ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი

 

 საქართველოს აქვს ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების გამოცდილება. პირველი ასეთ შეკრება შედგა 1997 წელს, ბატონ რეზო ჩხეიძის თავკაცობითა და ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით. ღონისძიებამ იმ პერიოდში დიდი როლი შეასრულა. ამ ეტაპზე საუბარია სრულიად განსხვავებული კონფიგურაციის საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც არ ტარდება მხოლოდ თბილისში, როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო. განსაკუთრებულია იმის ხაზგასმა, რომ ეს არის არა მარტო ქართველთა, არამედ ყველა ეროვნების იმ წარმომადგენელთა კონგრესი, რომლებიც საკუთარ თავს საქართველოს შვილებად თვლიან… ეს არის კონგრესი საქართველოს ნამდვილ მეგობართა აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით.

მსოფლიო კონგრესი შედგება სესიებისგან. იგი ტარდება მსოფლიოს ორმოცზე მეტი ქვეყნის ოთხმოცზე მეტ ქალაქსა და რეგიონში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში შექმნილ სოციალურ პრობლემათა გამო, ცხოვრობენ ქართველები, საქართველოს შვილები.

კონგრესის ყველა სესია გადაიცემა პირდაპირი ეთერით მთელ მსოფლიოში, რათა ყველა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ჩვენს მეგობრებს მიეცეთ მისი ნახვის საშუალება და ეს გარკვეულწილად იქნება ჩვენი ერთიანობის დადასტურებაც.

ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად.

კონგრესის ყოველი სესია უნდა იყოს შესაძლებლობათა დათვალიერება… მსოფლიომ კიდევ ერთხელ უნდა აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.

როგორც რეალობა ადასტურებს, კონგრესის ჩატარების აუცილებლობა არის ევროკავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ასევე, აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, მექსიკაში, თურქეთში, ირანში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში, საუდის არაბეთში, ავსტრალიაში (დაზუსტებული სია თან ერთვის პროგრამას). ამ ქვეყნების უმეტესობაში უკვე შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, ჩატარების თარიღის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთ და მაქსიმუმ სამ თვეში, შესაძლებელია ორგანიზაცია გაუკეთდეს 500-დან 1000-მდე თანამემამულის და 150-200 ჩვენი ქვეყნის მეგობრის შეკრებას კონკრეტულ რეგიონებში.

პრაქტიკული ორგანიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს განრიგი,თუ რომელ ქვეყანაში როდის ტარდება კონგრესის სესია. შესაბამისად, ცხადდება ტურისტული განრიგიც, რომ საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა კონგრესის სესიის მუშაობაში მისთვის საინტერესო ქვეყანაში, ტურისტულ ტურში მონაწილეობის მეშვეობით. პრაქტიკულად, ამ სისტემის დეტალები გავლილია ცნობილ ტურისტულ ფირმებთან, ამ გეგმას, არ არის გამორიცხული, ტურისტული ორგანიზაციების გარეშეც, საინფორმაციო საშუალებების დიდი მხარდაჭერით, თვით „ქართული ერთობის დარბაზმა“ გაუკეთოს ორგანიზაცია.

ვაკონკრეტებთ, რას ნიშნავს კონგრესი ადგილზე. ეს არის კონგრესი ქვეყნებსა და ქალაქებში:

  • თემატური გამოფენების მოწყობა. „ქართული ღვინო“, „ტურიზმი საქართველოში“, „მედიცინა საქართველოში“, „ბიზნესი საქართველოში“, „განათლება საქართველოში“, „კულტურა საქართველოში“, „სპორტი საქართველოში“, „სასტუმრო ბიზნესი“, საქართველოში ბოლო პერიოდში გამოცემული მნიშვნელოვანი წიგნების გამოფენა (ეს ყველაფერი კეთდება დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან და კონკრეტულ ორგანიზაციებთან ერთად);
  • ქართველი მედიკოსების მიერ ადგილებზე ჩატარდება უფასო კონსულტაციები;
  • სხვადასხვა ენაზე წაიკითხავენ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსთაველის საზოგადოებისა და შემოქმედებითი კავშირების წინადადება, რომ კონგრესის სესიები აქტიურად დავაკავშიროთ შოთა რუსთაველის-850, ნიკოლოზ ბარათაშვილის-200, ილია ჭავჭავაძის-180 იუბილეებსა და საერთოდ, ქართველი მწერლების წარმოჩენას.

მისასალმებელია ცნობილ მხატვართა ინიციატივა, მხარდაჭერილი მხატვართა კავშირის გამგეობისა და თავმჯდომარის მიერ, რომ ყველა ქვეყანასა და ქალაქში სადაც ეს შესაძლებლობა იქნება, მოეწყოს საქართველოს მხატვართა როგორც საერთო, ასევე პერსონალური გამოფენები

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მსოფლიოს საჭადრაკო რუკაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, არის მოსაზრება, რომ მსოფლიო ჩემპიონებმა და დიდოსტატებმა (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი და სხვები) გამართონ ერთდროული სეანსები. ასევე შესაძლებელია მასტერკლასების ჩატარება ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების მიერ ჭიდაობაში, კრივში და სპორტის სხვა სახეობებში.

შესაძლებლობის მიხედვით, ტურისტულ ტურებში მონაწილეობას მიიღებენ კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები.

კონგრესი არის, როგორც ჩვენი შესაძლებლობების დათვალიერება, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისადმი მხარდაჭერა, ასევე მეგობრებისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიება. ამ კუთხით ბევრი რჩევის მოცემა შეუძლიათ უცხოეთში შექმნილ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, .

არის მოსაზრება, რომ კონგრესის პირველი სესია ჩატარდეს საფრანგეთში, ქართველთა მამულ ლევილში.

შემდგომ კონგრესი გაგრძელდება საბერძნეთის სამ ქალაქში: ოლიმპოს მთაზე (ქ. სალონიკთან), ნიკეაში (ქუთაისის დაძმობილებული ქალაქი), ათენში. საბერძნეთში ქართველ მოღვაწეებს დიდი ავტორიტეტი აქვთ. არის მხარდაჭერა სახელისუფლო დონეზეც, დიდმა მომღერალმა ქალბატონმა, იოვანამაც გამოთქვა სურვილი არათუ მონაწილეობა მიიღოს, არამედ შეასრულოს ცნობილი სიმღერა „თბილისო“. ნიკეას ყოფილ მერს, ლაგოფეტისს, რომელიც დღესაც საქმიანობს სახელისუფლებო წრეებში, გადაწყვეტილი აქვს, სწორედ ქუთაისის ქუჩაზე ჩაატაროს კონგრესი და ბერძენთა და ქართველთა დიდ დღესასწაულად აქციოს. ცნობისთვის: ამ ქალაქში, საქართველოდან წასული 5. 000 -ზე მეტი ადამიანი საქმიანობს.

მიზანშეწონილადაა მიჩნეული, რომ კონგრესის უცხოური სესიები დასრულდეს უკრაინასა და ისრაელში და ეს იყოს არა მარტო ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის აღიარება, არამედ ორი ქართველი ბუმბერაზის – შოთა რუსთაველისა და დავით გურამიშვილისადმი ქართველთა განსაკუთრებული დამოკიდებულების ხაზგასმაც.

 კონგრესის დამამთავრებელი ეტაპი – არის ეროვნული ყრილობა, რომელიც 2020 წლის მაისში ჩატარდება თბილისში და რომელსაც დაესწრებიან ეკლესიის, ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოეთისა და საქართველოს რეგიონებში ჩატარებულ კონგრესის სესიებზე შერჩეული დელეგატები.

 ეროვნული ყრილობა განიხილავს „საქართველოს მომავლის პროგრამას“, აირჩევს „სახელმწიფო კაცების საკრებულოს.“

კონგრესის ორგანიზატორები დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესში უამრავი ადამიანი ჩაერთვება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. გვწამს, რომ მივიღებთ არაერთ კეთილ რჩევასა და წინადადებას ამ დიდი ქართული პროცესის სრულყოფისა და გამორჩეული შედეგით დამთავრების მიზნით.

მზად ვართ თანამშრომლობისთვის!

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *