თემურ შაშიაშვილი: დაუფასეს სააკაშვილს ბრძოლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და უნიშნავენ ვიცე-პრემიერად.

პრეს-ცენტრი: ბატონო თემურ, გავრცელებული ინფორმაციით, უფრო სწორად, თავად სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინის ვიცე-პრემიერად ნიშნავენ. შესაძლოა ეს დანიშვნა ხვალვე მოხდეს. რას ფიქრობთ ამასთან  დაკავშირებით?

– ყველაფერი ლოგიკურია. მე ის მიკვირს, აქამდე რატომ არ მოხდა ეს. მე პოზიციას არ ვიცვლი: მიხეილ სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება. ამას 1997 წლიდან ვამბობ.

საბჭოთა კავშირის დაშლამ მასში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმდენად დაამშია და დააუძლურა, რომ ამ ადამიანებს სოციალური დემაგოგი რეფორმატორად ეჩვენებათ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილს აქვს უდიდესი ნიჭი, ხალხს თავი მსახურად მოაჩვენოს, სინამდვილეში კი, ამ ხალხის მოწინააღმდეგე ძალების მსახური იყოს.

გავიხსენოთ საქართველო. ხალხს რეფორმატორი და მშენებელი ეგონა და სინამდვილეში კი, ხალხის სახელით უზომოდ უმტრო ქვეყანას. ენერგეტიკა ჩვენი აღარ არის… ტყეები 50 და 100 წლით გასხვისებულია…ქარხნები ჯართად იქცა,.. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ჩინური, ირანული და არაბული სოფლები გაშენდა. სოფელი განადგურდა…  მთავარ მიმართულებად ტურიზმი და სათამაშო ბიზნესი იქცა. ქვეყანა დაიცალა ხალხისგან და ამ დროს, ნახეთ გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგია: ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების 50 პროცენტის მიღებაც კი არ შეეძლო მისი პრეზიდენტობის პერიოდში (ანალოგიურია დღესაც, არაფერი შეცვლილა), მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში მის მიმართ იყო და არის გარკვეულად, პოზიტიური დამოკიდებულება.

აგრესია აბნელებს. იგივე მისმა აგრესიულობამ და სოციალურმა დემაგოგიამ მას გარკვეული ავტორიტეტი მოუტანა უკრაინაში. ეს ყველაფერ რეალობაა, მაგრამ არა მთავარი. მთავარი არის ის, რომ სააკაშვილი სადაც იყო, არის და იქნება მომავალში, იქნება იმ ძალთა მსახური, ვინც ის შექმნა. ყველაფერი გახსნილია. ინიშნება უკრაინაში ვიცე-პრემიერად რეფორმების დარგში. ანუ მან უნდა ჩაატაროს ისეთი რეფორმები, რომელიც უკრაინას აქცევს გარე ძალთა ვასალ სახელმწიფოდ. უკრაინას, უდიდესი პოტენციალის ქვეყანას.

დღეს მინდა გაგახსენოთ პროგნოზი, რომელსაც მე გამოვთქვამდი უკრაინაში მისი გააქტიურების ყველა ეტაპზე: დასავლეთის მასონურ ძალებზე უნდოდათ მისი აქტიურობით ევროპის ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყნის მორჩილებაში მოყვანა. დააკვირდით და გაიხსენეთ კარგად:ყველა  წინა პრეზიდენტს ულტიმატუმი წამოუყენეს, თუ არ მიიღებდნენ კანონს მიწების გაყიდვის თაობაზე, კანონებს, რომლებიც დასავლეთის მასონური წრეებისთვის იყო მისაღები, პრეზიდენტებს გადააგდებდნენ. შემსრულებლად ამ ბრძოლაში ჰყავდათ ფულით უზომოდ შეიარაღებული და ყოველმხრივ აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი. არც ერთმა პრეზიდენტმა ზელენსკამდე ვერ გაბედა ან ვერ შეძლო მიწის გაყიდვის კანონის მიღება. პოროშენკოს წინააღმდეგ მომართული ძალა იყო სააკაშვილი. მან ბრწყინვალედ შეასრულა გარედან მიცემული დავალება. უკრაინაში უკვე მიიღეს კანონი ადამიანის სხეულის ნაწილებით ვაჭრობისა და მიწის გაყიდვის თაობაზე. დაუფასეს სააკაშვილს ეს ბრძოლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და უნიშნავენ ვიცე-პრემიერად.

ეჭვი მეპარება, რომ ზელენსკის ის უნდა. ეჭვი მეპარება რომ სახელისუფლებო წრეებში ეს უნდათ.მაგრამ ეს უნდათ იმ ძალებს, ვინც მოიყვანა ზელენსკი. ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი პატრონი იყო და არის (ეს არც თვითონ დაუმალავს) კოლომოისკი.ოლომოისკის საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილმა ხელში ჩაუგდო მთავარი ეკონომიკური ღერძი: ჭიათურა-ზესტაფონი-ვარციხჰესი. დიახ, მთავარი ეკონომიკური ღერძი და ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გახდა იმ კოლომოისკის, რომელიც დღეს რეალურად უკრაინის ფარული მმართველია.

ძნელია, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში მოძებნო მეორე პოლიტიკოსი, რომელიც ასე მტრობს ხალხს და ასეთი ერთგულებით ემსახურება მის პატრონებს. მარტივი რამ არის საკმარისი ამის დამადასტურებლად: კაცი, რომელიც დიდი სიყვარულით ლაპარაკობს  თავის ბაბუაზე, მიხეილ სააკაშვილზე, რ ომელიც სტალინის რეკომენდაციით მოსკოვის ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი გახდა 1937 წელს, ანუ იმ წელს, როდესაც ინტელიგენციის დიდ ნაწილს  თითქმის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თავის თავს თვლის პარტიისა და მისიბაბუის პატრონის – სტალინის წინააღმდეგ მთავარ მებრძოლად.

ეს კიდევ არაფერი. ედუარდ შევარდნაძემ პეტერსონ-ბელქნაფის  ამერიკული სომხური ლობისტური ფირმიდან ზურა ჟვანიას რეკომანდაციით ჩამოიყვანა საქართველოში, შევარდნაძემ და  ჟვანიამ პრაქტიკულად, აქციეს პოლიტიკოსად, სწორედ მათ უღალატა.

პოროშენკო მასთან ერთად სწავლობდა, მისი შვილის ნათლიაა. ჩაიყვანა უკრაინაში და ოდესის გუბერნატორად დანიშნა. მას ექცა მტრად. .. მისთვის ღალატი არაფერია, თუ ეს დავალება პატრონებიდან მოდის.

როგორია ჩემი პროგნოზი უკრაინასთან დაკავშირებით?

ისეთვე, როგორც ვთქვი ოდესის გუბერნატორად მის დანიშვნასთან დაკავშირებით. თუ ზელენსკი ოდნავ უკრაინულ პოზიციას დაიჭერს, სააკაშვილი დავალებას მიიღებს მის წინააღმდეგ ბრძოლის. შეასრულებს კიდეც! ასე რომ თუ ზელენსკი იქნება უკრაინის პრეზიდენტი, მას ექნება კონფლიქტი სააკაშვილთან. თუ ზელენსკი იქნება გარე ძალთა მსახური პრეზიდენტი, ისინი მეგობრები იქნებიან, თუმცა, სააკაშვილმა მეგობრობა არ იცის.

უკრაინა სხვა ქვეყანაა. ევროპაში არავის აწყობს ძლიერი უკრაინა. მოსახლეობით და ტერიტორიით ის, ალბათ ბრიტანეთის შემდგომ ყველაზე დიდია. მას აქვს უნიკალური მიწები. აქ ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული დიდი სამეცნიერო და ინტელექტუალური პოტენციალი და ყველაფერი ეს რომ უკრაინის მოსახლეობისთვის მოვიდეს მოქმედებაში, უკრაინა  მაქსიმუმ ათი წლის განმავლობაში ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იქნება. სწორედ ეს არ აწყობთ. ამისთვის სჭირდებათ სააკაშვილი უკრაინაში.

მიყვარს უკრაინელი ხალხი. გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი კიევში. სამხედრო წვრთნა სწორედ კიევში მივიღე. უდიდესი მეგობრები ყავდა და მყავს და გული მწყდება, როგორ ექცევიან  ქვეყანას, რომელსაც აქვს დიდი მომავალი, თუ იგი სწორად განვითარდება.

პ.ს. . სააკაშვილის მიმართ   “თეთრების” ლიდერის მოსაზრება წლების განმავლობაში უცვლელია. რასაც ადასტურებს ჩვენს ვებ.გვერდზე განთავსებული სხვადასხვა პერიოდის მასალები, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი როგორც პიროვნებისა და როგორც პოლიტიკოსისადმი მის მკვიდრად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს გამოხატავს. 

5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *