(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ქართული ემიგრაციის პოლიტიზების და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობაც კი დანაშაულია

წერილი „თანამემამულეთა მსოფლიო კრების“ ორგანიზატორებს:  

„პატივისცემითა და თანამშრომლობის დიდი სურვილით, მოგესალმებით ბელგიის ქალაქ ლიეჟის ქართველთა მსოფლიო კრების ორგანიზატორებს. როგორც ყოველი ქართველისთვის, ასევე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მნიშვნელოვანია ქართველთა ნებისმიერი შეკრება. მით უფრო, როცა ის ტარდება უცხოეთში და თუ მას  ავტორიტეტული ორგანიზაცია ატარებს.

 ტრაგიკულია, რომ 90-იანი წლების შემდგომ, 2 მილიონზე მეტი ქართველი იძულებული გახდა, გასულიყო ქვეყნიდან საკუთარი ოჯახისა და ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად. პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა არა მარტო საკუთარი ოჯახები და ახლობლები, არამედ საქართველო გადაარჩინეს.

 ჩვენ ძალიან გვაწუხებს, რომ ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ამასთან, გვაწუხებს ის უმადურობა, რომელსაც ხელისუფლებები იჩენდნენ და დღესაც იჩენენ ამ ადამიანებისადმი. კიდევ მეტად უარესია, როცა სწორედ ისინი, რომელთა თავხედობამ და უნიათობამ ეს ხალხი იძულებული გახადა ქვეყნიდან წასულიყო, ხელისუფლებაში ყოფნის დროს  ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებდნენ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ, ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის!   მიგვაჩნია, რომ ამ პროცესის პოლიტიზება დამანგრეველია საქართველოსთვის!

 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, ვიკრიბებით „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის“ სესიაზე, რომელიც აგრძელებს ოთხი წლის წინ დავითობას, აქვე ჩატარებული სესიის განწყობას – ასრულებს  ხუთწლიანი  მუშაობის ციკლს საზოგადოებრივი პროექტით: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  და მისი რეალიზაციის მასშტაბური პროგრამით: „ახალი განზომილება“. 

როგორც დაგეგმილი გვქონდა, სწორედ დავითობას ვიწყებთ კონგრესის სესიების ორგანიზებას მსოფლიოს 40 ქვეყნის 85 ქალაქში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, თითოეულ ქალაქში1000 ზე მეტი ქართველი მაინც ცხოვრობს. გელათის შემდგომ პირველი სესია ჩატარდება საფრანგეთის ქ.ლევილის ქართველთა მამულში  26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, (პარიზის შემდგომ), საბერძნეთის სამ ქალაქში: ოლიმპოს, ნიკეასა და ათენში. კონგრესის საზღვარგარეთის სესიები დასრულდება უკრაინასა და ისრაელში.  კონგრესის სესიებთან ერთად ეს იქნება ამ ქვეყნებთან ჩვენი ისტორიული მეგობრობის დადასტურებაც და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ამ ქვეყნებში ჩავატარებთ დავით გურამიშვილისა და შოთა რუსთაველის იუბილეებს. ყველაფერი ეს დასრულდება 2020 წლის შემოდგომაზე, საქართველოში, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესით“. ეს პრაქტიკულად, იქნება ეროვნული ყრილობა, რომლის აუცილებლობაზეც საუბრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

 ეს გრანდიოზული პროექტია – მისი განხორციელება შეუძლებელია ხალხის ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობის გარეშე.

 ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მიუხედავად დიდი სირთულეებისა, შესაძლებელი გახდა, არ გაწყვეტილიყო პროცესი. 1994-95 წლებში, ბატონების: რეზო ჩხეიძის, მერაბ ბერძენიშვილის, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილის  ინიციატივით დაიწყო და თბილისში შედგა ქართველთა პირველი კონგრესი. კონგრესის მმართველ ორგანოს არ შეუწყვეტია მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებების არათუ მხარდაჭერა არ ჰქონდა, არამედ მხოლოდ მათი მხრიდან ხელისშეშლა და წინააღმდეგობა იყო. უფრო მეტიც, 2006 წელს დაარბიეს საინიციატივო ჯგუფის ოფისი თბილისში და რამდენიმე პიროვნება დააპატიმრეს კიდეც.

 სწორედ ამის გამო იყო, რომ 2009 წლის მაისში, ეს შეხვედრა შედგა არა თბილისში, არამედ სოჭში, იმერეთის დაბლობზე, სადაც ქართველებთან, ოსებთან და აფხაზებთან ერთად მსოფლიოს 18 ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა მიიღეს მონაწილეობა. მწარედ ვიხსენებ იმას, რომ სოჭის კონგრესის რამდენიმე მონაწილე, რომელთაც იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლება დაპატიმრებით ემუქრებოდა, რუსეთში დააპატიმრეს. ვფიქრობ, მრავლისმეტყველი ფაქტია. 

ბატონებო, 

მივიღე გადაწყვეტილება, დავესწრო თქვენს მიერ ორგანიზებულ კრებას  და  წარმოვადგინო „ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობისთვის“, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მხარდამჭერით,  მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. მინდა ვირწმუნო, რომ ლიეჟში „თანამემამულეთა მსოფლიო კრება“  შედგება კონსტრუქციული საუბრით და მომეცემა საშუალება ზემოჩამოთვლილ ორგანიზაციათა სახელით მივმართო კრებას. მით უფრო, რომ გელათის კონგრესი სპეციალურ მიმართვას მიიღებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისადმი. 

გამოსვლაში წარმოვადგენთ ჩვენი თანამოაზრეების ხედვას, როგორ გავაერთიანოთ პარტიულ სამთავროებად დაყოფილი საქართველო, როგორ შევძლოთ პოლიტიკური მიზნებისთვის დაპირისპირებული თაობებისა, ქვეყნის გარეთ გასულ თანამემამულეთა და ქვეყანაში დარჩენილთა სულიერი ერთობის აღდგენა.

 დიახ, მე მოვდივარ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შედგენილი პროგრამით „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და გელათის კონგრესზე მიღებული პროგრამით „ახალი განზომილება“ .

 დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა იქნება კონსტრუქციული და დაადასტურებს  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩვენი თანამშრომლობის განწყობასაც.

 რეზიუმეს სახით კი ვიტყვი:

 წარსულს უნდა ჩაბარდეს პარტიულ სამთავროებად დაყოფილი საქართველო. პოლიტიკოსთა პარპაში ქვეყანაში;

წარსულს უნდა ჩაბარდეს რევოლუციები და რევოლუციებით ხელისუფლებაში „ქუჩის პოლიტიკოსების“ მოსვლა;

წარსულს უნდა ჩაბარდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელთაც დაივიწყეს, რომ ადამიანი მიზანია და არა საშუალება ხელისუფლებაში მოსვლისა და შენარჩუნებისთვის;

წარსულს უნდა ჩაბარდეს ბელადომანია.

ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული სამშობლო. უნდა გაცნობიერდეს, რომ ქვეყნის გადარჩენა არა ფულის, არამედ ნიჭის ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული. ყველაფერი ამისთვის კი, მორალურ და ღირსების მქონე ადამიანთა დიდი ერთობაა საჭირო. 

ვფიქრობ, ეს არის მოაზროვნე ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა განწყობა“, – ნათქვამია გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.

წყარო:  სააგენტო “რეპორტიორი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *