისტემას ვუწოდებთ. დღეს ყველაზე მეტად ყელყელაობენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებმაც არჩევნების წინ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის, სიღარიბის დაძლევის, კორუფციის დამარცხების პირობა მისცეს ხალხს, და ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ გააკეთეს. ამიტომ ჩვენ, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ის, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით შეიქმნას კომპეტენტური ჯგუფები და გაანალიზდეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩატარებული ყოველი არჩევნების წინ მიცემული დაპირებების შესრულება.

III.  ყველამ კარგად ვიცით, რომ საარსებო მინიმუმი 173 ლარი კი არ არის, (როგორც ამას ხელისუფლება გვიმტკიცებს), არამედ რამდენჯერმე მეტია. აბსოლუტურად მიუღებელია აპელირება საარსებო მინიმუმზე. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ საარსებო კალათის პრინციპი, როგორც ეს მიღებულია აშშ-სა და დემოკრატიულ ქვეყნებში. საარსებო კალათას უნდა განსაზღვრავდეს არა ხელისუფლება, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიოში დამკვიდრებული და უკვე აპრობირებული სისტემის მიხედვით. ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია,

  1. საქართველოს უბედურებაა მონოპოლიზმი. მონოპოლიზმით დაავადებულია ეკონომიკისა და საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო და უბანი. მონოპოლიზმს რომ საფუძვლად ნიჭი და პროფესიონალიზმი ედოს, ისიც კი მიუღებელი იქნებოდა. მაგრამ საქართველოში, მონოპოლიზმი დგას კლანურ-ნათესავურ პრინციპებზე. ერთი და იგივე სახელისუფლებო კლანს მონოპოლიზებული აქვს პოლიტიკაც, ბიზნესიც, განათლების სისტემაც, კულტურის სფეროც, ჯანმრთელობის სისტემაც, სპორტი, საინფორმაციო სივრცე, გართობის ინდუსტრიაც კი. მონოპოლიზმმა დაგვინგრია სოფელი. ქვეყნის გარედან კვების პროდუქტების შემოტანა და საქართველოში მოწეულის რეალიზაცია ხელში უჭირავს ტრადიციულად, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ შუალედურ რგოლს, რომელიც მშრალზე ტოვებს მწარმოებელს და ძარცვავს მომხმარებელს. ერთის მხრივ, საჭიროა მკვეთრი ანტიმონოპოლური კანონმდებლობა. მეორეს მხრივ – შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფალი, რომლის ახლობლებით ივსება მონოპოლური გუნდები, უნდა ცხადდებოდეს, არ მოვერიდები გამოთქმას – სახელმწიფოს მტრად.

ხელისუფლების უპირველესი ფუნქციაა კონკურენტული გარემოს შექმნა. ქვეყანას კლავს მონოპოლიზმი და ანვითარებს კონკურენცია. კონკურენცია ეყრდნობა ნიჭს, საქართველოში სრულიად სხვა ბიზნეს-გარემო იქმნება, სრულიად სხვა გვექნება,  სრულიად სხვა ბიზნესმენები გვეყოლება, სრულიად სხვა აზროვნება იქნება ბიზნესში და სრულიად სხვა დასაქმების მდგომარეობა გვექნება ქვეყანაში, სრულიად სხვა სიტუაცია გვექნება საბანკო სისტემაშიც, რომ ხელისუფლება თავის მთავარ ფუნქციას ასრულებდეს – კონკურენტული გარემო შექმნას. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბოლო ათწლეულების ყველა ხელისუფლებას ეშინია კონკურენციის, ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ ძლიერის და ქვეყანაში დამკვიდრდა სუსტის იდეოლოგია. ჩვენთვის, ”თეთრებისთვის” ამ ერთი წლის ერთ-ერთი მთავარი საზომი იქნება სწორედ ის, თუ რამდენად შეძლებს ბატონი ივანიშვილი საკუთარ თავზე, საკუთარ გუნდზე (რომელშიც არაერთი ძლიერია) გამარჯვებას და მომავლის საქართველოს  მთავარ საფუძველს, კონკურენციას, ანუ ნიჭის ძალაუფლებას მოიყვანს მოქმედებაში. ეს რომ შეძლოს, მართვის სისტემაა თავიდან ბოლომდე შესაცვლელი, რომელიც არის ავადმყოფი, ანდამატივით იზიდავს სუსტებს და ებრძვის ძლიერს. მონოპოლიზმი და კონკურენციის არარსებობა არის სიყალბის ტირაჟირება ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ ვცხოვრობთ სიყალბეში. მონოპოლიზმი კვებავს სიყალბეს.

  1. თეთრები” ვთვლით, რომ სოციალური დემაგოგია აყვანილია სახელმწიფო პოლიტიკის რანგში. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გარედან მართულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ გაჭირვებული,დამშეული და დაუძლურებული ხალხი, რადგან მათი მართვაც გარკვეულ ეტაპამდე, და საარჩევნოდ მოსყიდვაც, მოტყუებაც ადვილია. ეს კანონითაც განმტკიცებულია. დამოუკიდებელი საქართველოს ყველა  ხელისუფალი თავს იწონებდა სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტით. ლოგიკურია კითხვა: თუ დღემდე საქართველოში მიღებული ყველა ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იყო, რაც დრო გადის, ღარიბი უფრო ღატაკი რატომ ხდება? მით უფრო მაშინ, როცა ამავე პერიოდში მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. ქვეყანას სჭირდება არა სოციალურად ორიენტირებული, არამედ ”განვითარების ბიუჯეტი”, რომელიც ორიენტირებულია მეცნიერებაზე, განათლებაზე და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნაზე. ნებისმიერ ქვეყანაშო ხელისუფლება იზომება შექმნილი სამუშაო ადგილების მიხედვით.
  2. ხელისუფლებამ, უპირველესად ივანიშვილმა, უნდა აჩვენოს პოლიტიკური ნება და დაუნდობელი გახდეს გარედან დაფინანსებული ყველა ტიპისა და მიმართულების ორგანიზაციებისადმი. იმის ღირსი მაინც გახადეთ ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა, რომ იცოდეს, ვინ, რომელი ორგანიზაცია რა თანხით და რა წყაროდან ფინანსდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობის უკან დგას არა ქართული, არამედ დამფინანსებლის ინტერესი.  მილიარდებია შემოსული ასეთი ტიპის ორგანიზაციების დასაფინანსებლად, როცა ამისი მეასედი არ მოხმარებია ქვეყანას  სოციალური მდგომარეობის გასაუჯობესებლად, მეტიც, ერის და ქვეყნის კეთილდღეობას. გარისკეთ და მიიღეთ კანონი, ისეთივე, როგორიც უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაშია მიღებული და კრძალავს გარედან ფინანსირებადი ორგანიზაციების არსებობას. თუ ამას ვერ შეძლებთ, იმის კანონი მაინც მიიღეთ რომ სრული გამჭვირვალება იყოს, რა თანხა მოდის და სად იხარჯება, ეს პრინციპული საკითხია, რადგან გარედან შემოსული ფული მონურ  ფსიქოლოგიას უფრო აძლიერებს ქვეყანაში, ვიდრე იცავს საქართველოს მოქალაქისა და ქართველი კაცის ღირსებას. ნუთუ ხელისუფლებისთვის არ არის ცნობილი, რომ, ზოგიერთი ძლიერი საფინანსო ორგანიზაცია ქვეყანაში,  როგორც ნელი მოქმედების ნაღმი, ყოველგვარი ქართულისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ არის შემოსული.

VII.  ის, რაც მოსვენებას არ უნდა გვაძლევდეს, ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთაც, და რასაც ეროვნული სატკივარი უნდა ეწოდოს, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა ქვეყანაში. საჭიროა უსერიოზულესი ანალიზი, შესაბამისი კანონი და პრაქტიკული მოქმედებების დაწყება დღესვე. სამარცხვინოა, როგორც ჩვენ ვექცევით შრომით მიგრანტებს, საქართველოს ახალგაზრდობას, ქვეყანაში ოჯახის ნგრევის პოლიტიკა უფრო გვაქვს, ვიდრე ოჯახის გაძლიერების და განმტკიცების. ჩვენ ელემენტარულად ვერ ვიცავთ საქართველოდან წასული ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს უცხო ქვეყანაში. იმის გაკეთებას მაინც რა უნდა, რომ უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში იგივე უფლებები ჰქონდეთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ  იმ ქვეყნებში. კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს იმ სოციალური მდგომარეობისა და პოლიტიკის ფონზე, რაც ქვეყანაშია, ქვეყანას ცლის ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისგან  და შევსებას აკეთებს უცხოელების ხარჯზე. დაახლოებით ოცი წელია, რაც ამ ღალატში ცხოვრობს ქვეყანა.  ჩვენ ვითხოვთ რადიკალურ ღონისძიებებს და ისე, როგორც ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქევყნებშია, მიწას, წყალს, ტყეებს, მდინარეებს, წიაღისეულს არ უნდა ვყიდდეთ, მეტი პატივისცემით უნდა ვეკიდებოდეთ ქართულ ნედლეულს.

VIII.  საქართველოს არ აქვს თავისი ინტერესების გამომხატველი კონსტიტუცია  და  საარჩევნო სისტემა. ბოლო პერიოდში მიღებული კანონები გლობალურ პოლიტიკას უფრო ემსახურება, ვიდრე ქართულ, და ზოგადად ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ სწორად გვეუბნებიან ჩვენი ძმები, აფხაზები და ოსები და საერთოდ, ჩვენი მეგობრები მთელ მსოფლიოში, რომ მიღებული კანონებით გაცილებით ვცილდებით ერთმანეთს, ვცილდებით ქართულ ტრადიციებს. ვცილდებით ერთიანი კავკასიური ოჯახის წეს-ჩვეულებებს და ეს ყველაფერი კეთდება იმის ფონზე, რომ ყველა პარტია თავის თავზე ირგებს კონსტიტუციას და კანონმდებლობას საერთოდ. თუ გეყოფათ გამბედაობა, ბატონო ბიძინა, აღიარეთ. ან უარყავით და შეგვეკამათეთ. ჯერ ”მოქალაქეთა კავშირმა”, შემდგომ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” უფრო ძლიერად და არანაკლებად, ”ქართულმა ოცნებამ”, უარყავით დავით აღმაშენებლის გზა და საქართველო აქციეთ ზესახელმწიფოთა დაპირისპირების ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს გიხარიათ  გარედან მართულ პოლიტიკურ ძალებს. ”თეთრების” და იმ გუნდის, ვინც შექმნა დიდი პროგრამა – პროექტი  ”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და იზიარებს კრებულის განწყობას, პოზიცია ურყევია: საქართველო უდა იყოს თანამშრომლობის ქვეყანა და ამ თანამშრომლობას საფუძვლად უნდა ედოს ქართული  ინტერესი. ჩვენ მყარად ვდგევართ იმ აზრზე, რომ გადარჩენა ქვეყნის შიგნითაა და არა ქვეყნის გარეთ, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ქართულ გზაშია, რომელიც არასდროს ყოფილა ჩაკეტილი, ყოველთვის ნაზიარები იყო ზოგადკაცობრიულთან. ჩვენი პოზიცია მყარია იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძიოთ და არა პატრონები

  1. საქართველოში პოლიტიზებულია ყველაფერი – ხალხის ყოფაც, ბანკებიც, ენერგეტიკაც, ადამიანური ურთიერთობის სფეროც კი. (თუ ბიძინასთან ხარ კარგად, სხვანაირად გხვდებიან, თუ ბიძინას აკრიტიკებ – თავს გარიდებენ) ყველაზე ცუდია, რომ ამ სენით დაავადდა ინტელიგენციის დიდი ნაწილი.დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებამ ინტელიგენცია უფრო გამოიყენა სკამის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად, ვიდრე ქვეყანაში რეალური მდგომარეობის შესაცვლელად. დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი მარტივია: ინტელიგენტი არის ის, ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. საქართველოში ეს შებრუნებულია. ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა მიატოვა ხალხი და ხელისუფლებას იცავს ხალხისგან. სამწუხაროდ, ინტელიგენციისთვის ხელისუფლებასთან ურთიერთობა გახდა ურთიერთობა არსებობისთვის. დღემდე ვერ შეძლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ, მიეღო კანონი ქველმოქმედებისა და მეცენატობის შესახებ. აღიარეთ, რომ ეს არის შეცდომა, დაიცავით ინტელიგენცია თქვენი ფულისგან და მიეცით ინტელიგენციას თავისუფლად, ლაღად ცხოვრების უფლება და ქვეყანაც შეიცვლება. არაერთი მაგალითის მოყვანა შემიძლია, როგორ დასაჯეს ხელისუფლებებმა მათი არამორჩილი ღონიერი მოაზროვნეებიც კი.

* * *

ჩვენ ვიყავით და ვრჩებით სისტემური ცვლილებების მომხრედ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ: მართვის სისტემაა შესაცვლელი და ის ძლიერზე უნდა იყოს ორიენტირებული. პრობლემების მინიმუმ, 90% დაწყებული ბანკებით და დამთავრებული ხალხის უმძიმესი ყოფით, ავადმყოფი მართვის სისტემის ბრალია.

ჩვენ ამ დოკუმენტში შევეხეთ სწორედ იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებით შეიცვლება არსებული სისტემა. ჩვენთან არასწორადაა გაგებული დემოკრატია. ხატოვნად რომ ვთქვა, თუ დემოკრატია 100-სართულიანი სისტემაა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი არჩევნები ამ სისტემის 99-ე და 100-ე სართულია. გული მწყდება, რომ პოლიტიკოსები ქვეყნის შეცვლას ფუნდამენტის გარეშე ბოლო სართულებიდან ვიწყებთ.

დემოკრატია არის იმ ქვეყანაში, სადაც კონკურენტული გარემოა, სადაც საშუალო ფენაა ძლიერი, სადაც ეკონომიკა და ფინანსებია დეცენტრალიზებული, სადაც  ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, აღარ ვსაუბრობ ისეთი აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაზე, როგორიცაა პროფკავშირები, სტუდენტური და ახალგაზრდული მოძრაობა, ყველა დონის სახელისუფლებო კადრების მომზადების სისტემა.

ჩვენ სწორედ ამ საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას ვითხოვთ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბატონი ივანიშვილისგან, რომელმაც თავისი განცხადებით არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის სიმძიმე სრულად აიღო საკუთარ თავზე. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემაზე და არა პერსონალიზაციაზე.

სწორედ აქ ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს მორალური უფლება იმის, რაც დავწერეთ  -ნ 1997წლის 13 ივნისს,როცა დიდი ბრძოლით მოვიპოვე პარლამენტში სიტყვის უფლება, იქ ვთქვი: ”ქვეყანაში სისტემაა კორუმპირებული და ”მოქალაქეთა კავშირი” ებრძვით პიროვნებებს”.

”თეთრების”, მისი გულშემატკივრებისა და მეგობრების მოთხოვნა ”ნაციონალური მოძრაობის” ასევე ”ქართული ოცნების” მიმართ, იყო და არის: მართვის სისტემაა შესაცვლელი. არ შეიძლება ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი  და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში ასე ვცხოვრობდეთ. ერთნაირად უბედური იყოს მილიარდერიც და არაფრის მქონეც.

ჩვენთვის, მთავარია მორალური გუნდის შექმნა. სწორედ ამით დავიწყე. მორალური უფლება უნდა გქონდეს, მიმართო ხალხს და საჯაროდ – ხელისუფლებას.  ”თეთრებს” აქვს  მორალური უფლება იმის გამო, რომ არასდროს ვყოფილვართ აგრესიული, რევანშისტული და ჩასაფრებული, ყოველთვის თანამშრომლობის განწყობით ვიყავით, ვეყრდნობოდით მეცნიერებას, ვაანალიზებდით მდგომარეობას და ამ ანალიზებს პატიოსნად ვუგზავნიდით ხელისუფლებას. ჩვენს რიგებში მიუღებლობაა პარტიიდან პარტიაში მორბენალის, მოღალატის, მედროვის. ჩვენში არის სოლიდარობის პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც ერთმანეთის, ასევე ქვეყნის მიმართ.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩვენი მცირერიცხოვანი,მაგრამ ინტელექტუალური გუნდის წინაშე და დღესაც კი ვაქვეყნებ იმ ხელწერილს, რომელიც პირველად 1997 წელს გამოვაქვეყნე, რომელშიც პირდაპირ და გამოკვეთილად მიწერია: ”დედამიწის ზურგზე მამა-პაპისეულს გარდა არაფერი გამაჩნია და ვინც იპოვის, ვჩუქნი მას” ეს ის ხელწერილია, რომელმაც თავის დროზე შეაშინა მიხეილ სააკაშვილი და ე.წ. რეფორმატორთა გუნდი. ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო ისეთი სისტემის შექმნა, რომ რითაც ხელისუფლებაში მოდის ადამიანი, იმით მიდიოდეს ხელისუფლებიდან, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას არ მდიდრდებოდეს.

ჩვენ ვთვლით, რომ დღეს, ამ სიტუაციაში,  ხელისუფლებასა და პოლიტიკაში ის ადამიანები უნდა იყვნენ, რომელთაც შეუძლიათ პირადულზე  უარის თქმა და ხალხისთვის  თავგანწირვა.

როცა საჭირო გახდა ქვეყნისთვის, სიცოცხლის ფასად დავუხვდით ტანკებს, და ორჯერ დიდი სისხლისღვრა ავაცილეთ და იმ თვითმფრინავში შევედით ქართველებისა და აფხაზების მეგობრობის გადასარჩენად, რომელსაც ჩამოგდებას უწინასწარმეტყველებდნენ.  ჩვენში დღესაც არის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ”თეთრების” ემბლემა თავისი სულის კარნახით შექმნა უდიდესმა ხელოვანმა, მერაბ ბერძენიშვილმა, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების კონგრესს ესწრებოდნენ ქართული მეცნიერების, ხელოვნების და სპორტის კორიფეები: ხალხისთვის უსაყვარლესი ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე.

მოვალედ ვთვლი, ეს წერილი გამოვაქვეყნო პრესაში. ხალხმა იცოდეს,  ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ამ მოსაზრებების გათვალისწინებით შეგვიძლია,  პარტიულ ინტერესზე უარის თქმა,  იმის იმედით, რომ ივანიშვილი გულწრფელია თავის გადაწყვეტილებაში, რეალურად შეცვალოს მდგომარეობა და ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებით და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩატარდეს მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მან არათუ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, არ ჩაერიოს და არ გაუწიოს არც ერთ პოლიტიკურ ძალას ფინანსური მხარდაჭერა, ერთი კი შეძლოს, რომ  ყველა პარტიას ერთნაირი სასტარტო მოედანი შეუქმნას  საინფორმაციო სივრცეში. ჩვენ აუცილებელ პირობად ვაყენებთ იმას, რომ როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში, არსებობდეს პოლიტიკური  ტელეარხი, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას (კვალიფიციურისა და არაკვალიფიციურის მიუხედავად) ერთნაირი დრო მიეცემათ, ერთნაირი პირობები ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. რომ ამ არხზე შეიქმნება ჯანსაღი სისტემა თანამედროვე სტანდარტების პოლიტიკური დისკუსიის, ყოველგვარი სუბიექტური სიმპათია-ანტიპათიის გარეშე

და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი. საჭიროა ხელშეკრულება ხალხთან. ჩვენ გვინდა პასუხი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე. ხელშეკრულების გაფორმების მექანიზმი შესამუშავებელია. ერთი შეთავაზება ჩვენ შეგვიძლია: იქმნება ”სახელმწიფო კაცების საკრებულო”, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია და როგორც ამის შესახებ უცხოეთის გამცდილებაზე დაყრდნობით, თავის ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შესთავაზა ხელისუფლებას. ამ საკრებულოში უნდა იყვნენ ზნეობრივი ავტორიტეტები (ღვთის წყალობით, ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს ასეთები) და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი გუნდის მთელი პასუხისმგებლობის  სიმძიმე იტვირთა, ამ ადამიანებს   პირდაპირ  სატელევიზიო ეთერში უნდა აბარებდეს ანგარიშს, თუ როგორ ასრულებს პირობას და უსმენდეს მათ შეფასებებს. ამავე დროს, უნდა დაიწყოს აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი მოსახლეობასთან, საერთოდ, საზოგადოების ყველა ფენასთან ეროვნული თანხმობისთვის. ამაზე უარის თქმას არც დრო, არც ხალხი გვაპატიებს.

 

პარტია ”თეთრების” სახელით,

თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

6 ნოემბერი, 2018 წელი

გამოქვეყნებულია გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” 2018 წლის 7 ნოემბრის ნომერში

მინაწერი აქ მოცემულია მიმართვის სრული, პირვანდელი ვარიანტი. სამწუხაროდ, ჩვენგან შეუთანხმებლად გაზეთის რედაქციამ ამოიღო სათაური

  • დღეს არც ანგარიშსწორების დროა, არც თავის გამოჩენის, არც ”მე ხომ ვთქვი” -ს და ”მე ვამბობდი” – ს… დღეს ხალხის და ქვეყნის გადარჩენის დროა 
  • ქვეყანა სიყალბეში ცხოვრობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

ასევე ა მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი:

”მესამე ეტაპზე – უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის პოლიტიკური სივრცე განთავისუფლდეს როგორც ”ნაციონალური მოძრაობის”, ასევე ”ქართული ოცნებისგან”, არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვს საშიში მიხეილ სააკაშვილისგან და პოლიტიკაში უზომოდ არაკომპეტენტური, ამასთან, უსაფუძვლოდ თვითდაჯერებული ბიძინა ივანიშვილისგან.”

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *