თეიმურაზ შაშიაშვილი სისულელეში შესვლა ადვილია, გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი.

 

temuri1საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული და ავადმყოფი

მსოფლიო ში მიმდინარე პროცესებით, გაზაფხულით და განსაკუთრებით ეროვნული – წარმომადგენლობითი სახალხო კრებით შეშინებულმა საქართველოს ხელისუფლებამ ვაუჩერების დარიგება დაიწყო. ენერგოვაუჩერის დარიგება მარტში მთავრდება, სასურსათო ვაუჩერის – აპრილში.

თქვენს წინაშეა ჩემი პოზიცია, რომლის გამოქვეყნებამ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ 2007 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების მწვავე რეაქცია გამოიწვია..მაშინაც ხელისუფლებამ ხალხის გულის მოსაგებად მსგავსი ქმედება განახორციელა – ფული დაარიგა… თქვენ გაქვთ საშუალება განსაჯოთ, გამართლდა თუ არა ჩემი პროგნოზები. ვიტყვი მხოლოდ ერთს – შედეგები გაცილებით უარესია, ვიდრე ეს მე მაშინ წარმოვიდგინე, ხალხის ყოფა კიდევ უფრო მეტად აუტანელი და გაუსაძლისი გახდება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ყველა უბედურების სათავე გაყალბებული არჩევნებია… არჩევნების გამყალბებელი ცხოვრებას გვიყალბებს და თვითონ კი ფუფუნებაში ცხოვრებას იწყებს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პოზიციას: რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია და სიღარიბე იქნება არჩევნების შემდეგ… ვინც ხმებს იყიდის – ქვეყანას გაყიდის.

თავის შვილების, შვილისშვილების მომავალს ყიდის ისიც, ვინც თავის ხმას ყიდის, ნაცნობ – მეგობრებით და ნათესაობით.

საქართველო გაიმარჯვებს მაშინ, როცა ხმის მიცემის დროს ყველა ადამიანი მართალი იქნება საკუთარ სინდისთან.

პოზიცია. 2007 წელი

• წინ, ფასების არნახული ზრდა, ცხოვრების გაძვირება, ინფლაცია, საკუთარ მეწარმეთა განადგურება, პროდუქციის ქვეყნის გარედან შემომტანთა კიდევ ერთი დიდი წახალისება, უდიდესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი და ამ უარყოფით ფაქტორთა გამობიუჯეტის 300-400 მილიონით ზრდაა…

• სოციალური დემაგოგია ხელისუფლების იდეოლოგიად იქცა და უკვე სოციალურ კორუფციაში გადაიზარდა, მან თავისი დამანგრეველი შედეგებით ყოველნაირ კორუფციას გადააჭარბა.

• მიტინგებით შეშინებულმა პრეზიდენტმა მიიღო უპრეცედენტო – არა ეკონომიკური არა სოციალური, მაგრამ საბიუჯეტო ფულით გაჭირვებული ხალხის მოსყიდვის გადაწყვეტილება.

• დღეს ქართული სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება… ფაქტია, როცა ქვეყანას გარეთ გააქვს ნედლეული, ჯართი, ხე-ტყე და შემოაქვს მზა პროდუქტები – სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის და უმუშევრობას საკუთარ ქვეყანაში ამკვიდრებს.

• საქართველო ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ძვირი ქვეყანაა, ყველაზე დაბალი ხელფასებითა და პენსიებით.

• საქართველოში ფასები დენზე, გაზზე, კომუნალურ მომსახურებაზე, კვებისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე აჭარბებს ევროპულს, უტოლდება ამერიკულს.

• ქართველი პენსიონერი თვეში იღებს იმდენს, რამდენსაც ამერიკაში საშუალო მუშა ერთ საათში… ქართველი მასწავლებლის თვის ხელფასი ამერიკელი საშუალო მუშის სამი საათის ხელფასის ტოლია.

• სისასტიკემ, რომელიც პრეზიდენტმა ჩაიდინა ოქრუაშვილის მიმართ – შეაჩერა „ნაციონალების“ რღვევა, მაგრამ გააძლიერა ხალხის უკმაყოფილების ტალღა.

• დღევანდელ პოლიტიკური დაპირისპირებაში ჩანან ყალბი გმირები, განდიდების მანიით შეპყრობილი პერსონები და პოლიტიკოსები, მაგრამ არ ჩანს საქართველო.

• განაწყენებულთა, უკმაყოფილოთა, გულმოსულთა, სხვის მიმართ სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობა არასდროს პოლიტიკური არ არის, მას შენება არ შეუძლია – იგი ყოველთვის რევანშისტული, დესტრუქციული და დამანგრეველია.

• გამოსავალი ახალ პოლიტიკურ პროცესში, იმ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკოსებშია, რომელთაც არ გაუყიდიათ საკუთარი პოლიტიკური თავისუფლება.

დასაწყისშივე ვაცხადებ: ჩემი პოზიცია მიმართულია არა ხელისუფლებისაკენ – ამას აზრი არ აქვს, არა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსებისაკენ – ვეჭვობ, რომ ეს შედეგს გამოიღებდა, არამედ ხალხისაკენ. სიმართლე ხალხშია, ხალხია პოლიტიკოსის გულწრფელობის საზომი. რა ციფრებით და, როგორც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ მისი საქმიანობა წარმატებულია, რომ “სტაბილურობიდან – კეთილდღეობისაკენ” მიდის ქვეყანა… რაც უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რომ ეს ასე არ არის – ხალხი, მისი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ ოჯახში, მეგობართა წრეში, სანათესაოში, სამეზობლოში ხედავს რა და როგორ შეიცვალა _ მართლა ამაღლდა ცხოვრების დონე, რეალურად გაიაფდა ცხოვრება, თუ პირიქით. მინდა ვიფიქრო, რომ ჩემი პოზიცია ჩემს მიმართ მწარედ განწყობილთაც კი დააფიქრებს.

ჩემი პოზიცია კი ასეთია: ერთი მხრივ, ხელისუფლების შენარჩუნების, მეორემხრივ, ხელისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლამ ქვეყნისათვის დამანგრეველი ხასიათი მიიღო. ხელისუფლებაში მყოფთ ბრძენკაცებად მოაქვთ თავი. დრო ადასტურებს, რომ შლეგები არიან და რაც მალე წავლენ ხელისუფლებიდან, მით უკეთესი ქვეყნისათვის, მათთვისაც და მათი შთამომავლებისთვისაც. ხელისუფლებაში მისვლის სურვილით შეპყრობილებს და ამის გამო აჯანყებულებსაც ბრძენკაცებად მოაქვთ თავი, ჰგონიათ მხოლოდ მათ შესწევთ ძალა და უნარი გამოიყვანონ ქვეყანა კრიზისიდან, უკეთესობისაკენ შეცვალონ ხალხის მდგომარეობა. ჩემი აზრით, მწარედ ცდებიან და ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ასეთი ტიპის ოპოზიციონერებისაც უკეთესია, თუ ისინი არ მოვლენ ხელისუფლებაში.

განაწყენებულთა, უკმაყოფილოთა, გულმოსულთა, სხვის მიმართ სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობა არასდროს პოლიტიკური არ არის, მას შენება არ შეუძლია – იგი ყოველთვის რევანშისტული, დესტრუქციული და დამანგრეველია. განაწყენებულთა, უკმაყოფილოთა, გულმოსულთა, სხვის მიმართ სიძულვილით გაერთიანებულთა მოძრაობა აგრესიულია თავისი ბუნებით და მის მოქმედებაში ჭარბობს ემოცია, ვიდრე აზროვნება და გონება.

მწარე სიმართლე, რომელიც დაიკარგა და რის გამოც ქვეყნის მდგომარეობა გაცილებით მძიმდება ის არის, რომ ხელისუფლებაც და მის მიმართ დაპირისპირებულთა პოლიტიკური ბუნება ერთი და იგივეა, ორივე ძალა ერთი ტიპისაა. ორთავე მხარეს, ძირითადად, 2003 წლის რევოლუციონერები, საქართველოს წინააღმდეგ შევარდნაძე-სააკაშვილ-სოროს-მაილსის შეთქმულების მონაწილეები არიან. მოკლედ და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ხელისუფლებით გაუმაძღართა, ერთმანეთის მიმართ სიძულვილით გაერთიანებულთა ომი ერთმანეთში. ამ ომში ამბიცია და სიძულვილი დომინირებს, არ ჩანს, ნიშანიც კი არ არის სიყვარულის. ამ ომში ჩანან ყალბი გმირები, განდიდებით შეპყრობილი პერსონები, მაგრამ არ ჩანს საქართველო.

რეალობა ასეთია: ხელისუფლებისადმი სიძულვილით განწყობილი პოლიტიკური ძალები არნახული სისწრაფით ერთიანდებიან, ასეთივე სისწრაფით და ისევ სიძულვილზე დაყრდნობით აერთიანებენ ხელისუფლებაზე განაწყენებულთ, ხელისუფლებით უკმაყოფილო და გულმოსულ ადამიანებს… ასეთივე აგრესიული, ანტიეროვნული პროცესები მიმდინარეობს ხელისუფლებაში: სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, სახელისუფლებო სტრუქტურები, მათში დასაქმებულნი გრძნობენ რა იმას, რომ ხელისუფლების დაკარგვით ისინი კარგავენ ყველაფერს, არარაობა ხდებიან, წინ მძიმე სასამართლო ელით – ჩადენილისათვის, კორუფციისათვის _ კონსოლიდირდებიან ოპოზიციისადმი სიძულვილით, ხდებიან აზროვნებისათვის მიუწვდომელი აგრესიულნი. მაქვს ეჭვი, რომ ორთავე მხარე იმართება და, ალბათ, ფინანსდება ქვეყნის გარედან. არ გამოვრიცხავ, რომ ერთი და იგივე ცენტრიდან. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ კონკრეტული დაპირისპირება მიზნად ისახავს 2003 წლის ე.წ “ვარდების რევოლუციის” “მონაპოვარის”-“მოქკავშირის” და მისი მემკვიდრე “ნაცმოძრაობის” სოროსულ ლიდერთა იდეოლოგიის შენარჩუნებას.

ისტორიულად დადასტურებულია, ამის მაგალითი საქართველოა – ასეთი ომის, ასეთი დაპირისპირების შედეგი ყოველთვის ერთია: დამარცხებული ქვეყანა, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხი და გამარჯვებული ყალბი გმირი, ყალბი პათოსის პოლიტიკური ძალა.

დავაკვირდეთ: დღემდე საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა ქვეყნის გამთლიანების, ეროვნული ინტერესების დაცვის, მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის ლოზუნგით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების, სოციალური კეთილდღეობის საარჩევნო პროგრამით მიდის ხელისუფლებაში და ყველას წასვლა, გადაგდება თუ ჩამოგდება – ქვეყანაში დაპირისპირებულობის, კორუმპირებულობის, ხალხის დამშევის, ეკლესიის ნგრევის, ეროვნულისადმი უპატივცემულობის გამო ხდება.

დღევანდელი სიტუაცია ასეთია: ოპოზიციის, ალბათ, გაცილებით სწორი იქნება ვთქვათ – ხელოვნური ოპოზიციის – ყოველ გამოწვევას ხელისუფლება ყოვლად გაუაზრებელი ქმედებებით – ფოჩიანი კამფეტებით, ფულის დარიგებით, ანუ მოსყიდვით პასუხობს. სოციალური დემაგოგია ხელისუფლების იდეოლოგად იქცა და უკვე სოციალურ კორუფციაში გადაიზარდა და თავისი დამანგრეველი შედეგებით ყოველგვარი კორუფციას გადააჭარბა.

მიტინგებით და ქუჩის აქციებით მოსულ პრეზიდენტს და ხელისუფლბას ყველაზე მეტად სწორედ მიტინგების და ქუჩის ეშინია. მიტინგებით შეშინებულმა პრეზიდენტმა – ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე (მაგიდაზე ფურცელიც კი არ ედო, მთავრობის სხდომაზე კითხულობდა ელექტროენერგიის, გაზის, ფქვილის ფასს) – მიიღო უპრეცედენტოდ არაეკონომიკური, არასოციალური, მაგრამ საბიუჯეტო ფულით გაჭირვებული ხალხის მოსყიდვის გადაწყვეტილება _ ერთ-ორ თვეში მილიონ ორასი ათასი კაცისათვის, დაახლოებით 160 მილიონი (საბოლოო ჯამში 180-ს მიაღწევს) ლარის დარიგების გადაწყვეტილება.

დემოკრატიულ ქვეყანაში, ელემენტარულად მოაზროვნე მთავრობის ქვეყანაში პრეზიდენტის ასეთ გაუაზრებელ, ასეთ დამანგრეველ გადაწყვეტილებას _ მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრების გადადგომა მოჰყვებოდა პასუხად. მაგრამ ეს მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაში და მოაზროვნე, პრინციპული პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში…

დემოკრატიულ ქვეყანაში, კონსტუქციული ოპოზიციის პირობებში ორივე მხარეს – ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც პოლიტიკურ ამბიციაზე ქვეყნის ინტერესი გაიმარჯვებდა: ოპოზიცია იტყოდა – პრეზიდენტო, ხელისუფლებავ, ნუ იღებ ასეთ ხელოვნურ გადაწყვეტილებას და მზად ვართ, დავჯდეთ და დაპირისპირების გარეშე გადავწყვითოთ ყველა საკითხიო. ხელისუფლებაც დათანხმდებოდა და დაიწყებოდა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხალხისაგან იქნებოდა კონტროლირებადი. დადგებოდა შედეგიც. მაგრამ ეს მხოლოდ დემოკრატიულ ქვეყანაში, კონსტრუქციული ოპოზიციის პირობებში.

დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი შეურაცხყოფად მიიღებდა ხელისუფლების ასეთ გადაწყვეტილებას… გადაწყვეტილებას, რომლის მიზანია მოისყიდოს ხალხი და ამით ამოწუროს კრიზისი. სინამდვილეში კი ეს გადაწყვეტილება ანგრევს ქვეყანას, კიდევ მეტ კრიზისში შეჰყავს იგი, ქმნის არეულობის დიდ წინაპირობას.

არ მოხდა ის, რაც პრეზიდენტის ასეთი გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.

რა შედეგი გვაქვს პრეზიდენტის განცხადებიდან სულ 10 დღის განმავლობაში?

ფულის დარიგება ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებას ფულის ასეთი დიდი მასის ხალხში დარიგების თაობაზე, ვიმეორებ – მხოლოდ განცხადებას მოჰყვა ის, რომ ფასები სამომხმარებლო პროდუქციაზე, კვების პროდუქტებზე არნახულად (20-40 პროცენტით) გაიზარდა… ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან, საერთოდ უცხოეთიდან შემოსული დოლარებით ცხოვრობს და ცოცხლობს, ქმნის ბიზნესს, აშენებს – დოლარის კურსი თითქმის 2,5 პროცენტით დაეცა (იყო 166,8, გახდა 163,0). აქ ყველაფერი პარადოქსურია – ერთ კვირაში კურსის ასეთი ცვლილებით დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ ლარი გამყარდა დოლართან შედარებით და ფასები არნახულად გაიზარდა. აშკარაა, რომ ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა აქ ხელოვნურია – ხელისუფლება მაქინაციებით და არა ეკონომიკური პროცესით იშოვის დასარიგებელ 160 თუ 180 მილიონ ლარს… ყველაფერი ხალხს დააწვება, სწორედ იმ ხალხს, რომელიც დღეს გახარებულია დაპირებული 100 ლარით, თუ ერთი ტომარა ფქვილის დარიგებით (ცნობისათვის – 1999-2000 წლებში იმერეთში ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი პენსიონერების სახლში 20 ლარად, თანაც ძველი გაუცემელი პენსიის სანაცვლოდ მივუტანეთ. დღეს იგივე მოცულობის, უარესი ხარისხის ფქვილს – 50 ლარად, ანუ 2,5 ჯერ ძვირად არიგებს).

როგორია ჩემი პროგნოზი, რა მოხდება იმის შედეგად, რაც ფულის დარიგება დაიწყება და ერთ-ორ თვეში 1,2 მილიონი ადამიანი 160 მილიონ (ალბათ 180) ლარს მიიღებს?

უპირველესად ის, რომ წლის ბოლოს ინფლაცია (რეალური და არა ის, რასაც ხელისუფლება ტელევიზიით და პრესით აცხადებს) 20 პროცენტს გადააჭარბებს. ცნობისათვის, ევროპის დემოკრატიულ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 3 პროცენტიანი ინფლაცია განგაშის საფუძველი ხდება. დღეს საქართველოში იგი 13-14 პროცენტია და ირგვლივ სრული დუმილია.

160-180 მილიონი ლარის ასეთ მოკლე მონაკვეთში ხალხში დარიგება წლის ბოლომდე:

– ფასებს კვების ძირითად პროდუქტებზე (და არა მხოლოდ კვების) გაზრდის მინიმუმ 20 პროცენტით, ზოგიერთზე ზრდა კი 50%-ს გადააჭარბებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტების შეძენას მოხმარდება _ მოაიგებს ეს ბიზნესი (ქვეყნისთვის ტრაგედიაა, რომ ბიზნეს-რეიტინგში პირველ ადგილზე ფარმაცევტული ბიზნეს-კომპანიებია), მაგრამ მოსალოდნელია მედიკამენტების გაძვირებაც (კიდევ ერთი ტრაგედია ის არის, რომ ავადმყოფ ადამიანებზე მოგებული ფულით ფარმაცევტული კომპანიები მთავარი მეცენატები, სხვადასხვა არასამედიცინო პროგრამების დამფინანსებლები არიან). შეშინებული ხელისუფლება დაიწყებს ფასების დარეგულირებაში ჩარევას, ასევე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, რომელსაც მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ფასების დარეგულირებაში ხელისუფლების ჩარევის გამო კმაყოფილების გამოხატვას დაიწყებს. სინამდვილეში კი მდგომარეობა, ხალხის ყოფა კიდევ უფრო გამძაფრდება და გაუსაძლისი გახდება. თითოეული ოჯახის (სამსულიანის და მეტის) ცხოვრებას მინიმუმ 150 და მაქსიმუმ 300 ლარით გააძვირებს. ეს შეეხება ყველა ოჯახს, იმათაც, ვინც 100-200 ლარს მიიღებს და იმათაც, ვინც არაფერს მიიღებს. ანუ წლის ბოლომდე მიიღებს 100-200 ლარს და დეკემბრის თვიდან ყოველთვიურად ცხოვრება 150-300 ლარით გაუძვირდება. განსაკუთრებით მძიმე გავლენას ფულის ამ მოცულობით და ამ წესით დარიგება მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მეწარმეებზე, უმუშევრობაზე, კერძოდ:

– უაზროს გახდის არაერთი პროდუქტის საქართველოში წარმოებას, გაზრდის ქვეყნის გარეთ ნედლეულის, ჯართის გატანას.

– წაახალისებს პროდუქტის გარედან შემომტანთ, არნახულად გაზრდის გარედან მზა პროდუქტების შემოტანას და ისევ ქართულ წარმოებას დააზიანებს.

– ფაქტია, როცა ქვაყანას გარეთ გააქვს ნედლეული, ჯართი, ხე-ტყე და შემოაქვს მზა პროდუქტები – სამუშაო ადგილებს უცხოეთის ქვეყნებში ქმნის და უმუშევრობას საკუთარ ქვეყანაში. ეს პროცესი განსაკუთრებით მძიმე ხდება საქართველოსთვის იმის გამოც, რომ ტრადიციულად ჩვენთან ძლიერი იყო სოფლის მეურნეობა, კვების და მსუბუქი მრეწველობა. დღეს სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება, უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტებზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთის დაწესებამ – უკვე საკუთარი ბაზარი სრულიად დაუთმო უცხოურ პროდუქციას.

ხელისუფლების შენარჩუნებისა და ხელისუფლების მოპოვების დაპირისპირებულთა ქვეყანაში არც ზემოაღნიშნულზე და არც იმაზე ლაპარაკობს არავინ, რომ კატასტროფულად იზრდება ქვეყნის უარყოფითი სალდო, ანუ სხვაობა გარეთ გატანილ და გარედან შემოტანილ საქონლის მოცულობებს შორის.

2007 წლის შედეგების მიხედვით, ეს ციფრი 3 მილიარდს გადააჭარბებს და შესაძლოა 4-საც მიუახლოვდეს. საქართველოდან გავა 1,5-2 მილიარდის საქონელი (ძირითადში ნედლეული), საქართველოში შემოვა _ 5,5-6,0 მილიარდის (ძირითადში მზა ნაწარმი სამომხმარებლო ბაზრისათვის). ცნობისათვის: 2003 წელს ქვეყნის გარედან შემოტანილი საქონელი 1 მილიარდიც კი არ იყო… დავფიქრდეთ…

როგორც ვხედავთ, ფულის ასეთი მოცულობით დარიგება ქვეყნისათვის კატასტროფული იქნება, მაგრამ ინფლაცია და ფასების ზრდა ძალიან წაადგება ხელისუფლებას (ვფიქრობ, დროებით): ხალხს მოისყიდის, ამით დაწოლას ხელისუფლებაზე ერთგვარად შეაჩერებს და, რაც, ხელისუფლებისათვისაა მთავარი – ბიუჯეტს სულ მცირე 300-400 მილიონით გაზრდის. ვიმეორებ, რომ ეს იქნება არა ეკონომიკის, არამედ ინფლაციის, კორუფციისა და ფასების ზრდის შედეგი.

კიდევ ერთი, მართლაც განსაკუთრებულად დამაფიქრებელი ანალიზი: საქართველო ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ძვირი ქვეყანაა, ყველაზე დაბალი პენსიებით და ხელფასებით. ანალიზისა და დასკვნებისათვის: საქართველოში ფასები დენზე, გაზზე, კომუნალურ მომსახურებაზე საერთოდ, სამომხმარებლო პროდუქტებზე აჭარბებს ევროპულს, უტოლდება – ამერიკულს. მოსახლეობის 80 % არ აქვს საარსებო მინიმუმი, პენსიონერი საარსებო მინიმუმზე 5-ჯერ და მასწავლებელი 2-3-ჯერ ნაკლებს იღებს და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კი საარსებო მინიმუმზე 20, 30 40-ჯერ და არცთუ იშვიათად – 50-ჯერ მეტს იღებენ. ქართველი პენსიონერი თვეში იღებს იმდენს, რამდენსაც ამერიკაში საშუალო მუშა ერთ საათში, ქართველი მასწავლებლის თვის ხელფასი ამერიკელი საშუალო მუშის სამი საათის ხელფასის ტოლია, მაშინ როცა საქართველოს მინისტრების შემოსავალი აჭარბებს ევროპელი და უტოლდება ამერიკელი კოლეგებისას. საქართველოში, ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე დაბალი ტემპებია მშენებლობის, კეთილმოწყობის, ხალხის მომსახურების თვალსაზრისით. საქართველოში, ყოფილ საბჭოთა და სოციალისტურ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლები კეთდება ქვეყანაში გამომუშავებული ფულით, ქვეყნის მოსახლეობა ძირითადში ცხოვრობს გარეთ გასული ერთ მილიონზე მეტი ადამიანის მიერ გამოგზავნილი ფულით.

ყველაზე მძიმე და ცუდი ის არის, რომ ქვეყანაში დღეს მიმდინარე პროცესები ამ უარყოფით ტენდენციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და განსაკუთრებით სოციალურ ჭრილში.

განვრცობის და ღრმა ანალიზის გარეშე შევეხები მიმდინარე პროცესების სახელისუფლებო პოლიტიკურ შედეგს. ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამ, მისმა პოლიტიკურმა მკვლელობამ, იმ სისასტიკემ, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ჩაიდინა სიმართლის თქმისთვის იმ კაცის მიმართ, რომელსაც ადრე ლამის აღმერთებდნენ _ ჩაახშო ხმის ამოღების ყოველგვარი სურვილი, გააბატონა დუმილი, შეაჩერა, როგორც უმრავლესობის დაშლის, საერთოდ ხელისუფლებიდან წასვლის პროცესი. არნახულად გაზარდა სახელისუფლებო იერარქიის ყველა დონის ყოველი წარმომადგენლის მონობის ხარისხი. ყველამ იცის, რომ ხმის ამოღება პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლას, ყველაფრის დაკარგვას, “ქართულ გაციმბირებას” ნიშნავს. ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლებს რომ ვისმენ, ეს არის ღია შეჯიბრი პრეზიდენტისათვის ერთგულების დამტკიცების. აშკარაა, რომ ყველა მზად არის გაიღოს ყველაფერი, რისი გაღებაც შეუძლია, არნახული ფინანსები “ნაციონალების” იდეოლოგიის ბატონობის შენარჩუნებისათვის.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო კორუფცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ინფლაცია და კორუფცია წარმოუდგენელი ტემპით გაზრდის ფასებს, გააძვირებს ცხოვრებას, ხელისუფლება კი საკუთარი ტელევიზიებითა და ჟურნალისტებით ყურებს გაგვიჭედავს ბიუჯეტის ზრდის ამსახველი ციფრებით, მოსახლეობაში დარიგებული ვაუჩერებით (ანუ ფულით), დარიგებული ფქვილით, დაგებული ასფალტით, გახსნილი შადრევნებითა და უფასო სასადილოებით. ინფლაცია, ფასების ზრდა, კორუფცია დამანგრეველად მოედება ქვეყანას, ხალხს კი გააბრუებენ სატელევიზიო „ აღმშენებლობით.“

ეს არის რეალობა, ასეთი მძიმე პროცესები გველოდება წინ. ყოველივე ამის შემომქმედია “მოქკავშირი” და მისი მემკვიდრე “ნაცმოძრაობა” კი თავს იკლავს ხელისუფლებაში მისი ყოფნის გახანგრძლივებისათვის და მას ხელისუფლებას ძირითადად ის ხალხი ეცილება, ვინც ამ ხელისუფლებასთან ერთად ე.წ “ვარდების რევოლუცია” მოახდინა და ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის გაპრეზიდენტებისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ერთმანეთს აუჯანყდნენ „ვარდოსნები“ და აძლიერებენ ქვეყნის, ყოველგვარი ქართულის ნგრევის პროცესს.

ქვეყანაში არის სისტემური კრიზისი. მართვის სისტემაა ავადმყოფი, კორუმპირებული და შესაბამისად იკრებს კორუმპირებულთ, ავადმყოფური აზროვნების ადამიანებს.

სად არის გამოსავალი?

გამოსავალი ახალ პოლიტიკურ პროცესში და ახალ პოლიტიკურ ძალაშია.

ახალ პოლიტიკურ პროცესში ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში – არაუგვიანეს მომდევნო წლის გაზაფხულისა – ჩატარებას, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად – საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი პირველ ეტაპზე სპარლამენტო – საპრეზიდენტო და შემდგომში კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის მიზნით. საპარლამენტო არჩევნებამდე საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის (ყოველ სემთხვევაში, ოპოზიციურის)შეთანხმება საარჩევნო კანონმდებლობაზე, საარჩევნო კომისიებზე და, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, კანონპროექტზე “ოპოზიციის შესახებ”. ეს პოზიცია პოლიტიკურ მოძრაობა „წინ საქართველოს“ გაცხადებული აქვს 2005 წელში. კარგია, რომ დღეს ყველა ამ აზრზეა. მთავარია, ქვეყანაში მიმდინარე დრამატული მოვლენები ასეთი შედეგით დამთავრდეს. ეს იქნება ყველას დიდი გამარჯვება _ ხელისუფლბის, ხელოვნური და ბუნებრივი ოპოზიციის, რაც მთავარია, ხალხის, მოაზროვნე ადამიანების…

რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას

ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ისეთ ძალთა, პოლიტიკოსთა და ერისკაცთა თანამშრომლობა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს მომავალი გარე სამყაროსთან ურთიერთობის გარეშე, მაგრამ ამავე დროს, მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება, როგორც პრორუსულობა, ასევე პროამერიკელობა. სხვათა შორის, ეს ამერიკისთვისაც, და რუსეთისთვისაც და ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია. საქართველოში რუსეთის ავტორიტეტი სწორედ პრორუსულმა ძალებმა გაანადგურეს და ამერიკის ავტორიტეტი, სწორედ ამერიკის დასმულმა დღევანდელმა ხელისუფლებამ. არამგონია ვინმე შემეკამათოს იმაში, რომ 10-12 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მეგობართა სათავეში სწორედ ამერიკას ასახელებდა. ეჭვი მეპარება, რომ დღეს იგივე განწყობას 30-40 პროცენტზე მეტი ინარჩუნებდეს.პირადად მე და ჩემს მეგობრებს ეს ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად მიგვაჩნია დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნას რომ ვაყენებთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი პოლიტიკური ძალა სრულიად სხვა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა შედგეს, უარი უნდა თქვას ისეთ არაქართულ განწყობილებაზე, როგორებიცაა:
• 1. პრორუსულობა და პროამერიკელობა;
• 2. ვინმეს ან რამეს სიძულვილით გაერთიანება;
• 3. ხელისუფლების ბიზნესად ქცევა;
• 4.საქართველოს გარეთ მცხოვრებ ქართველთა პრაქტიკული უგულებელყოფა;
• 5.გლობალიზაციის მიღება, როგორც უთვისტომობა, ურწმენობა და კოსმოპოლიტიზმი.
მწამს და მჯერა, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ძალასთან, ეროვნული განწყობის იმ პოლიტიკოსებთან არის დაკავშირებული, რომელთაც უცხოეთთან ურთიერთობის მთავარ საყრდენად ინტელექტი და ბიზნესი, ხოლო ქვეყნის აღმშენებლობის საყრდენად კი – თაობათა ერთიანობა და კონკურენცია მიაჩნიათ.

ჩვენ ამ გზით ვივლით!

ეს დიდი ქართული სახელმწიფოს გზაა!

არ იქნება სამართლიანობა – არ იქნება მშვიდობა!
14 – 15 ოქტომბერი, 2007 წელი.
თბილისი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *